განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
110210017001977360
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210017001977360

საქმე 2/ბ-769-18 წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): გ------- მ----–---------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ბ---- ა---–----

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

დავის საგანი: დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 21 ივნისს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ----ი ა---–-----, მოპასუხედ დაასახელა გ------- მ----–--------- და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, ბ---- ა---–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ------- მ----–---------- (პ/ნ 0----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა, ხ---------–-- რ------ს სოფელ ხ-----–- მდებარე უძრავი ქონება ს/კ 3-.08.3-.1-- და გადაეცა მოსარჩელე ბ---- ა---–---- (პ/ნ 0----------) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

მოპასუხე გ------- მ----–---------ს (პ/ნ 0----------) დაეკისრა, მოსარჩელე ბ---- ა---–----ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის გადახდა;

სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსსკ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტსა და 269-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ყველა წინაპირობა ვინაიდან, დავის საგანს წარმოადგენდა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსარჩელეს მიადგებოდა სერიოზული ზიანი.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------- მ----–---------მ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ------- მ----–---------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს აღსრულების დაყოვნებით ადგება ზიანი და ცნობილია ამ ზიანის ზუსტი ოდენობა. კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია უკანონოდ.

გარდა ამისა, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 269-270-ე, 285-ე მუხლის მოთხოვნები, რითაც მოპასუხე მხარეს, ფაქტობრივად მოუსპო კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება, ვინაიდან, არც გადაწყვეტილების გამოცხადებისას, და არც დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გასაჩივრების წესი და ვადა არ მიუთითებია.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა წყდება არა გადაწყვეტილებით, არამედ განჩინებით და იგი მიღებული უნდა იქნას განჩინებისთვის სავალდებულო ფორმის დაცვით.

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ------- მ----–---------- კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ე1 პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

კანონის აღნიშნული დანაწესი (სსსკ-ის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ე1 პუნქტი), წარმოადგენს მესაკუთრის გარანტიას, თავისუფლად ისარგებლოს მისი კუთვნილი ქონებით, მით უფრო როდესაც ეს დაკავშირებულია უძრავი ქონების საცხოვრებლად გამოყენებასთან.

დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომელიც გამოთხოვილი იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მდებარეობს ხ---------–-- რ------ სოფელი ხ-----–- და ამ ქონების მესაკუთრეა ბ---- ა---–----.

დადგენილია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით შუამდგომლობა დაფიქსირებული იქნა სარჩელის შესაბამის გრაფაში, ამასთან სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე თავისი შეხედულებისამებრ იყენებს აღნიშნულ ქონებას, რის გამოც ესპობა შესაძლებლობა ისარგებლოს თავისი საკუთრებით.

ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ნამდვილობა დადასტურებულია და სასარჩელო წესით სადავო არ გამხდარა, მოსარჩელეს მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მესაკუთრეს ეზღუდება საკუთრებით სარგებლობის უფლება, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ე1 პუნქტის გამოყენების წინაპირობას.

პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებები დასაბუთებულ შედავებად ვერ ჩაითვლება, რადგან იგი ზოგადი და აბსტრაქტულია, არ შეიცავს მსჯელობას ისეთ გარემოებებზე, რითაც მესაკუთრისაგან განსხვავებით უპირატესობა მიენიჭებოდა სადავო ქონების ფლობას, რომლის მართლზომიერებაც დადასტურებული არაა და გამოირიცხებოდა დაუყოვნებლივი აღსრულების წესის დადგენა.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი შეიძლება გადაწყდეს, მხოლოდ განჩინებით და არა სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით.

აპელანტის ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის დანაწესზე და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არაა შეზუდული აღნიშნულ საკითხზე იმსჯელოს სარჩელთან დაკავშირებით, არსებითად გამოტანილ გადაწყვეტილებაში და შედეგი ასახოს მის სარეზოლუციო ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ბ---- ა---–----ს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ------- მ----–---------- კერძო საჩივარი, დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე