განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2018
საქმის ნომერი
330310118002390290
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310118002390290

საქმე №3ბ/1907-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ------- ნ------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ---- კ-----ი;

წარმომადგენელი - ვ----– კ-----ე;

 

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო;

წარმომადგენელი - მ--–---- ც---–---ე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 57-74).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის N--- ბრძანება ,,ნ---- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 57-74).

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს N--------- სააღსრულებო საქმისა და ამ საქმის საფუძველზე გაცემული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინება (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 57-74)

 

2. მხარეთა პოზიციები:

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №--- ბრძანება ,,ნ---- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე’’ კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს წერილობით ფორმით შესაგებელი ნ---- კ-----ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია, კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის პოზიცია ნ---- კ-----ის მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

2.3. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ნ---- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3აპრილის №--- ბრძანება ,,ნ---- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე’’. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ---- კ-----ის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ 2017 წლის 16 ოქტომბრის N------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით, 2018 წლის 01 მარტს წარდგენილი N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში (,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს N--------- სააღსრულებო საქმისა და ამ საქმის საფუძველზე გაცემული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობა) ნ---- კ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი 23.02.2010) დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ფ--------- ნ--–-----ე, მიკრო/რაიონი 2, კვარტალი--, კორპუსი--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0----------------------, ავტოფარეხი შენობა N--, ფართით:15.40კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ---- კ-----ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-–---------“-ს კრების ოქმი N-, დამოწმებული 2010 წლის 12 თებერვალს ნოტარიუსი მ. ფ---------ს მიერ რეესტრით N---------. (ტ.1 ს.ფ.38)

 

3.2.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ---- კ-----ის მიმართ 2017 წლის 04 ივლისს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ნ---- კ-----მა ქ.თბილისში, ნ--–-----ის ფ--------- მე-2 მ/რაიონი,-- კვარტალი, კორპუსი N--ისა და საკადასტრო კოდი N---------------- -ის მიმდებარედ ამოიყვანა ბლოკის კედლები ფუნდამენტზე, რომელშიც ჩამაგრებულია ლითონის მილები და განთავსებულია ბეტონის ფილები (სიმკარები). დარღვევის გამოსწორების მიზნით ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ---- კ-----ს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი, ხოლო დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 20(ოცი)კალენდარული დღის ვადა.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 27 ივლისის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 04 ივლისის №------ მითითების პირდაპირი წესით ჩაბარება ნ---- კ-----ზე ვერ მოხერხდა, რადგან მრავალგზის მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა უფლებამოსილ პირთან დაკავშირება, რის გამოც მითითება განთავსდა ობიექტზე. (ტ.1 ს.ფ.216-217) (ტ.1 ს.ფ. 220)

 

3.2.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------ ნ---- კ-----ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ნ---- კ-----ის მიერ არ იქნა შესრულებული 2017 წლის 04 ივლისის №------ მითითების პირობები. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 11 სექტემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17აგვისტოს №------ შემოწმების აქტის პირდაპირი წესით ჩაბარება ნ---- კ-----ზე ვერ მოხერხდა, რადგან მოქალაქესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის გამოც შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტზე. (ტ.1 ს.ფ. 209) (ტ.1 ს.ფ. 214)

 

3.2.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ნ---- კ-----ი ქ.თბილისში, ნ--–-----ის ფ--------- მე-2 მ/რაიონი,-- კვარტალი, კორპუსი N--ისა და საკ.კოდი: N---------------- -ის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით და მასვე დაევალა ქ. თბილისში, ნ--–-----ის ფ---------, მე-2 მ/რაიონი,-- კვარტალი, კორპუსი N--ისა და საკ.კოდი: N-----------------ის მიმდებარედ, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (ამოყვანილია ბლოკის კედლები ფუნდამენტზე, რომელშიც ჩამაგრებულია არმატურის ნაშვერები, ასვე ჩამაგრებულია ლითონის მილები და განთავსებულია ბეტონის ფილები(სიმკარები)) დემონტაჟი.

 

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილება ნ---- კ-----ს გაეგზავნა ფოსტით 2017 წლის 25 ოქტომბერს და რადგანაც არ ჩაბარდა, საფოსტო გზავნილი უკან დაუბრუნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 დეკემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება ნ---- კ-----ზე ვერ მოხერხდა, რის გამოც დადგენილება განთავსდა ობიექტზე. (ტ.1 ს.ფ. 17-19) (ტ.1 ს.ფ.206) (ტ.1 ს.ფ. 207).

 

3.2.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის N------ დადგენილების აღსრულების მიზნით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული იქნა ორი სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ - 2017 წლის 08 ნოემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი №---/ს.ფ. -560-17 ნ---- კ-----ის მიმართ, ქ.თბილისში, ნ--–-----ის ფ--------- მე-2 მ/რაიონი,-- კვარტალი, კორპუსი N--ისა და საკ.კოდი: N---------------- -ის მიმდებარედ უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების (ამოყვანილია ბლოკის კედლები ფუნდამენტზე, რომელშიც ჩამაგრებულია არმატურის ნაშვერები, ასვე ჩამაგრებულია ლითონის მილები და განთავსებულია ბეტონის ფილები(სიმკარები)) დემონტაჟის თაობაზე, ხოლო 2018 წლის 16 თებერვალს კი გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი №---/ს.ფ. -112-18, ნ---- კ-----ისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდევინების ნაწილში დადგენილების აღსრულების მიზნით. (ტ.1 ს.ფ.20-21) (ტ.1ს.ფ.139-40)

 

3.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის N-------------- შეტყობინებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ნ---- კ-----ს ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N--------- სააღსრულებო საქმე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (მერია) მიერ გაცემული N---/ს.ფ. -112- 18 სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ნ---- კ-----ს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის და/ან საურავის სახით 10000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასურია 700 ლარი. სულ ჯამში გადასახდელი თანხა შეადგენს 10700 ლარს. ნ---- კ-----ს მიეცა წინადადება 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შეესრულებინა სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნა და დაკისრებული თანხა ჩაერიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. (ტ.1ს.ფ. 23-26)

 

3.2.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილება, ნ---- კ-----ის მიერ 2018 წლის 01 მარტის №------------------ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის N--- ბრძანებით ნ---- კ-----ის 2018 წლის 1 მარტის N------------------ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი. (ტ.1 ს.ფ. 195-196) (ტ.1ს.ფ. 34-37)

 

3.2.8. საქმეში წარმოდგენილია, ქ.თბილისის, ნ--–-----ის მე-2 მკ/რაიონი,---ლი კვარტალი, მე-8 კორპუსის ამხანაგობა ,,------’-ის თავმჯდომარის ლ---- ჩ----–---–ის მოხსენებითი ბარათი, რომელიც წარადგინა თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურში. აღნიშნული მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ამხანაგობის გამგეობას მიმართა ბინათმაცხოვრებელმა ნ---- კ-----მა, რომელმაც აცნობა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იგი დაჯარიმებულია უნებართვო მშენებლობისათვის. ზემოხსენებულ მისამართზე სადავო ნაგებობა წამოწყებულია 2001 წელს ყოფილი ბინათმაცხოვრებლის მიერ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გაასხვისა თავისი საცხოვრებელი ბინა და გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე. ნ---- კ-----ს სადავო ნაგებობასთან არ გააჩნია არავითარი შემხებლობა და მას არასდროს უწარმოებია კორპუსის წითელ ხაზებში რაიმე მშენებლობა და ეთხოვა გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული გარემოება და ნ---- კ-----ის მიმართ შეწყდეს სააღსრულებო წარმოება, რომელიც მიმდინარეობს თბილისის სააღსრულებო ბიუროში.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია, ქ.თბილისის, ნ--–-----ის მე-2 მკ/რაიონი,---ლი კვარტალი, მე-8 კორპუსის ამხანაგობა ,,------’’-ის ბინათმესაკუთრეთა განაცხადი შემდეგზე: ,,ჩვენ ქვემორე ხელისმომწერები ვადასტურებთ, რომ ჩვენი კორპუსის წითელი ხაზების გარეთ მიტოვებული (წამოწყებული) ავტოფარეხი არ ეკუთვნის ნ---- კ-----ს და მას არ მიუღია ამ მშენებლობაში რაიმე მონაწილეობა“. (ტ.1 ს.ფ.41) (ტ.1 ს.ფ 42)

 

4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

4.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილი არეგულირებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში შექმნილი მთელი რიგი წერილობითი დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემის საკითხებს და ადგენს, რომ წერილობითი დოკუმენტი (მათ შორის დადგენილება) ადრესატს უნდა გაეცნოს ამ დადგენილების მისთვის პირადად ჩაბარების გზით, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა უტოლდება ამ წერილობითი დოკუმენტის ადრესატისათვის გაცნობის იურიდიულ ფაქტს. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული ნორმით დაკისრებული ვალდებულებები/მოქმედებები უნდა შეასრულოს სწორედ იმ თანმიმდევრულობით, როგორი თანმიმდევრულობითაც არის ეს წესები ასახული ნორმაში, კერძოდ, წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა არის როგორც საგამონაკლისო ნორმა და აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მცდელობა - გააცნოს დადგენილება ადრესატს ამ დადგენილების მისთვის პირადად გადაცემის გზით, აღმოჩნდება უშედეგო. საკითხი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ადრესატისათვის დადგენილების გაცნობა ამ დოკუმენტის მისთვის პირადად ჩაბარების გზით, მოწესრიგებულია როგორც საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’, ასევე თავის მხრივ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაცნობის, გამოქვეყნების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირკვევა, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილება ნ---- კ-----ს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის საფუძველზე, ოფიციალური გაცნობის წესით არ ჩაბარებია, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დადგენილია რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილება ნ---- კ-----ს გაეგზავნა ფოსტით 2017 წლის 25 ოქტომბერს და რადგანაც არ ჩაბარდა საფოსტო გზავნილი უკან დაუბრუნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. ხოლო ამის შემდგომ, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 დეკემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება ნ---- კ-----ზე ვერ მოხერხდა, რის გამოც დადგენილება განთავსდა ობიექტზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული დროის მონაკვეთში ადრესატის მისამართზე არ ყოფნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს იმ გარემოებად, რომ დოკუმენტის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნ---- კ-----მა უარი განაცხადა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილების უშუალოდ ჩაბარებაზე. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეყენებინა სხვა გზა, მაგ: გაეგზავნა დოკუმენტი ადრესატისათვის მითითებულ მისამართზე (საჭიროების შემთხვევაში განმეორებით), ესარგებლა ალტერნატიული მისამართით და ა.შ, ხოლო საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.19 მუხლით განსაზღვრული წესი - დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციულ ორგანოს, როდესაც დადგენილების გაცნობა ადრესატისათვის სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნები, არ დაიცვა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25.19 მუხლის დანაწესი, არ ამოწურა დადგენილების ადრესატისათვის პირადად გადაცემის ყველა შესაძლებლობა, ხერხი და გზა. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური არ იყო უფლებამოსილი, რომ სადავო დადგენილება განეთავსებინა ობიექტის ფასადზე. აღნიშნულის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი, რომ ნ---- კ-----ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, ობიექტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილების განთავსება 2017 წლის 12 დეკემბერს, ჩაეთვალა ამ დადგენილების ადრესატისათვის გაცნობის იურიდიულ ფაქტად და გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი--5 დღიანი ვადის დარღვევად.

 

რაც შეეხებოდა ნ---- კ-----ის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ დადგენილებაზე არსებითად არ უმსჯელია, იმ პირობებში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმეზე გამოსაკვლევი და შესაფასებელია რიგი ფაქტობრივი გარემოებებისა, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას არსებითად ემსჯელა მათზე, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ნ---- კ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება სარჩელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს N--------- სააღსრულებო საქმისა და ამ საქმის საფუძველზე გაცემული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლომ სარჩელი არსებითად უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ---- კ-----ის სარჩელი და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

5.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა ადრესატისათვის გზავნილის პირადად ჩაბარების მცდელობა, რაც გამოიხატა სამსახურის მიერ სადავო დადგენილების ფოსტის გაგზავნასა და ობიექტზე ჩაბარების მცდელობაში, თუმცა ვინაიდან ვერ მოხერხდა დადგენილების პირადად ჩაბარება, უკვე არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით ჩაბარების ფაქტობრივი წინაპირობა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს - ის გარემოება, რომ სადავო დადგენილება მხარეს გაეგზავნა ფოსტით, უკვე ადასტურებს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მცდელობას ჩაებარებინა იგი ადრესატისათვის. განმეორებით გაგზავნის ვალდებულება კი სამსახურს არ აკისრია. ამასთან, სასამართლო სადავო გადაწყვეტილების უდავო ფაქტობრივ გარემოებებში თავად უთითებს, რომ ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის N------ დადგენილება მოსარჩელეს გაეგზავნა 2017 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო 2017 წლის 12 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა ოქმი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ, რომლის თანახმადაც, ნ---- კ-----ი იმყოფებოდა ობიექტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ერთის მხრივ უდავო გარემოებად მიიჩნევს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მცდელობას სამართალდარღვევისათვის სადავო აქტის ჩაბარებაზე, მაგრამ მეორეს მხრივ საუბრობს მის მოქმედებაზე, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ უკანასკნელს.

 

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას კანონიერება/ დასაბუთებულობის თვალსაზრისით ამოწმებს მხოლოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის N--- ბრძანების კანონიერებაზე, რომლითაც ნ---- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად იქნა დატოვებული.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ შემთვევაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ---- კ-----ის მიმართ 2017 წლის 04 ივლისს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ნ---- კ-----მა ქ. თბილისში, ნ--–-----ის ფ--------- მე-2 მ/რაიონი,-- კვარტალი, კორპუსი N--ისა და საკადასტრო კოდი N-----------------ის მიმდებარედ ამოიყვანა ბლოკის კედლები ფუნდამენტზე, რომელშიც ჩამაგრებულია ლითონის მილები და განთავსებულია ბეტონის ფილები (სიმკარები). დარღვევის გამოსწორების მიზნით ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ---- კ-----ს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი, ხოლო დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 20(ოცი) კალენდარული დღის ვადა.

 

დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს მიღებული იქნა დადგენილება

№------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ნ---- კ-----ი ქ. თბილისში, ნ--–-----ის ფ--------- მე-2 მ/რაიონი,-- კვარტალი, კორპუსი N-- ისა და საკ.კოდი: N-----------------ის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის დაჯარიმდა

10 000(ათი ათასი) ლარით და მასვე დაევალა ქ.თბილისში, ნ--–-----ის ფ---------, მე-2 მ/რაიონი,-- კვარტალი, კორპუსი N--ისა და საკ.კოდი: N-----------------ის მიმდებარედ, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების(ამოყვანილია ბლოკის კედლები ფუნდამენტზე, რომელშიც ჩამაგრებულია არმატურის ნაშვერები, ასვე ჩამაგრებულია ლითონის მილები და განთავსებულია ბეტონის ფილები(სიმკარები)) დემონტაჟი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება №------ მიღებული იქნა 2017 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 დეკემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით კი დასტურდება, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება ნ---- კ-----ზე ვერ მოხერხდა, რის გამოც დადგენილება განთავსდა ობიექტზე. გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის N--- ბრძანებით ნ---- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება მოქალაქე ნ---- კ-----ს ჩაბარდა დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის შესასვლელ კარზე განთავსების გზით 2017 წლის 12 დეკემბერს, ადმინისტრაციული საჩივარი კი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოტანილია 2018 წლის 01 მარტს, შესაბამისად გასულია გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - ქ .თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ნ---- კ-----ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის განმსაზღვრელი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილით განსაზღვრული კორესპონდენციის ჩაბარების სპეციალური წესის გამოყენება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანოს მცდელობის მიუხედავად ადრესატისათვის გზავნილის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება. ამასთანავე, ორგანოს მცდელობას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ორგანომ ჩაბარების ყველა სხვა შესაძლო გზა უნდა ამოწუროს, მხოლოდ ამის შემდეგ არის დაშვებული თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით, მისი ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის

2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილება ნ---- კ-----ს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის საფუძველზე, ოფიციალური გაცნობის წესით არ ჩაბარებია, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დადგენილია რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის

2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილება ნ---- კ-----ს გაეგზავნა ფოსტით

2017წლის 25 ოქტომბერს და რადგანაც არ ჩაბარდა, საფოსტო გზავნილი უკან დაუბრუნდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. ამის შემდგომ, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 დეკემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის

2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება ნ---- კ-----ზე კვლავ ვერ მოხერხდა, რის გამოც დადგენილება განთავსდა ობიექტზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული დროის მონაკვეთში ადრესატის მისამართზე არ ყოფნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს იმ გარემოებად, რომ დოკუმენტის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნ---- კ-----მა უარი განაცხადა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილების უშუალოდ ჩაბარებაზე. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნ---- კ-----ი საერთოდ უარყოფს სადავო ობიექტთან რაიმე კავშირს და ამდენად, ამ ობიექტზე შეტყობინების განთავსების ნ---- კ-----ზე ჩაბარებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება არათუ სამართლებრივ, არამედ გონივრულობის ნორმებსაც. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეყენებინა სხვა გზა, მაგ: გაეგზავნა დოკუმენტი ადრესატისათვის მითითებულ მისამართზე (საჭიროების შემთხვევაში განმეორებით), ესარგებლა ალტერნატიული მისამართით და ა.შ, ხოლო საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.19 მუხლით განსაზღვრული წესი- დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციულ ორგანოს, როდესაც მცდელობის მიუხედავად დადგენილების გაცნობა ადრესატისათვის სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს - ადმინისტრაციულ საჩივარზე უფლების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა უფლებების და ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს, რაც განაპირობებს საჩივრის უფლების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას. სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ დაინტერესებულ მხარეს მიეცეს შესაძლებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. იმ მომენტამდე გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება, ვიდრე პირს არ მისცემია აქტის შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, არღვევს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს. მართალია, კანონმდებლობა უშვებს გამოქვეყნების გზით ადრესატისთვის აქტის ჩაბარებულად მიჩნევის შესაძლებლობას, თუმცა მხოლოდ სათანადო წინაპირპობების არსებობის შემთხვევაში, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ქონია

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნები, არ დაიცვა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25.19 მუხლის დანაწესი, არ ამოწურა დადგენილების ადრესატისათვის პირადად გადაცემის ყველა შესაძლებლობა, ხერხი და გზა. ამდენად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური არ იყო უფლებამოსილი სადავო დადგენილება განეთავსებინა ობიექტის ფასადზე. აღნიშნულის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი, რომ ნ---- კ-----ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, ობიექტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------ დადგენილების განთავსება 2017 წლის 12 დეკემბერს, ჩაეთვალა ამ დადგენილების ადრესატისათვის გაცნობის იურიდიულ ფაქტად და გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი--5 დღიანი ვადის დარღვევად, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. პროცესის ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -