განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001988349
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5964-17 11 ივლისი, 2018 წელი
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - შპს „ნ-----–----ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - შ------------------ (დირექტორი), ტ------–--------
მოწინააღმდეგე მხარე - ე----ე----–-–---–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მი----–-----ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.09.2017წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზოგადოების პარტნიორისთვის დოკუმენტაციის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე----ე----–-–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ნ-----–----ის“ მიმართ საზოგადოების დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნით.
კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს, დაევალოს შპს „ნ-----–----ს” ე-- ბე----–-–---–ისთვის გადაწყვეტილების კანონიერ ალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შემდეგი დოკუმენტების გადაცემა: 2012, 2013, 2014, 2015 და 2016 სამეურნეო (კალენდარული) წლებისთვის
ა) საწარმოს წლიური ანგარიშები;
ბ)საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია;
გ) საწარმოში დასაქმებულ მუშა-მოსამასახურეთა საშტატო განრიგი სახელფასო განაკვეთების ჩვენებით;
დ)საბანკო და შიდა სალარო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია;
ე)საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის აქტები;
ვ) საწარმოს კუთვნილ აქტივებზე (მათ შორის და არა მხოლოდ უძრავ და მოძრავ ქონებაზე) დადებული ნებისმიერი გარიგება (ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, იჯარა, თხოვება, გაცვლა და ა.შ.).
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელე წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორს. 12.06.2017წ. პარტნიორმა წერილობითი განცხადებით მოითხოვა 2012-2016 წლების საწარმოს საფინანსო -სამეურნეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, თუმცა საზოგადოებამ უარი უთხრა დოკუმენტაციის გადაცემაზე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საზოგადოება მზად არის მოსარჩელეს ადგილზე გააცნოს საწარმოში არსებული ბოლო ერთი წლის დოკუმენტაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.09.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. ე----ე----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. შპს ნ-----–----ს” დაევალა ე----ე----–-–---–ისთვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შემდეგი დოკუმენტაციის გადაცემა:
2012, 2013, 2014, 2015 და 2016 სამეურნეო (კალენდარული) წლებისთვის
ა) საწარმოს წლიური ანგარიშები
ბ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია
გ) საწარმოში დასაქმებულ მუშა-მოსამასახურეთა საშტატო განრიგი სახელფასო განაკვეთების ჩვენებით;
დ)საბანკო და შიდა სალარო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია
ე)საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის აქტები
ვ) საწარმოს კუთვნილ აქტივებზე (მათ შორის და არა მხოლოდ უძრავ და მოძრავ ქონებაზე) დადებული ნებისმიერი გარიგება (ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, იჯარა, თხოვება, გაცვლა და ა.შ.).
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ყველა პარტნიორს წილის სიდიდისა და საზოგადოებაში მისი მდგომარეობის მიუხედავად, აქვს: ა) წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება; ბ) წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების უფლება; გ) წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების მიზნით უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით საზოგადოების საბუღალტრო წიგნების შემოწმების უფლება; დ) წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მის დამტკიცებამდე საზოგადოების ორგანოებისათვის განმარტებების მოთხოვნის უფლება.
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული უფლებები პარტნიორთა უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში , ხოლო გაფართოება შეიძლება საზოგადოების წესდებით.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორია და მას არ გადასცემია კომპანიის ის სამეურნეო დაკუმენტაცია, რომლის გადაცემასაც ითხოვს. ამასთან, მოპასუხე ვერ ასაბუთებს მოსარჩელისთვის სადავო სამეურნეო დოკუმენტაციის მიუწოდებლობას.
ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა და ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ნ-----–----მა” მოსარჩელე ე----ე----–-–---–ს უნდა გადასცეს საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის ამსახველი, მოსარჩელის მიერ მოთხოვილი სრული დოკუმენტაცია. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის ვალდებულებაში კანონმდებელი მოიაზრებს როგორც დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობას, ისე მათი ასლების გადაღებასაც.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.09.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ-----–----მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომელიც შეეხება ნებისმიერი პარტნიორის უფლებას, გაეცნოს საწარმოს სამეურნეო საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას და დირექტორის ვალდებულებას, პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართოს, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
5.2. მოსარჩელეს არასდროს შეზღუდვია საწარმოს დოკუმენტაციაზე თავისუფალი წვდომის უფლება, თუმცა იგი რატომღაც ითხოვს ბოლო ხუთი წლის დოკუმენტაცია მის ადვოკატს მიეწოდოს მატერიალური სახით სამუშაო ოფისში, რაც არასწორია. მოთხოვნილი დოკუმენტაცია დიდი მოცულობისაა და მისი ნებისმიერი პარტნიორისთვის გადაცემა მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული, ხოლო ასლის გადაღება მნიშვნელოვან ხარჯს მოითხოვს. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ უგულვებელყო კანონმდებლობა და მოპასუხეს დაავალა დიდი მოცულობის დოკუმენტაციის გადაცემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ:
- შპს „ნ-----–----ი’’ (შემდგომში „მოპასუხე“) რეგისტრირებულია ისნის რაიონის სასამართლოში 2---------წ.;
- ე----ე----–-–---–ი (შემდგომში „მოსარჩელე“) წარმოადგენს საზოგადოების 2.43% წილის მფლობელ პარტნიორს;
- საზოგადოების დირექტორია შ------------------ (ტ. 1, ს.ფ. 14-19).
სარჩელის საგანს წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორისათვის საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა.
8. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ყველა პარტნიორს, წილის სიდიდისა და საზოგადოებაში მისი მდგომარეობის მიუხედავად, აქვს:
ა) წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება; ბ) წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების უფლება;
გ) წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების მიზნით უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით საზოგადოების საბუღალტრო წიგნების შემოწმების უფლება;
დ) წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მის დამტკიცებამდე საზოგადოების ორგანოებისათვის განმარტებების მოთხოვნის უფლება.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი უკვე საკუთრივ შეზრუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს ავალდებულებს, რომ დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართოს, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
ამდენად, კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა.
სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შესაძლებელია შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში საზოგადოების წესდებით მათი გაზრდა მხოლოდ.
პალატა მიუთითებს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს გააჩნიათ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლებაა კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. ამდენად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. ეს კონტროლი შეიძლება განხორციელდეს თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის განხორციელების ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორია. საფუძვლიანია საზოგადოების პარტნიორის მოთხოვნა საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მისთვის გადაცემის თაობაზე.
9. პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის მსჯელობას მასზედ, რომ არ არსებობს სამ წელზე მეტი ვადის განმავლობაში საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს კომპანიის ვალდებულებას დოკუმენტი შეინახოს მხოლოდ 3 წლის განმავლობაში (იხ.: ახსნა-განმარტებები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას, გადასახდით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში და ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მითითებული რეგულაცია ემსახურება საგადასახადო მიზნებს და არ წარმოადგენს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლების მხოლოდ სამწლიანი პერიოდით შეზღუდვის საფუძველს.
ასევე სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სარჩელზე წარდგენილ მოპასუხის შესაგებელში მითითება მასზედ, რომ მოპასუხე მზად არის მოსარჩელეს გააცნოს მხოლოდ ბოლო ერთი წლის დოკუმენტაცია.
10. ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია, თითქოს მოსარჩელე ითხოვს დოკუმენტაციის წარდგენას მოსარჩელის ადვოკატის ოფისში (იხ.: სააპელაციო საჩივარი). ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს არ ჰქონია, შესაბამისად, არც სასამართლო გადაწყვეტილებაშია ამაზე საუბარი.
11. მოპასუხე ასევე ეხება დოკუმენტაციის ასლების გადაღების პრობლემატიკას.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა აქვე მიუთითებს, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 3.10. მუხლი არეგულირებს ორ საკითხს:
1. მისი პირველი წინადადება ადგენს ყოველი პარტნიორის უფლებას მიიღოს წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების ყველა პუბლიკაციია.
აღნიშნული ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტაციის ასლების გადაღება და მათი პარტნიორზე გადაცემა თავად საზოგადოების ვალდებულებაა და საზოგადოების ხარჯებით უნდა მოხდეს.
2. მეორე წინადადება ადგენს პარტნიორის უფლებას შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე.
ამ შემთხვევაში კანონმდებელი მსჯელობს საზოგადოების დოკუმენტაციის უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით გაცნობაზე, რაც თავისთავად გულისხმობს გასაცნობად დოკუმენტაციის გადაცემას და არა მათი ასლების აუცილებლად საწარმოს ხარჯით გადაღებას და გადაცემას. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საუბარია დიდი რაოდენობის დოკუმენტაციაზე და საწარმოზე, რომელსაც მრავალი პარტნიორი ყავს. საკითხის განსხვავებულ რეგულაციას არ შეიცავს არც მეწარმეთა შესახებ კანონის 46.4. მუხლი. ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს საწარმოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თანაც ისე, რომ არ შეიზღუდოს კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება.
ამდენად, პარტნიორისათვის საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობის მიცემა მოიაზრებს როგორც დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობის, ისე მათი ასლების (მატერიალური თუ ელექტრონული სახით) გადაღების შესაძლებლობის მიცემას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა საზოგადოების პარტნიორის სარჩელი და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
12. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
13. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 81).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ-----–----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.09.2017წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი