განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002266251
საქმე № 3ბ/1753-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჟ--- პ-----------ა;
მესამე პირები (16.2) - დ----- ღ---–----–---–ი, ნ-----–---- ღ---–----–---–ი, ა-- ღ---–----–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 07 თებერვლის N--- ბრძანების ბათილად ცნობა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ჟ--- პ-----------ასთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ჟ--- პ-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 07 თებერვლის №--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ჟ--- პ-----------ას მოთხოვნა საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ჟ--- პ-----------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ჟ--- პ-----------ას ოჯახი (რეგისტრაციის ნომერი №--------) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე: აფხაზეთი, გ--–-, ლ----ის ქ. N---, დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) საქართველო, შიდა-ქართლი, გ-----, მ–-------ის გამზ. N--, ბინა N--;
ჟ--- პ-----------ას ჰყავს სამი შვილი; 1997 წლის 16 დეკემბერს დაბადებული დ----- ღ---–----–---–ი, 2002 წელს დაბადებული ა-- ღ---–----–---–ი და 2011 წლის 6 ოქტომბერს დაბადებული ნ-----–---- ღ---–----–---–ი, როლმებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს (ს.ფ. 19-20).
4.2. 2017 წლის 17 იანვარს, ჟ--- პ-----------ამ შეავსო განაცხადი (N275) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სამინისტრომ ჟ--- პ-----------ას დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 5.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 4.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 1 ქულა (ს.ფ.75-88).
4.3. მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 21 სექტემბერს გამოცხადნენ ქ. გ----–-, ქ. წ-------–ის ქ. N--, სადაც ადგილზე დახვდათ განმცხადებელი და მისი ორი არასრულწლოვანი შვილი. განმცხადებელი მისამართზე ცხოვრობს 2017 წლის აგვისტოდან ქირით, 1996-2016 წლებში ცხოვრობდა გ-----, მ–-------ის გამზირი N--, ბინა N---ში ყოფილი მეუღლის ბინაში, 2016-2017 წლებში ცხოვრობდნენ წ-------–ი ქ. N---ში.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით დგინდება, რომ ჟ--- პ-----------ას აქვს ოთხსულიანი ოჯახი, რომლის ერთი თვის შემოსავალია 300 (სამასი) ლარი, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში 16680 ქულით. აღნიშნულ ბაზაში ერთი შვილი - დ----- ღ---–----–---–ი არ ფიქსირდება, განმცხადებლის განმარტებით, დ-----ი ძირითადად ცხოვრობს მამასთან, რის გამოც არ არის შეყვანილი სოციალურად დაუცველთან მონაცემთა ერთიან ბაზაში. განმცხადებელს ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია. ჟ--- პ-----------ას განმარტებით, განცხადებაში შეყვანილ პირებს არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნიათ (ს.ფ.94-99).
საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 17 ოქტომბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ დამატებითი მონიტორინგის მიზნით სამინისტროს წარმომადგენლები გამოცხადნენ განმცხადებლის ჟ--- პ-----------ას ყოფილი მეუღლის ზ------ ღ---–----–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში მისამართზე: ქ. გ-----, მ–-------ის N--, ბინა N---ში, სადაც კარი დაკეტილი დახვდათ, რის შემდგომ გაესაუბრნენ ზ------ ღ---–----–---–ის მეზობელს ნ---–- კ------ეს მცხოვრები ქ. გ-----, მ–-------ის N--, ბინა N---ში, რომელმაც განმარტა, რომ ზ------ი არ იმყოფება სახლში, ვინაიდან მუშაობს მშენებლობაზე და სახლში ბრუნდება ღამით. მისამართზე ცხოვრობს შვილთან ერთად დ----- ღ---–----–---–თან ერთად, რომელიც სავარაუდოდ მასთან ერთად იმყოფება სამუშაოზე (ს.ფ. 100).
4.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №--- ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, განიხილა ქ. გ----–-, გ-----–-----–--ის ქ. N--ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლება (ს.ფ. 75-81).
კომისიამ 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე ასევე იმსჯელა ჟ--- პ-----------ას ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილებით, ჟ--- პ-----------ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას (დააკლდა: ქირა - 1.5 ქულა);
4.5. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 7 ივნისის N----------- განქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ზ------ ღ---–----–---–ი და ჟ--- ღ---–----–---–ი განქორწინდნენ 2016 წლის 01 ივნისს, განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიკუთვნებული გვარები: ქალს - პ-----------ა, მამაკაცს - ღ---–----–---–ი (ს.ფ. 23).
4.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 07 თებერვლის №--- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N--) ქ. გ----–-, ა-–-----–--ის ქ. N--ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, ჟ--- პ-----------ას ოჯახს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 57).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე - ჟ--- პ-----------ა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამდენად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N--- ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ჟ--- პ-----------ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ჟ--- პ-----------ას დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ჟ--- პ-----------ას შემთხვევაში ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას, აღნიშნული არ წარმოადგენს ჟ--- პ-----------ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ და მესამე პირმა დ----- ღ---–----–---–მა სასამართლო პროცესზე განმარტეს, რომ დ----- ღ---–----–---–ი ნამდვილად ცხოვრობს მამასთან ზ------ ღ---–----–---–თან, ვინაიდან, ჟ--- პ-----------ას მიერ ნაქირავებ ერთ ოთახიანს ბინაში ფიზიკურად არ არის ადგილი და საშუალება, მის ოჯახთან, დედასთან და და - ძმასთან ერთად ცხოვრებისა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო მუდმივი საცხოვრებელი ფართით უზრუნველეყო მოსარჩელე, ვინაიდან ჟ--- პ-----------ა, შვილებთან ერთად წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია საკუთრებაში და ცხოვრობს ქირით, მოსარჩელე და მისი ოჯახი არის თავშესაფარის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
აპელანტი განმარტავს, რომ ასობით დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვისას, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ვალდებულია სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და მისი დაცვით მოახდინოს საცხოვრებელი ფართების განაწილება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N--- ბრძანებით დადგენილი წესის და კრიტერიუმების არსებობა.
წარმომადგენლის განმარტებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე (N-- ოქმი) განხილულ იქნა ქ. გ----–-, ოთხი 10 სართულიან კორპუსში დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი. თითოეული დევნილი ოჯახის საკითხის განხილვისას კომისიის მიერ შესწავლილი იქნა როგორც დევნილი ოჯახის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოკვლეული ინფორმაცია და მასალები, რაც შემდგომ გახდა საფუძველი კომისიის გადაწყვეტილებისა, დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
აპელანტი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელის, როგორც დევნილის, დროებითი საცხოვრებელი მისამართია: ქ. გ-----, მ–-------ის გამზირი N--, ბინა N--, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად უფიქსირდება გ-----, ქ. წ-------–ის ქუჩა N--. 2017 წლის 17 იანვარს მოსარჩელემ შეავსო გა--ცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. მის მიერ გა--ცხადში შეყვანილ იქნა შვილები დ----- ღ---–----–---–ი, ა-- ღ---–----–---–ი და ნ-----–---- ღ---–----–---–ი. მეუღლესთან ზ------ ღ---–----–---–თან ოფიციალურად განქორწინებულია 2016 წლიდან. გა--ცხადის შევსების პერიოდში ქირით ცხოვრობდა მისამართზე ქ. გ-----, ქ. წ-------–ის ქუჩა N--. მოსარჩელის განაცხადს პირველადი შეფასებით მიენიჭა 5.5 ქულა. მიუხედავად აღნიშნული ქულებისა, მოსარჩელეს კომისიის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ქ. გ----–- საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებული ერთ-ერთი შვილი დ----- ღ---–----–---–ი არ წარმოადგენს მითითებული ნორმით განსაზღვრულ ოჯახის წევრს. დ. ღ---–----–---–ი ფაქტობრივად არ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთ მისამართზე და არც ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას არ ეწევიან. აღნიშნული გარემოება დასტურდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერით, სადაც ასახულია, რომ მისამართზე - ქ. გ-----, ქ. წ-------–ის ქუჩა N-- რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს ოჯახის სამი წევრი: ჟ--- პ-----------ი, ა-- ღ---–----–---–ი და ნ-----–---- ღ---–----–---–ი. ასევე, 2017 წლის 21 სექტემბერს სამინისტროს მიერ მოსარჩელესთან განხორციელებული მონიტორინგის დროს, მან თავად დააფიქსირა, რომ მისი უფროსი ვაჟი (სრულწლოვანი) ცხოვრობს მამასთან მისამართზე: გ-----, მ–-------ის გამზ. N--, ბინა N--. 2017 წლის 17 ოქტომბერს მონიტორინგის თანამშრომლები გამოცხადნენ მოსარჩელის მეუღლის მისამართზე, სადაც ადგილზე არავინ დახვდათ, სამინისტროს თანამშრომელი გაესაუბრა (შედგა შესაბამისი ოქმი) მეზობელს - ნ---–- კ------ეს, რომელმაც განაცხადა, რომ ზ----- ღ---–----–---–ი (მოსარჩელის ყოფილი მეუღლე) მუშაობს კერძო მშენებლობაზე და გვიან ღამე ბრუნდება სახლში, ხოლო მისამართზე ცხოვრობს შვილთან დ. ღ---–----–---–თან ერთად, რომელიც სავარაუდოდ იმყოფება მამასთან ერთად სამუშაოზე. ამდენად, სახეზეა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
7.2. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას.
საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ - ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ჟ--- პ-----------ა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N--- ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
დადგენილია ასევე, რომ ჟ--- პ-----------ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ზემოაღნიშნული წესის საფუძველზე, სამინისტრომ ჟ--- პ-----------ას დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 5.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 4.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 1 ქულა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აპელანტის პოზიციაზე რომელიც ემყარება ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ უდავოდ დადგენილ იმ გარემოებას, რომ ჟ--- პ-----------ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ჟ--- პ-----------ას დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ჟ--- პ-----------ას შემთხვევაში ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას, არ წარმოადგენს ჟ--- პ-----------ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ და მესამე პირმა დ----- ღ---–----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე განმარტეს, რომ დ----- ღ---–----–---–ი ნამდვილად ცხოვრობს მამასთან ზ------ ღ---–----–---–თან, ვინაიდან ჟ--- პ-----------ას მიერ ნაქირავებ ერთ ოთახიანს ბინაში ფიზიკურად არ არის ადგილი და საშუალება, მის ოჯახთან, დედასთან და და - ძმასთან ერთად ცხოვრებისა.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებული იყო მუდმივი საცხოვრებელი ფართით უზრუნველეყო ჟ--- პ-----------ა, ვინაიდან ჟ--- პ-----------ა, შვილებთან ერთად წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია საკუთრებაში და ცხოვრობს ქირით. ამდენად, მოსარჩელე და მისი ოჯახი არის თავშესაფარის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -