განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017001978988 (3/ბ-287-2018წ)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 აგვისტო, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველო (ბათუმი);
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ-–--------------ე;
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ვ-–--------------ის სარჩელის უარყოფა.
2. საქმის გარემოებებსა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 22 ივნისს ვ-–--------------ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, 855.24 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
ვ-–--------------ე 2015 წლის 5 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში. მან განცხადებით მიმართა მოპასუხეს სახელფასო დავალიანების გაცემის მოთხოვნით. განცხადების პასუხად აჭარის რეგიონალურ სამმართველომ დაუდასტურა სახელფასო დავალიანების არსებობა, თუმცა როდის გასცემდნენ მასზე ამ თანხას, _ არ მიუთითებიათ.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, დავალიანება შეადგენს 855.24 ლარს, რასაც, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, სამსახური არ უნაზღაურებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო სარჩელს არ ცნობს და მის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რამდენდაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს 10 წელს. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წოდებრივი სარგოსა და კვების კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რაზეც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვრცელდება 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც მოსარჩელე მხარის მიერ არ არის დაცული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ვ-–--------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ვ-–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, - მოპასუხეს, საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულებას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს, მოსარჩელე ვ-–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასი, თანამდებობრივი სარგოს სახით 319.12 ლარის, წოდებაზე დანამატის სახით - 49.44 ლარის, სპეცდანამატის მაღალმთიანი ზონისათვის - 73.68 ლარის, სულ 442.24 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრვის გათვალისწინებით. მოსარჩელე მხარეს კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში, უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ვ-–--------------ე მუშაობდა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ყოველთვიურად იღებდა ხელფასს. მოსარჩელეს 2000 წლის 8 თვის ხელფასი მიუღებელი აქვს, რაც შეადგენს 855.24 ლარს. აღნიშნულს ადასტურებს სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს უფროსის 2015 წლის 1------------ის №2------ წერილი;
2000 წელს ხელფასის სახით მოსარჩელე ვ-–--------------ეს დაერიცხა 1135.36 ლარი (თანამდებობრივი სარგო - 478.68 ლარი, წოდებრივი სარგო - 74.16 ლარი, კვების კომპენსაცია - 472.00 ლარი, მაღალმთიანი ზონის სპეცდანამატი - 110.52), საიდანაც მიიღო იანვრიდან - აპრილის თვეების ჩათვლით დარიცხული ხელფასი, 280.12 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი და მიუღებელი ხელფასი შეადგენს 855.24 ლარს, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, მაღალმთიანი ზონის სპეცდანამატისა და კვების კომპენსაციისგან. მიუღებელ ხელფასში თანამდებობრივი სარგო შეადგენს 319.12 ლარს, წოდებრივი სარგო შეადგენს 49.44 ლარს, მაღალმთიანი ზონის სპეცდანამატი შეადგენს - 73.68 ლარს, კვების კომპენსაცია კი 413.00 ლარს;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 19.1 მუხლით, პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი. მოსარჩელე იყო სამხედრო მოსამსახურე და ის ითვლებოდა პოლიციელად. შესაბამისად, მასზე ვრცელდება „პოლიცის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რის საფუძველზეც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და სანაცვლოდ იღებდა ანაზღაურებას. ანაზღაურების გაცემის ვალდებულება გამომდინარეობს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძვლიდან, კერძოდ, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მოსარჩელე ვ-–--------------ე 2000 წლის 12 თვის განმავლობაში ნამდვილად მუშაობდა საქართველოს საქვეუწყებო დაწესებულება, სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოში, ასრულებდა სამსახურეობრივ ვალდებულებებს და ამ ვალდებულებათა შესრულებისათვის იღებდა ხელფასს. მხარეები ადასტურებენ, რომ 2000 წელს ხელფასის სახით მოსარჩელე ვ-–--------------ეს დარიცხული და მიუღებელი აქვს 855.24 ლარი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნაც დაკავშირებულია ამ თანხის მიღებასთან.
საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისერად. დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა, მაგრამ ვალდებულება არ შეუსრულებია მოპასუხეს, კერძოდ მან უწყისებში გაწერა მოსარჩელეზე გასაცემი თანხა, მაგრამ აღარ გაუცია. მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თანამდებობრივი სარგო და წოდების სარგო უწყისით გაწერილია მოსარჩელეზე, მაგრამ ამ სტადიაზე თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოსა და მაღალმთიანი ზონის სპეცდანამატის ნაწილში მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძვლიდან, კერძოდ, მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა და სანაცვლო ვალდებულება უნდა შეასრულოს მოპასუხემაც, ანუ უნდა გადაუხადოს მიღებული შესრულების სანაცვლო ღირებულება, რაც ხელფასში გამოიხატება. 2000 წელში მიუღებელი ხელფასის სახით მოსარჩელე ვ-–--------------ეს დაერიცხა 855.24 ლარი, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, მაღალმთიანი ზონის სპეცდანამატისა და კვების კომპენსაციისაგან. თანამდებობრივი სარგო შეადგენს 319.12 ლარს, წოდებრივი სარგო შეადგენს 49.44 ლარს, მაღალმთიანი ზონის სპეცდანამატი შეადგენს - 73.68 ლარს, კვების კომპენსაცია კი 413.00 ლარს სასამართლო მიიჩნევს, რომ თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოსა და მაღალმთიანი ზონის სპეცდანამატის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სკ-ის 128-ე მუხლის I ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას იმ ნაწილში, რომ მოქმედების შესრულებაზე და მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა მოსარჩელემ შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ. დასახელებულ შემთხვევაში მოსარჩელე იღებდა ხელფასს, რომელიც მოიცავდა კვების კომპენსაციას, თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივ სარგოს. თითოეული მათგანი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელზეც საქართველოს სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელისათვის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება თითოეული თვის ბოლო რიცხვიდან, რა დროსაც უნდა მომხდარიყო ხელფასის გაცემა და მოთხოვნის უფლება გრძელდება შემდგომი სამი წლის განმავლობაში, თუ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის და ხელახლა თავიდან ათვლის საფუძველი. დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელეს 2000 წლის 8 თვის ხელფასი არ მიუღიათ. დასახელებული ვადა უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისად, რადგანაც ამ პერიოდში დაირღვა მისი უფლება მიეღო შესრულებული ვალდებულების ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 128-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე ხანდაზმულობის გაანგარიშებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2000 წლის შემდეგ გასულია სამ წელზე მეტი დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვეელი, მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. საქმეში წარმოდგენილია სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს უფროსის 2015 წლის 1------------ის №2------ მიმართვა, რომლითაც მოპასუხემ წერილობით აცნობა მოსარჩელე მხარეს რომ სასაზღვრო პოლიციის №1 სამართველოს უწყისში მის მიმართ დარიცხულია თანხა და ის წარმოადგენს კრედიტორს. სასამართლო თვლის, რომ მართალია დასახელებული წერილი არ წარმოადგენს ვალდებულების აღიარებას, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მიერ კვების ულუფის კომპენსაციის თანხის დავალიანებად აღიარებასა და მისი გადახდის დაპირებაზე, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული მიმართვა მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს, რითაც დასტურდება სახელფასო დავალიანების არსებობა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კვების კომპენსაციის ნაწილში მოთხოვნა იყო ხანდაზმული და არ დააკმაყოფილა, ხოლო თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოსა და მაღალმთიანი ზონის სპეცდანამატის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი იყო საფუძვლიანი და შესაბამისად ამ ნაწილში, - ის დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველომ (ბათუმი).
აპელანტი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ვ-–--------------ის სარჩელის სრულიად უარყოფას.
აპელანტის მტკიცებით, ვ-–--------------ეს 2000 წელში იანვრიდან - აპრილის ჩათვლით მიღებული აქვს ხელფასი 280.12 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება შეადგენს 855.24 ლარს, აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 319.12 ლარს, წოდებრივი სარგო შეადგენს 49.44 ლარს, მაღალმთიანი ზონის - 73.68 ლარს, ხოლო კვების კომპენსაციაა შეადგენს 413,00 ლარს.
,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელის უფლებაა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.
აპელანტის განმარტებთ, მოსარჩელე ვ-–--------------ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, შესაბამისად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაშიც იღებდა ხელფასს. 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოქმედი კანონმდებლობით (საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ) მოსამსახურეების ხელფასი შედგებოდა შემდეგი მუხლებისაგან: ა) თანამდებობრივი სარგო; ბ) წოდებრივი სარგო და გ) კვების კომპენსაცია. საქმის მასალების თანახმად, ვ-–--------------ეს 2000 წელში მიუღებელი ხელფასის სახით დაერიცხა 855.24 ლარი, რომელიც შედგებოდა თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, სპაცდანამატის მაღალმთიანი ზონისათვის და კვების კომპენსაციისაგან.
აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებაში თანამდებობრივი სარგოს, კვების კომპენსაციისა და მაღალმთიანი ზონისათვის სპეცდანამატის ნაწილში არასწორად იქნა შეფასებული, რომ მხოლოდ კვების კომპენსაციის მოთხოვნა არის ხანდაზმული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება ის დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ფაქტია, რომ მოსარჩელე იღებდა ხელფასს, რომელიც მოიცავდა როგორც კვების კომპენსაციას, ასევე, თანამდებობრივ სარგოს და წოდებრივ სარგოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელზეც ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. აპელანტს მიაჩნია, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის და ხელახლა, თავიდან ათვლის საფუძველი, ფაქტია, რომ მოსარჩელეს 2000 წლის ხელფასის ნაწილი არ მიუღია. აღნიშნული ვადა უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისად, რადგანაც იმ პერიოდში დაირღვა უფლება მიეღო შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.
4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, საქმის გარემოებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ცვლილება უნდა შევიდეს ბათუმის საქალაქო სასმართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოსათვის ვ-–--------------ის სასარგებლოდ მაღალმთიან რეგიონში მუშაობისთვის სპეციალური დანამატის დავალიანების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მაღალმთიან რეგიონში მუშაობისთვის სპეციალური დანამატის დავალიანების სახით 18. 42 ლარის (თვრამეტი ლარი და 42 თეთრი) ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
მხარეთა შორის დავა წარმოებს 2 000 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
“პოლიციის შესახებ“ 27.07.1993 წ. საქართველოს კანონის (24/12/1999 - 28/06/2000 პერიოდში მოქმედი რედაქცია) 31.16. მუხლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრებოდა ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით. მოსარჩელეზე ვრცელდება აღნიშნული ნორმის დანაწესი.
“პოლიციის შესახებ“ 27.07.1993 წ. საქართველოს კანონის (24/12/1999 - 28/06/2000 პერიოდში მოქმედი რედაქცია) 31.3. მუხლით, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისთვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. იმავე კანონის 28/06/2000 - 05/12/2000 პერიოდში მოქმედი რედაქციის 31.3 მუხლით, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს: ა) ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს; ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს; გ) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დ) დანამატს დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს (ცვლილება განხორციელდა საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონით №413 - სსმ I, №25, 11.07.2000 წ., მუხ.69).
საქართველოს პრეზიდენტის 17.03.1997წ. N139 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების“ 55-ე მუხლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.
ამდენად, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, ისევე როგორც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების” შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ _ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად,ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი ვ-–--------------ის შემთხვევაში შეადგენს 319. 12 ლარს + 49.44 ლარი = 368.56 ლარს. რაც შეეხება დანამატს მაღალმთიან რეგიონში მუშაობისათვის, რაც ცნობის თანახმად,2000 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 73. 68 ლარს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობირვ, მხოლოდ ორი თვის მაისისა და ივნისი პერიოდზე გათვლით უნდა დაკმაყოფილდეს 18. 42 ლარის ოდენობით, რამდენადაც 2000 წლის 28 ივნისის №413 ცვლილებების შემდეგ პოლიციელის ხელფასში მსგავსად კვების დანამატისა, არც მაღალმთიან რეგიონში მუშაობისათვის გათვალისწინებული დანამატი შედიოდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას ვ-–--------------ის სარჩელის (თანამდებობრივი სარგოს სახით 319. 12 ლარსა და სპეციალური წოდების განაკვეთის სახით 49.44 ლარის მოთხოვნის) ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დავალიანება წარმოშობილია და სარჩელი შეტანილია სასამართლოში „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31/10/1997 წ. კანონის მოქმედების პირობებში. აღნიშნული კანონის 37.1 მუხლით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამასთან, აღნიშნული კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–--------------ეს მაღალმთიან რეგიონში მუშაობის დანამატის დავალიანებიდან რაც 73. 68 ლარს შეადგენს მხოლოდ 18. 42 ლარი უნდა აუნაზღაურდეს, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საფუძველია.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველო (ბათუმი) სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ვ-–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მაღალმთიან რეგიონში მუშაობისთვის სპეციალური დანამატის დავალიანების - 18. 42 ლარის (თვრამეტი ლარი და 42 თეთრი) ანაზღაურება;
3. დანარჩენ ნაწილში (თანამდებობრივი სარგოს სახით 319. 12 ლარსა (სამას ცხრამეტი ლარი და 12 თეთრი) და სპეციალური წოდების განაკვეთის სახით 49.44 ლარის (ორმოცდა ცხრა ლარისა და 44 თეთრის) მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე