განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001819439
საქმე №3ბ/1797-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ------ კ-------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ--- ჯ-----–---–ი;
წარმომადგენელი - მ------ კ-------ე;
მესამე პირი (16.2.) - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის №------ ბრძანება მ--- ჯ-----–---–ის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №------- ბრძანება მ--- ჯ-----–---–ის ნაწილში;
1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ---------------------- სამმართველოს----- განყოფილების უფროსი გამომძიებლის ან მისი არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, პრემიის) ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ--- ჯ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის №------ ბრძანება მ--- ჯ-----–---–ის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №------- ბრძანება მ--- ჯ-----–---–ის ნაწილში. დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ---------------------- სამმართველოს----- განყოფილების უფროსი გამომძიებლის ან მისი არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, პრემიის) ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ი 1997 წლიდან მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 იანვრის ბრძანებით, იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ--------------------- სამმართველოს---- განყოფილების უფროსი - გამომძიებლის თანამდებობაზე (ს.ფ. 21-22; 167-185);
4.2. 2017 წლის 23 იანვარს, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა (ს.ფ. 186).
4.3. 2017 წლის 24 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოახსენა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ--------------------- სამმართველოს---- განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა მ--- ჯ-----–---–მა პატაკით ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა, რის გამოც საჭირო იყო მისი თანხმობა შესაბამისი ბრძანების მოსამზადებლად (ს.ფ. 98).
4.4. 2017 წლის 27 იანვარს, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და განუმარტა, რომ 2017 წლის 23 იანვარს, მის მიერ დაწერილი პატაკი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას, იგი დაწერილი იყო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მოთხოვნით, რის გამოც ითხოვა აღნიშნული პატაკის გაუქმება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან და კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების შეწყვეტა (ს.ფ. 27).
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 6 თებერვლის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ს ეცნობა, რომ მისი 2017 წლის 23 იანვრის პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრით დათარიღებული ბრძანებით, იგი უკვე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში, რის გამოც მისი მოთხოვნა აღნიშნული პატაკის გაუქმებისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან და კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების შეწყვეტის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდებოდა (ს.ფ. 34-35).
2017 წლის 26 იანვრიდან, 2017 წლის 5 თებერვლამდე, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე (ს.ფ. 23);
4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ი, მისი 2017 წლის 23 იანვრის პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში (ს.ფ. 37).
4.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანების თაობაზე, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ისათვის ცნობილი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 6 თებერვლის წერილობითი მიმართვით.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის ბრძანებით, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2017 წლის 26 მაისიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით (ს.ფ. 149).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია) 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთან, აღნიშნული მუხლი მოხელეს აძლევს შესაძლებლობას, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოხელის პირადი განცხადებით მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კანონმა, შესაბამისი განცხადების სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან განთავისუფლებამდე გარკვეული პერიოდი დაუკავშირა, რათა მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით.
მითითებულია ასევე, რომ მოსარჩელემ წერილობით უარყო თავისი პატაკი და მოითხოვა იგი აღარ განხილულიყო, თუმცა მას ეცნობა, რომ იგი უკვე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და აყვანილი კადრების განკარგულებაში; სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარემ გამოხატა ახალი ნება, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ამ ახალი და არა ადრე გამოხატული ნებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე. იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე.
სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
სასამართლომ განმარტა, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, პრემიის) ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, რამდენადაც 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად, არ ეთანხმება მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ ხელმძღვანელმა დაავალა პირადი პატაკის დაწერა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მიუთითებს, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს მეორე მხარის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ინტერესი, ამიტომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას.
აპელანტის განმარტებით, კანონმდებელი იცნობს სამართლებრივი შედეგის ბათილობას მისი საფუძვლის ნების გამოვლენაზე იძულების განხორციელების გამო. აქტის ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალურად საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. იძულებად ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო მიზნით მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით. შესაბამისად, თუ ნების გამოვლენისას საშუალება და მიზანი შეუსაბამოა, ეს გარემოება ნების გამოვლენის შედეგის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება ხელმძღვანელის მხრიდან განხორციელებული იძულების ან მოტყუების ფაქტი, რომლის ზეგავლენითაც მოსარჩელემ დაწერა განცხადება განთავისუფლების თაობაზე. მისივე განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხელმძღვანელის მიერ ნების გამოვლენა მასზე განხორციელებული იძულების შედეგი იყო, მხარეს ევალება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითება ვერ შეძლო. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოცემული ფაქტების დადასტურების გარეშე სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას განემარტა, რომ მოსარჩელის ნამდვილ ნებას არ წარმოადგენდა სამსახურიდან განთავისუფლება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
აქვე, პალატა მიუთითებს დამატებით ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 2 ნოემბრის M---------------- წერილი, რომლითაც მ--- ჯ-----–---–ს ეცნობა, რომ "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (სამხედრო მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობების შესახებ) "ა" პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ "ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურების 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი", ხოლო მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, "წელთა ნამსახურების გაანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანების ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად, თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან".
აღნიშნული წერილით მ--- ჯ-----–---–ს ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან, მისი შს ორგანოებიდან დათხოვნა მოხდა შს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო 2017 წლის 29 მაისის N------- ბრძანებით, რა დროისათვისაც შს ორგანოებში მის წელთა ნამსახურება შეადგენდა 19 წელს 11 თვესა და 25 დღეს, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას მოამზადოს წელთა ნამსახურების გაანგარიშება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
პალატა მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 იანვრის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ--------------------- სამმართველოს---- განყოფილების უფროსი - გამომძიებლის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 23 იანვარს, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ი, აღნიშნული პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
2017 წლის 27 იანვარს, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–მა ასევე პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და განუმარტა, რომ 2017 წლის 23 იანვარს, მის მიერ დაწერილი პატაკი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას, იგი დაწერილი იყო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მოთხოვნით, რის გამოც ითხოვა აღნიშნული პატაკის გაუქმება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან და კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების შეწყვეტა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 6 თებერვლის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ს ეცნობა, რომ მისი 2017 წლის 23 იანვრის პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრით დათარიღებული ბრძანებით, იგი უკვე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში, რის გამოც მისი მოთხოვნა აღნიშნული პატაკის გაუქმებისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან და კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების შეწყვეტის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდებოდა.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანების თაობაზე, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ისათვის ცნობილი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 6 თებერვლის წერილობითი მიმართვით. შესაბამისად, მან საკუთარი ნების არანამდვილობასთან და აღნიშნული პატაკის გაუქმებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლამდე აცნობა.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ი თანამდებობიდან გათავისუფლდა და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ისეთ პირობებში, როდესაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე და კადრების განკარგულებაში აყვანამდე, მის მიერვე იქნა უარყოფილი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე მისი ნების ნამდვილობა გაეთავისუფლებინათ იგი თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აეყვანათ.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს და მისი პატაკი საფუძველზე დაწყებული წარმოების შეწყვეტა ითხოვა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და მისი ნების საწინააღმდეგოდ იქნა გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემული, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის პირადი განცხადებაა (პატაკი) მითითებული.
პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია) 109-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთან, აღნიშნული მუხლი მოხელეს აძლევს შესაძლებლობას, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე.
პალატა განმარტავს, რომ მოხელის პირადი განცხადებით მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კანონმა, შესაბამისი განცხადების სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან განთავისუფლებამდე გარკვეული პერიოდი დაუკავშირა, რათა მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის ბრძანებით, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2017 წლის 26 მაისიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი მხრივ, მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე შეიტყო მისი ნება სამსახურის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც არ გაითვალისწინა და იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და აიყვანა კადრების განკარგულებაში, ხოლო მეორე მხრივ, ოთხი თვის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მის ნებას არ წარმოადგენდა და მას სურდა სამსახურის გაგრძელება.
ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქმეში არსებული ფარული ჩანაწერები, რომლებიც განახორციელა თავად მ--- ჯ-----–---–მა თავის ხელმძღვანელებთან საუბრისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია უ--------------------- სამმართველოს უფროსთან ე-–------ ჯ----------თან გამართული საუბრის შინაარსი, რომელმაც პრაქტიკულად დაადასტურა გარემოება, რომ პატაკის დაწერაზე და შემდეგომ ისევ სამსახურში დანიშვნაზე მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი.
ნების ნამდვილობისას პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოში მხარის მიერ წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 2 ნოემბრის M---------------- წერილზე, რომლითაც მ--- ჯ-----–---–ს ეცნობა, რომ ვინაიდან, მისი შს ორგანოებიდან დათხოვნა მოხდა შს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო 2017 წლის 29 მაისის N------- ბრძანებით, რა დროისთვისაც შს ორგანოებში მისი წელთა ნამსახურება შეადგენდა 19 წელს 11 თვესა და 25 დღეს, ხოლო კომპენსაციისათვის სავალდებულოა 20 და მეტი წლის ნამსახურობა, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას მოამზადოს წელთა ნამსახურების გაანგარიშება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ამ წერილში დაფიქსირებული ფაქტი მრავლისმეტყველია; იგი ასევე ადასტურებს მ--- ჯ-----–---–ის მიერ გამოვლენილი ნების არანამდვილობას; პალატას არალოგიკურად, არადამაჯერებლად მიაჩნია ვითარება, რომლის თანახმადაც, პირი საპენსიო უზრუნველყოფის უფლების წარმოშობამდე 5 დღით ადრე (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით) წერს პატაკს სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე და ამით ისპობს ამ მნიშვნელოვან სოციალურ უფლებას.
პალატა მიუთითებს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
პალატა მიიჩნევს, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად გადაწყვიტა საკითხი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამასთან, სასამართლო მიუთითებს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხშიც და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე მ--- ჯ-----–---–ის სამსახურში აღდგენა, მასვე დაევალა მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, პრემიის) ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, რამდენადაც 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
8 პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -