განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240212218002477704
საქმე 2/ბ-847-18
განჩინება
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნ--- კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ნ--- ძი-------ი
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ს-------------–-----------–-----–---–-----------------------“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 04 ივნისს, სენაკის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ--- ძი-------მა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ახლად აღმოჩენილი გარემოება არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც პირად არაქონებრივ უფლებებზე გაუქმებულია ხანდაზმულობა.
ვინაიდან, იგი ითხოვდა ხელფასის ანაზღაურებას, მისი დავა არის არაქონებრივი ხასიათის და ხანდაზმულობა არ ეხება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის 29 მაისს, ხოლო განცხადება სასამართლოში წარმოადგინა 2018 წლის 04 ივნისს, რითაც დაცული აქვს განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, ნ--- ძი-------ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმეთა წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა მიჩნეული და დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე მისი განხილვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნ--- ძი-------ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოების განახლება უკავშირდება ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც, მართალია, არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო განმცხადებლისათვის და მას, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა მათზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რაზედაც მხარე მიუთითებს, ასეთ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან, აღნიშნული ნორმა არსებობდა სადავო გადაწყვეტილების მიღებამდეც და მიღების შემდეგაც.
ამასთან კანონის/ნორმის არცოდნა, რაზეც განმცხადებელი აპელირებს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, რადგან საქმის განახლების მსგავს საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი არ ითვალისწინებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--- ძი-------ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, არ ემყარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ--- ძი-------მა და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა მისსავე განცხადებაში დაფიქსირებულ იმავე გარემოებეზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ივნისს, სენაკის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ--- ძი-------მა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნ--- ძი-------ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ძი-------მა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სენაკის რაიონულმა სასამართლომ, სწორად უთხრა თუ არა განმცხადებლებს უარი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422- ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი, კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას:
1) ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე;
2) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს, სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი გახდა ახალი გარემოება, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის არსებობა, რომელიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო მისთვის ცნობილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი, ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე, ამასთან, ახალ გარემოებებში მოიაზრება ახალი ფაქტობრივი გარემოებები და არა სამართლებრივი ნორმის შინაარსის თაობაზე, თუ რა იყო მხარისათვის ცნობილი.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ნ--- ძი-------ი ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამართლის ნორმის, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არსებობის თაობაზე, 2018 წლის 29 მაისამდე არ იცოდა, და რომ მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების თაობაზე მისი სასარჩელო მოთხოვნა განეკუთვნებოდა არაქონებრივ დავათა კეტეგორიას, რაზედაც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდებოდა - პალატის მოსაზრებით განცხადებაში მითითებული ეს გარემოებები ვერ განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ გარემოებად და გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ნ--- ძი-------ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- ძი-------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №6-2018;
3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნ--- კალანდაძე