განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
010217818002249406
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010217818002249406

№2/ბ-730-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 აგვისტო 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ხათუნა ხომერიკი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: თ------ გ------

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,B-------’’

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინება

გამოარკვია:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა თ------ გ------მ, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,B-------’’ და სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების, დამატებითი თანხების ე.წ. ბონუსის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს ,,B-------’’-ისათვის (ს/კ 4--------) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

განმცხადებლის მითითებით, მის მიერ აღძრული სარჩელი მიკუთვნებითი ხასიათისაა. თუ დაკმაყოფილდება სარჩელი, გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში და მოპასუხეს ამ მომენტისათვის არ აღმოაჩნდა საკუთრებაში ისეთი ლიკვიდური მატერიალური აქტივი, რომელზეც შესაძლებელი იქნება იძულებითი აღსრულების მიქცევა, სასამართლო გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. მოსარჩელის მიზანს კი წარმოადგენს, არა მხოლოდ ის, რომ მიიღოს მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, არამედ შეძლოს დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენა.

მისი ინფორმაციით, საწარმო გეგმავს კუთვნილი აქტივის გასხვისებას, რაც წარმოშობს საჭიროებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოხდეს.

სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის ფარგლებში მოთხოვნილია, მხოლოდ უძრავი ქონების გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, რათა მოპასუხესაც არ შეექმნას დაბრკოლება უძრავი ქონებით სარგებლობის პროცესში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე აპირებს აქტივების გასხვისებას, რამაც შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს არ უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე და არ წარმოადგენს საკმარისს სამეწარმეო სუბიექტისათვის კანონით გათვალისწინებული უფლებების შესაზღუდად.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა თ------ გ------- წარმომადგენელმა ე---------- გ-–----, მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, თ------ გ------- საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს ,,B-------’’-ს (ს/კ4--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 0----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის ფარგლებში მოთხოვნილია, მხოლოდ უძრავი ქონების გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, რათა მოპასუხეს არ შეექმნას დაბრკოლება უძრავი ქონებით სარგებლობის პროცესში. ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით საწარმო გეგმავს კუთვნილი აქტივის გასხვისებას, რაც წარმოშობს საჭიროებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოხდეს.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს შპს ,,B-------’’-ის წარმომადგენლებმა ლ---- ს----–---–-- და რ----–-- გ---------- და მისი გაუქმება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით, შპს ,,B-------’’-ის წარმომადგენლების საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება, რომლითაც შპს ,,B-------’’-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 0----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავა არის შრომითი ხასიათის, მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება კი არის სასარჩელო მოთხოვნის მოცულობასთნ მიმართებაში შეუსაბამო, კერძოდ, სარჩელის ფინანსური მოთხოვნა მოცულობით შესაძლებელია იყოს ჯამში 35 000 აშშ დოლარი, რაც საწარმოს შემოსავლების 0,1 პროცენტსაც კი არ წარმოადგენს.

საწარმოს დაფუძნებისათვის განხორციელებულია 25 000000 ( ოცდახუთი მილიონი) ინვესტიცია, კომპანიის ყოველთვიური ბრუნვა აღემატება 1 000 000 ლარს, ასევე, 2017 წლის 15 თებერვლის სსიპ ლ---- ს----------–--------–-------------------------------–----------ს დასკვნით, შპს ,,B-------’’- ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 6 563 556 ლარს, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბრის შპს ფროფერთი ექსპერტ კომპანის დასკვნის მიხედვით, სამედიცინო დანადგარების და ინვენტარის ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 861 000 აშშ დოლარს.

გარდა ამისა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, კომპანია ვალდებულია ექსპლოატაციაში შესვლიდან 30 თვის მანძილზე შეინარჩუნოს სამედიცინო პროფილი და უფლებამოსილი არ არის სამინისტროს გარეშე გაასხვისოს უძრავი ქონება.

შესაბამისად, არ არსებობს შპს ,,B-------’’’-ის ქონების გასხვისების საფრთხე, რაც ადასტურებს, რომ განმცხადებელს არ გააჩნია სათანადო დასაბუთება იმისა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის 25 508 ლარის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამდენად, განმცხადებლის, მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე აპირებს აქტივების გასხვისებას, რამაც შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს არ უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე და არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სამეწარმეო სუბიექტისათვის კანონით გათვალისწინებული უფლებების შესაზღუდავად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება შესაძლოა გაუმართლებელ და არათანაზომიერ ტვირთად დააწვეს მოპასუხეს, რაც დაუშვებელია.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა თ------ გ------- წარმომადგენელმა რ----- ჯ----------- და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, კერძოდ მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოპასუხეს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 0----------- გასხვისება.

საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს თ------ გ------- გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სამსახურში აღდგენა, სახელფასო დავალიანების, იძულებითი განაცდურის და ამ თანხების გადახდის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07 %-ის ანაზღაურება.

არასწორია სასამართლოს მითითება, რომ დავის საგნის ღირებულებაა 25508 ლარი, რადგან თ------ გ------- სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შპს ,,B-------’’-ის მიერ ასანაზღაურებელი თანხები პირგასამტეხლოს გარეშე იქნება 232,343.75 ლარი, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება სასამართლოს მიერ მითითებულ თანხას. ამასთან, საგულისხმოა, რომ დავის საგნის ღირებულება არის მზარდი და პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია პროცესის ხანგრძლივობასთან და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლო გაჭიანურებასთან. ეს კი ნიშნავს, რომ დაანგარიშებული თანხა შესაძლოა 3-ჯერ გაიზარდოს.

შპს ,,B-------’’-ში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, საავადმყოფოს ბოლო წლის განმავლობაში ვერ მოაქვს მოსალოდნელი მოგება, შესაბამისად, იგეგმება მისი გასხვისება. უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, მოპასუხემ შესაძლოა განკარგოს თავის საკუთრებაში არსებული ქონება და ამით თავი აარიდოს სადავო თანხების გადახდას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გამოყენებული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხეს აეკრძალოს მის საკუთრებვაში არსებული, ს/კ 0----------- უძრავი ქონების გასხვისება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სახელფასო დავალიანების დაკისრების, განაცდურის ანაზღაურებისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე წარდგენილი თ------ გ------- სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს ,,B-------’’-ის (ს/კ 4--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით, შპს ,,B-------’’-ის წარმომადგენლების საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება, რომლთაც შპს ,,B-------’’-ის (ს/კ 4--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით, თ------ გ------- წარმომადგენელის საჩივარი ამავ სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ამავე კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან, პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ საწარმოს დაფუძნებისათვის განხორციელებულია 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ინვესტიცია, მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საბაზრო ღრებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 6 563 556 ლარს, ხოლო სამედიცინო დანადგარების და ინვენტარის ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 861 000 აშშ დოლარს.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, 2018 წლის 9 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შპს ,,B-------’’-ს (ს/კ4--------) მიერ, 2017 წლის 1 მარტიდან-2018 წლის 28 თებერვლამდე (ერთი წლის) საანგარიშგებო პერიოდში საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დარიცხვის მეთოდით) შეადგენს 14 365 261 ლარს (ს.ფ.59), შესაბამისად, კომპანიის ყოველთვიური ბრუნვა აღემატება 1 000 000 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი, რომლის უზრუნველყოფასაც მოითხოვს განმცხადებელი არის, სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო დავალიანებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადების მიხედვით, სარჩელის ფასი მითითებულია 25 508,06 ლარი.

ვინაიდან, მოპასუხე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, ამასთან მისი გადახდისუუნარობის ან ფინანსური მდგომარეობის გაუარესების თაობაზე რაიმე მტკიცებულება გარდა თ. გ------- მითითებისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, ხოლო საქმეში განთავსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საწარმო აგრძელებს ფუნქციონირებას და წელიწადში 14 მილიონზე მეტი მოგება გააჩნია, გაზიარებული ვერ იქნება თ. გ------- (მოსარჩელე) მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თ.გ------- სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შპს ,,B-------’’-ისათვის დაკისრებული თანხის (25 508,06 ლარის) გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, მეწარმე სუბიექტი გაასხვისებს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის გამოსაყენებელ ქონებას, რომლის ღირებულება 6 563 556 ლარია, ხოლო ამ ქონებიდან მიღებული ყოველთვიური მოგება აღმატება 1000000 ლარს.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თ------ გ------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------ გ------- საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინება.

3. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ხათუნა ხომერიკი