განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118002313670
საქმე №2/ბ-712-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აგვისტო 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: ნ-----–- მ----–---
მოწინააღმდეგე მხარე: მ------ კ-------------
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
გასაჩივრებული განჩინება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა
გამოარკვია:
2018 წლის 20 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------ კ-------------მ, მოპასუხედ დაასახელა ნ-----–- მ----–--- და მოითხოვა, თანხის ნაწილის გადახდის გამო, უძრავი ქონების გამოსყიდვის ვალდებულების შესრულებულად აღიარება, მოპასუხის დავალდებულება მიიღოს გამოსყიდვის თანხის დარჩენილი ნაწილი და უძრავი ქონება აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებაში.
მოსარჩელეს მითითებით, 2017 წლის 22 სექტემბერს, მასსა და ნ-----–- მ----–---ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის მიხედვითაც მან, გამოსყიდვის ვადაში მოპასუხეს გადაუხადა ქონების გამოსასყიდი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი-11500 აშშ დოლარი, ამასთან მოწმეთა თანდასწრებით ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ გამოსყიდვის ვადას და დარჩენილი 4400 აშშ დოლარი გადახდილი იქნებოდა 2018 წლის იანვრის ბოლომდე, თუმცა მოპასუხე არ დაელოდა შეთანხმებული პირობის შესრულებას, გამოსყიდვის ვალდებულება გააუქმა და 2018 წლის 12 იანვარს ქონება აღრიცხა თავის საკუთრებად.
ვინაიდან, მოპასუხე არ აპირებს ქონების დაბრუნებას, მოსარჩელეს სურს სასამართლომ აღიაროს, რომ მან შეასრულა გამოსყიდვის ვალდებულება, მოპასუხეს დაევალოს, გამოსყიდვის ღირებულების დარჩენილი ნაწილის მიღება და ქ. ბ------–---–-------–---------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 0--------------------- აღირიცხოს მ------ კ-------------- საკუთრებაში.
მ.კ-------------მ, იმავდროულად მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს ნ-----–- მ----–---- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე, ქ.ბ----------–-------–------, ფართი მშენებარე სართული 2, ბინა 10, ბლოკი ”ბ”, 69.2 კვ.მ. ს/კ 0---------------------.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის მიზნით, ქონებას გაასხვისებს. შესაბამისად, აუცილებელია შეიქმნას მისი სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულების გარანტია და ამ მიზნით, საქმეზე გამოყენებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნ-----–- მ----–---- საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე, ქ. ბ---------–-------–----------------- ბლოკი ‘’ბ’’ (ს/კ 0---------------------).
სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, ესაა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების ღონისძიების გამოყენება, მოპასუხისათვის რაიმე უფლების, ქმედების განხორცილების ან შესრულების დავალდებულების შეზღუდვის გზით.
სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველია, ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის დასაბუთებული ვარაუდი.
უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია, ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიის შექმნა.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი უკავშირდება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება მდებარე, ქ.ბა--------–-------–------- ფართი მშენებარე სართული 2, ბინა 10, ბლოკი ”ბ”, 69.2 კვ.მ. ს/კ 0---------------------, მოპასუხის საკუთრებად აღრიცხულია ბათილი გარიგების საფუძველზე, ამასთან მას ქონება გამოსყიდული აქვს, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, სადავო ქონებაზე საკუთრებას ვეღარ იბრუნებს. თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, მოსარჩელის მიერ მოპასუხისგან თანხის მიღებით აღსდგება მისი დარღვეული უფლებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, შეუძლებელია დადგინდეს მოსარჩელემ გამოისყიდა, თუ არა ქონება. უძრავი ქონების გამოსყიდვის საკითხები უნდა დადგინდეს საქმის არსებითი განხილვით. მანამდე, მხოლოდ ვარაუდებია ცნობილი, რომელიც მოითხოვს მაღალი სტანდარტით შემოწმებას.
საქმის განხილვით, თუ დადგინდება, რომ მოსარჩელეს შესრულებული აქვს ვალდებულება და ქონება გამოსყიდული აქვს, ბუნებრივია მისი სარჩელი დაკმაყოფილდება და აღსდგება მისი დარღვეული უფლებები.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, რომლის გასვლამდეც მოპასუხეს ექნება უძრავი ქონების განკარგვის უფლება, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ქონების განკარგვა გაართულებს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
აქედან გამომდინარე, არსებობს, სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები.
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ-----–- მ----–---მ, განჩინების გაუქმება და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 15 900 აშშ დოლარად, რომელიც გადაეცა მ------ კ-------------ს და მისი დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 22 დეკემბერი. იმ შემთხვევაში, თუ იგი განსაზღვრულ ვადაში ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, ნასყიდობის საგანი დარჩებოდა ნ.მ----–---- საკუთრებაში და უფლება ჰქონდა, მ.კ-------------- თანხმობის გარეშე, მოეხდინა საჯარო რეესტრში ქონების მის სახელზე რეგისტრაცია.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო არასწორი ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელეს, რეალურად მისთვის გადახდილი აქვს, მხოლოდ 800 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით მან არაერთხელ მიმართა მ. კ-------------ს, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
ამის შემდეგ, მოსარჩელესთან შეთანხმებით მოახდინა ქონების თავის სახელზე რეგისტრაცია, რათა მოეხდინა ქონების რეალიზაცია და მ.კ--------------ათვის დაებრუნებია კუთვნილი თანხას. დარჩენილ თანხას კი მიიღებდა მოსარჩელე, რომელსაც თავის მხრივ გააჩნია სასესხო ვალდებულება სხვა პირის წინაშე და იხდის პროცენტის თანხებს, რითაც ადგება მნიშვნელოვანი ზიანი.
მიუხედავად შეთანხმებისა, მ.კ-------------მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ყადაღა დაადო ქონებას. აღნიშნული ემსახურება, მხოლოდ საქმის გაჭიანურებას და ხელშეშლას, რათა არ მოხდეს ვალდებულებით განსაზღვრული თანხის დაბრუნება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განჩინებით, ნ-----–- მ----–---- საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მ------ კ-------------მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელა ნ-----–- მ----–--- და მოითხოვა, აღიარებული იქნას, რომ თანხის ნაწილის გადახდის გზით, მან შეასრულა უძრავი ქონების გამოსყიდვის ვალდებულება და დაევალოს მოპასუხეს, მიიღოს დარჩენილი 4400 აშშ დოლარი, ხოლო უძრავი ქონება აღირიცხოს მის საკუთრებად.
მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია, რომ გამოსყიდვის ვადაში მყიდველმა (მ. კ-------------) ვერ მოახერხა თანხის სრულად გადახდა, თუმცა ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ გამოსყიდვის ვადას და დარჩენილი თანხა გადახდილი იქნებოდა 2018 წლის იანვრის ბოლომდე. მოპასუხემ პირობა არ შეასრულა, 2018 წლის 12 იანვარს ცალმხრივად გააუქმა გამოსყიდვის უფლება და ქონება აღრიცხა თავის საკუთრებად.
პალატა განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან, პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
ე.ი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).
დასაბუთება კი უნდა იყოს საფუძვლიანი, მოსარჩელემ სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებისა.
დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.
თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის წერილობით შეთანხმებულ ვადაში უძრავი ქონების გამოსყიდვის საფასურის სრულად გადაუხდელობას, ამასთან არ უთითებს, რომ გამოსყიდვის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა კრედიტორის უარის მიუხედავად, კანონით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით (კრედიტორის ანგარიშზე ჩარიცხვა, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსება) განახორციელა. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტებით სასარჩელო მოთხოვნა ნ-----–- მ----–---- წინააღმდეგ შეიძლება დაკმაყოფილდეს.
ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს ნ-----–- მ----–---- მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოსარჩელის მოთხოვნას, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ სარჩელი ეხებოდა ბათილ გარიგებას, თუმცა იმავდროულად მიუთითა, რომ მყიდველის მიერ ვალდებულება შესრულებული იყო (რაც ნამდვილი გარიგების შემთხვევაში არის შესაძლებელი) და თუკი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისაგან თანხის მიღებით აღსდგებოდა მოსარჩელის დარღვეული უფლებები.
პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელით ამგვარი მოთხოვნა (მოსარჩელის მიერ თანხის მიღება) დაყენებული არ ყოფილა, რაც დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებულ განჩინებას.
ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ნ-----–- მ----–---- საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო მ------ კ-------------- განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–- მ----–---- საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
3. ყადაღა მოეხსნას, ნ-----–- მ----–---- საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე, ქ. ბ---------–-------–----------------- ბლოკი ‘’ბ’’ (ს/კ 0---------------------).
4. მ------ კ-------------- შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
5. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე