განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240212218002463225
საქმე 2/ბ-846-18
განჩინება
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნ--- კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ნ--- ძი-------ი
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ს-------------–-----------–-----–---–-----------------------“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს, 2013 წლის 28 ოქტომბრის, 2014 წლის 17 იანვრის, 2014 წლის 24 თებერვლის, 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 24 მაისს, სენაკის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ--- ძი-------მა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს, 2013 წლის 28 ოქტომბრის, 2014 წლის 17 იანვრის, 2014 წლის 24 თებერვლის, 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, 2018 წლის 04 მაისს, მან მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც შპს ,,ს-------------–-----------–-----–---–------------------------“ დირექტორმა, მ------- ბო------მ მიიღო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან. წერილს ხელს აწერს გენერალური დირექტორის მოადგილე ნ.ყა-----–---–ი, სადაც ის საუბრობს 2003 წლის სახელმწიფო პროგრამაზე, კერძოდ, რომ ეს პროგრამა არ ითვალისწინებდა ექიმ რევმატოლოგისა და ექიმ ინფექციონისტის დაფინანსებას, არამედ ფინანსდებოდა ექიმ სპეციალისტების ზოგადი ბრიგადები, სადაც თითო ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი იყო 100 ლარი, მათ შორის მოზარდთა ექიმების.
მ. ბო------მ ამ პროგრამის ფარგლებში, 2003 წელს გააფორმა სპეციალური პირობებით ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის N1 დანართის მიხედვით, რეფერალური პროგრამით ფინანსდებოდა 24 ზოგადი პროფილის ექიმთა ბრიგადების, ასევე, ვიწრო სპეციალისტების ბრიგადების შექმნა.
2000-2006 წლებში მიუღებელ ხელფასებზე, მის სარჩელებთან დაკავშირებით მიმდინარე დავებზე, მოპასუხე მ------- ბო------მ შეგნებულად მოიტყუა, რომ ნ--- ძი-------ი, თითქოსდა მუშაობდა მუნიციპალური პროგრამის დაფინანსებით, რაც სასამართლომ დაიჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილებები.
ნ.ყა-----–---–ის წერილი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებას, რომლითაც დადგენილია ახალი გარემოება, რაც საქმის განხილვის დროისათვის თუკი იქნებოდა წარდგენილი, გამოიწვევდა ნ. ძი-------ის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, უნდა მოხდეს სადაოდ გამხდარი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, ნ--- ძი--------ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმეთა წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა მიჩნეული და დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე მისი განხილვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით, ნ--- ძი-------ს უარი ეთქვა ამავე სასამართლოს შემდეგ საქმეებზე გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების განახლებაზე:
2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №---------------, 2/6 -2013);
2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №---------------, 2/324 -2013);
2018 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №--------------, 2/274 -2013);
2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №---------------, 2/210 -2013)
2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №---------------, 2/94 -2014).
სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
განმცხადებელი მოითხოვს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, რომლის მიხედვითაც, საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მხარემ შეიტყო ისეთი გარემოება, ან მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც მისთვის უცნობი ან ხელმიუწვდომელი იყო, ამასთან ასეთ გარემოებასა, თუ მტკიცებულებას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე და მხარის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.
სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა განმცხადებლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ განცხადებაში მითითებული გარემოება (იხ. განცხადება) და მასზე თანდართული ნ.ყა-----–---–ის წერილი წარმოადგენდა იმ ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებას, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო მისთვის ცნობილი და წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვისას გამოიწვევდა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანას.
სასამართლომ განმარტა, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება, არის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომელზედაც დამოკიდებულია საქმეში მონაწილე პირთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებების შინაარსის მიმართ მოქმედებს მიზეზობრიობის მოთხოვნა, რაც იმაში ვლინდება, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება ადრე, რომ ყოფილიყო სასამართლოში წარმოდგენილი, გამოიწვევდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ამასთან ეს გარემოება უნდა არსებობდეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს და გააჩნდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისას გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა მოწმდება, არა საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების კუთხით, არამედ, ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სადავო გადაწყვეტილებების გადასინჯვას ითხოვს, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნ.ყა-----–---–ის წერილის საფუძველზე, რომლითაც ს-------------–-----------–-----–---–----------------------ს უფლება მიეცა, 2003 წლის სახელმწიფო პროგრამის 25% ფარგლებში დაეფინანსებინა ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება პედიატრითა და მისი ექთნით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებაში დაფიქსირებულ შემთხვევებში, ეს ფაქტი არ წარმოადგენდა ახალ გარემოებას, რასაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა და შესაძლებელი გაეხადა ნ.ძი-------ისათვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ნ--- ძი-------ი არ არის პედიატრი და ამ განხრით ლიცენზირებული ექიმი.
გარდა ამისა, საქმის განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას. ამ გამონაკლისის დაშვებით საფრთხე არ უნდა შეექმნას იმ ზოგად წესს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს.
არ შეიძლება, განმცხადებლის მიერ, მუდმივად ახალი მტკიცებულების სახით ‘’სხვადასხვა აზრების განვრცობით/განვითარებით’’ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება, ვინაიდან აღნიშნული ხელს შეუშლის სამართლებრივ მართლწესრიგს.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--- ძი-------ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეთა წარმოების განახლების თაობაზე არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ--- ძი-------მა და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა მისსავე განცხადებაში დაფიქსირებულ იმავე გარემოებეზე და განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 24 მაისს, სენაკის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ--- ძი-------მა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს, 2013 წლის 28 ოქტომბრის, 2014 წლის 17 იანვრის, 2014 წლის 24 თებერვლის, 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით, განმცხადებელ ნ--- ძი-------ს უარი ეთქვა, გადაწყვეტილებების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებაზე:
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სენაკის რაიონულმა სასამართლომ, სწორად უთხრა თუ არა განმცხადებელს უარი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილებების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე.
განმცხადებელი მოითხოვს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ მოიპოვა ახალი მტკიცებულება, რომელიც მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო საქმეთა არსებითი განხილვების დროს, შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე და მისი სასურველი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.
ნ. ძი-------მა ახალი მტკიცებულების სახით წარმოადგინა, შპს ,,ს-------------–-----------–-----–---–------------------------“ დირექტორის, მ------- ბო------ს მიმართ, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნ.ყა-----–---–ის მიერ, 2004 წელს გაგზავნილი წერილი, სადაც ის საუბრობს ფონდსა და შპს ,,ს-------------–-----------–-----–---–-----------------------ს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის მოცულობაზე და მის დანართზე, რომლის მიხედვითაც, პროგრამაში მონაწილე სპეციალისტების შემადგენლობა და რაოდენობა განსაზღვრული იყო მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2003 წლის სახელმწიფო პროგრამის ფორმატით, რაც არ ითვალისწინებდა ექიმ რევმატოლოგისა და ექიმ ინფექციონისტის დაფინანსებას, არამედ ფინანსდებოდა 24 ზოგადი პროფილის სამედიცინო ბრიგადა.
წერილი არ შეიცავს რაიმე სახის მსჯელობას ექიმი ალერგოლოგის დასაქმებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით დასრულებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ 2003, 2004, 2006 კალენდარულ წელს ხდებოდა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოთა შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღურების წესის დამტკიცება თანდართული დანართებით, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ჩამონათვალი, ასევე სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილე სპეციალისტების ჩამონათვალი ხელფასების განსაზღვრით.
როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით ირკვევა, ნ--- ძი-------ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა 2002-2004, 2006 წლის სახელფასო დავალიანებისა და მისი დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურება, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებულ პერიოდში, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ექიმი ალერგოლოგის მიერ გაწეული მომსახურება არ ფინანსდებოდა, რაც წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422- ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი, კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება, მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას:
1) ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე;
2) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
კანონმდებელი, ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით დასრულებული საქმეებში წარდგენილი იყო თავად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ 2003 წლისათვის, მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოთა შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღურების წესი თანდართული დანართებით, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ჩამონათვალი, ასევე, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილე სპეციალისტების ჩამონათვალი ხელფასების განსაზღვრით.
დადგენილია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა ის ფაქტი, რომ ამ პროგრამების ფარგლებში, ექიმი ალერგოლოგის მიერ გაწეული მომსახურება არ ფინანსდებოდა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებულ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელის, ნ.ყა-----–---–ის წერილი, სადაც დაფიქსირებულია მისი მოსაზრება 2003 წლის პროგრამაში მონაწილე ზოგიერთ სპეციალისტთან დაკავშირებით და არ შეიცავს რაიმე სახის მსჯელობას ექიმი ალერგოლოგის დასაქმებაზე, ნ.ძი-------ის სასარგებლოდ გავლენას ვერ მოახდენდა საქმის შედეგზე, მით უფრო იმ გადაწყვეტილებებით დასრულებულ საქმეებზე, სადაც სარჩელი შეეხებოდა 2002 წლის ან 2003 წლის შემდგომი პერიოდისათვის მიუღებელ ხელფასებსა და ზიანის ანაზღაურებას, მაშინ როდესაც ყოველ წელს ხდებოდა ახალი პროგრამის დამტკიცება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ნ--- ძი-------ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- ძი-------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე; ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნ--- კალანდაძე