განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001322968
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-835-2016 16 ოქტომბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს G------- R------
წარმომადგენელი - დ------------ე, თ---------------ე, ჯ----–-----–----ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ფ----
წარმომადგენელი - ა-------–-–--–--ე, გ-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ფ----ს სასარჩელო მოთხოვნა შპს G------- R-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე შპს G------- R------ დაეკისრა შპს ფ----ს სასარგებლოდ დავალიანების თანხის გადახდა 20288,70 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2012 წლის 08 ოქტომბერს შპს ფ---სა და შპს G------- R-------ს შორის დაიდო №85 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კურორტ „გ--------“-ზე შპს G------- R-------ის კუთვნილი ადმინისტრაციული და სასტუმროს მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. 2.2. ხელშეკრულება დადებული იყო 2012 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 751 795 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით. ანაზღაურება უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ეტაპობრივად შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. 2.3. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2013 წლის 09 იანვარს შევიდა ცვლილება, კერძოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 ივლისამდე, ხელშეკრულების სხვა დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი. 2.4. მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს G------- R-------ის კუთვნილი ადმინისტრაციული და სასტუმრო შენობის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, რაზედაც 2013 წლის 31 ივლისს გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ე.წ. ფორმა №2, სადაც განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 30032,68 ლარით. 2013 წლის 13 აგვისტოს კი 2013 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა №2-ის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისად გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი იქნა შესაბამისი დღგ-ს საგადასახადო ანგრიშფაქტურა №ეა-701496495, რომელიც დადასტურებული იქნა მოპასუხე შპს G------- R-------ის მიერ. 2.5. საგადასახადო ანგარიშფაქტურით №ეა-701496495 გამოწერილი და მოპასუხის მიერ მიღებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 30032,68 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ თანხის ნაწილი 9743 ლარი, შესაბამისად მოპასუხის მიერ გადასახდელად დარჩენილი დავალიანების ძირი თანხა შეადგენს 20288,70 ლარს. 2.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წამომადგენლების მტკიცება იმის თაობაზე, რომ შპს G------- R-------ის მიერ არ მომხდარა შესრულებული სამუშაოს მიღება, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სამუშაოები შესრულებული იყო ხარვეზით, ასევე შესრულებულ სამუშაოებთან დაკაშირებით არ იყო წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტები. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2.8. სასამართლომ მიიჩნა, რომ მხარეთა შორის დადებულ იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება. 2.9. მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება, ხოლო მოპასუხის მიერ არ გადახდილა უკვე შესრულებული მომსახურების საზღაური სრულად, რის გამოც მოპასუხის დავალიანება შპს ფ----ს მიმართ შეადგენს 20 288,70 5 ლარს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს G------- R-------მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მხარეთა შორის გაფორმდა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რაც თავის თავში გულისხმობდა ტენდერის გამოცხადების გარეშე შემსყიდველის მიერ მიმწოდებელთან პირდაპირი ხელშეკრულების დადებას. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მხარეთა შორის დაიდო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მხარეთა შორის ხელშეკრულების საგნით გათვალისწინებული სამუშაოების ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანებით დადგენილი წესებით და არა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, როგორც მითითებულია გადაწყვეტილებაში. იმ ფაქტს, რომ წინამდებარე სამართალურთიერთობაზე ვრცელდება მინისტრის ბრძანება №1-1/1463 ადასტურებს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაყვწტილება №ას-1025-967-2015 სამოქალაქო საქმეზე). 3.2. სასამართლომ გვერდი აურა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების მიღება-ჩაბარების წესს. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო ზემოხსენებული წესის შესაბამისად. სარჩელზე თანდართულია მხოლოდ მიმწოდებლისა და ტექნიკური ზედამხედველის მიერ შედგენილი გადახდის სერთიფიკატი, ხოლო შემსყიდველის მიერ ასეთი სახის დამადასტურებელი აქტი მხარეს არ წარმოუდგენია და თავის მხრივ, არც შემსყიდველს გაუცია. შესაბამისად, უტყუარად დგინდება, რომ მიმწოდებლის (მოსარჩელის) მიერ ვალდებულების შესრულება არ არის დადასტურებული, რის გამოც არც რაიმე სახის თანხაა მასზე გადასახდელი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებულ გამარტივებული შესყიდვის შესახებ №85 ხელშეკრულებაზე ვრცელდებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანებით დადგენილი წესები, ხოლო დადგენილია, რომ აღნიშნული წესები არ არის გათვალისწინებული სარჩელზე თანდართულ გადახდის სერთიფიკატში. საექსპერტო დაწესებულებაში საექსპერტო კვლევა ვერ დასრულა შპს ფ----ს არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, კერძოდ, არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, შპს ფ---მა დღემდე არ წარადგინა საექსპერტო დაწესებულებაში საექსპერტო კვლევისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია მხოლოდ შპს ფ---ს გააჩნია და შეუძლებელია სხვა პირის ან/და დაწესებულებისგან აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა ან/და მიღება. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, შპს ფ---- ბოროტად იყენებს თავის უფლებას და დღემდე უმოქმედობით ტოვებს ყველა წერილობით მიმართვას აღნიშნულ საკითხზე. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთების დროს არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, აგრეთვე არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანება „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 08 ოქტომბერს შპს ფ---სა და შპს G------- R-------ს შორის გამარტივებული წესით დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. 4.1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კურორტ „გ--------ი“-ზე შპს G------- R-------ის კუთვნილი ადმინისტრაციული და სასტუმროს მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. 4.2. ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით, შეადგენდა 751 795 ლარს. ანაზღაურება უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ეტაპობრივად, შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. 4.3. ხელშეკრულებაში 2013 წლის 9 იანვარს შევიდა ცვლილება და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 ივლისამდე, ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი. 4.4. მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს ეტაპობრივად ასრულებდა და აპელანტი შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ნაწილ-ნაწილ, უნაზღაურებდა. 4.5. საბოლოოდ, მოსარჩელემ სამუშაო დაასრულა 2013 წლის 31 ივლისს. ამ დროისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 30032,68 ლარი. შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი დაამოწმა აპელანტის მიერ დანიშნულმა ტექნიკურმა ზედამხედველმა, შპს გ-------მა. 4.5. ამის საფუძველზე, მოსარჩელემ გამოწერა საგადასახადო ანგრიშფაქტურა №ეა-701496495, რომელიც აპელანტმა დაადასტურა და თანხის ნაწილი 9743 ლარი გადაიხადა კიდეც, ოღონდ დანარჩენი თანხა აღარ გადაუხდია. 4.6. ამის შესაბამისად, აპელანტის დავალიანება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ 30032,68- 9743=20289,68 ლარია, თუმცა მოსარჩელემ მოპასუხისათვის მხოლოდ 20288,70 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა. 4.8. პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვისას გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანება არეგულირებს. 4.8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი. 4.8.2. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, კანონის საფუძველზე გამოცემული მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია. 4.8.3. ზემოხსენებული ბრძანება სამშენებლო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოიცა და იგი აწესრიგებს იმგვარ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ცალკე დარეგულირებული არ არის, ე.ი. იგი კანონის ნორმებს ავსებს. 4.8.4. ამის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის დროს გაწეული მომსახურების ანაზღაურება სწორედ ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე უნდა მოხდეს (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-487-455-2017). 4.8.5 აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს შესრულებული სამუშაოების ღირებულება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით უნდა განისაზღვროს. 4.8.6. უდავოა, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარისაგან სამშენებლო სამუშაოები გამარტივებული ფორმით შეისყიდა, ამიტომ, მას გადახდის ვალდებულებაც, სწორედ, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ეკისრებოდა. 4.9. მნიშვნელოვანია, რომ ეს გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.3. პუნქტითაც, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ანაზღაურებულიყო მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე იარსებებდა უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (ტექნიკური ზედამხედველის) მიერ დადასტურებული აქტი. 4.10. თუმცა, ამავდროულად, არც ზემოხსენებული ბრძანება და არც ხელშეკრულება ამ დანახარჯების განსაზღვრას, მაინცდამაინც, სსიპ ლევან სამზარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე არ ითვალისწინებდა. 4.11. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.3. და 10.2. პუნქტების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება შემკვეთის მიერ „სპეციალურად დაქირავებულ პირს“, ტექნიკურ ზედამხედველს უნდა განეხორციელებინა. მასვე უნდა დაედგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ხარისხი და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა. 4.11.1. ამის შესაბამისად, აშკარაა, რომ, ხელშეკრულების მიხედვით, ფაქტობრივი დანახარჯების დადგენა, სწორედ, ტექნიკური ზედამხედველის მოვალეობა იყო. 4.12. მნიშვნელოვანია, რომ, მაგალითად, აპელანტის 2013 წლის 1 აგვისტოს წერილში საუბარია მის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის საბოლოო ანგარიშსწორებამდე გადახდილი საზღაურის თაობაზე, თუმცა ექსპერტის დასკვნა ნახსენები არ არის. 4.12.1. მსგავსი მტკიცებულება აპელანტს არც სასამართლოსათვის წარმოუდგენია - საქმეში არსებული 2014 წლის 20 მარტის დასკვნა არა მოსარჩელეს, არამედ სხვა საწარმოს ეხება. 4.13. ამრიგად, ნათელია, რომ, რეალურადაც, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ანაზღაურება სწორედ ტექნიკური ზედამხედველის მიერ შედგენილი საბუთების საფუძველზე ხორციელდებოდა. 4.14. საქმის მასალების მიხედვით, აპელანტის მიერ დანიშნულმა ტექნიკურმა ზედამხედველმა, შპს გ-------მა ფაქტობრივი დანახარჯების საფუძველზე (ს.ფ. 33-48), აპელანტის ვალდებულების მოცულობა განსაზღვრა (ს.ფ. 31-32). 4.14.1. მეტიც, ამის საფუძველზე მოსარჩელემ შეადგინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც აპელანტმა დაადასტურა და მომსახურების ნაწილი აანაზღაურა კიდეც. 4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების პირობების დადგენა შესაძლებელია. 4.15.1. ეს ნიშნავს, რომ აპელანტის ვალდებულება წარმოშობილია და მან იგი უნდა შეასრულოს. 4.16. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე 2016 წლის 28 იანვარს გამოტანილ გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-468-442-2014 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა: „სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საზედამხედველო კომპანიისა და ინჟინრის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქცია და უფლება-მოვალეობები, რომელთაგან შესრულებული სამუშაოების განსაზღვრის შედეგად საბოლოო გადახდის სერთიფიკატის გამოცემა ერთი-ერთი არსებითი პირობათაგანი იყო... მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანი არ უნდა გახდეს რეალურად რა სამუშაოები შესრულდა და რას შეადგენს მათი ღირებულება. ამისათვის მხარეებმა ხელშეკრულებით ინჟინერი მიიჩნიეს კომპეტენტურ პირად. ხოლო შემკვეთი, რომელიც სადავოდ ხდის თავისივე დანიშნული ინჟინერის კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებას, უფლებამოსილი იყო, აღნიშნულის თაობაზე ამ უკანასკნელთან ედავა. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომ გადახდის სერტიფიკატი საბოლოო იყო მენარდესთან და არა - ინჟინერთან მიმართებით. არ შეიძლება, მენარდემ პასუხი აგოს შემკვეთის მიერ დანიშნულ და მისივე სახელით მოქმედ ინჟინრის მიერ თუნდაც უსწოროდ შედგენილ სერტიფიკატზე. აღნიშნული გამომდინარეობს ვალდებულების შესრულების პირობათა სამართლიანი განსაზღვრის პრინციპიდანაც, რომელსაც სსკ-ის 425.1 მუხლი ადგენს (თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე)“. 4.17. ამრიგად, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა, მისი მოცულობა მხარეთა მიერ შეთანხმებულმა პირმა დაადგინა და იგი აპელანტმა ფაქტობრივად მიიღო კიდეც. 4.17.1. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1 ნაწილისა 648-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტმა მოსარჩელეს შეთანხმებული საზღაური უნდა გადაუხადოს. 4.18. აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივი დანახარჯების ოდენობის განსასაზღვრად პალატამ დანიშნა ექსპერტიზა, რომელიც ვერ ჩატარდა, რადგან ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო საბუთები იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 4.18.1. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის 2014 წლის 6 თებერვალს გაგზავნილი #13 წერილიდან (ს.ფ. 92) დგინდება, რომ ეს ფაქტი იმთავითვე იყო ცნობილი აპელანტისთვისაც. 4.18.2. ამის შესაბამისად, ექსპერტიზის ჩატარებისათვის ხელი მხარეებს არ შეუშლიათ და ეს გარემოება მათთვის საზიანო სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევს. 4.19. პალატის აზრით, აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელემ სამუშაო ხარვეზით შეასრულა. 4.19.1. შპს გ-------ის მიერ შედგენილ სერთიფიკატში აღნიშნულის თაობაზე მითითება არ არის. 4.19.2. პირიქით, 2013 წლის 31 ივლისის წერილით ტექნიკურმა ზედამხედველმა დაადასტურა, რომ სამუშაო შესრულებული იყო პროექტის მიხედვით და ხარისხიანად და შემკვეთს „ანგარიშსწორების უზრუნველყოფა“ სთხოვა. 4.19.3. 2013 წლის 30 ივლისის „დეფექტური აქტი“ შედგენილი არის თავად აპელანტი საწარმოს დირექტორის, მენეჯერისა და ბუღალტრის მიერ. აქტში ასახული ხარვეზების ნამდვილობა არც მენარდესა და არც ტექნიკურ ზედამხედველს დაუდასტურებიათ. ამის შესაბამისად, აქტი დამოუკიდებელი მტკიცებულება არ არის და მხოლოდ მის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ხარვეზის დადგენა შეუძლებელია. 4.19.4. თავისი პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.20. ასეც რომ არ იყოს, აპელანტს ნივთის ნაკლის გამო გადასახდელი საზღაურის შემცირება არ მოუთხოვია. ამიტომ, „დეფექტურ აქტში“ ასახული ხარვეზები დადასტურების შემთხვევაშიც კი ანაზღაურების ვალდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. 4.21. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს G------- R-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა