განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001187393
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7047-17 26 თებერვალი 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – შპს „გ------“
წარმომადგენელი – ს----------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ს---------------–----------------------
წარმომადგენელი – მ-----–-----–---–---–-
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1. 2----–-–----------------- წარდგენილი სარჩელით ს---------------–----------------------- შპს „გ------სათვის“, პირგასამტეხლოს სახით 4633,26 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს---------------–----------------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შ------------ მოსარჩელე ს---------------–----------------------- სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2347,06 ლარის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის, პირგასამტეხლოს სახით, დამატებით, 2286,20 ლარის ანაზღაურებაზე.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ------მ“ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5. აპელანტმა სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც პირგასამტეხლო შემცირდება გონივრულ ოდენობამდე. აპელანტის მოსაზრებით, პიგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს, ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულების 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
7. ს---------------–-----------------------“ და შ------------ შორის 2----–-–------------------ დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შემსყიდველს მიაწოდოს 850 ცალი წ----------- ქუდი (კეპი), 850 ცალი საშემოდგომო ქურთუკი/ჟილეტი და 1700 ცალი მ----–----–------ მაისური. ქუდებისა და მაისურების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ქურთუკების/ჟილეტების - ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიწოდების ვადების (ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე) გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1 %-ის ოდენობით.
8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით მთლიანი სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 77220,97 ლარით, აქედან 850 ცალი წ----------- ქუდის ღირებულება შეადგენდა 8013,97 ლარს, 850 ცალი ქურთუკის - 39117 ლარს, ხოლო 1700 ცალი მ----–----–------ მაისურის ღირებულება - 30090 ლარს.
9. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სადავო არ არის გარემოება, რომ მისაწოდებელი პროდუქციიდან მოპასუხემ 850 ცალი ქურთუკის მიწოდება, ღირებულებით 39 117 ლარი, განახორციელა 6 დღის ვადაგადაცილებით. კერძოდ, 2----–-–-------------------–--–--------–-----------–-–-----------------
10. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას შეამოწმებს აღნიშნულ ნაწილში.
11. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 1%-ით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
12. სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად დაიანგარიშა პირგასამტეხლო მხოლოდ ვადაგადაცილებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან (39 117 ლარი). ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს პირგასამტეხლოს შემდგომი შემცირების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
13.სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
14. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
15. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
16. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
17. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით დგინდება, რომ კონტრაჰენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან, მოსაწოდებელ პროდუქციას წარმოადგენდა ტ-----–---–--- უნიფორმების დეტალები, რომელთა ტარება თანამშრომლებისათვის სავალდებულოა. ასეთი ვალდებულება დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე და მათ (ტ-----–---–---) უნიფორმის გარეშე მოვალეობის შესრულება ეკრძალებათ (კერძოდ, ტ-----–---–----------------- სამართალდამრღვევს, თუ შესაბამისი უნიფორმა არ აცვია). მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქონლის მიწოდების ვადაგადაცილება არ იყო დიდი, ხელშეკრულების არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია ვაკუუმი და რიგ რეგიონებში თანამშრომლებმა, ვერ განახორციელეს სამსახურეობრივი მოვალეობები 6 დღის განმავლობაში. აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგო არგუმ,ენტი აპელანტს არ წარუდგენია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ კრედიტორის განსაკუთრებული ეკონომური ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი.
19. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
20. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ, რაც რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე