განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
080210018002149633
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
აღნაგობა
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002149633

საქმე 2/ბ-843-18 წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

03 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): შპს ფ-–----- ვ-----–-----“

წარმომადგენელი: თ-------- უ-------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ბ------ კ--–---

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

დავის საგანი: დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 30 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ------ კ--–---- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ფ-–----- ვ-----–-----“ და მოითხოვა:

1. შპს „ფ-–----- ვ-----–-----“ აეკრძალოს, მოსარჩელე ბ------ კ--–----ათვის, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ტერიტორიაზე, მდებარე, წ---–------- სოფელი გ------- ს/კ 2------------ თავისუფალ მიმოსვლაში ხელშეშლა;

2. დაევალოს შპს „ფ-–----- ვ-----–-----“, პარტნიორს, ბ------ კ--–---ს მიაწოდოს ინფორმაცია შპს „ფ-–----- ვ-----–-----ს“ (ს/კ 4--------) საქმიანობის შესახებ;

3. მოსარჩელე ბ------ კ--–---ს მიეცეს ნება გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს;

4. სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

მოსარჩელის მითითებით, ბ------ კ--–--- არის შპს „ფ-–----- ვ-----–-----ს“ 49% წილის მფლობელი პარტნიორი და იმავდროულად წ---–-------ში, სოფელ გ------–- მდებარე ს/კ 2----------- კოდის უძრავი ქონების მესაკუთრე.

შპს „ფ-–----- ვ-----–-----“ და ბ------ კ--–---ს შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს „ფ-–----- ვ-----–-----“ დროებით სარგებლობაში გადაეცა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება - 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ------ კ--–---ს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა შეადგენდა თვეში 500 ლარს. შპს „ფ-–----- ვ-----–------“ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არ გადაიხადა 18 თვის ქირა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა 3 თვის ვადაში აღნაგობის ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულების მოშლას, მოპასუხე არ ათავისუფლებს ფართს და მესაკუთრეს არ აძლევს საშუალებას შევიდეს კუთვნილ ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ბ------ კ--–---ს, როგორც პარტნიორს არ ეძლევა შესაძლებლობა აკონტოლოს საწარმოს საქმიანობა.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2018 წლის 12 ივნისს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ------ კ--–---- სარჩელი, შპს „ფ-–----- ვ-----–-----“ (ს/კ 4--------) აეკრძალა, მოსარჩელე ბ------ კ--–----ათვის, როგორც საწესდებო კაპიტალის 49%-ის მფლობელისათვის, წ---–------- სოფელი გ------–- მდებარე ტერიტორიაზე, ს/კ 2------------ თავისუფალ მიმოსვლაში ხელშეშლა; დაევალა შპს „ფ-–----- ვ-----–-----“ (ს/კ 4--------) ბ------ კ--–---ს მიაწოდოს ინფორმაცია შპს „ფ-–----- ვ-----–-----ს“ (ს/კ 4--------) საქმიანობის შესახებ, ასევე ბ------ კ--–---ს ნება დაერთო გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს;

მოპასუხეს - შპს „ფ-–----- ვ-----–-----“ (ს/კ 4--------), მოსარჩელე ბ------ კ--–---- სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 220 ლარის გადახდა;

მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სსსკ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტზე მითითებით დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევას მოსარჩელე ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ერთ წელზე მეტია აღნიშნული დავა მიმდინარეობს და მას, როგორც მესაკუთრეს, ასევე შპს-ს წილის მფლობელ პარტნიორს ადგება ზიანი, ვინაიდან მოპასუხე უარს უცხადებს მესაკუთრეს მის საკუთრებაში შეშვებაზე და არ აძლევს საშუალებას გაეცნოს იმ საწარმოს საქმიანობას (დოკუმენტაციას), რომლის საწესდებო კაპიტალის 49% მფლობელია.

ამდენად, არსებობს საფუძველი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევისათვის, რის გამოც შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ფ-–----- ვ-----–-----ს“ წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, რაც ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ფ-–----- ვ-----–-----ს“ წარმომადგენელმა თ-------- უ-------–---–-- და ამ ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძვლები, რადგან მოსარჩელის მიერ დასაბუთებული არ იყო, თუ რა სახის ზიანი ადგება მას. დაუყოვნებლივი აღსრულება, მხოლოდ მათ აყენებთ ზიანს, რადგან პარალიზებულია საწარმოს ფუნქციონირება, საწარმოს თანამშრომლები მოსარჩელის ინტერვენციის გამო, სრულყოფილად ვერ ახორციელებენ საკუთარ ფუნქციებს. მოსარჩელის მხრიდან საწარმოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ცხადყოფს, რომ საწარმოს მოუწევს საქმიანობის შეჩერება და თანამშრომლების დათხოვნა, რაც გამოუსწორებელ ზიანს წარმოშობს.

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ფ-–----- ვ-----–-----ს“ წარმომადგენლის კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია.

ასეთ შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს, როგორც წაგებული მხარის (კერძო საჩივრის ავტორის) მოთხოვნის საფუძვლიანობა, ისე მოგებული მხარის პრეტენზიათა მართებულობა, ამ გზით უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი მხარეთა ინტერესებს შორის და ამგვარად გადაწყდეს კანონით დაშვებული შეზღუდვის (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი) პროპორციულობა.

სასამართლოს მიერ, ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს.

თუ დავის განმხილველი სასამართლო დაადგენს, რომ აღსრულების დაყოვნება გამოიწვევს შემდგომში მძიმე შედეგს, თუნდაც ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვონ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, ამ შემთხვევაში ასეთი ღონისძიების გამოყენება უფლების დაცვის ვარგისი საშუალებაა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია მესაკუთრისათვის უძრავი ქონების სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა და საწარმოს 49% წილის მფლობელი პარტნიორისათვის საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების (დოკუმენტაციის) გაცნობის აკრძალვა.

მოსარჩელე, მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ერთ წელზე მეტია აღნიშნული დავა მიმდინარეობს და მესაკუთრის, ასევე შპს-ს წილის მფლობელის ინტერესებს ადგება ზიანი, ვინაიდან, მოპასუხე უარს ეუბნება მის საკუთრებაში შეშვებაზე და არ აძლევს საშუალებას გაეცნოს იმ საწარმოს საქმიანობას, რომლის საწესდებო კაპიტალის 49%-ის მფლობელია.

დადგენილია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით შუამდგომლობა დაფიქსირებული იქნა სარჩელის შესაბამის გრაფაში.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ წ---–-------, სოფელ გ------–- მდებარე, ს/კ 2----------- უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით წარმოადგენს ბ------ კ--–---- საკუთრებას, რომელზეც რეგიტრირებულია შპს ,,ფ-–------ვ-----–-----ს“ აღნაგობის უფლება (იხ. ს/ფ 22-23).

დადგენილია, რომ აღნაგობის ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მეაღნაგე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს აღნაგობის ხელშეკრულებით გაცემული ქონება (იხ. ს/ფ 28-31).

დადგენილია, რომ შპს „ფ-–----- ვ-----–-----ს“ (ს/კ 4--------) 49%-ის წილის მესაკუთრეა ბ------ კ--–--- (იხ. ს/ფ 26-27).

ვინაიდან, ბ------ კ--–--- წარმოადგენს შპს „ფ-–----- ვ-----–-----ს“ საწესდებო კაპიტალის 49%-ის მფლობელს, ასევე მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს, მოსარჩელეს მიერ მითითებული იმ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, კერძოდ, რომ მას არ ეძლევა საშუალება შევიდეს მის საკუთებაში არსებულ და საწარმოს მფლობელობაში გადაცემულ ტერიტორიაზე და აკონტროლოს საზოგადოების საქმიანობა, ასევე, როგორც დამფუძნებელს მისი კომპეტენციის ფარგლებში არ აქვს წვდომა საზოგადოების საქმიანობის ამსახველ არცერთ ინფორმაციაზე, მათ შორის არც ფინანსურზე, პალატა მიიჩნევს, რომ ამ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღუსრულებლობით, გაუმართლებლად შეიზღუდება მისი, როგორც საწარმოს 49%-იანი წილის მფლობელის, ასევე უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესები.

ვინაიდან, სასამართლოში დავის განხილვა გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული, რაც შესაძლოა გაგრძელდეს და დროში გაჭიანურდეს, ადასტურებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ პუნქტის გამოყენების წინაპირობა.

პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები დასაბუთებულ შედავებად ვერ ჩაითვლება, რადგან იგი ზოგადი და აბსტრაქტულია ამასთან, გაურკვეველია, თუ რა სახის ზიანი მიადგება საწარმოს ან მის თანამშრომლებს, თუკი 49% წილის მფლობელი და იმავდროულად უძრავი ქონების მესაკუთრე საწარმოს ტერიტორიზე გადაადგილდება ან გაეცნობა საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ბ------ კ--–---- შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ფ-–----- ვ-----–-----“-ს (წარმომადგენელი - თ-------- უ-------–---–-) კერძო საჩივარი, დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე