განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001607866
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3160-18 24 სექტემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
წარმომადგენელი – ნ--------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-------------“
წარმომადგენელი – რ------------–-–---–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „რ-------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 37 624,37 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 144-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ, არასწორად დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და ხანდაზმულია. სინამდვილეში, სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კონდიქციური სამართლის ნორმები, რა დროსაც სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა მოქმედებს. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის უფლების დარღვევა ცნობილი გახდა 2008 წლის 6 აგვისტოს N20 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან, ხოლო სარჩელი წარდგენილია 2016 წლის 16 ნოემბერს. შესაბამისად, დაცულია ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.
5.2. შპს „რ-------------მ“ შეასრულა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N0------- და N0------- ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული ვალდებულება, თუმცა მას სრულად არ გამოუყენებია ის სამშენებლო მასალები, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2----–-–-------------------- მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, შპს „რ-------------ს“ ვალდებულება შეწყდა, თუმცა შედეგად, შპს „რ-------------ს“ მფლობელობაში უსაფუძვლოდ აღმოჩნდა 37624.37 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რითაც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2006 წლის 23 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემსყიდველსა) და შპს „ლ-------–---------------“ (მიმწოდებელს) შორის გაფორმდა №0------- და №0------- ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის მიხედვით, შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიმწოდებლისაგან მიიღო სატენდერო წინადადება თბილისის, მთაწმინდა - კრწანისის რაიონის №------------------------------------------------ საჯარო სკოლებზე.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაო განეხორციელებინა მიწოდებული მასალებით. ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა მისაწოდებელი მასალები.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების 5.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო ოპერატიულად, წერილობით ეცნობებინა მიმწოდებლისათვის საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული მომსახურების ნაწილის (ეტაპის) და წუნდების მიზეზის მითითებით.
9.2. 2006 წლის 11 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (მიმწოდებელს) და შპს „ლ-------–---------------“ (მიმღებს) შორის გაფორმდა მ---------------------------, რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა მიაწოდა და მიმღებმა მიიღო 41 019,74 ლარის ღირებულების მასალები.
9.3. 2007 წლის 22 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტსა და მთაწმინდა-კრწანისის №----------------------- საჯარო სკოლების დირექტორებს შორის გაფორმებული სამუშაოს დასრულების აქტების მიხედვით, 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოები დასრულდა 2006 წლის სექტემბერში.
9.4. 2007 წლის 08 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტსა და დიდუბე-ჩუღურეთის №---------------------- საჯარო სკოლების დირექტორებს შორის გაფორმებული სამუშაოს დასრულების აქტების მიხედვით, 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 15 იანვარს, ხოლო №------------ სკოლაში - 2007 წლის 30 აპრილს.
9.5. 2006 წლის 16 ნოემბერს, 2008 წლის 5 აგვისტოს, 2008 წლის 6 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „ლ-------–---------------“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვით, მიმწოდებელმა კომპანიამ სამინისტროს დაუბრუნა შესაბამისად, 2 265,59 ლარის, 1 069,29 ლარისა და 60,49 ლარის მასალები, ჯამში 3395,37 ლარი.
9.6. შპს „ლ-------–------------იამ“ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდება შპს „რ-------------“.
10. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სადავო სამართალურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაცია. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და არამართებულად დაუკავშირა მას ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, საქმის ფაქტობრივი საფუძვლების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, პასუხი უნდა გასცეს კითხვას, არსებობს თუ არა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი.
11. პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ-ები N ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; Nას-920-870-2015,09.06.2016წ.; Nას-101-97-2016, 15.07.2016წ.; Nას-195-183-2014, 21.10.2016წ.).
12. 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
12.2. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
12.3. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს მოპასუხისათვის იმაზე მეტი რაოდენობით მასალების გადაცემის ფაქტზე, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული; სარჩელი, ასევე, არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე უფრო ნაკლები რაოდენობის მასალა გაიხარჯა, ვიდრე ეს მოპასუხისათვის იყო გადაცემული.
15. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რასაც სასარჩელო მოთხოვნა ემყარება, არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წელს საქართველოს განათელებისა და მეცნიერების სამინისტრომ სადავო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ საჯარო სკოლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ შპს „ლ-------–------------ის“ (ამჟამად, შპს „რ-------------ს“) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ წარმოდგენილ ფორმა #2-ებში არ აღინიშნება სამინისტროსგან უსასყიდლოდ მიღებული მასალების ნულოვანი გაფასება, ამავე დროს არქივში არ ინახება ზემოთხსენებული მასალების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრისთვის უკან დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტები, რის გამოც კომპანიის მიერ მიღებული 37 624,37 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგი, დღეის მდგომარეობით, სამინისტროს ბალანსზე დავალიანებად ირიცხება.
16. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ შემსყიდველის მიერ გადაცემული მასალებით შესრულდა, ვინაიდან მათი გამოყენების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. სამინისტრომ ჩაიბარა ობიექტები და მათ ხარისხზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. ზედმეტად დარჩა მხოლოდ 3395,37 ლარის სამშენებლო მასალა, რომელიც სამინისტროს დაუბრუნდა.
17. სამართლაში მოქმედი პრეზუმფციების (ანუ ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ ვარაუდის დაშვების) წინაპირობას წარმოადგენს რამდენიმე დადგენილი გარემოების ერთობლიობა, რომელსაც, როგორც წესი, შედეგად სადავო ფაქტობრივი ვითარება მოჰყვება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო მასალების მოპასუხე კომპანიისათვის გადაცემა გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით და იგი უნდა მოხმარებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. მოპასუხის განმარტებით, სამუშაოები სწორედ შემსყიდველის მიერ გადაცემული მასალებით შესრულდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. დადგენილია, რომ სამინისტრომ ისე ჩაიბარა ობიექტები, რომ მათ ხარისხზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა პალატის მოსაზრებით, ქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ სამინისტროს მიერ მოპასუხისათვის გადაცემული სადავო მასალები სწორედ შესრულებულ სამუშაოებს მოხმარდა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელე მხარეზეა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული საშენი მასალა მოპასუხემ სრულად არ გამოიყენა ან/და კომპანიის მიერ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოები უფრო ნაკლები რაოდენობის მასალას საჭიროებდა, ვიდრე მოპასუხისათვის იქნა გადაცემული, თუმცა ასეთი მტკიცება მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა, რაც სარჩელის საფუძვლიანობას გამორიცხავს.
18. რაც შეეხება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის წერილს, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება სადავო გარემოების დამადასტურებელ რელევანტურ და საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს და სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, იგი უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება გაზიარებული.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კონდიქციური სამართლის ნორმებიდან გამომდინარე მოთხოვნის წარმოდგენის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
20. აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე აღარ იმსჯელებს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
22. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი