განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2018
საქმის ნომერი
010350018002607159
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010350018002607159

საქმე № 3/ბ-417-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

საჩივრის ავტორი – მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი (დაუსწრებლად)

წარმომადგენელი – ირაკლი შენგელია

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

წარმომადგენელი – ლევან მარეხიშვილი

 

დავის საგანი – მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და შუამდგომლობის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის, 27 აგვისტოს 17:39 საათზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 27 აგვისტოს №786133 განკარგულებით მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარისათვის (დაბადებული 24. 07.1981წ.) დისციპლინური პატიმრობის შეფარდება;

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ნუგზარ თაბაგარმა N3 პენიტენციური დაწესებულების მეორე სართულის დერეფანში ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 12:38 საათზე, სარეჟიმო კორპუსის N225 საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნუგზარ ბართლომეს ძე თაბაგარმა მეორე სართულის დერეფანში დირექტორის მოადგილეს, ბექა გაგნიძეს შეაფურთხა სახეში, ხოლო სამართლებრივი რეჟიმის მთავარ ინსპექტორ ჯუმბერ ბერიძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ კონტროლიორი ლაშა აბაშიძე და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ნოდარ ჟღენტი.

სასამართლო სხდომაზე N3 პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარდგენილ განკარგულებას და მოითხოვა ნუგზარ თაბაგარისათვის პატიმრობის შეფარდება.

მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მამუკა ზოიძე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ დაეთანხმნენ წარდგენილ შუამდგომლობას ნუგზარ თაბაგარისათვის პატიმრობის შეფარდების შესახებ და განმარტეს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ნუგზარ თაბაგარის მიერ დისციპლინარული დარღვევის ჩადენის ფაქტი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარის მიმართ დისციპლინური პატიმრობის შეფარდების თაობაზე დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარს (პ/ნ N31001057424, დაბადებული 1981 წლის 24 ივლისს) შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 02 დღე-ღამის ვადით. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 29 აგვისტოს 17:30 საათიდან. პატიმრობის ვადაში ჩათვლილი იქნა ნუგზარ თაბაგარის სასამართლოში წარდგენისას გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, პატიმრობის კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა მას შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით. ასევე ამავე მუხლის 1.1 ნაწილის თანახმად: თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის 80-ე მუხლის ,,გ“, ,,დ“ ან/და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. ნუგზარ თაბაგარი სასჯელს იხდის 18.02.2014 წლიდან. მას 2016 წლის 11 მაისს განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი, შესაბამისად სასჯელის მოხდა განესაზღვრა N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რადგან პატიმრობის კოდექსის 66.2-ე მუხლის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ოგანოების უსაფრთხოებას.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნუგზარ თაბაგარის მიმართ საშიშროების რისკი გადაფასებული იქნა და პენიტენციური დეპ. დირექტორის 11.05.2017 წლის და 04.05.2018 წლის ბრძანებების საფუძველზე სასჯელის მოსახდელად კვლავ განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულება. ნუგზარ თაბაგარისაგან მომდინარე საფრთხეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილია არაერთხელ. მის მიერ გამოვლენილმა კანონსაწინააღმდეგო ქცევამ, რაც გამოიხატა დაწესებულების თანამშრომლების შეურაცხყოფაში, შემოწმება დათვალიერების დროს საკნიდან გამოსვლაზე უარის თქმაში, საკნიდან სხვა საკნებში გადაძახილისა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო მოთხოვნების სისტემატიურ დარღვევაში, გამოიწვია ნუგზარ თაბაგარისათვის 184-ჯერ დისციპლინური სახდელის დაკისრება. მათ შორის გამოყენებულ იქნა პასუხისმგებლობის ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: სამარტოო საკანში მოთავსება, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა, პირადი სახის კორესპოდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა, ხანმოკლე პაემნის აკრძალვა და სხვა. დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან გამოყენებული იქნა ყველა აუცილებელი ზომა და დისციპლინური სასჯელი რათა შეცვლილიყო მისი ქცევა, თუმცა უშედეგოდ.

2018 წლის 02 აგვისტოს მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაწესებულების თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რის გამოც N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 12 აგვისტოს N738615 განკარგულებით მას მიეცა გაფრთხილება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად მითითებული უკანასკნელი დარღვევისა და პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებისა, ნუგზარ თაბაგარი არ დაადგა გამოსწორების გზას. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ მსჯავრდებულის შეურაცხყოფა აშკარა უპატივცემულობა და აგრესია ხელს უშლის და აფერხებს დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, რაც დასტურდება 2018 წლის 17 აგვისტოს მე-2 სართულის დერეფანში მომხდარი ფაქტით.

 

საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ბექა გაგნიძე, ჯუმბერ ბერიძე, ლაშა აბაშიძე და ნოდარ ჟღენტი. მათ დაადასტურეს, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 12:38 საათზე, სარეჟიმო კორპუსის N225 საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნუგზარ ბართლომეს ძე თაბაგარმა მეორე სართულის დერეფანში შეაფურთხა დირექტორის მოადგილეს ბექა გაგნიძეს, სამართლებრივი რეჟიმის მთავარ ინსპექტორ ჯუმბერ ბერიძეს კი მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობის კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ნუგზარ თაბაგარმა დისციპლინურ სახდელთა მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, რისთვისაც მას უნდა შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა იმავე კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

საბოლოოდ საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმე და მიიჩნია, რომ ნუგზარ თაბაგარს უნდა შეფარდებოდა დისციპლინური პატიმრობა 02 (ორი) დღე-ღამის ვადით.

 

3. საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ნუგზარ თაბაგარმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შუამდგომლობის უარყოფა მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისათვის სიტყვიერ შერაცხყოფის მიყენებას და არც დირექტორის მოადგილის, ბექა გაგნიძის მიმართ სახეში შეფურთხების ფაქტს, რასაც შეიძლება გამოეწვია პირისათვის ღირების შელახვა. მისივე განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, ასევე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დგინდება გამოკვლეული ვიდეოჩანაწერითაც, შესაბამისად მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული ორი დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება უმართებულოა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს N3-454/18წ. გადაწყვეტილების გაუქმება.

 

საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების

უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არსებითად დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის’’ 1.1 მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

 

ამავე კოდექსის 30.1 მუხლის მიხედვით, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.

 

,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანების 75-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, დებულების, მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დაწესებულების დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების შესრულება.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

 

პატიმრობის კოდექსის მე-80 თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს; მათ შორის დისციპლინურ დარღვევად განიხილება განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა (,,დ’’ ქვეპუნქტი).

 

პატიმრობის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული.

 

ამავე კოდექსის 82.1 მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური სახდელის სახეები: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით; ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით და სხვა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნუგზარ თაბაგარს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების პროცესში 184-ჯერ დაეკისრა სხვადასხვა სახის დისციპლინური სახდელი. ბოლოს, N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 12 აგვისტოს N738615 განკარგულებით, დაწესებულების თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მას მიეცა გაფრთხილება.

პატიმრობის კოდექსის 87-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაეკისრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას’’, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

პატიმრობის კოდექსის 90.1 მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

 

ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის მე-80 მუხლის „გ“, „დ“ ან/და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. მე-4 ნაწილის შესაბამისად, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მითითებული მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს პენიტენციური დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს.

 

პატიმრობის კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს: ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება; დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს დისციპლინური პატიმრობა და რა ზომით; ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ფაქტის შემსწრე თვითმხილველი პირების: ბექა გაგნიძის, ჯუმბერ ბერიძის, ლაშა აბაშიძისა და ნოდარ ჟღენტის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 12:38 საათზე, სარეჟიმო კორპუსის N225 საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნუგზარ თაბაგარმა მეორე სართულის დერეფანში შეაფურთხა დირექტორის მოადგილეს ბექა გაგნიძეს, სამართლებრივი რეჟიმის მთავარ ინსპექტორ ჯუმბერ ბერიძეს კი მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ამ გარემოებას ასევე ამყარებს N3 პენიტენციური დაწესებულების მეორე სართულის დერეფანში განთავსებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც როგორც საქმის გარემოებების ობიექტურად ამსახველი წყარო, უტყუარი მტკიცებულებაა. წარმოდგენილი ვიდეო ფირით ცალსახად დასტურდება N225 საკნიდან ბადრაგის თანხლებით გამოსული ნუგზარ თაბაგარის მხრიდან პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეზე შეფურთხების ფაქტი, რაც პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვაა და მკაცრად გასაკიცხ ქმედებას წარმოადგენს.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე განხილული უტყუარი მტკიცებულებების ანალიზით დასტურდება, რომ №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მსჯავრდებულმა ნუგზარ თაბაგარმა ჩაიდინა საქართველოს კანონის ”პატიმრობის კოდექსის” მე-80 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც დისციპლინური პატიმრობის გამოყენების საფუძველს წარმოდაგენდა, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნუგზარ თაბაგარის საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით, საქართველოს კანონის ”პატიმრობის კოდექსის” მე-80, 90-ე, 91-94-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. მიღებული განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნოს მხარეებს;

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

მურთაზ მეშველიანი