განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180210017001884333
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3089-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - ან-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბე--ო“
წარმომადგენელი - ალ----------------–-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - თანხის დაბრუნება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ბე--ომ“ მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ სარჩელი აღძრა. მოპასუხისთვის შპს „ბე--ოს“ სასარგებლოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის 30 738 ლარის, შესრულებული სამუშაოების ღირებულების 25 819,45 ლარის, პირგასამტეხლო ყოველდღიურად 2.58 ლარის ოდენობით (2017 წლის 15 თებერვლიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების 25 819.45 ლარის გადახდამდე პერიოდზე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1378.8 ლარისა), ზიანის ანაზღაურება ყოველდღიურად 12.1 ლარის ოდენობით (2017 წლის 15 თებერვლიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების 25 819.45 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 30 738 ლარის გადახდამდე პერიოდზე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 6617.22 ლარისა), გადახდის დავალდებულება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს შპს „ბე--ოს“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 25 819,45 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის 30 738 ლარის, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 2,58 ლარის ოდენობით (2017 წლის 15 თებერვლიდან სამუშაოს ღირებულების თანხის 25819,45 ლარის სრულად გადახდამდე, მაგრამ არაუმეტეს 1378,8 ლარის) გადახდის ვალდებულება დაეკისრა. შპს „ბე--ოს“ სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 3 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ბე--ოს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- დაიდო, რომლის საფუძველზეც შპს „ბე--ოს“ ქალაქ დუშეთში არსებული 10 ქუჩის კაპიტალური შეკეთება უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების ღირებულებამ 614 749 ლარი შეადგინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადად 2016 წლის 29 ივლისი განისაზღვრა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 10 ნოემბრის N5----- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მხარეთა შორის დადებული N- შეთანხმების თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა 2016 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდა. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 3 მაისიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა (ტომი I, ს.ფ. 21-121).
6. მოდავე მხარეთა შეთანხმებით, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით, საბანკო გარანტიის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ოდენობით, წარდგენა იყო სავალდებულო. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარდგენილი საბანკო გარანტია მიმწოდებელს არ უბრუნდებოდა. სს „ბა-------------–---მ“ 2016 წლის 21 ნოემბერს 2016 წლის 3 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების შესრულების გარანტია, 30 738 ლარის ოდენობით, გასცა (ბენეფიციარი - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, პრინციპალი - შპს „ბე--ო“). თავდაპირველად გარანტია 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით იყო ძალაში, შემდგომ მისი მოქმედების ვადა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა (ტომი I, ს.ფ. 21-26, 33, 34).
7. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 29 დეკემბერს და 2017 წლის 18 იანვარს სს „ბა------------–--ას“ საბანკო გარანტიის თანხის - 30 738 ლარის, გამგეობისათვის გადარიცხვის შესახებ მიმართა. წერილში მიეთითა, რომ შპს „ბე--ომ“ N----ე ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა და ნაკისრი სამუშაოები არ დაასრულა. წერილის საფუძველზე, 2017 წლის 24 იანვარს სს „ბა-------------–---მ“ საბანკო გარანტიის თანხა 30 738 ლარის ოდენობით დუშეთის გამგეობისათვის სახაზინო ანგარიშზე გადარიცხა (ტომი I,105-106, 198-199).
8. შპს „ბე--ოს“ საბაკო ანგარიშიდან N---------/კბ საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე მისთვის გადარიცხული თანხა - 30 738 ლარის ოდენობით, ჩამოეჭრა (ტომი I, ს.ფ. 200-202).
9. 2016 წლის 3 მაისს N--- ხელშეკრულების 9.3 პუნქტი, შესრულებული სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმებას ითვალისწინებდა. მიწოდების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 % ერიცხება, რაც 9.5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობის დარღვევიდან ერთი თვის ვადაში უნდა ყოფილიყო გადახდილი. ამავე ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორების ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 21-26).
10. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსმა მა--------------მ 2017 წლის 7 თებერვალს მოხსენებითი ბარათით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა, სადაც სამუშაოების მიმღები კომისიის და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მიუთითა, რომ შპს „ბე--ომ“ სამუშაოები 2017 წლის 11 იანვარს დაასრულა. სამუშაოების მიწოდების ვადაგადაცილებამ 42 დღე შეადგინა, შპს „ბე--ოს“ N--- ხელშეკრულების 9.3 პუნქტის საფუძველზე ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ 25 819,46 ლარი დაერიცხა (ტომი I, ს.ფ. 166).
11. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ შორის 2016 წლის 25 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მომსახურების N--- ხელშეკრულება დაიდო (ტომი I, ს.ფ. 148-150).
12. 2016 წლის 31 დეკემბრის შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზის“ მიერ გაცემული N-- კრებსითი დასკვნით დადგენილია, რომ შპს „ბე--ომ“ სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 2016 წლის 28 ნოემბერს დაასრულა. ამასთან, დადგინდა გადახვევები სახელშეკრულებო და ტექნიკური მოთხოვნებიდან, რაც არ იყო შესული შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფ---------) და ჯამში 2 913 ლარს შეადგენდა. კერძოდ, სამ ქუჩაზე ვიზუალური დეფექტი, ზედაპირული ფორიანობა, სატკეპნის ნაკვალევი, საკომუნიკაციო ჭის არასათანადოდ მოწყობა გამოვლინდა (ტომი I, ს.ფ. 35-40).
13. შესრულებული სამუშაოს ღირებულება შპს „ოპ------–--------ის“ ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის (#I--------------------------–) მიხედვით 59 5113.43 ლარს შეადგენს, ხოლო ინსპექტირების პერიოდში სამუშაოების ხარისხი ვიზუალურად დამაკმაყოფილებელია (ტომი I, ს.ფ.46-102).
14. სამუშაოების მიღება ეტაპობრივად - შესყიდვის ობიექტის ნაწილის მიღების გზით და საბოლოო შემოწმების შედეგად, სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით უნდა მომხდარიყო (ტომი I, ს.ფ. 21-26).
15. შპს „ბე--ომ“ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით, სამუშაოების დასრულების მომენტიდან არაუგვიანეს 50 დღისა, კერძოდ 2016 წლის 31 დეკემბერს, დამკვეთს შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზის“ მიერ გაცემული დადებითი დასკვნა წარუდგინა (ტომი I, ს.ფ. 35-40).
16. 2016 წლის 3 მაისის N----ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „ბე--ომ“ 2017 წლის 11 იანვარს დაასრულა. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 59 5113.43 ლარი შეადგინა. აქტის სინამდვილე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 ივნისის N--- ბრძანების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამშენებლო ობიექტების მიმღები კომისიის მიერ იყო დადასტურებული (ტომი I, ს.ფ. 167).
17. შპს „ბე--ომ“ მოპასუხეს 2016 წლის 29 ნოემბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შესახებ ოფიციალურად აცნობა. მოსარჩელემ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2016 წლის 7 დეკემბერს განმეორებით მიმართა შესრულებული სამუშაოების თანხის 116 275.31 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი I, ს.ფ. 43).
18. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის/ფ--------- წარდგენის საფუძველზე 15 სამუშაო დღის ვადაში (ტომი I, ს.ფ. 21-26).
19. 2016 წლის 3 მაისის N----ე ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული სამუშაოსთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „ბე--ოს“ ნაცვლად 59 5113.43 ლარისა 56 9293.97 ლარი გადაუხადა, სხვაობამ 25 819.43 ლარი შეადგინა (ტომი I, ს.ფ. 167).
20. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 21 დეკემბერს შპს „ბე--ოს“ წერილით მიმართა, შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ მიერ გაცემულ N-- კრებსით დასკვნაში მითითებული ხარვეზების უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის თაობაზე, რაც ამ უკანასკნელს 2017 წლის 7 იანვარს ჩაბარდა (ტომი I, ს.ფ. 44).
21. შპს „ბე--ომ“ მოპასუხის მიერ დეფექტების გამოსწორების მოთხოვნის მიღებიდან 4 დღეში, კერძოდ 2017 წლის 11 იანვარს, დასკვნაში აღნიშნული დეფექტების გამოსწორება უზრუნველყო. ამასთან, 2017 წლის 18 იანვარს გამგეობას შპს „ოპ------–-------- -ის“ ინსპექტირების ანგარიში წარუდგინა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით კომისიის მოწვევა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 163).
22. შპს „ბე--ოს“ დირექტორმა 2017 წლის 23 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს წერილით მიმართა და უსაფუძვლოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიისა და პირგასამტეხლოს სახით დაქვითული თანხის, ჯამში 56 557.43 ლარის სამი დღის ვადაში შპს „ბე--ოს“ ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 108-109).
23. ქალაქ დუშეთში არსებული კო------ს, შა----------ა და ობ-------------ის ქუჩის მაცხოვრებლები გამოხატავენ მადლიერებას და გამოთქვამენ მხარდაჭერას შპს „ბე--ოს“ მიერ მათ ქუჩებზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის (ტომი I, ს.ფ. 108-109).
24. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში, ჯეროვნად შეასრულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეთა შორის 2016 წლის 3 მაისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- დაიდო, რომლის ძალითაც მოსარჩელეს ქალაქ დუშეთში არსებული 10 ქუჩის კაპიტალური შეკეთების ვალდებულება დაეკისრა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დეფინიციას არ იძლევა, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჯეროვანი შესრულების არსი საქმის გარემოებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების სტანდარტი მოქმედებს როგორც ძირითადი სახელშეკრულებო (ძირითადი ვალდებულების შესრულება), ასევე დამატებითი (ნაკლის გამოსწორება, შესრულების საგნის შეცვლა, ფასის შემცირება და ა.შ.) და მეორადი სახელშეკრულებო მოთხოვნების (ზიანის ანაზღაურება) მიმართაც. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების სტანდარტი ვრცელდება ასევე არასახელშეკრულებო (კანონისმიერი, დელიქტური) ვალდებულებების შესრულებაზეც.
განსახილველ შემთხვევაში, უპირველესად უნდა გაიმიჯნოს მოსარჩელის მიერ ვალდებულება ხელშეკრულების ვადაში შესრულდა თუ მისი დარღვევით. სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება სამუშაოები 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით შეესრულებინა. 2016 წლის 10 ნოემბერს სამუშაოების შესრულების ვადა 2016 წლის 30 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. მოსარჩელე მიუთითებს და ამას არც მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ შპს „ბე--ოს“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები 2016 წლის 28 ნოემბერს დასრულდა, აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც დასტურდება, შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ სამუშაოები ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეასრულა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა არაჯეროვან შესრულებად შესაძლებელია არა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის დარღვევით განხორციელებული შესრულება არამედ ნაკლიანი შესრულებაც მივიჩნიოთ, შესაბამისად, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესია შეფასდეს მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოების ხარისხი და დადგინდეს ადგილი ნაკლოვან შესრულებას ხომ არ ჰქონდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ძირითადი ვალდებულების შესრულების შემდეგ (2016 წლის 28 ნოემბერს) 2016 წლის 31 დეკემბერს, შპს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზის“ მიერ კრებსითი დასკვნა N-- შედგა, რომელშიც მითითებულია, რომ შპს „ბე--ომ“ სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 2016 წლის 28 ნოემბერს დაასრულა თუმცა, სახელშეკრულებო და ტექნიკური მოთხოვნებიდან მცირე გადახვევები, აღმოჩნდა, რაც შესული არ იყო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფ---------) მათი ჯამური ღირებულება კი 2913 ლარს შეადგენდა. კერძოდ, სამ ქუჩაზე ვიზუალური დეფექტი, ზედაპირული ფორიანობა, სატკეპნის ნაკვალევი და საკომუნიკაციო ჭის არასათანადოდ მოწყობა გამოვლინდა (ტომი I, ს.ფ. 35-40). შპს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზა“ წარმოადგენდა ე.წ. სამუშაოების შესრულების მაკონტროლებელ ორგანოს, რომელსაც ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა დუშეთის მუნიციპალიტეტთან. 2016 წლის 21 დეკემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოსარჩელეს შეატყობინა შესრულების ნაკლის შესახებ და მისი უმოკლეს ვადაში გამოსწორება მოსთხოვა, აღნიშნული წერილი მოპასუხეს 2017 წლის 7 იანვარს ჩაჰბარდა, შესაბამისად ითვლება, რომ ნაკლის გამოსწორების ვადა მას სწორედ ამ თარიღიდან განესაზღვრა. მოსარჩელე მიუთითებს და ამას არც მოპასუხე მხარე უარყოფს, რომ შესრულების ნაკლი ოთხ დღეში გამოსწორდა. წინამდებარე ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესია. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4 პუნქტს, რომლის თანახმად, შემსყიდველს ეკისრება ვალდებულება მითითებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამუშაოს მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება საკუთარი ხარჯით. პალატის აზრით, შესრულების ნაკლის ოთხ დღეში გამოსწორება, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ნაკლის „დაუყოვნებლივ“ გამოსწორებას უთანაბრდებოდა. ასევე, მე-7 მუხლს, რომლის ძალითაც მოპასუხეს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების შესრულების კონტროლის უფლება მიეცა, მის მიერ დანიშნულ მაკონტროლებელ ორგანოს კი შპს „შპს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზა“ წარმოადგენდა. აღნიშნული დათქმების სისტემური ანალიზი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, მხარეები ითვალისწინებდნენ გარკვეული ხარვეზების დაშვების შესაძლებლობას, სწორედ ამიტომ შეთანხმდნენ კონტროლის მექანიზმებსა და გამოკვეთილი უზუსტობების გამოსწორების ვადებზე. საპირისპიროს დაშვების შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები კატეგორიულად გამორიცხავდნენ შესრულების ნაკლის არსებობას, ამგვარი შეთანხმების არსებობის აუცილებლობაც არ იარსებებდა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, არაჯეროვანი შესრულების სამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის, ხელშეკრულების ლოგიკური განმარტებისა და მხარეთა ნების გამოვლენის განმარტების შედეგად ასკვნის, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით ნაკლოვან/არაჯეროვან შესრულებად ისეთი შესრულება მიიჩნეოდა, რომელიც გამოსასწორებელი ვადის გასვლის შემდეგ კვლავ გამოუსწორებელი დარჩებოდა, ასეთ დარღვევას კი მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა, როგორც სამართლის დოქტრინაში ასევე საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. მოცემულ შემთხვევაში პალატამ დაადგინა, რომ ძირითადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულდა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 614 749 ლარს შეადგენდა, მოსარჩელის მიერ შესასრულებელი იყო საკმაოდ კომპლექსური სამუშაო, ექსპერტიზის აქტით კი შესრულების ნაკლი 2 913 ლარით შეფასდა. აღნიშნული ნაკლი მიმწოდებლის მიერ ოთხ დღეში გამოსწორდა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მხარეთა ნების განმარტებას მხედველობაში არ მივიღებდით და არ დავასკვნიდით, რომ შესასრულებელი სამუშაოების არსიდან გამომდინარე მცირედი გადაცდომის დაშვება მხარეთა მიერ მოსალოდნელი იყო და მის გამოსასწორებლად ხელშეკრულებაში გარკვეული ბერკეტებიც იყო გათვალისწინებული, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ამასთანავე, ჯეროვანი შესრულების შესაფასებლად, ყურადღება ექცევა შემსრულებლის კეთილსინდისიერებას, მხარე ვალდებულების დამრღვევად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც მან მასზე დაკისრებული ვალდებულება შეთანხმებული ხარისხის საგნით, ოდენობით, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულა, თუმცა, დაარღვია ე.წ. „ნაგულისხმევი“ დამატებითი ვალდებულებები და, შესაბამისად, კონტრაჰენტის მიმართ კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი, მაგალითად, გულისხმიერების მოვალეობა, მზრუნველობა, ახსნა-განმარტების მიცემის ვალდებულება, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და ა.შ. ეს ის ვალდებულებებია, რომლებიც სამართლებრივი სიკეთის დაცვის დამატებითი ვალდებულებების ჭრილში განიხილება, ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს და მხარეების მიერ განსაკუთრებულ შეთანხმებას არ საჭიროებს. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სრულფასოვანი გამოკვლევის შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მხარე, როგორც ძირითადი სამუშაოების შესრულებისას, ასევე შესრულების ნაკლის გამოსწორებისას კეთილსინდისიერად მოქმედებდა, აღნიშნული დასკვნის საფუძველს მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დროულად შესრულება, შემკვეთთან დამყარებული კომუნიკაციის სტანდარტი, გამოკვეთილი ნაკლის მყისიერი შესრულება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განუხრელი დაცვა იძლევა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ შპს „ბე--ოს“ მიერ შესრულებული სამუშაოს არაჯეროვან შესრულებად ცნობის სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი წინამძღვრები არ არსებობს.
25. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რადგან ვალდებულების არაჯეროვან ან ვადადარღვევით შესრულებას ადგილი არ ჰქონია. ასევე, პირგასამტეხლოს დაკისრებას ვერ მოჰყვებოდა ის ეფექტი, რაც კანონმდებლობით ამ ინსტიტუტის ეფექტურობას განაპირობებს, კერძოდ, ვალდებულების შესრულების პრევენცია ან/და შესაძლო ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. ამიტომ, აპელანტი მხარის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს თანხა, რომელმაც 25 819,46 ლარი შეადგინა, რაც საბოლოო ანგარიშსწორებისას იქნა დაქვითული, როგორც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული/დაზოგილი ქონება, მოსარჩელე მხარეს, უკან უნდა დაუბრუნდეს თანახმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლისა.
26. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ სს „ბა-------------–--ისგან“ საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვის კანონისმიერი ან/და სახელშეკრულებო წინაპირობები არ არსებობდა.
სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფად საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტიის, როგორც დამოუკიდებელი ვალდებულების არსი, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომელიც შეიძლება გააჩნდეს პრინციპალს გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარე. თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ბენეფიციარმა გულმოდგინებისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით, მიმართოს გარანტს ანაზღაურების მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელე მხარემ სს „ბა-------------–--ის“ 2016 წლის 21 ნოემბერს ხელშეკრულების შესრულების გარანტია, 30 738 ლარის ოდენობით, წარმოადგინა (ბენეფიციარი - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, პრინციპალი - შპს „ბე--ო“). თავდაპირველად გარანტია 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით იყო ძალაში, შემდგომ მისი მოქმედების ვადა სს „ბა-------------–---ს“ 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, ფაქტი მასზედ, რომ აპელანტმა მხარემ გარანტს საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდა ორჯერ, პირველად 2016 წლის 29 დეკემბერს ხოლო, მეორედ 2017 წლის 18 იანვარს მოითხოვა. ამ უკანასკნელი მოთხოვნის საფუძველზე 2017 წლის 24 იანვარს, სს „ბა-------------–---მ“ საბანკო გარანტიის თანხა 30 738 ლარის ოდენობით დუშეთის გამგეობისათვის სახაზინო ანგარიშზე გადარიცხა. თავის მხრივ გარანტმა აღნიშნული თანხა პრინციპალის (მოსარჩელის) საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრა.
სააპელაციო საჩივრის ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს იმ გარემოების დადგენა წარმოადგენს, თუ რამდენად შეეძლო აპელანტ მხარეს საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნა. აღნიშნულთან მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს, მასზედ, რომ პრინციპალის მიერ ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში, შესრულდა. შესრულებული სამუშაოს ხარვეზების შესახებ 2017 წელის 7 იანვარს ეცნობა, რაც ოთხ დღეში აღმოიფხვრა. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ჩაბარება, როგორც სრული ასევე ნაწილობრივი, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო ამავე მუხლის 5.6 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა, არაუგვიანეს სამუშაოს დასრულებიდან არა უგვიანეს 50 დღისა, წარმოადგინოს. აღნიშნულ დათქმათა დაცვით, მოსარჩელემ 2017 წლის 18 იანვარს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნებისთვის, შპს „ოპ------–---------ის“ დასკვნა წარადგინა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შესაბამისი კომისიის გამოყოფა სთხოვა, რადგან ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების სრულ ჩაბარებას სწორედ დუშეთის გამგებლის ბრძანებით შექმნილ ჯგუფს უნდა განეხორციელებინა.
ჯგუფის შექმნა და საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმება აპელანტის მიერ მხოლოდ 2017 წლის 24 იანვარს მოხდა, აღნიშნული ვადის დადგომამდე კი, 2017 წლის 17 იანვარს აპელანტმა ბანკისგან საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზეპირ სხდომაზე, რომელიც 2018 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა, აპელანტმა მხარემ საბანკო გარანტიის ანაზღაურების მოთხოვნის მიზეზებთან მიმართებით განმარტა, რომ ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია მუნიციპალიტეტის კანცელარიის გზით, შესაბამის სამსახურში არ მოხვედრილა, შესაბამისად იმისათვის, რათა ბენეფიციარს არ დაეკარგა საბანკო გარანტიით სარგებლობის უფლება ისინი იძულებულები გახდნენ მიემართათ საბანკო დაწესებულებისთვის გარანტიის მიღების მოთხოვნით. აღნიშნულ აპელირებას სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსარჩელე მხარეს მოპასუხისთვის ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია კანცელარიის მეშვეობით არ ჩაუბარებია, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ ბანკისთვის საბანკო გარანტიის მეორეჯერ მოთხოვნის დროს, კერძოდ 2017 წლის 18 იანვარს, აპელანტმა იცოდა ან სულ მცირე, უნდა სცოდნოდა, რომ შემსრულებლის მიერ ძირითადი სამუშაოები 2016 წლის 28 ნოემბერს დასრულდა, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით ექსპერტიზის დასკვნა და კომისიის შექმნის მოთხოვნა მათ მოსარჩელემ 2017 წლის 18 იანვარს, ანუ სწორედ იმ დღეს წაუყენა, როდესაც მან საგარანტიო თანხის ანაზრაურება მოითხოვა. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ კომუნიკაციის არარსებობის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენისა და სამუშაოს შესრულების შესახებ არ იცოდა. იმ შემთხვევაშიც, კი თუ წერილის ცირკულაცია გარკვეულ დროს მოითხოვს და შესაბამისი სამსახური იმავე დღეს ვერ იქნებოდა ინფორმირებული, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბანკის მიერ საგარანტიო თანხის გადარიცხვა 2018 წლის 24 იანვრამდე არ მომხდარა, შესაბამისად საკმარისი წინდახედულობისა და გულმოდგინების პირობებში, აპელანტ მხარეს საკმარისი დრო ექნებოდა იმისთვის, რომ საბანკო დაწესებულებისთვის მიემართა და გარანტიის მიღებაზე უარი განეცხადებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, რადგან მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, აპელანტ მხარეს საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. სწორედ ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა (ბენეფიციარმა) აღნიშნული თანხა გარანტისგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო, რომელიც მოგვიანებით მოსარჩელის (პრინციპალის) ანგარიშიდან ჩამოიჭრა, რაც მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 979-ე მუხლის თანახმად, კონდიქციური წესით უკან დაბრუნების მოთხოვნის წაყენების უფლებას აძლევს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ აპელანტ მხარეს საბანკო გარანტიის სახით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული 30 738 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
27. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 2,58 ლარის ოდენობით, 2017 წლის 15 თებერვლიდან სამუშაოს ღირებულების (25 819,45 ლარი) სრულად ანაზღაურებამდე (მაგრამ არაუმეტეს 1378,8 ლარის) გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ტომი I, ს.ფ. 21-26).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის გადახდა აპელანტმა შპს „ბე--ოსთვის“ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ განახორციელა, შესაბამისად ცხადია, რომ მან ხელშეკრულების 6.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება, მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოზე წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, ფ----------ისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 15 სამუშაო დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ღირებულება აენაზღაურებინა შეუსრულებელია. ვალდებულების დარღვევა, კი მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნის.
28. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, საბანკო გარანტიის გამოთხოვის კანონიერება, მოსარჩელის მიერ არაჯეროვანი შესრულების/ვადაგადაცილებით შესრულების და შესაბამისად, მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. საქმის მასალებში არსებობს წერილობითი მტკიცებულებები ასევე, მხარეების ახსნა-განმარტებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას ადასტურებს, აღნიშნულის საწინააღმდეგოს მამტკიცებელი დოკუმენტაცია კი საქმეში არ მოიძებნება. შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა ვერ დასძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ზამბახიძე