განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
330310017002154638
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002154638

საქმე №3ბ/1759-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ------ ო----ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის №---- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.2. მოპასუხეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის №---- ბრძანება. მოპასუხეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ------ ო----ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. დადგენილია, რომ ნ------ ო----ი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელთან დაკავშირებითაც გაცემულია დევნილის მოწმობა. მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს: რ-----–----------------------, ლ------ი სოფელი სასა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გ----- დ. გ--------ი; ი----------ის ქუჩა N-. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანებით დამტკიცებული ფორმა N-------- სსე აქტის N-------- ამონაწერის თანახმად, ნ------ ო----ს დაბ: 0-----1957 წელს აქვს მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობები. შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი დადგენილია უვადოდ. ნ------ ო----ის დიაგნოზია ცერებრალური დამბლა (ს.ფ.13-17).

 

4.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2015 წლის 29 ივლისს ნ------ ო----მა გააკეთა N-- განაცხადი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განმცხადებლის ინფორმაციით, იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ლ------ში, სოფელ-----ში. მოსარჩელეს ყავს ძმა- ა---------– ო----ი, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში.

 

მოდულში - ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც ჯანმრთელობის გამო აქვთ სპეციალური საჭიროებები (A4) დაფიქსირდა, რომ ნ------ ო----ი არის მუდმივად მწოლიარე, აქვს დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას სპეციფიკურად რომელიმე ადგილას. მოდულში ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ (B) დაფიქსირდა, რომ ნ------ ო----ი არის პენსიონერი, საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და არც სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, საკუთრებაში არ გააჩნია მოძრავი ქონება. მისი საშუალო თვიური ხარჯები შეადგენს: 620 ლარს, ხოლო შემოსავალი 460 ლარს, აქედან 100 ლარი - პენსია და 60 ლარი სოციალური პაკეტი. ნ------ ო----ი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. მოდულში - ინფორმაცია საცხოვრებელის შესახებ (C) მოსარჩელემ დააფიქსირა, რომ ცხოვრობს კერძო სექტორში, ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად, ქირის გარეშე.

 

2017 წლის 20 აპრილს მონაცემებით ნ------ ო----ის ქულა განისაზღვრა 9 ერთეულით, კერძოდ, სოციალური კრიტერიუმი - 4 ქულა, მათ შორის: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1,5 ქულა სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 3 ქულა, მძიმე საცხოვრებელის გამო, რომელიც არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა (ს.ფ. 51; 58-59; 64-75).

 

4.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ------ ო----ი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, ხოლო განაცხადის წარდგენის დროისათვის, მას, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს მინიჭებული აქვს 35960 ქულა, მის საცხოვრებელ ადგილს ამ პერიოდში მოცემული ბაზის მიხედვით წარმოადგენს ლ------ის რაიონი, სოფელი სასა. ლ------ის მუნიციპალიტეტის ჟ----------ის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2015 წლის 27 ივლისს გაცემული N-- ცნობის თანახმად, ნ------ ო----ი არის აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, რომელიც საჭიროებს მუდმივ მოვლას. ცხოვრობს ლ------ის რაიონის სოფელ-----ში, თავისი ბიძაშვილის სახლში, რომელიც არის სტიქიურ ზონაში (ს.ფ. 18-21).

 

4.4. მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიერ 2017 წლის 4 ივლისს განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე, ლ------ის რაიონი, სოფელი სასა. მონიტორინგის ჯგუფს მოსარჩელე დახვდა აღნიშნულ მისამართზე, ამასთან, ადგილზე დახვდა ნ------ ო----ის ძმა ა---------– ო----ი. გასაუბრებისას ნ------ ო----ის ძმამ ა---------– ო----მა განმარტა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი წარმოადგენდა თავისი აწ გარდაცვლილი ბიძაშვილის ზ------ ო----ის საკუთრებას, მონიტორინგის ჯგუფმა დამატებით გამოავლინა, რომ მოსარჩელე იყო სოციალურად დაუცველი, მონაცემთა ბაზაში მისთვის მინიჭებული ქულების ოდენობა შეადგენდა 35960 ქულას. განმცხადებლის ინფორმაციით ის არ არის დაოჯახებული და არც არასდროს ყოფილა. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის მიხედვით, სოფელ-----ში, სადაც ამჟამად განმცხადებელი ცხოვრობს, ასევე ეზოში დგას ორი სახლი. პირველი ორსართულიანი, რომელიც არის მამა-პაპისეული და ეკუთვნის განმცხადებლის დედმამიშვილებს, ხოლო მეორე ერთსართულიანი სახლი არის ბიძაშვილის აწ გარდაცვლილი ზ------ ო----ის. დამატებით განმცხადებელმა და მისმა მინდობილმა პირმა მონიტორინგის ჯგუფთან გასაუბრებისას განაცხადეს, რომ ვინაიდან განმცხადებელი არის შშმ პირი, მკვეთრად გამოხატული და აქვს გადაადგილების პრობლემა, აღნიშნულიდან გამომდინარე სარგებლობენ აწ გარდაცვლილი ბიძაშვილის ერთსართულიანი სახლით, ხოლო მამაპაპისეული ორსართულიანი სახლი არის დაკეტილ მდგომარეობში (ს.ფ. 52-57).

 

4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებული დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს №-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქ-------ში შევსებული განაცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, ქ. ქ-------ში 20 მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ობიექტიდან, ასევე ქ. ქ-------ში, უ.ჩ----ის N--ში მდებარე სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტიდან, სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების თაობაზე.

 

დადგენილია, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ნ------ ო----ს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა; ამასთან, მოსარჩელეს დააკლდა: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს -2 ქულა; თუმცა დაემატა 1 ქულა მარტოხელა პენსიონერის. ამდენად, საბოლოოდ განისაზღვრა 8 ქულა. დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით თანხმობა ეთქვათ ისეთ ერთსულიან ოჯახებს, რომელთაც 5.5 და მეტი ქულა გააჩნდათ (ს.ფ.98-106).

 

4.6 პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე მოწმეების დ-------ი ო----ის, ო--- ო----ის და დ---- ტ--–--–-–---–ის ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს ლ------ის რაიონში, სოფელ-----ში. ეზოში არის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა ნაგებობა - სათავსო. მოსარჩელე ცხოვრობს დამხმარე შენობა ნაგებობაში, ერთ სართულიანია, ფართი პატარაა, აღნიშნული ეკუთვნოდა მოსაჩელის ბიძაშვილს ზ------ ო----ს, მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო არ არის გახსნილი. მოსარჩელე ცხოვრობს მარტო, დაოჯახებული არასოდეს ყოფილა, მეზობლები ეხმარებიან შეძლებისდაგვარად. გაუსაძლისი პირობებია. აღნიშნული ნაგებობა ძველია, ავარიულ მდგომარეობაშია. შიგნით არ არის სველი წერტილები. ნ------ ო----ი შშმ პირია, შესაბამისად უჭირს აღნიშნულ პირობებში ცხოვრება, უჭირს სახლში შეშის შეტანა, მიუხედავად იმისა, რომ ეხმარებიან მეზობლები, მოსარჩელე ძირითადად მარტოა. აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე. ნ------ ო----ს ჰყავს ძმები, რომლებსაც არა აქვთ ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომლითაც უზრუნველყოფენ მოსარჩელეს (ს.ფ.140-150).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და ყურადღება გაამახვილა უშუალოდ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მომენტში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გათვალისწინებითაც აღნიშნა, რომ ნათესავის ბინაში ცხოვრებისა და ზოგადად, ბინით სარგებლობის ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავდა განსახლების აუცილებლობას, ამასთან, არ დგინდება მონიტორინგის მიერ მოწოდებულ მასალებში, მათ მიერ მითითებულ მამაპაპისეულ სახლზე ნ------ ო----ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლომ აღნიშნა რომ სახეზეა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც მიუთითებს მოსარჩელის საჭიროებას - მოითხოვოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით სარგებლობა და გადაცემა, თუცა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ნ------ ო----ს ამ ეტაპზე არ ესაჭიროება განსახლება და უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ამასთან, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.

 

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი კონკრეტულ ეტაპზე არ საჭიროებდა აუცილებელ, გადაუდებელ განსახლებას. მოსარჩელეს ლ------ის რაიონის სოფელ-----ში გააჩნია მამაპაპისეული სახლი, რომელითაც მოსარჩელე შეუზღუდავად სარგებლობს წლების განამვლობაში, ამასთან, წარმოდგენილი ფოტომასალებით დასტურდება, რომ საცხოვრებელი ფართი არ არის ავარიული (სიცოცხლლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი), იგი კეთილმოწყობილია და აკმაყოფილებს საცხოვრებელი პირობებისათვის საჭირო მინიმალურზე მეტ მოთხოვნებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ასობით დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვისას, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ვალდებულია სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და მისი დაცვით მოახდინოს საცხოვრებელი ფართების განაწილება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N--- ბრძანებით დადგენილი წესის და კრიტერიუმების არსებობა. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც დღის წესრიგში დგას ერთი და იმავე ქულათა რაოდენობის მქონე დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ასეთ შემთხვევაში კომისია აფასებს აუცილებელი განსახლების საჭიროების არსებობას, კერძოდ, სწავლობს გააჩნია თუ არა რომელიმე მათგანს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა. ასეთ ვითარებაში, პრიორიტეტს ანიჭებს იმ ოჯახს, რომელიც უფრო მეტად საჭიროებს განსახლებას.

 

წარმომადგენლის განმარტებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა და შეაფასა წარდგენილი ინფორმაცია, დოკუმენტაცია და ფოტომასალები და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნდა და ფაქტობრივადაც ცხოვრობს მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლში, იმ კონკრეტულ ეტაპზე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.

 

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი შევსებულ იქნა 2015 წლის 29 ივლისს. 2017 წლის მდგომარეობით მის განაცხადს პირველადი შეფასებით მიენიჭა 9 ქულა. სოციალურ კრიტერიუმში - ნათევსთან ცხოვრება ქირის გარეშე -1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელში - 2.5 ქულა, "შშმპ" -3 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები -2 ქულა. ზემოთმითებული ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 4 ივლისს მონიტორინგი განხორციელდა მის მიერ აპლიკაციაში დაფიქსირებულ მისამართზე. მონიტორინგის თანამშრომლების მიერ მოკვლეული მასალებით გაირკვა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს ლ------ის რაიონის სოფელ-----ში, სადაც ეზოში დგას ორი სახლი. ორსართულიანი სახლი არის მამა-პაპისეული და ეკუთვნის დედმამიშვილებს, ხოლო მეორე ერთსართულიანი სახლი არის აწ. გარდაცვლილი ბიძაშვილისაა. დამატებით გაირკვა, რომ ვინაიდან, მოსარჩელე წარმოადგენს "შშმპ" პირს და აქვს გადაადგილების პრობლემა, ცხოვრობს ბიძაშვილის ერთსართულიან სახლში, ხოლო 2 სართულიანი, მამა-პაპისეული სახლი დაკეტილია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცმეულ ეტაპზე მხარეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ასევე ადგილი არ ჰქონია ფართის ფლობის რაიმე შეზღუდვას მესაკუთრის მხრიდან, დევნილთა შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს N-- ოქმისა და მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის N---- ბრძანების შესაბამისად უარი ეთქვა ნ------ ო----ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე აუცილებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

7.2. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე - ნ------ ო----ი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომლის სახელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №--- ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც არეგულირებს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

 

აღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის (17.10.2017წ.) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2015 წლის 29 ივლისს ნ------ ო----მა გააკეთა N-- განაცხადი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. 2017 წლის 20 აპრილს მონაცემებით ნ------ ო----ის ქულა განისაზღვრა 9 ერთეულით, კერძოდ, სოციალური კრიტერიუმი - 4 ქულა, მათ შორის:, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე -1,5 ქულა სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები- 3 ქულა, მძიმე საცხოვრებელის გამო, რომელიც არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა, თუმცა საბოლოოდ მონიტორინგის შეფასებისა და შემოწმების საფუძველზე ქულების კორექტირების შედეგად საბოლოოდ განისაზღვრა 8 ქულით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე, რომლის თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში - სახელმწიფო სტრატეგია).

 

სახელმწიფოს სტრატეგიის დამატებამ, რომელიც მიღებულ იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის N854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მოაქცია სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. ამავე გეგმის 1.2 მიხედვით, სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. 1.7 ადგენს, რომ. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების, ასევე აღიარებულ ადამიანის სხვა უფლებათა დაცვას.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ------ ო----ი არის აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, "შშმ" პირი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მოვლას. იგი ცხოვრობს ლ------ის რაიონის სოფელ-----ში, თავისი ბიძაშვილის სახლში, რომელიც არის სტიქიურ ზონაში. ამასთან, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ------ ო----ს, საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ან მოძრავი ქონება და არც სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

ასევე დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ 2017 წლის 17 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ასევე არ ჰქონია ადგილი ფართის ფლობის რაიმე შეზღუდვას მესაკუთრის მხრიდან, შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნულ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ იყო სახეზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მომენტში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და ასევე მართებულად განმარტა, რომ ნათესავის ბინაში ცხოვრებისა და ზოგადად, ბინით სარგებლობის ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავდა განსახლების აუცილებლობას, ამასთან არ დგინდებოდა მონიტორინგის მიერ მოწოდებულ მასალებში, მათ მიერ მითითებულ მამაპაპისეულ სახლზე ნ------ ო----ის საკუთრების უფლება.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც მიუთითებს მხარის საჭიროებას მოითხოვოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით სარგებლობა და გადაცემა. ამასთან, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, გარდა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებისა, უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით. პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით. სამინისტროს მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ნ------ ო----ი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.

 

საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -