განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
330210116001619363
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001619363

2ბ/2224-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი- ვ----– ფ------–---–-, დ----- ფ----------–---–-, ი- ბ---–---–-

წარმომადგენელი - თ----- ე–-----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „------------------------–---

წარმომადგენელი - ვ-–-------- გ-------–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2018წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით საპროცენტო სარგებლის სახით 300 აშშ დოლარის, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 39.19 ლარის დაკისრება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. სს ”------------------------–---- სარჩელი დაკმაყოფილდა;

 

2. მოპასუხეებს ვ----– ფ------–---–-, დ----- ფ----------–---–- და ი- ბ---–---–-, სს ”------------------------–---- სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 5092.97 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3633.63 აშშ დოლარი, სარგებელი 1320.15 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 139.19 აშშ დოლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2015 წლის 23 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით, დ----- ფ----------–---–-- სს "------------------------–-------- სესხის სახით მიიღო 4 100 აშშ დოლარი, 548 დღის ვადით, 23.06.2017 წლამდე ვადით. სარგებელი განისაზღვრა წლიური 23.95%-ით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1,0%-ით, ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2015 წლის 23 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება ( ს.ფ 11-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.2. დ----- ფ----------–---–-ს სესხის სესრულების უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა ვ----– ფ------–---–-ა და ი- ბ---–---–----. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 4100 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( სასამართლო სხდომის ოქმი);

- თავდებობის განცხადება (ს.ფ17-20 )

 

2.3 მსესხებელმა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილები დავალიანების ოდენობის შესახებ. ასევე განესაზღვრათ ვადა და განემარტათ შესაძლო შედეგები თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუმცა დავალიანება არ დაუფარავთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

- გაფრთხილების წერილები ( ს.ფ 13-15);

 

2.4 მოპასუხეებს ვ----– ფ------–---–-, დ----- ფ----------–---–- და ი- ბ---–---–- სს ”------------------------–---- სასარგებლოდ, ერიცხებათ დავალიანება 5092.97 ა.შ.შ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3633.63 ა.შ.შ დოლარი, სარგებელი 1320.15ა.შ.შ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 139.19 ა.შ.შ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

- გაფრთხილების წერილები ( ს.ფ 13-15);

- გადახდის გრაფიკი, ამონაწერები ანგარიშიდან, ცნობა (ს.ფ. 16, 25-29, 35)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების შესრულებას. ამავე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ დ----- ფ----------–---–--, სს ”------------------------–-----სთან 2015 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო სესხი და წარმოეშვა ამ სესხის შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია სეხხის დაბრუნების პირობები და მოსარჩელეს მიმართ წარმოეშვა დავალიანება. მოპასუხეები სარჩელს ცნობენ სესხის ძირი თანხის ნაწილში. შესაბამისად, არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 3633.63 აშშ დოლარის გადახდა.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების მხარეებმა სესხის სარგებლის ოდენობა განსაზღვრეს წლიური 23.95 %-ით. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1320.15 აშშ დოლარის დაკისრება. სასამართლოს მოსაზრებით, შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა არ არის მაღალი და შეესაბამება სავალუტო ბაზარზე არსებულ ფასებს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარგებლის 1320.15 აშშ დოლარის გადახდა.

პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითად თანხასთან, გონივრული ოდენობით უზრუნველყოფდეს ზიანის ანაზღაურებას, არ ლახავდეს მოპასუხის ქონებრივ ინტერესს და არ იწვევდეს ბანკის უსაფუძვლო გამდიდრებას. მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს 139.19 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც წარმოადგენს გონივრულ ოდენობას, არ წარმოადგენს მოსარჩელის დაუსაბუთებელ გამდიდრებას და მისი უფლების ბოროტად გამოყენების შედეგს.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები ვ----– ფ------–---–- და ი- ბ---–---–- წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, რაც წარმოშობილია ბანკთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე და კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს შესრულება. თავდებობის ზღვრული თანხა განსაზღვრულია 4100 აშშ დოლარით. შესაბამისად, თავდებ პირებს ძირითად მსესხებელთან ერთად, უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება არის ერთმნიშვნელოვნად უკანონო, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არასწორი. სასამართლომ აბსოლუტურად არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში.

 

აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილება სამართლებრივად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა, რომ საპროცენტო სარგებელი აღემატებოდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წლიურ ოდენობას, მაშინ როცა ბანკის მიერ დადგენილი წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრული იყო 23.95%-ით, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო სარგებელი არ სცილდებოდა 10.6 %-ს.

აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებას ასაბუთებს მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე და სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მაშინ როცა ხელშეკრულებაში განსაზღვრული საპროცენტო სარეგებლი სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს, ხოლო პირგაასამტეხლო არის არაგონივრულად მაღალი.

 

3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მოცემულ შემთხვევაშიც სახეზეა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რის გამოც მიმაჩნია, რომ ის უნდა შემცირდეს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს კომერციული ბანკებისთვის ყოველწლიურად ადგენს წლიური საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ ზღვრებს, რითაც საქართველოში რეგისტრირებული ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია იხელმძღვანელოს. სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები დადებულია 2015 წელს, ხოლო ეროვნული ბანკის მონაცემებით 2015 წლისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემული გრეძელვადიანი სესხებისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 10.6%-ს, სს "------------------------–----სა და მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო სარგებელი ორჯერ აღემატება ეროვნული ბანკით დადგენილ ოდენობას, კერძოდ შეადგენს 23.95%-ს. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაშიც გამსესხებლის მხრიდან საკმაოდ მძიმე მოთხოვნები იქნა წამოყენებული შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებლის სახით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელის და პირგასამტეხლოს ოდენობა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, დაკისრებული სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობის თვალსაზრისით, კერძოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური სარგებელის და პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შესაბამისად არსებობს თუ არა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ:

 

4.1.1. 23.12.2015წ. სესხის ხელშეკრულებით, დ----- ფ----------–---–-- სს "------------------------–-------- სესხის სახით მიიღო 4 100 აშშ დოლარი, 548 დღის ვადით, 23.06.2017 წლამდე ვადით. სარგებელი განისაზღვრა წლიური 23.95%-ით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1,0%-ით, ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში (ტ. 1, ს.ფ. 11-16).

 

4.1.2. დ----- ფ----------–---–-ს სესხის სესრულების უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა ვ----– ფ------–---–-ა და ი- ბ---–---–----. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 4100 აშშ დოლარით (ტ.1, ს.ფ. 17-20).

 

4.1.3 მსესხებელმა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილები დავალიანების ოდენობის შესახებ. ასევე განესაზღვრათ ვადა და განემარტათ შესაძლო შედეგები თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში (ტ.1, ს.ფ. 30-32).

 

4.1.4. ვ----– ფ------–---–-, დ----- ფ----------–---–- და ი- ბ---–---–- ერიცხება დავალიანება 5092.97 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3633.63 აშშ დოლარი, სარგებელი 1320.15 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 139.19 აშშ დოლარი (ტ. 1, ს.ფ. 16, 24-29,35).

 

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს ვ----– ფ------–---–-, დ----- ფ----------–---–- და ი- ბ---–---–-, სს ”------------------------–---- სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 5092.97 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3633.63 აშშ დოლარი, სარგებელი 1320.15 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 139.19 აშშ დოლარი.

 

აპელანტების მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. კერძოდ, აპელანტები ითხოვენ საპროცენტო სარგებელი 1320.15 აშშ დოლარის ოდენობით შემცირდეს 300 აშშ დოლარამდე, ხოლო 139.19 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო შემცირდეს 39.19 აშშ დოლარამდე (ტ.2, ს.ფ.14).

 

4.3. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას მასზედ, რომ სესხის ხელშეკრულებით სარგებლის და პირგასამტეხლოსთვის გათვალისწინებული იქნა შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებმა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პროცენტი (ფაქტობრივი გარემოება 4.1.1). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამდენად, 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი სარგებელია, რომელსაც იღებს გამსესხებელი სასესხო ურთიერთობიდან.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე.

პალატის მოსაზრებით, შეუსაბამოდ მაღალ პროცენტთან მიმართებით აპელანტის პრეტენზია, შესაძლოა გასაზიარებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი აშკარად და განსაკუთრებულად ამოვარდნილი იქნებოდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისაგან. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი - 23,95% არ წარმოადგენს აშკარად შეუსაბამო ოდენობას. სარგებელთან მიმართებით გამოყენებული ვერ იქნება პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული ვალდებულების მარეგულირებელი ნორმები (სკ-ის 420-ე მუხ.), მათი გამოყენება სარგებელთან მიმართებით დაუშვებელია პირგასამტეხლოსა და სარგებლის არსობრივად განსხვავებული ხასიათის გამო. სარგებელი წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების არსებით პირობას და მასზე მხარეთა შეთანხმება განიხილება ძირითადი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, პირგასამტეხლო კი მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა და ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში მისი გადახდის ვალდებულება არ არსებობს. ამდენად, აპელანტის პრეტენზია სარგებლის ოდენობის შემცირების თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელია.

 

აპელანტები ასევე ითხოვენ პირგასამტეხლოს შემცირებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულების და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ პირგასამტეხლოს 139.19 აშშ დოლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ ვერ მიიჩნევს, აღნიშნული კი თავის მხრივ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის კონტექსტში მისი შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება, არ არსებობს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----– ფ------–---–-ს, დ----- ფ----------–---–-ს და ი- ბ---–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა