განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060310018002334383 (3/ბ-280-2018 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს ,,ნ----" (მოსარჩელე), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - მესამე პირად ჩაბმის შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა
გასაჩივრებული განჩინება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინება
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნეზე მითითება
2018 წლის 13 თებერვალს შპს ,,ნ----ს'' წარმომადგენელმა ვ--–-----------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1--------ის №2---- გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 03 ნოემბრის №8------------12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით შპს ,,ნ----ს'' სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მითითებული განჩინების გაუქმება მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიოტეტის მერიის საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, საქმეში არსებული მასალების (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 9-------ის №1------. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 2-------------ის №0----- მიმართვა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 2-------------ის №0----- მიმართვა.) მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ სს ,,ი-------ს“ საკუთრებაში გადაეცა შენობა-ნაგებობები (ადმინისტრაციული შენობა, მექანიკური საამქროს შენობა, ფანერის საამქროს შენობა და ანარჩენების საამქროს შენობა). სს ,,ი-------სა“ და შპს ,,ნ----ს“ შორის 2001 წელს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი შენობა-ნაგებობების (ადმინისტრაციული შენობა, მექანიკური საამქროს შენობა, ფანერის საამქროს შენობა და ნარჩენების საამქროს შენობა) საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ. 3-----------, 3-----------, 3----------- და 3-----------), შენობა-ნაგებობების მესაკუთრე არის შპს ,,ნ----“, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის სახელმწიფო. შპს ,,ნ----მ“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება (№8-----------, 24.08.2017) ცვლილებების რეგისტრაციისათვის და მოითხოვა შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სადავო ქონებასთან დაკავშირებით სამართალურთიერთობის მონაწილეები არიან სახელწიფო და სს ,,ი-------ი“, ხოლო შემდგომ სს ,,ი-------ი“ და შპს ,,ნ----“. რეგისტრაცია აღნიშნულ ქონებაზე განხორციელებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მმართველი არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შესაბამისად, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
2006 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნათლად განიმარტა, რომ მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 01 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3-----------ს №3----- და 2017 წლის 1------------ის №3----- მომართვების მიხედვით, საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილ იქნა გამგეობაში დაცული ინფორმაცია და დოკუმენტაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხევაში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 0------------ის №3------ და ქალაქ სამტრედიაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 2------------ის №9----- მიმართვებით საჯარო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ იყო დაცული მომართვაში მითითებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა ინფორმაცია/დოკუმენტაციის ასლები, მათ შორის, შენობა-ნაგებობების ფართების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია არ არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის შედეგადაც საჯარო რეესტრის ამონაწერების (ს/კ. 3-----------, 3-----------, 3----------- და 3-----------) მიხედვით, შენობა-ნაგებობების მესაკუთრე არის შპს ,,ნ----“, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის სახელმწიფო.
კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასარჩელო განცხადებით შპს ,,ნ----'' ითხოვს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1--------ის №2---- გადაწყვტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 03 ნოემბრის №8------------12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
სარჩელის თანახმად, შპს ,,ნ----მ'' 2001 წლის 29 მაისს სს ,,ი-------ისაგან’’ შეიძინა სხვადასხვა დასახელების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის შენობა-ნაგებობები, ხოლო ამ შენობა-ნაგებობების ქვეშ არსებული მიწა კი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც მესაკუთრეს იჯარით ჰქონდა გადაცემული. 2017 წლის 2-----------ს შპს ,,ნ----მ“ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელი ორგანოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის განხორციელება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ კანონი ითვალისწინებდა საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გავრცელებას ამ შენობა-ნაგებობებით დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე.
შპს ,,ნ----ს“ განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდებოდა შპს ,,ნ----ს“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული ფართობები ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა სს ,,ი-------ისათვის“ გადაცემული შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებულ ფართობებს, რომელიც თავის მხრივ სს ,,ი-------მა“ გაასხვისა შპს ,,ნ----ზე’’, ამასთან არ დგინდებოდა შპს ,,ნ----ს’’ კუთვნილი შენობა-ნაგებობების ფართობები, რაც მათი განაშენიანების ფართობების მქონე მიწის ნაკვეთებზე უფლების რეგისტრაციის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა.
2018 წლის 30 აპრილს სამტრედიის რაიონული სასამართლო სხდომაზე მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირებად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჩაბმის შესახებ, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი.
რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩააბა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, იმ დასაბუთებით, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, ქ.სამტრედიაში, კ--------ს ქუჩა N---ში, მდებარე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე 3500 კვ.მ, 1500 კვ.მ და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე (ს/კ:3-----------, 3----------- და 3-----------) რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს და შპს ,,ნ----ს“ საკუთრების უფლება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში არავითარი ინფორმაცია არ იყო დაცული ქალაქ სამტრედიის ტერიტორიაზე არსებულ საკუთრებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენდნენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომელთან მიმართებით სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.
ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელმაც მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში განჩინების გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით ს/კ-ით №3-----------, №3-----------, №3----------- და №3----------- რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ნ----“, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - სახელმწიფო. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმის წარმოების პროცესს, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების რეალიზების პროცესუალური საშუალებაა. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირთა ორ კატეგორიას _ მარტივ და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირთა მოწვევა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირთა მოწვევა _ სასამართლოს ვალდებულებას.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ქონებაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. იმავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტით ქონების მმართველია − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით).
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106.1 მუხლით, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. 106.2 მუხლით, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება. 107.1 მუხლით, კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები; ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა: ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა; ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა; ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად, სასამართლოს მიერ მოსაწესრიგებელი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს არ წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამისად, აღნიშნული უწყება სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით ვერ ისარგებლებს. სავალდებულო მესამე პირად საქმის განხილვაში მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზემოქმედებას მოახდენს მის სამართლებრივ ინტერესზე, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს მესამე პირის უფლება-მოვალეობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პრეტენზია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნით დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საქმეში მესამე პირად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით) ჩაბმის ნაწილში;
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
4. კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე