განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210318002520722
№2ბ/6312-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
“01 ” ნოემბერი, 2018 წელი q. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ოთარ სიჭინავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ამირან ძაბუნიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „M--“-ს კერძო საჩივარი გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.08.2018წ. განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.08.2018წ. განჩინებით შ.პ.ს. ,,M--”-ს უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების მიღებაზე (ტ.1, ს.ფ. 87-89).
განჩინება ეფუძნება შემდეგს:
- ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება ამ მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) აღნიშნულ პირებს აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ვადაგადაცილებული მოთხოვნის (მოთხოვნების) შესახებ მოვალე წერილობით იყო ინფორმირებული კრედიტორის (კრედიტორების) მიერ განცხადების შეტანამდე არა უგვიანეს 30 დღისა. შეტყობინებაში იმავდროულად უნდა აღინიშნოს მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე.
- განსახილველ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს "ქ---" 30 დღით ადრე იყო ინფორმირებული ვადაგადაცილებული მოთხოვნებისა და მომავალში კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის თაობაზე, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ფოსტის საშუალებით, თუმცა მოვალემ უარი განაცხადა თავის იურიდიულ მისამართზე კორესპონდენციის მიღებაზე. ამასთან, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება განცხადებას არ ერთვის. წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური, რომლის თანახმადაც ელ--------------–---–ის მიერ შპს "ქ---"- ისათვის თბილისში, სა-------------ა N2--ში გაგზავნილი გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ კურიერს მისამართზე არავინ დახვდა. ხოლო გზავნილის მოძრაობის აღრიცხვის დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის 23 მაისს განხორციელდა გზავნილის მიწოდების წარუმატებელი მცდელობა. ამასთან, არ არის აღნიშნული გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ შ.პ.ს "ქ---" ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია ვადაგადაცილებული მოთხოვნის და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე. განმცხადებელმა მუთითა, რომ მოვალემ უარი განაცხადა თავის იურიდიულ მისამართზე კორესპონდენციის მიღებაზე, მაგრამ ვერ წარმოადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, შ.პ.ს. ,,M--”-ს მიერ ხარვეზი შევსებული არ არის.
- ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს. გამომდინარე აღნიშნულიდან, შ.პ.ს. M--”-ს უარი უნდა ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.08.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს M--”-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება, შპს „M--”-ს განცხადების წარმოებაში მიღება (ტ.1, ს.ფ. 96-98).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2018წ. განჩინებით შპს M--”-ს კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.08.2018წ. განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტ.2, ს.ფ. 105-108).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ო. სიჭინავა 22.10.2018წ.-დან 31.10.2018წ. ჩათვლით იმყოფებოდა ყოველწლიურ შვებულებაში, შესაბამისად, სასამართლო წინამდებარე კერძო საჩივარზე მსჯელობს 01.11.2018წ.
სააპელაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ კერძო საჩივარს,¸შეისწავლა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.1. მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს 14 დღის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლი ადგენს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და/ან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
დადგენილია, რომ 29.06.2018წ. შპს ,,M--”-ს წარმომადგენელმა, ან---------–-----მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს "ქ----"-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ (ს.ფ. 2-7). განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს "ქ---" 30 დღით ადრე იყო ინფორმირებული ვადაგადაცილებული მოთხოვნებისა და მომავალში კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის თაობაზე, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ფოსტის საშუალებით, თუმცა მოვალემ უარი განაცხადა თავის იურიდიულ მისამართზე კორესპონდენციის მიღებაზე (ს.ფ. 5), თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური, რომლის თანახმადაც შპს "ქ----"-ის სახელზე გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ კურიერს მისამართზე არავინ დახვდა (ს.ფ. 46). ხოლო გზავნილის მოძრაობის აღრიცხვის დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის 23 მაისს განხორციელდა გზავნილის მიწოდების წარუმატებელი მცდელობა. ამასთან, არ არის აღნიშნული გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი (ს.ფ. 50).
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება ამ მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) აღნიშნულ პირებს აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ვადაგადაცილებული მოთხოვნის (მოთხოვნების) შესახებ მოვალე წერილობით იყო ინფორმირებული კრედიტორის (კრედიტორების) მიერ განცხადების შეტანამდე არა უგვიანეს 30 დღისა. შეტყობინებაში იმავდროულად უნდა აღინიშნოს მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა განცხადების შეტანამდე არა უგვიანეს 30 დღისა შპს "ქ--"-ის ინფორმირება ვადაგადაცილებული მოთხოვნის (მოთხოვნების) შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლომ 04.07.2018წ. განჩინებით მართებულად განუსაზღვრა განმცხადებელს განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან (ს.ფ. 70-72).
საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.2018წ. განჩინების ასლი ხარვეზის დადგენის შესახებ შპს ,,M--”-ს ჩაბარდა 27.07.2018წ. (ს.ფ. 82). 01.08.2018წ. შპს ,,M--”-ს დირექტორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით, თუმცა განმცხადებლის მიერ 04.07.2018წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზი შევსებული არ ყოფილა (ს.ფ. 83,84). განმცხადებლი შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს უზენაესმა სასამართლოს 31.07.2017წ. განჩინებაზე მითითებით, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-21). განმცხადებლის განმარტებით, ანალოგიურ გარემოებებში უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ შპს "ქ--" ინფორმირებული იყო მის მიმართ სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება. ანალოგიურ საფუძვლებს ემყარება შპს ,,M--”-ს მიერ 20.08.2018წ. განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარიც.
”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 20.08.2018წ. განჩინებით მართებულად უთხრა უარი შპს ,,M--”-ს განცხადების მიღებაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება პალატას მიაჩნია დასაბუთებულად, კანონიერად და თვლის, რომ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 10.2 მუხლის საფუძველზე, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-5, მე-10 მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,M--”-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.08.2018წ. განჩინება.
3. განჩინება არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ო. სიჭინავა
მოსამართლეები: თ. სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ა. ძაბუნიძე