განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2018
საქმის ნომერი
330310015001028471
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 3ბ/2013-17, 330310015001028471 14 მარტი 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ დ----- ტ-----–---–ი, ა-----– ნ------–-–---–ი

 

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

დ----- ტ-----–---–მა და ა-----– ნ------–-–---–მა 2015 წლის 6 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ივნისის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი აქტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კომერციული-სავაჭრო (არასაცხოვრებელი) დროებითი (საძირკველის არ მქონე) ნაგებობის განთავსება მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ----- ტ-----–---–ის და ა-----– ნ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ივნისის №1------ გადაწყვეტილება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №8----------- ამონაწერის თანახმად, ქალაქ თ---–--–-------------------------ის მიმდებარედ 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან დ----- ტ-----–---–ი და ა-----– ნ------–-–---–ი.

დ----- ტ-----–---–მა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 29 მაისს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სავაჭრო (არასაცხოვრებელი) დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემა.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ივნისის №1------ გადაწყვეტილებით დ----- ტ-----–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დ----- ტ-----–---–ს განემარტა, რომ არქიტექტურის სამსახურის №1----- ბრძანებით 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს მიენიჭა ,,იძულებით შეუსაბამო” სტატუსი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, შეუსაბამო მიწის ნაკვეთის მქონე მიწის ნაკვეთების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 14 მაისის N1----- ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება N0--------------- მიწის ნაკვეთის (განმცხადებელი ქ------–--–-----) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის თქმის შესახებ. ბრძანების თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2 (სსზ-2)-ში და სატრანსპორტო ზონა 1-ში (ტზ-1). ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით წარმოადგენს მოქმედი ფუნქციური ზონებისთვის შეუსაბამო ფართობის და კონფიგურაციის მქონე მიწის ნაკვეთს.

ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 24 მაისის N0------ ბრძანებით შპს ,,ს----------–------------ს“ იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, 3 (სამი) წლის ვადით, ჯიხურების განთავსების მიზნით გადაეცა ქალაქ თ---–--–---------------------------- მიმდებარედ 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე 3 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებს თან ერთვის საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის საპროექტო საძირკვლის არმქონე ნაგებობის გეგმა, აღნიშნული გეგმის თანახმად საპროექტო ნაგებობა სრულად განთავსებულია საზოგადოებრივ - საქმიან ზონა 2-ში და არ გადადის სატრანსპორტო ზონა 1-ში მდებარე ფართის ნაწილზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილი, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4-7-ე, 96-ე მუხლები, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.

სასამართლომ განმარტა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს; კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოცემულია სადავო საკითხის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს საჯრო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსებაზე იმავე სამსახურის 15.05.12წ. N1----- ბრძანებაზე მითითებით. აღნიშნული ბრძანებით სხვა ფიზიკურ პირს უარი ეთქვა ამავე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე. თავისი მხრივ, 15.05.12წ. ბრძანება დასაბუთებულია იმით, რომ მიწის ნაკვეთი ფართის გათვალისწინებით სამშენებლო განვითარებისათვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთს წარმოადგენს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურმა განცხადებაზე უნდა იმსჯელოს არსებითად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მიიღოს გადაწყვეტილება განცხადებით მოთხოვნილ საკითხებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

აპელანტმა მიუთითა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 29 ივნისს #A-------- განცხადებით მიმართეს დ----- ტ-----–---–მა და ა-----– ნ------–-–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს ქ. თ---–--–----------------------ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ 0---------------) დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა–ნაგებობის განთავსების შესაძლებლობის წერილობით დადასტურება.

სამსახურის 2015 წლის 5 ივნისის #1------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მიწის ნაკვეთს მიენიჭა „იძულებით შეუსაბამო“ სტატუსი, რომლის განვითარებაც შესაძლებელია მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ."

სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება, რომელიც უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვით და უთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

თბილისის არქიტექტურის სამსახური თვლის, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, ვინაიდან დისკრეციულია უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმისთვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს დისკრეციული უფლებამოსილება, საჭიროა კანონი აძლევდეს მას მოქმედების თავისუფლებას რამდენიმე ალტერნატიულ გადაწყვეტილებას შორის.

"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთი; ბ) სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი; გ) სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთი.

"ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "უფლებრივი ზონირების დოკუმენტების, როგორც ადგილობრივი სამართლებრივი აქტების, მიღების შემდგომ უფლებრივი ზონირებით მოცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ის ცალკეული მიწის ნაკვეთები, შენობები და ნაგებობები, რომლებიც არ პასუხობენ ამ წესების მოთხოვნებს, იძენენ ”შეუსაბამო“ უძრავი ობიექტების იურიდიულ სტატუსს, რომელსაც ანიჭებს მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო."

იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "შეუსაბამო უძრავი ობიექტების შემდგომი განვითარება, მათ შორის: ტერიტორიის გაფართოვება, ფუნქციის შეცვლა, შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესებისა და უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკებით გასაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით."

აპელანტი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 15 მაისის №1----- ბრძანებით #0--------------- მიწის ნაკვეთს მიენიჭა "იძულებით შეუსაბამო" სტატუსი.

"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, "სამშენებლოდ შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ."

თბილისის არქიტექტურის სამსახური განმარტავს, რომ წარმოდგენილი საპროექტო გადაწყვეტა არ იყო მიმართული განაშენიანების წესების მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ, არამედ, კიდევ უფრო ზრდიდა არსებულ შეუსაბამობის სტატუსს. ხოლო იმ პირობებში, როდესაც საპროექტო მიწის ნაკვეთს მინიჭებული ჰქონდა იძულებით შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, კანონმდებლობის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ არ მომხდარიყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება იქამდე, სანამ არ აღმოიფხვრებოდა არსებული შეუსაბამობა. აქედან გამომდინარე აპელანტი თვლის, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება რამდენიმე გადაწყვეტილებიდან მიეღო ერთ-ერთი გადაწყვეტილება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის ფარგლებში, ის შეზღუდული იყო კანონის მოთხოვნით და, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, უფლება არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიეღო კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ და დაეკმაყოფილებინა წარმოდგენილი განცხადება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპზე და აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილებით, სამსახურმა დაარღვია თანასწორობის პრინციპი და საქმის გარემოებათა იდენტურობის პირობებში მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილებები, კერძოდ, მან დაადასტურა დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობა, ასევე მცირე ფართობის მქონე, მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე.

აპელანტი თვლის, სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ საქმის ვითარება არ იყო იდენტური და შესაბამისად საქმე არ ეხებოდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ არსებითად თანასწორების მიმართ უთანასწორო მოპყრობას.

სასამართლო საუბრობს წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 10 აპრილის #1----- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, სექტორი – დ-------, ა-----------------------ში, მოქ. ლ-------–--–--–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ #0---------------), არსებული შენობა–ნაგებობის დემონტაჟის და მის ნაცვლად წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით ახალი ობიექტის მშენებლობის შესაძლებლობა. აპელანტი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა განსხვავებული გარემოებები, კერძოდ, წარმოდგენილი საპროექტო არეალი ფართობით 3,5-ჯერ აღემატებოდა სადავო მიწის ნაკვეთს; გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პერიოდისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის არ იყო მინიჭებული შეუსაბამობის სტატუსი, რაც შესაძლოა გამხდარიყო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. გარდა ამისა, აღნიშნული განცხადებით დამკვეთის მხრიდან მოთხოვნილი იყო იმავე გაბარიტების ფარგლებში შენობის რეკონსტრუქცია, რაც შეუსაბამობის სტატუსის არსებობის შემთხვევაშიც კი ვერ იქნებოდა დაბრკოლება დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ვინაიდან არ მოხდებოდა შეუსაბამობის სტატუსის გაზრდა.

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე აპელირებისას უთითებდა კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ასევე არასწორად გაითვალისწინა სასამართლომ, კერძოდ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 24 მაისის #0------ ბრძანებაზე, რომლითაც შპს "ს----------–------------ს" იჯარით გადაეცა განსაზღვრული უძრავი ქონება ჯიხურების განთავსების მიზნით.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განმარტა, რომ აღნიშნული ბრძანება გაცემულია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს არქიტექტურის სამსახურის მხრიდან თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მითითებას. გარდა ამისა, აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებდა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პირდაპირი განკარგვის წესით, კონკრეტულ სუბიექტზე უძრავი ქონების, მასზე ჯიხურების განთავსების მიზნით, იჯარით გადაცემის უფლებამოსილებას ანიჭებდა იმ დროისთვის მოქმედი ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი", ასევე, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონი და ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #08.32.412 დადგენილებით დამტკიცებული "ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)".

აპელანტი მიუთითებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" პუნქტზე.

 

სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №8----------- ამონაწერის თანახმად, ქალაქ თ---–--–-------------------------ის მიმდებარედ 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან დ----- ტ-----–---–ი და ა-----– ნ------–-–---–ი (ტ.1. ს.ფ.11).

დ----- ტ-----–---–მა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 29 მაისს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სავაჭრო (არასაცხოვრებელი) დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემა.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ივნისის №1------ გადაწყვეტილებით დ----- ტ-----–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დ----- ტ-----–---–ს განემარტა, რომ არქიტექტურის სამსახურის №1----- ბრძანებით 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს მიენიჭა ,,იძულებით შეუსაბამო” სტატუსი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, შეუსაბამო მიწის ნაკვეთის მქონე მიწის ნაკვეთების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ (ტ.1. ს.ფ. 17-18).

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებს თან ერთვის საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის საპროექტო საძირკვლის არმქონე ნაგებობის გეგმა, აღნიშნული გეგმის თანახმად საპროექტო ნაგებობა სრულად განთავსებულია საზოგადოებრივ - საქმიან ზონა 2-ში და არ გადადის სატრანსპორტო ზონა 1-ში მდებარე ფართის ნაწილზე.

სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი; რომლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს; კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე სწორად იხელმძღვანელა იმავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ სადავო აქტი გამოცემულია სადავო საკითხის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო ბათილად სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015წლის 5 ივნისის №1------ გადაწყვეტილება და ასევე კანონიერად დაავალა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, არსებითად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე; აღნიშნულ ნორმაში მითითებულია, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსებაზე იმავე სამსახურის 2012 წლის 15 მაისის N1----- ბრძანებაზე მითითებით; ხსენებული ბრძანებით კი მიღებული იქნა გადაწყვეტილება N0--------------- მიწის ნაკვეთის (განმცხადებელი ქ------–--–-----) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის თქმის შესახებ, რომლის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2 (სსზ-2)-ში და სატრანსპორტო ზონა 1-ში (ტზ-1). ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით წარმოადგენს მოქმედი ფუნქციური ზონებისთვის (სსზ-2)-სთვის და (ტზ-1)-სთვის შეუსაბამო ფართობის და კონფიგურაციის მქონე მიწის ნაკვეთს (ტ.1. ს.ფ. 45-47). სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 24 მაისის N0------ ბრძანებით შპს ,,ს----------–------------ს“ იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, 3 (სამი) წლის ვადით, ჯიხურების განთავსების მიზნით გადაეცა იმავე ტერიტორიაზე, კერძოდ ქალაქ თ---–--–---------------------------- მიმდებარედ 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე 3 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტ.1. ს.ფ.23).

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას; განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები უთითებენ მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე შეთანხმებულ სამშენებლო სამუშაოებზე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასტურდება, მიწის ფართი ასევე მცირეა და მასზე შეთანხმებულია დროებითი ნაგებობის განთავსება. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. საყურადღებოა ისიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი.

 

2.უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე