განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/659-18
საქმე №330310017002207287
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ---–------------–---–ი
წარმომადგენელი - დ----------------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით რ---–------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2 ნოემბრის №2052 ბრძანება რ---–------------–---–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ქუთაისში რ---–------------–---–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. რ---–------------–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, განსახლებული იყო თბილისში, ლ--–-----------–----------------------------.
2017 წლის 28 ნოემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, რ---–------------–---–ის ოჯახი რეგისტრირებულია მისამართზე: ლ--–-----------------------------------------------------------------------–-----------. (ტ. 1, ს.ფ. 15; 18-19).
2.2.2. 2014 წლის 30 ოქტომბერს რ---–------------–---–მა შეავსო კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი. შეფასების შედეგად ოჯახს მიენიჭა პრიორიტეტული ქულა - 10.
2017 წლის 13 თებერვალს რ---–------------–---–მა განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა მისი განაცხადის ქუთაისში ბინის მიღებაზე გადატანა.
2017 წლის 24 ივლისს რ---–------------–---–მა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფორმა ქ. ქუთაისში ბინის მისაღებად. (ტ. 1, ს.ფ. 88-102; 113; 117-120).
2.2.3. 2014, 2016 და 2017 წლებში განხორციელებული მონიტორინგისას დადგენილია, რომ როლანც მ------–---–-, როგორც დევნილი, დამისამართებულია ს------ის რაიონში, ს. შ--–-----ში, ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ლ--–--- დას. ვაგონში, ქირის გარეშე, მანამდე 2011-2014 წ.წ. ცხოვრობდა ქ. თბილისი, ლ--–--- დას. მ---------------------------–-, ქირის გარეშე; მეუღლესთან განქორწინებულია, მეუღლე ცხოვრობს ს------ის რაიონში არსებულ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის 21 ივლისის მონიტორინგის ოქმში აღწერილია, რომ ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფს მიაწოდა რძალმა (შვილის ცოლი), სადაც ცხოვრობდა რ---–------------–---–ი. იმჟამად რ---–------------–---–ი იმყოფებოდა საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად.
ჯანმრთელიბის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ 2017 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის 24 ივლისამდე რ---–------------–---–ი მოთავსებული იყო სტაციონარში და ჩაუტარდა ოპერაცია დიაგნოზით მუცლის წინა კედლის თიაქარი გაუვალობის ან განგრენის გარეშე. (ტ. 1, ს.ფ. 54; 115-116,122-128).
2.2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეფასების თანახმად, რ---–------------–---–ის ოჯახის შეფასების ქულამ შეადგინა 10. ნათესავებთან ქირის გარეშე - 1,5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა, შშმპ - 2 ქულა, ომის ვეტერანი - 1,5 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2 ნოემბრის N2052 ბრძანებით საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო რ---–------------–---–ის ოჯახს უარი ეთქვა ამ ეტაპზე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. (ტ. 1, ს.ფ. 135-136; 140-148).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.3.1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სათანადო საცხოვრებელი არის დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულების ზოგადი პრინციპები ასახულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ხსენებული გეგმის 1.7. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების, ასევე აღიარებულ სხვა ადამიანის უფლებათა დაცვას. ამავე გეგმის 1.9. პუნქტის მიხედვით, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 1.11. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2017 წელს სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს მინიმუმ 18 ნგრევად ან საცხოვრებლად უვარგისი კოლექტიური ცენტრის დახურვას, 300 დევნილი ოჯახის განსახლებას ასეთი ობიექტებიდან და 50 კოლექტიური ცენტრის შეფასებას საცხოვრებლად ვარგისიანობის თვალსაზრისით. 2018 წლის მიზნების განსაზღვრა მოხდება 2017 წლის მეორე ნახევარში.
2014 წლის 30 ოქტომბერს რ---–------------–---–მა შეავსო კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი. შეფასების შედეგად ოჯახს მიენიჭა პრიორიტეტული ქულა - 10. 2017 წლის 13 თებერვალს რ---–------------–---–მა განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა მისი განაცხადის ქუთაისში ბინის მიღებაზე გადატანა. 2017 წლის 24 ივლისს რ---–------------–---–მა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფორმა ქ. ქუთაისში ბინის მისაღებად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეფასების თანახმად, რ---–------------–---–ის ოჯახის შეფასებამ შეადგინა 10 ქულა. ნათესავებთან ქირის გარეშე 1,5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა, შშმპ - 2 ქულა, ომის ვეტერანი - 1,5 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2 ნოემბრის N2052 ბრძანებით საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო რ---–------------–---–ის ოჯახს უარი ეთქვა ამ ეტაპზე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნება იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანის განსახლებისას.
2.3.2. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზის შესაბამისად, პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს, პირი არც იმაშია შეზღუდული, ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
დადგენილია, რომ რ---–------------–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, განსახლებული იყო თბილისი, ლ--–-----------–----------------------------; 2017 წლის 28 ნოემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, რ---–------------–---–ის ოჯახი რეგისტრირებულია ლ--–-----------------------------------------------------------------------–-----------. 2014, 2016 და 2017 წლებში განხორციელებული მონიტორინგისას დადგენილია, რომ როლანც მ------–---–-, როგორც დევნილი დამისამართებულია ს------ის რაიონში, ს. შ--–-----ში, ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ლ--–--- დას. ვაგონში ქირის გარეშე, მანამდე 2011-2014 წ.წ. ცხოვრობდა ქ. თბილისი, ლ--–--- დას. მ---------------------------–-, ქირის გარეშე; მეუღლესთან განქორწინებულია, მეუღლე ცხოვრობს ს------ის რაიონში არსებულ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის 21 ივლისის მონიტორინგის ოქმში აღწერილია, რომ ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფს მიაწოდა რძალმა (შვილის ცოლი), სადაც ცხოვრობდა რ---–------------–---–ი. იმჟამად რ---–------------–---–ი იმყოფებოდა საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად. ჯანმრთელიბის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ 2017 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის 24 ივლისამდე რ---–------------–---–ი მოთავსებული იყო სტაციონარში და ჩაუტარდა ოპერაცია დიაგნოზით მუცლის წინა კედლის თიაქარი გაუვალობის ან განგრენის გარეშე.
აღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დევნილ პირს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, მეუღლესთან განქორწინებულია და ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. რ---–------------–---–ი დევნილის ფაქტობრივად ცხოვრებისათვის რეგისტრირებულ ადგილას ვერ ცხოვრობს, იგი როგორც სოციალურად დაუცველი პირი, აღრიცხულია ლ--–--- დას. ზ-----------------------------------, პირდაპირ გზის ბოლოს ვაგონში. საქმეში დაცული მონიტორინგისას გადაღებული ფოტომასალით დასტურდება, რომ რ---–------------–---–ის მიერ დაკავებული ვაგონი საცხოვრებელად უვარგისია და მას ესაჭიროება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმდინარე სამედიცინო მკურნალობის ფარგლებში იგი იმყოფებოდა შვილის საცხოვრებელ ადგილას, არ ათავისუფლებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, უზრუნველყოს დევნილი პირი საცხოვრებლით. შესაბამისად, მხოლოდ ამ გარემოებაზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაფუძნება მის კანოშეუსაბამობასა და დაუსაბუთებლობას ადასტურებს.
სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დევნილი პირის ინფორმირებული მონაწილეობით, კონკრეტულ საკითხზე შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეულ გარემოებაზე დევნილის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. მოსარჩელე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე - ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტთან მიმართებით წარედგინა განმარტებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს, სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნება პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანი განსახლებისას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, გარდა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებისა, უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება რიგი ვალდებულებები, რათა უკანონოდ არ შეიზღუდოს დაინტერესებული პირის კანონით მინიჭებული უფლებები. თითოეულ დაინტერესებულ მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე და შესაბამისად არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ რ---–------------–---–მა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი შეავსო 2014 წლის 30 ოქტომბერს. განაცხადის შევსების დროს მოსარჩელემ ფაქტობრივ მისამართად მიუთითა ლ--–--- დასახლება, მ-------------------------------. 2016 წლის 11 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამინისტროს, რომლითაც ითხოვდა საცხოვრებელი პირობების შეფასებას. 2016 წლის 9 ივნისს მონიტორინგის თანმაშრომლები გამოცხადდნენ მოსარჩელესთან საცხოვრებელი პირობების გადასამოწმებლად, აღნიშნული ვიზიტის დროს რ. მ------–---–მა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უარს ამბობს სახლის შესყიდვის პროგრამაზე და სურს განაცხადი გადაიტანოს გრძელვადიან საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მას განემარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნით განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს. 2017 წლის 13 იანვარს მოსარჩელემ მიმართა სამინისტროს განცხადებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ქ. ქუთაისში. მის განაცხადს პირველადი შეფასებით მიენიჭა 10 ქულა. მიუხედავად საკმარისი ქულათა რაოდენობისა მოსარჩელეს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს N73 ოქმის და მინისტრის 2017 წლის 2 ნოემბრის N2052 ბრძანების საფუძველზე ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
აპელანტი აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2016-2017 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესს. ამავე წესით რეგულირდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად, თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომლი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“, დანართი №2-1 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართის №2-2 – „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის შესახებ“ (დანართი №8) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
აპელანტი აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, მოპოვებული მონაცემების საფუძველზე.
აპელანტი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლზე და განმარტავს, რომ ასობით დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვისას, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისია ვალდებულია სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და მისი დაცვით მოახდინოს საცხოვრებელი ფართების განაწილება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანებით დადგენილი წესის და კრიტერიუმების არსებობა. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც დღის წესრიგში დგას ერთი და იმავე ქულათა რაოდენობის მქონე დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ასეთ შემთხვევაში კომისია აფასებს აუცილებელი განსახლების საჭიროების არსებობას, კერძოდ, სწავლობს, გააჩნია თუ არა რომელიმე მათგანს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა. ასეთ ვითარებაში, პრიორიტეტს ანიჭებს იმ ოჯახს, რომელიც უფრო მეტად საჭიროებს განსახლებას.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სადავო შემთხვევაში მონიტორინგის თანამშრომლების მიერ განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, რა დროსაც მოსარჩელე არ დახვდათ ადგილზე. 2017 წლის 21 ივლისს მონიტორინგის თანამშრომლები გამოცხადდნენ მისამართზე - ლ--–-----------–-------------------–---------------------------, სადაც გასაუბრება განხორციელდა მოსარჩელის რძალთან - ქ----------------თან, რომელმაც განაცხადა, რომ რ---–------------–---–ი ცხოვრობს მათთან ერთად, ხოლო დედამთილი - ზ-----–---–-–---–ი ცხოვრობს მეორე შვილთან -რ----------------–---–თან ერთად, ს-------ში. მანვე აღნიშნა, რომ რ-----–-----------–---–ი იმყოფება საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად. იმავე დღეს ტელეფონით გასაუბრება მოხდა თავად მოსარჩელესთან, რომელმაც განმარტა, რომ საავადმყოფოდან გამოწერენ 24-25 ივლისს. მოსარჩელის შვილმა გ--–---------–---–მა სამინისტროს თანამშრომლებს განუცხადა, რომ ვაგონში არ არის წყალი და ელექტროენერგია, ამიტომ მამამისი დასაბანად და ტანსაცმლის გასარეცხად მიდის მათთან სახლში. ვინაიდან არცერთი ვიზიტის დროს მოსარჩელე არ დახვდათ ადგილზე - ლ--–--- დ-----–---- ტერიტორიაზე არსებულ ვაგონში, სადაც უთითებდა, რომ ცხოვრობს მძიმე საცხოვრებელ პირობებში, სატელეფონო საშუალებით მოხდა მისი დაბარება სამინისტროში. 2017 წლის 24 ივლისს მოსარჩელე გამოცხადდა სამინისტროში, მონიტორინგის თანამშრომლის მიერ განხორციელდა მასთან გასაუბრება და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შევსება. აღნიშნული გასაუბრების დროს მან თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად დააფიქსირა ლ--–--- დასახლება, გ------–-- ქუჩაზე მდებარე ვაგონი.
აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაციები, განცხადებები, აპლიკაცია და ასევე მონიტორინგის თანამშრომლების მიერ მოკვლეული მასალები განხილულ იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ. აღნიშნული მასალების შესწავლისა და შეფასების შედეგად კომისიამ მიიჩნია, რომ მონიტორინგის შედეგად მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სამინისტროსათვის მიწოდებულ იქნა არსებითად მცდარი ინფორმაცია მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, სამინისტროს პოზიციას ამყარებს 2017 წლის 21 ივლისის განხორიელებული მონიტორინგის შედეგად მოძიებული ინფორმაცია, სადაც მისმა რძალმა ცალსახად დააფიქსირა, რომ მამამთილი - რ---–------------–---–ი ცხოვრობს მათთან ერთად მისამართზე ლ--–--- დასახლება, კ----------------------- .
აპელანტი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის არ დაკმაყოფილდება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
5.2.2. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.
დადგენილია, რომ რ---–------------–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც ითხოვს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
5.2.3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაამისად.
აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულების ზოგადი პრინციპები ასახულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ხსენებული გეგმის 1.7. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების, ასევე აღიარებულ სხვა ადამიანის უფლებათა დაცვას. ამავე გეგმის 1.9. პუნქტის მიხედვით, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 1.11. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2017 წელს სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს მინიმუმ 18 ნგრევად ან საცხოვრებლად უვარგისი კოლექტიური ცენტრის დახურვას, 300 დევნილი ოჯახის განსახლებას ასეთი ობიექტებიდან და 50 კოლექტიური ცენტრის შეფასებას საცხოვრებლად ვარგისიანობის თვალსაზრისით. 2018 წლის მიზნების განსაზღვრა მოხდება 2017 წლის მეორე ნახევარში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 30 ოქტომბერს რ---–------------–---–მა შეავსო კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი, თუმცა 2017 წლის 13 თებერვალს მან მოითხოვა მისი განაცხადის ქუთაისში ბინის მიღებაზე გადატანა. 2017 წლის 24 ივლისს რ---–------------–---–მა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფორმა ქ. ქუთაისში ბინის მისაღებად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეფასების თანახმად, რ---–------------–---–ის ოჯახის შეფასებამ შეადგინა 10 ქულა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2 ნოემბრის N2052 ბრძანებით რ---–------------–---–ის ოჯახს უარი ეთქვა ამ ეტაპზე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ სამინისტროს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.
5.2.4. დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამასთანავე, კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს, კერძოდ მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის ქონა ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთანავე, პირის საცხოვრებელი ადგილის დადგენა სწორედ პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, მის არჩევანსა და კონკრეტულ ადგილას ფაქტობრივად ყოფნას უკავშირდება.
დადგენილია, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, რ---–------------–---–ი განსახლებული იყო თბილისში, ლ--–--- დასახლება V------------ 1, N-- ბინაში; 2017 წლის 28 ნოემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, რ---–------------–---–ის ოჯახი რეგისტრირებულია ლ--–--- დას. ზღაპრის მიმდებარე ტერიტორიზე, პირდაპირ გზის ბოლოს ვაგონში. 2014, 2016 და 2017 წლებში განხორციელებული მონიტორინგისას დადგენილია, რომ რ---–------------–---–ი, როგორც დევნილი დამისამართებულია ს------ის რაიონში, ს. შ--–-----ში, ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ლ--–--- დას. ვაგონში, ქირის გარეშე, მანამდე 2011-2014 წ.წ. ცხოვრობდა ქ. თბილისი, ლ--–--- დას. მ---------------------------–-, ქირის გარეშე; მეუღლესთან განქორწინებულია, მეუღლე ცხოვრობს ს------ის რაიონში არსებულ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ივლისს მონიტორინგის თანამშრომლები გამოცხადდნენ მისამართზე - ლ--–-----------–-------------------–---------------------------, სადაც გასაუბრება განხორციელდა მოსარჩელის რძალთან - ქ----------------თან, რომელმაც განაცხადა, რომ რ---–------------–---–ი ცხოვრობს მათთან ერთად, ხოლო დედამთილი - ზ-----–---–-–---–ი ცხოვრობს მეორე შვილთან -რ----------------–---–თან ერთად, ს-------ში. მანვე აღნიშნა, რომ რ-----–-- მ------–---–- იმყოფება საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მონიტორინგისას რ---–------------–---–ი არასდროს ყოფილა ვაგონში, აპელანტის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ რ---–------------–---–მა სამინისტროს საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული კი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გახდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ რ---–------------–---–ი დევნილის ფაქტობრივად ცხოვრებისათვის რეგისტრირებულ ადგილას ვერ ცხოვრობს, იგი როგორც სოციალურად დაუცველი პირი, აღრიცხულია ლ--–--- დას. ზ-----------------------------------ზე, პირდაპირ გზის ბოლოს ვაგონი. რაც შეეხება 2017 წლის 21 ივლისს ქ----------------ის მიერ მიცემულ განმარტებას, ერთი მხრივ, დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის 24 ივლისამდე რ---–------------–---–ი მოთავსებული იყო სტაციონარში და ჩაუტარდა ოპერაცია, შესაბამისად, ამ პერიოდში იგი ვერ დახვდებოდა მონიტორინგის ჯგუფს მითითებულ მისამართზე, მეორე მხრივ კი, ამავე მონიტორინგის ოქმში რ---–------------–---–ის შვილმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ვაგონში არ არის წყალი და ელექტროენერგია, მამამისი მათთან დადის დასაბანად და ტანსაცმლის გასარეცხად. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საჭიროების მიზნით საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება არ ნიშნავს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და პირის დროებითი განთავსების ადგილის მის საცხოვრებელ ადგილად მიჩნევას.
ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, რომ რ---–------------–---–მა სამინისტროს საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რადგან რ---–------------–---–ის შვილის სახლში პერიოდულად მისვლა ან ხანმოკლე ვადით ცხოვრება იმავდროულად არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მის მიერ მითითებული ვაგონი არ არის. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, მხოლოდ ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმდინარე სამედიცინო მკურნალობის ფარგლებში იგი იმყოფებოდა შვილის საცხოვრებელ ადგილას, არ ათავისუფლებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უზრუნველყოს დევნილი პირი საცხოვრებლით.
5.2.5. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი სადავოდ არ ხდის, რომ მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გააჩნდა ქულათა საკმარისი რაოდენობა. ამასთანავე, მისი მითითებით, შესაძლებელია, დევნილთა რამდენიმე ოჯახს ჰქონდეს ქულათა ერთნაირი ოდენობა, რა შემთხვევაშიც პრიორიტეტი ენიჭება იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ადგილი ან უფრო მეტი საჭიროება აქვს ბინის მიღების.
სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სათანადო საცხოვრებელი არის დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა.
დადგენილია, რომ დევნილ პირს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, მეუღლესთან განქორწინებულია და ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი, მონიტორინგისას გადაღებული ფოტომასალით დასტურდება, რომ რ---–------------–---–ის მიერ დაკავებული ვაგონი საცხოვრებელად უვარგისია და მას ესაჭიროება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოსარჩელე უზრუნველყოფილი უნდა იქნას სათანადო, ღირსეული საცხოვრებელი პირობებით.
5.2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ამასთანავე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე თამარ ონიანი