განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
180210016001372392
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180210016001372392

საქმე №2ბ/6362 -17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ს----------–--------------------------------------–--------–--–-------------–-------------------------------------------------------------

წარმომადგენლები - მ----------–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ------–------–---------

დირექტორი - გ------- ჩ-----

 

წარმომადგენელი - დ----------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა-გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებული გადწყვეტილების ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2014 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ე------------------------ოსა და შ------–------–--------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N1-----. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 126 985,02 ლარს დღგ–ს ჩათვლით. (ტომი 1, ს.ფ. 12–17)

 

2. საქართველოს ე------------------------ოსა და შ------–------–--------- შორის 2014 წლის 29 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1----- ხელშეკრულებით განისაზღვრა შემდეგი პირობები:

 

მე–3 მუხლის თანახმად, განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადები. 3.1. მუხლის თანახმად, – სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგიანეს 60 კალენდარული დღეს. ,,მიმწოდებელს’’ აღნიშნულ ვადაში უნდა მოეხდინა მშენებლობადასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანასთან დაკავიშრებით სს ,--------- პ---------------სთან’’ შეთანხმება, აშენებული 6 კვ–ის ეგხ–ის 24 საათიანი, ხოლო სატრასფორმატორო ქვესადგურის 72 საათიანი საცდელი ძაბვის ქვეშ დაყენება და მის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში’’. მე–6 მუხლი ითვალისწინებდა მხარეთა პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,მიმწოდებლის’’ მიერ მისი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 2% ოდენობით, რრისი დაანგარიშებაც მოხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ვადის დასრულებიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე.

 

მე-11 მუხლი ითვალისწინებს ფორს-მაჟორულ გარემოებებს: ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებისათვის ,,ფორს–მაჟორი’’ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რაც დაკავშირებული არ არის მიმწოდებლის და/ან შემსყიდველის შეცდომებსა და დაუდევრობასთან. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით; სტიქიური მოვლენით; ეპიდემიით; კარანტინით; ემბარგოს დაწესებით; საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

 

ამავე მუხლის 11.2. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს–მაჟორული გარემოებების შედეგი. (ტომი 1, ს.ფ. 12–17)

 

3. 2014 წლის 24 ნოემბერს შ------–------–--------- N1----- წერილით მიმართა საქართველოს ე------------------------ოს და განუმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო მოედნის ადგილზე დათვალიერებითა და დაკვალვის შედეგად დადგინდა, რომ სოფელ ლ--–---ნის ელექტროენერგიით მომარაგება კევლიანის ხაზიდან გადის ურთულეს ტრასას და ძირითადად შეხება აქვს სატყეო ფონდის ტერიტორიებთან, რაც იწვევდა ტყის კაფვას, ხოლო შ------–------–--------- მიერ მოიძებნა უფრო მარტივი ტრასა, რაც საჭიროებდა ახალი ტექნიკური პირობის აღებას გ-–----ის ქვესადგურიდან გამავალი ხაზის მიერთებაზე. ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული ტრასა მაქსიმალურად ცილდება სატყეო ფონდს და არ იწვევს ტყის კაფვას, ასევე ამარტივებს სამშენებლო სამუშაოების წარმოებას. ამასთან აღნიშნა, რომ მათ მიერ მოცემული ელექტროგადამცემი ხაზის ტრასა უფრო საიმედოა კლიმატური პირობების გათვალისწინებით ვიდრე ამას პროექტი ითვალისწინებდა. ამდენად, შ------–------–--------- ითხოვა ნება დართვოდა კონსულტაციებზე, რათა შემდგომში განხორციელებულიყო პროექტის ცვლილება. მიწოდებოდა ახალი ტექნიკური პირობა გ-–----ის ქვესადგურიდან გამომავალ ხაზზე მიერთებისთვის. მოპასუხემ განმარტა, რომ მოცემული ცვლილება არ გამოიწვევდა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გაზრდას, პირიქით ოდნავ შეამცირებდა კონტრაქტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას. (ტომი 1, ს.ფ. 109)

 

4. 2014 წლის 03 დეკემბერს შ------–------–--------- N7--- წერილით/თხოვნით მიმართა საქართველოს ე------------------------ოს, რომ რათა განკუთვნილ დროში მოსწრებოდა ობიექტის ჩაბარება, დაბალი ძაბვის ოთხკუთხა რკინაბეტონის 9 მეტრიანი ბოძები შეცვლილიყო მრგვალი რკინაბეტონის ბოძებით, ვინაიდან ქარხნები ვერ ასწრებენ დიდი რაოდენობის ოთხკუთხა რკინაბეტონის ბოძების გამოშვებას. ამასთან, შ------–------–--------- იძლეოდა გარანტიას, რომ 7 წლის განმავლობაში მოემსახურებოდა ამ ბოძების ექსპლუატაციას, მექნიკური დაზინების გარდა. (ტომი 1, ს.ფ. 110)

 

5. 2014 წლის 08 დეკემბერს შ------–------–--------- N7---- წერილით მიმართა საქართველოს ე------------------------ოს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდგეგ ლარის კურსის მკვეთრად დაცემისა და სამშენებლო მასალების საბაზრო ღირებულების გაიზარდის (მასალის ძირითადი მიმწოდებლები არიან უცხოური ფირმები) პროპორციულად გაზრდილიყო ხელშეკრულების ღირებულებაც.

ამასთან, კლიმატური პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით ითხოვა სამუშაოების ჩაბარება გადაწეულიყო ორი კვირით. (ტომი 1, ს.ფ. 112)

 

6. 2014 წლის 15 დეკემბერს, მოპასუხე მხარის თხოვნით საქართველოს ე------------------------ომ N03/4653 წერილით მიმართა საქართველოს გ-------------------------------------------–---------------ოს, რომ ს------------ში შესული იყო შ------–------–--------- 2014 წლის 09 დეკემბრის N77–23 წერილი, რაც ეხებოდა მ–------------–----–------ის უშუქო სოფელ ლ--–---ანის ელექტროფიცირებისათვის ასაშენებელი ხაზობრივი ნაგებობის ტრასაზე არსებული ცალკეული ხეების გაკაფვის ნებართვის მიღებას. რის გამოც ითხოვა, რათა მხედველობაში მიეღოთ საქართველოს ე------------------------ოს მიერ უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროგრამის აქტუალურობა, მისი სოციალური მნიშვნელობა და დავალებოდა საქართველოს გ-------------------------------------------–---------------ოს დაქვემდებარებაში მყოფ შესაბამის სამსახურებს, რათა უმოკლეს ვადებში მომხდარიყო აუცილებელი პროცედურების განხორციელება კომპანიის მიერ საჭირო ნებართვის მისაღებად. (ტომი 2, ს.ფ. 19)

 

7. 2014 წლის 22 დეკემბერს შ------–------–--------- N7---- წერილით მიმართა საქართველოს ე------------------------ოს და განუმარტა, რომ მათ მრავალჯერ მიმართეს წერილობითი თხოვნით გ------------–--- ს------------ს, რათა გაეცათ ნებართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის გადაბელვაზე, რაზედაც არ ქონდათ პასუხი მიღებული და ამის გამო სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით. ასევე შეფერხებას იწვევდა უამინდობაც. (ტომი 2, ს.ფ. 16)

 

8. 2014 წლის 29 დეკემბერს საქართველოს ე------------------------ომ N0------ წერილით მიმართა შ------–------–--------- და განუმარტა, რომ 2014 წლის 29 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების N1----- დადების დღიდან არუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა შესრულებულიყო შემსყიდველისათვის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. ამასთანავე, განემარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მე–6 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო მას დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 2% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (ტომი 1, ს.ფ. 25)

 

9. 2015 წლის 06 იანვარს შ------–------–--------- N7---- წერილით მიმართა საქართველოს ე------------------------ოს და ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა ვინაიდან ვერ ახერხებდა აღებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ: პროექტის თანახმად, აღნიშნულ უბანზე არ იყო გათვალისწინებული ტყის მასივის გაკაფვა და გადაბელვა, მოგვიანებით შევიდა შესწორება პროექტში ტყის გაკაფვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც აცნობეს წერილობით საქართველოს გ-------------------------------------------–---------------ოს, რასაც რეაგირება და ნებართვა გაკაფვაზე არ მოჰყოლია, რის გამოც გაჭიანურდა სამუშაოები. ასევე, შ------–------–--------- დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარების საგრძნობლად იყო გაურესებული. (ტომი 1, ს.ფ. 26)

 

10. 2015 წლის 06 იანვარს მხარეთა შორის შედგენილია შეთანხმება N1 სახელწმიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 29 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულების შეწყვეტასტან დაკავშირებით, რაც მხარეთა მიერ დადასტურებულია ხელისმოწერით. (ტომი 1, ს.ფ. 27)

 

11. 2015 წლის 08 იანვარს საქართველოს ე------------------------ომ N0---- წერილით მიმართა შ------–------–--------- და განუმარტა, რომ სახელწმიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 29 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 2%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა 22 857, 30 ლარს და უნდა გადაეხადა წერილში მითითებულ ანგარიშის ნომრებზე. (ტომი 1, ს.ფ. 28)

 

12. 2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს ე------------------------ომ N0----- წერილით მიმართა შ------–------–--------- და განუმარტა, რომ სახელწმიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 29 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 2%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე რაც შეადგენდა 22 857, 30 ლარს. რის შესახებაც ეცნობა 2014 წლის 08 იანვარს N0---- წერილით და უნდა გადაეხადა წერილში მითითებულ ანგარიშის ნომრებზე. (ტომი 1, ს.ფ. 29)

 

13. 2015 წლის 18 თებერვალს შ------–------–--------- N7---- წერილით მიმართა საქართველოს ე------------------------ოს, სადაც ითხოვა, რომ გაუქმებულიყო მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 2%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა 22 857, 30 ლარს, რადგან მოპასუხის მიერ დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა ობიექტზე სამუშაოების გაგრძელება და დროულად დამთავრება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, რამაც იძულებული გახადა შეეწყვიტა დადებული ხელშეკრულება. (ტომი 2, ს.ფ. 12)

 

14. საქართველოს ე------------------------ომ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ------–------–----------ის მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს 22 857.30 ლარის დაკისრება.

15. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ე------------------------ოსა და შ------–------–--------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1----- ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა იკისრა მ–------------------------– ლ--–---ნის ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალებულება. კერძოდ, ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა მას უნდა მოეხდინა მშენებლობის დასრულება და ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანასთან დაკავშირებით, სს ,--------- პ---------------სთან’’ შეთანხმება, აშენებული 6 კვ–ის ეგხ–ის 24 საათიანი, ხოლო სატრასფორმატორო ქვესადგურის 72 საათიანი, საცდელი ძაბვის ქვეშ დაყენება. ასევე, მის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში’’.

 

2015 წლის 06 იანვარს შ------–------–--------- N7---- წერილით მიმართა საქართველოს ე------------------------ოს და აცნობა, რომ შეთანხმებულ ვადაში ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

2015 წლის 06 იანვარს საქართველო ე------------------------ოსა და შ------–------–--------- შორის დაიდო შეთანხმება N1, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 29 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც შეწყდა ხსენებული ხელშეკრულება. 2015 წლის 08 იანვრის N0---- და 2015 წლის 13 თებერვლის N0----- წერილებით, შ------–------–--------- ეცნობა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

16. სარჩელზე შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე მხარემ, რომელმაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოებებით.

17. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

საქართველოს ე------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ე------------------------ოს სასარგებლოდ შ------–------–--------- გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო 5 714,57 ლარის ოდენობით;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

17.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (316.1 მუხლი).

 

17.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის გამომდინარეობს ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (317.1 მუხლი).

 

17.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია ნარდობის ხელშეკრულება, რის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

17.4. მოპასუხე მხარე ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად ასახელებს ფორს-მაჟორულ ვითარებას და მიუთითებს კლიმატური პირობების გაუარესებაზე; ასევე მასზედ, რომ პროექტის თანახმად აღნიშნულ უბანზე არ იყო გათვალისწინებული ტყის მასივის გაკაფვა, გადაბელვა, ხოლო მასში მოგვიანებით შევიდა შესწორება ტყის გაკაფვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც აცნობეს წერილობით საქართველოს გ-------------------------------------------–---------------ოს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია და სათანადო ნებართვა გაკაფვაზე მათთვის არ მუციათ.

 

სასამართლოს შეფასებით მცდარია მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა ცალსახად განაპირობა ფორს-მაჟორულმა ვითარებამ და არა მათმა დაუდევრობამ. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-11 მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს ფორს–მაჟორული გარემოებებს, კერძოდ: ამავე მუხლის 11.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებისათვის ,,ფორს–მაჟორი’’ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მიმწოდებლისა და/ან შემსყიდველის შეცდომებსა და დაუდევრობასთან. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა. საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფორს-მაჟორულ ვითარებას, რაც ხელს შეუშლიდა მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაში ადგილი არ ქონია, თუმცა იკვეთება მათი დაუდევარი დამოკიდებულება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისადმი. უსაფუძვლოა მტკიცება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და მისი შესრულებისათვის აუცილებელი, წინასწარ დადგენილ პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასეთი გარემოება არ დადგენილა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარეს, რომლისთვისაც ტენდერში მონაწილეობის მიღებიდანვე გათვითცნობიერებული ჰქონდა თუ რა სახის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, სად და რა ვითარებაში, დროულად უნდა ეზრუნა მისი სამუშაოების ჯეროვნად შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვების მიღებისათვის და არა სამუშაოების ჩაბარების ვადის მიწურულს. გარდა ამისა, სამუშაოების შემსრულებლის მესამე პირებთან ურთიერთობის მოუწესრიგებლობა, არ შეიძლება დამკვეთის უფლებების შემლახველ გარემოებად იქცეს, რამეთუ სამოქალაქო ურთიერთობებიდან გამომდინარე მისთვის არსებობს ხელშერულების მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულების გონივრული მოლოდინი. გარდა იმისა, რომ მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული, მისი შეფასებით ფორს-მაჟორული, გარემოებანი არ არის მითითებული თავად ხელშერულებაში, არც მათი ცალკე აღებული განმარტებით შეიძლება იქნეს მიჩნეული ფორსმაჟორულ ვითარებას, რამეთუ მსგავსი გარემოებანი ხელშერულების დაებამდეც კი წინასწარგანჭვრეთადი და სავარაუდო იყო, ხოლო გულისხმიერი დამოკიდებულებისა და სათანდო ზომების დროულად მიღების პირობებში მათი თავიდან არიდება შესაძლებელ იქნებოდა. შესაბამისად, მხარის მიერ დასახლებული გარემოებების დაუძლეველი ძალის კონტექსტში განხილვა არამართებული და მიზანშეუწონელია.

 

17.5. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დავის ფარგლებში, დადგენილია მენარდის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 629.2-ე, 361-ე, 400-ე მუხლები). კერძოდ, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხემ (მენარდემ) შეთანხმებულ ვადაში (2014 წლის 29 დეკემბრამდე) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, ხოლო შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულების შეუსრულებლობა ვადაგადაცილებად მიიჩნევა, რაც ვალდებულების დარღვევაა და მოსარჩელეს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

17.6. 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

17.7. დადგენილ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო (სახელშეკრულებო) ღირებულების 2%-ის ოდენობით.

 

17.8. განსახილველ შემთხვევაში, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. დადგენილია, რომ მოვალის მიერ დარღვეულია შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელეკრულებით შეთანხმებული და მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, კერძოდ:

 

17.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

17.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

17.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

17.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი – ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 2% ოდენობით. ასევე. შესაბამისად, არათანაზომიერია საქართველოს ე------------------------ოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 22857,30 ლარი, რაც ექვემდებარება გონივრულობის ფარგლებსა და სტანდარტს.

 

17.13. სადავო შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, რაშიც გაიმარჯვა მოპასუხე კომპანიამ. შესაბამისად, სწორედ სატენდერო რეზულტატმა განაპირობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება მოპასუხესთან, რომლის დაფინანსების წყარო იყო სახელმწიფო ბიუჯეტი. ამასთან, უდავოა, რომ მოპასუხემ მხარემ საქართველოს ე------------------------ოსადმი მიწერილი წერილების თანახმად, ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება ხელშეკრულების პირობების შეცვლის თაობაზე, რამაც გამოიწვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღების მიზნით, განმეორებით უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული პროცედურები და ახალი ხელშეკრულების გაფორმება მიმწოდებელთან, რაც ბუნებრივად არის დაკავშირებული, როგორც დროსთან, ასევე აუცილებელ ხარჯებთან, რომ არაფერი ითქვას ეკონომიკურ ინტერესზე, რომელიც მოსარჩელეს გააჩნდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

17.14. მიუხედავად იმისა, რომ შ------–------–--------- საქართველოს ე------------------------ომ დააკისრა მხოლოდ ცხრა დღის პირგასამტეხლოს გადახდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ე------------------------ოსა და შ------–------–--------- შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1----- ხელშეკრულების 6.3. მუხლში დაფიქსირებული პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 2%) შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 0,5%-მდე, რაც გამოიწვევს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის პროპორციულ კლებას გონივრულ ოდენობამდე - 5 714,57 ლარამდე.

 

17.15. ამდენად, შემცირებული პირგასამტეხლოს პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით, შ------–------–--------- დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5 714,57 ლარს, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

18. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ე------------------------ომ.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა პირგასამტეხლოს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია და არასწორად შეაფასა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 29 ოქტომბრის #1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების კუთხით სწორედ ვერ შეაფასა ვალდებულების დარღვევის ხარისხი, აგრეთვე ამ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანი და მოსარჩელის ეკონომიკური და სოციალური ინტერესი, კერძოდ, ის, რომ 2014 წლის 29 ოქტომბრის #1----- ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 60 დღის განმავლობაში იკისრა მ–------------–----–------ის სოფელ ლ--–---ნის ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება, რაც ფაქტობრივად არ განახორციელა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის 126 985,02 ლარის ზემოხსენებულ პროექტზე არ მიმართვამ ფაქტობრივად შეაჩერა საბიუჯეტო სახსრების ათვისება და დათქმულ ვადაში არ განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ე------------------------ოზე დავალებული სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და სოციალური მნიშვნელობის პროექტი, კერძოდ, უშუქო სოფლის ელექტროფიცირება. აღნიშნული ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობას დაემატა ვადაგადაცილება 9 დღე და მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ობიექტურად აღნიშნული ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის პროპორციულია, რომელიც შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმებას, კერძოდ, პირგასამტეხლოს 2%-დან 0,5%-მდე შემცირების ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოში.

 

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ე------------------------ოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ს----------–-------------------------------------------------------------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

20. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

21. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ე------------------------ოსა და შ------–------–--------- შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1----- ხელშეკრულების 6.3. მუხლში მითითებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება.

 

22. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა იზაიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 1 -13 პუნქტები) სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით, ამასთან, დამატებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

22.1. 2014 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ე------------------------ოსა და შ------–------–--------- შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N1----- დადებული იქნა 60 კალენდარული დღით ე.ი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იქნა 2014 წლის 29 დეკემბრამდე. 2015 წლის 06 იანვარს საქართველოს ე------------------------ოსა და შ------–------–--------- შორის დაიდო შეთანხმება N1, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 29 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც შეწყდა ხსენებული ხელშეკრულება შ------–------–--------- N7---- წერილის საფუძველზე, რომლის თანახმად საქართველოს ე------------------------ოს ეცნობა, რომ შეთანხმებულ ვადაში შ------–------–--------- ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და ითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტას.

 

22.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შ------–------–----------ის მიერ სამუშაოების შესრულების გაჭიანურება მოხდა იმ გარემოების გამო, რომ პროექტის თანახმად ამ უბანზე არ იყო გათვალისწინებული ტყის მასივის გაკაფვა და გადაბელვა, რაზეც მოგვიანებით შევიდა შესწორება პროექტში ტყის გაკაფვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ეცნობა გ------------–--- ს------------ს, რაზედაც რეაგირება და ნებართვა შ------–------–----------ს არ მიუღია.

 

22.3. ხელშეკრულებით გათვალიწინებული ღირებულება 126 985.02 ლარი შ------–------–----------სს მიღებული აქვს, საიდანაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 37 000 ლარი, ხოლო 2015 წლის თებერვლის თვეში შ------–------–----------ის მიერ საქართველოს ე------------------------ოსთვის დაბრუნებული იქნა 90000 ლარი. (იხ. 10.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა ვერ გაზიარებს აპელანტის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 126 985,02 ლარის ე.ი. მთლიანი სამუშაოს ღირებულების 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და განმარტავს, რომ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის დაანგარიშება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ვადის დასრულებიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე.

 

პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918). ას-708-678-2016.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მენარდემ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 29 ოქტომბრის #1----- ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 60 დღის განმავლობაში მოპასუხემ იკისრა მ–------------–----–------ის სოფელ ლ--–---ნის ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება, რაც ფაქტობრივად არ განახორციელა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის 126 985,02 ლარის ზემოხსენებულ პროექტზე არ მიმართვამ ფაქტობრივად შეაჩერა საბიუჯეტო სახსრების ათვისება და დათქმულ ვადაში არ განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ე------------------------ოზე დავალებული სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და სოციალური მნიშვნელობის პროექტი, თუმცა იმ გარემოების გამო, რომ პროექტის თანახმად ამ უბანზე არ იყო გათვალისწინებული ტყის მასივის გაკაფვა და გადაბელვა, რაზეც მოგვიანებით შევიდა შესწორება პროექტში ტყის გაკაფვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ეცნობა გ------------–--- ს------------ს, რაზედაც ნებართვა შ------–------–----------მა ვერ მოიპოვა, პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არის გონივრული. აქედან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

23. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----------–-------------------------------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი