განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
330210118002310246
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002310246

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3359-18 19 ივლისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი – შ-------------------------

 

წარმომადგენელი – ს--–-----------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები – ფ--------------------------------------

 

წარმომადგენელი – რ-------------------

 

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. შ-------------------------- სასარგებლოდ, 2018 წლის 23 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ფ--------------------ძის და თ------------- სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შ-------------------------- სასარგებლოდ ნოტარიუს ო------–-------–---–-- მიერ 2018 წლის 23 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი; მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის საფუძველზე.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ-------------------------- და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

5. 2018 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და სარჩელი ცნო იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას მოითხოვს პირგასამტეხლოს - 1723,43 ლარით განსაზღვრის ნაწილში. შესაბამისად, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც 2018 წლის 23 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის: სესხის ძირითადი თანხის - 1140, 42 ლარით, პროცენტის - 843,50 ლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 138,52 ლარით განსაზღვრის ნაწილში.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სადავო ხელშეკრულება შედგენილი იქნა მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერები და მთლიანად ხელშეკრულების შინაარსი, დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ, რაც ერთი მხრივ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მსესხებელს სრულად და ჯეროვნად განემარტათ ხელშეკრულების პირობები, ასევე მისი შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგები, ხოლო მეორე მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულებაში კანონსაწინააღმდეგო და მართლსაწინააღმდეგო არაფერია. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის თანხა შეადგენდა 1200 ლარს, რომელიც გაცემული იქნა 360 დღის ვადით. სარგებელი განსაზღვრული იქნა ყოველთვიური 9% ოდენობით, რომელიც ანგარიშდება სესხის ძირი თანხის პროპორციულად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, რომელიც შეადგენდა 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

7. სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო სამართლის ამოსავალი პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლების შესახებ, როდესაც განმარტა, რომ „მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი“ არ არის აბოსლუტური, და რომ ეს უფლება შეზღუდულია.

 

8. სასამართლო სრულიად შეუსაბამოდ იყენებს თავის გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე #663-629-2015 28.07.2015 და მასში მითითებულ სსკ-ს 54-ე და 62-ე მუხლებს. მითითებული გადაწყვეტილება ეხება იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომლის სამართლებრივი რეგულირება სრულიად განსხვავდება სადავო საკითხისაგან. მოცემულ შემთხვევაში, კი სახეზეა არაუზრუნველყოფილი სესხი, შესაბამისად კრედიტორის რისკები განსაკუთრებით მაღალია. სესხის მაღალრისკიანობა კი განაპირობებს სარგებლის ოდენობის სიდიდეს. სარგებლის ოდენობების სიდიდეს იწვევს ის ფაქტიც, რომ სესხი გაცემულია ეროვნულ ვალუტაში, რომლის კურსიც უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ დიდი მერყეობით გამოირჩევა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კრედიტორმა ვალუტის დევალვაციის რისკი გაითვალისწინა სარგებლის ოდენობის განსაზღვრისას. ასევე ნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სესხის გაცემის მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობა არაუზრუნველყოფილი სესხებისათვის არ ზღუდავდა სარგებლის ოდენობას. შესაბამისად, მხარეთა ნების გამოვლენაზე იყო დამოკიდებული სესხზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის ოდენობა. მოსარჩელეს შეეძლო სხვაგან აეღო სესხი, თუკი ვინმე უფრო დაბალ პროცენტში მისცემდა, მაგრამ ვინაიდან ასეთი საშუალება მას არ ქონდა სწორედ ამიტომ მოხდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმება.

 

9. სასამართლომ მარტოოდენ გადახდილი თანხების ჯამზე დაყრდნობით, ისე ჩათვალა ვალდებულება შესრულებულად, რომ არ გაითვალისწინა გადახდების პერიოდულობა და გადახდების პერიოდულობის უხეში დარღვევით გამოწვეული ვითარება. (დაგროვილი გადაუხდელი პროცენტი და პირგასამტეხლო) ყოველივე ზემოაღნიშნულის უგულვებელყოფით, სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორის ლეგიტიმური მოლოდინი მეტი არც უნდა ყოფილიყო, ვიდრე მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხები.

 

10. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელს გადახდები უნდა განეხორციელებინა გრაფიკით განსაზღვრულ თარიღებში. (ჯამში განხორცილდა 9 გადახდა) კერძოდ, სარჩელზე დართული გადახდების ცნობის მიხედვით ნაცვლად 6.01.17-ისა გადახდა განხორცილდა 09.01.17-ში და შემოტანილი იქნა არა გრაფიკით გათვალისწინებული 150.8 ლარი არამედ 137.9 ლარი; 30.03.17-ში შემოტანილი იქნა 98.5 ლარი ნაცვლად 208.74 ლარისა, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო 06.03.17-ში, აპრილისა და მაისის თვეში მსესხებლის მიერ გადახდები არ განხორციელებულა, ხოლო ივნისის თვეში 3-ჯერ 03.06.17, 15.06.17, 16.06.17-ში ჯამში შემოტანილი იქნა 642.5 ლარი, მაგრამ არსებული ვადაგადაცილების გამო აღნიშნული თანხა საკმარისი არ იყო არსებული დავალიანების გასასწორებლად. მსესხებლის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 5 დეკემბერს, (ბოლო გადახდიდან 5 თვის შემდეგ) 597 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ უხეშად დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი და ხელშეკრულების პირობები. შესაბამისად, მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისიწნებული წესით. სწორედ დიდი ხნის მანძილზე გადაუხდელმა დავალიანებამ განაპირობა პროცენტისა და პირგასამტეხლოს სიდიდე.

 

11. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. სრულიად დაუსაბუთებელი და გაურკვეველია რის საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ ვალდებულება შესრულებულად, მაშინ როდესაც საქმის მასალებიდან საპირისპირო მტკიცდება. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული იქნა მხოლოდ სარჩელში ასახული მსჯელობა და მოსარჩელის მოსაზრება, ხოლო ყურადღება არ იქნა მიქცეული შესაგებელზე და მოპასუხის მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე. გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იკითხება სასამართლოს მოსაზრება და შესაბამისი დასაბუთება სადავო საკითხისადმი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

15. 2016 წლის 08 დეკემბერს ერთი მხრივ, შ-------------------------- და მეორე მხრივ, ფ------------------------ და თ------------- შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N--------- შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 1200 ლარი; სესხის ვადა 360 დღე; სარგებლის განაკვეთი - 9% თვეში; პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით.

 

16. მხარეებს შორის 2016 წლის 08 დეკემბერს, ასევე, გაფორმდა „სამომხმარებლო სესხის მართვის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის 2.1. მუხლის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა შემსრულებლის მიერ დამკვეთზე გაცემული აქტიური სესხ(ებ)ის საწყისი ძირი თანხის 4%-ით თვეში.

 

17. 2018 წლის 23 იანვარს ნოტარიუს ო------–-------–---–-- მიერ შ-------------------------- მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი N--------- 2016 წლის 08 დეკემბრის N--------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალეების - თ-------------ა და ფ--------------------ძის მიმართ. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 1140, 42 ლარი, პროცენტი 843,50 ლარი, პირგასამტეხლო 1723,43 თეთრი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 138,52 ლარი. საერთო ჯამში 3835,87 ლარი. აღნიშნულის შედეგად, დაიწყო იძულებითი აღსრულება.

 

18. სადავო არ არის გარემოება, რომ ფ------------------------ და თ-------------, 2016 წლის 08 დეკემბერის N--------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „---------------------------- გადახდილი აქვთ 1960,65 ლარი.

 

19. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება.

 

20. პალატა აღნიშნავს, რომ საერთო სახელშეკრულებო ფორმისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინების კუთხით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს Principles of European contract law (PECL). PECL, სამართლებრივი კულტურისა და დემოკრატიული ღირებულებების გათვალისწინების ჭრილში, ევროპის სასამართლოებისთვის ფასეულ წყაროდ გვევლინება, რასაც ევროპის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებებში მისი ხშირი მითითებაც უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ PECL-ის თანახმად „სახელშეკრულებო თავისუფლება“ გულისხმობს იმას, რომ მხარეებს სახელშეკრულებო თავისუფლების საფუძველზე შეუძლიათ დადონ ხელშეკრულება, განსაზღვრონ ფორმა და შინაარსი, მხოლოდ, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. („ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები“ ავტორი: ინგა კობახიძე 2015).

 

21. კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო ურთიერთობისას გადამწყვეტ როლს თამაშობს. იგი საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული ნორმატიული ხარვეზების შევსებას ითვალისწინებს, რაზე დაფუძნებითაც, დასახელებული პრინციპი შეიძლება იქნეს მოაზრებული, როგორც მხარეთა ზნეობრივი მოვალეობა. აღნიშნული ეფუძნება მის ფუნქციას, თავიდან აიცილოს უსამართლო შედეგი.ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულ სამართლებრივ ინსტიტუტზე დაფუძნებითაა შესაძლებელი დაყენებულ იქნეს ხელშეკრულების საცილოობის ან ბათილობის საკითხი. (სერგი ჯორბენაძე ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში თბილისი 2017)

 

22. იმ გარემოების შესაფასებლად, თუ რამდენად იყო მოცემულ შემთხვევაში დომინირებული კონტრაგენტის - შ-------------------------- მიერ დაცული სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპები, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

23. დადგენილია, რომ მოპასუხემ, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა, სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, სესხის სარგებლის ოდენობა განსაზღვრა ყოველთვიურად 9% -ით რაც წლიურად 108%-ს შეადგენს, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველდღიურად, ვადაგადაცილებული თანხის - ძირის და სარგებლის 1%-ით, რაც წლიურად 360%-ია.

 

24. პალატა აღნიშნავს, რომ სესხის სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობის უშუალოდ მოპასუხის მიერ განსაზღვრის ფაქტი დადასტურებულია თავად აპელანტის განმარტებით (იხ: სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ტ.1. გვ.167 - „მოსარჩელეს შეეძლო, სხვაგან აეღო სესხი, თუკი უფრო დაბალ პროცენტში მისცემდა ვინმე სესხს, მაგრამ ვინაიდან ასეთი საშუალება მას არ ჰქონდა, სწორედ, ამიტომ მოხდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმება). საგულისხმოა გარემოება, რომ, მოსარჩელემ სესხის გაცემის მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა ოჯახის წევრის გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობის ხარჯების საჭიროების გამო და დათანხმდა შემოთავაზებულ პირობებს (იხ: სარჩელი, ფაქტობრივი გარემოება I, რაც მოპასუხის მხრიდან შედავებული არ არის).

 

25. პალატა ყურადღებას მიაქცევს 2016 წლის 08 დეკემბერს, სესხის ხელშეკრულების პარალელურად, ასევე, მხარეებს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამომხმარებლო სესხის მართვის შესახებ“ ხელშეკრულებას, რომელსაც პალატა სესხის ხელშეკრულებასთან ერთობლიობაში განიხილავს. (საგულისხმოა გარემოება, რომ „სამომხმარებლო სესხის მართვის შესახებ“ ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, ამ ხელშეკრულების საგანია „დამკვეთთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სესხთან დაკავშირებული მონაცემების დაგროვება-დამუშავებას და დამკვეთის შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფას, სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას“). დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მომსახურების საკომისიო განსაზღვრა სესხის საწყისი ძირი თანხის 4%-ით თვეში (ანუ წლიური ძირი თანხის 48%).

 

26. საქმეში წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკის საფუძველზე დგინდება, რომ მსესხებელს სესხის მართვის საკომისიო სესხის თანხასთან ერთად უნდა გადაეხადა (იხ. სესხის დაფარვის გრაფიკი). პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ძირი თანხისა და შესაბამისად, პროცენტის წილის კლებისა, სესხის მართვის საკომისიოს შემთხვევაში, სესხის დაფარვის გრაფიკში მისი ოდენობა კლებას არ განიცდის და სასესხო პერიოდის ბოლომდე უცვლელი (48 ლარი) რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ მსესხებელს სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე, მაგალითად, გადასახდელად დარჩენილი ექნება ერთი ულუფა - 50 ლარის ოდენობით, რისთვისაც სესხის სარგებელი (9%) იქნება 5.4. ლარი, სესხის მართვის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იქნება, სესხის მართვის საკომისიოს ანგარიშში გადაიხადოს კვლავ 48 ლარი (საწყისი ძირი თანხის 1200 ლარის 4%). პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულების ასეთი პირობა, ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო სამართლიანობის და კეთილსინდისიერების პრინციპს და შესაბამისად - ზნეობის ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში, ე.წ. „სესხის მართვის საკომისიო“ თავისი შინაარსით არის სესხის პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელეებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ, შესთავაზა სესხი ყოველთვიური 13%-ის დარიცხვით (9%+4%), რაც წლიურად 156%-ს შეადგენს. (სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე).

 

27. პალატა აღნიშნავს, რომ „სამომხმარებლო სესხის მართვის შესახებ“ ხელშეკრულება თავისი შინაარსით სრულად ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ ძირითადი სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, რომლის 2.6-ე, 2.7-ე და 2.8-ე პუნქტების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დამტკიცების საკომისიო, სესხის გაცემის საკომისიო და სესხის მომსახურების საკომისიო 0%-ს შეადგენს.

 

28. სესხის ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებას შეიძლება ერთვოდეს სესხის გადახდის გრაფიკი. ამასთან, გრაფიკსა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს შორის სხაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს. ამრიგად, „სამომხმარებლო სესხის მართვის შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა საკომისიოს გადახდის შესახებ შესაბამის სამართლებრივ შედეგებს ვერ გამოიწვევს ძირითადი სესხის ხელშეკრულების დებულებებთან წინააღმდეგობის გამო.

 

29. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გარიგება არღვევს ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არღვევს „ზოგადი სამართლიანი და მართებული წარმოდგენების სტანადარტს“. „ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო შეიძლება იყოს დამატებითი შეთანხმებები იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სხვა კანონისმიერი დანაწესის საფუძველზე ისედაც სამართლებრივი ძალის არმქონეა (იან კროპჰოლერი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, გვ.63). პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული „სამომხმარებლო სესხის მართვის შესახებ“ ხელშეკრულება თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, ამორალურია და შესაბამისად, ბათილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე.

 

30. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ორგანიზაციამ სადავო ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელე მხარეს შესთავაზა რა სესხის ხელშეკრულება „სესხის მართვის შესახებ“ ხელშეკრულებასთან ერთად, რა დროსაც სესხის სარგებელი განსაზღვრა ჯამში 13%-ით (9+4) (წლიური - 156%), პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ით (წლიური 360%), აღნიშნულით უპირობოდ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის დანაწესი. პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლება სრულიად ემიჯნება სახელშეკრულებო თვითნებობას. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა და აპელანტი (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ფულად-საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 156%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.

 

სააპელაციო პალატა მოიშველიებს გერმანიის ფედრალური უზენაესი სასამართლოს, როგორც მონათესავე და ავტორიტეტული სამართლის ქვეყნის გადაწყვეტილებას, მსგავსი საკითხის განმარტებისას. კერძოდ: „გერმანიის ფედრეალური უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკის მიხედვით, გარიგება, რომელიც BGB-ს &138-ის მე-2 აბზაცის შემადგენლობას ყველა პუნქტში ვერ აკმაყოფილებს, ითვლება, რომ არღვევს კეთილ ზნეს (მორალს) და BGB-ს &138-ის 1-ლი აბზაცით ბათილია, თუკი სახეზეა თვალშისაცემი შეუსაბამობა (დისპროპორცია) შესრულებასა და საპასუხო შესრულებას შორის და მთელი რიგი გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეულწილად, სარგებლის მიმღები დასაძრახისი (გასაკიცხი) მოტივებით მოქმედებდა. ძირითადად ეს ის შემთხვევებია, როცა სარგებლის მიმღები ხელშეკრულების პარტნიორი მეორე მხარის ეკონომიკურად სუსტ მდგომარეობას გაცნობიერებულად თავის სასარგებლოდ იყენებს ან შეგნებულად არიდებს თვალს, რომ მეორე მხარე იძულებულია მისთვის არახელსაყრელ ხელშეკრულება დადოს. დისპროპორცია როცა განსაკუთრებით დიდია, მიიჩნევა, რომ სარგებლის მიღება პარტნიორის მიერ შეგნებულად ან უხეში გაუფრთხილებლობით, იმ პარტნიორისაგან, ვისი გადაწყვეტილების თავისუფლად მიღებაზეც გავლენას ახდენს რიგი გარემოებები, არის დასაძრახისი მოტივებით განპირობებული. განსაკუთრებით უხეშია შეუსაბამობა, როცა შესრულების ღირებულება თითქმის ორმაგად დიდია სარგებლის მიმღების საპასუხო შესრულებაზე“. (BGH VZR237/00 .05.Okt. 2001)

 

ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 8 თებერვლის ხელშეკრულებები, რომლითაც აპელანტმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (იხ: ას-663-629-2015 28 ივლისი, 2015 წელი).

 

31. პალატა ითვალისწინებს სესხის აღებისა და ბოლო შესრულებას შორის არსებულ პერიოდს (2016 წლის 8 დეკემბრიდან 2017 წლის 5 დეკემბერი) და მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სესხის ხელშეკრულების შესასრულებლად გადახდილი 1960,65 ლარი, სადავო საკითხისადმი გონივრული და კეთილსინდისიერი დამოკიდებულის პირობებში, შეესაბამება კეთილსინდისიერი კრედიტორის ლეგიტიმურ მოლოდინს გაცემული სესხიდან სარგებლის მიღების თვალსაზრისით.

 

32. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ფ--------------------ძის და თ------------- ვალდებულება შ-------------------------- მიმართ, 2016 წლის 08 დეკემებრის N--------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად გაუქმდა სადავო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებიო ფურცელი, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

34. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ-------------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე