განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002270391
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2814-18 24 სექტემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – თ----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ---------–ი“
წარმომადგენელი – რ-----------------ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და შპს „უ---------–ს“ შორის 2017 წლის 29 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 0.3%-ის ოდენობით ჯარიმის შემცირება 0.02%-მდე, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება 12037.68 ლარიდან 802 ლარამდე; ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის, შპს „უ---------–ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით წაღებული 12037.68 ლარიდან 11235.68 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „უ---------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2017 წლის 29 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.3% შემცირდა 0.05%-მდე და შესაბამისად პირგასამტეხლოდ განისაზღვრა 2006.316 ლარი; ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „უ---------–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10031.36 ლარის გადახდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნები წინააღმდეგობაშია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპთან. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციაზე - თავიდან აიცილოს ვალდებულების დამრღვევი დამატებითი მოქმედებები. სასამართლომ, ასევე, არ იმსჯელა და არ მიუთითა, თუ რა კონრკეტული გარემოებები მიიჩნია პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად“ მიჩნევის ფაქტობრივ საფუძვლად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის შესრულებული ვალდებულების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 11235.68 ლარის ოდენობით, რომელიც არამართლზომიერად იქნა დაკავებული პირგასამტეხლოს ანგარიშში.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2017 წლის 29 მაისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „უ---------–ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ.ბორჯომში ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 167193 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.2. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით - 2017 წლის 27 ივლისის ჩათვლით.
9.3. 2017 წლის 12 ივლისს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, თნხით 167193 ლარი, მიმდინარეობდა დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა #2-ის მიხედვით შესაბამისობაში იყო ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენდა 68345.58 ლარს, რომელიც ექვემდებარებოდა გადახდას.
9.5. 01.08.2017 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შპს „უ---------–ს“ მიმართა და მიუთითა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადა იყო 2017 წლის 27 ივლისი და ვინაიდან სამუშაოები არ იყო დასრულებული, ხელშეკრულების თანახმად, შპს „უ---------–ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც 501.57 ლარს შეადგენდა.
9.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს „უ---------–მა“ გადააცილა 24 დღით.
9.7. 2017 წლის 13 სექტემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „უ---------–ს“შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 29.05.2017 წლის N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 167193 ლარი, დღგ-ს გათვალისწინებით, შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად.
9.8. 2017 წლის 23 ოქტომბერს შპს „უ---------–ის“ დირექტორმა ბორჯომის მუნიციპალიტეტს მიმართა თხოვნით, რომ ხელშეკრულებაში შესულიყო ცვლილება და პირგასამტეხლოს ოდენობა 0.02%-ით განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაცვლად 0,3%-ისა, რაც არ დაკმაყოფილდა.
9.9. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, შპს „უ---------–ს“ პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 12037.68 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა მოპასუხემ შემსრულებელს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან და მოსარჩელეს შესრულების თანხა 12037,68 ლარით ნაკლები ჩაურიცხა.
10. წარმოდგენილი სარჩელით შპს „უ---------–მა“ სადავოდ გახადა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 11235.68 ლარის ოდენობით, რომელიც მან შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან არამართლზომიერად დაუკავა პირგასამტეხლოს ანგარიშში. (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.09.2018 წლის სხდომის ოქმი 14:05:02 – 14:14:01 სთ). სარჩელი ემყარება იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მოცემულ შემთხვევაში 12037.68 ლარს შეადგენს) შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0.02%-მდე (802 ლარამდე). ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 11 235.68 ლარის ანაზღაურება, რომელიც მან მოსარჩელეს არამართლზომიერად დაუკავა ფაქტობრივად შესრულებული და მოპასუხის მიერ აღიარებული სამუშაოს ღირებულებიდან იმ საფუძვლით, რომ იგი პირგასამტეხლოს თანხას წარმოადგენდა.
11. სააპელაციო პალატა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში აღიარებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხის განმარტებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 29 მაისის #1-- ხელშეკრულების საბოლოო ანგარიშსწორებისას ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან შპს „უ---------–ს“ სრულად ჩაერიცხა ფატიურად შესრულებული სამუშაოს საფასური, პირგასამტეხლოს გამოკლებით. ხელშეკრულების თანახმად, დაუკავდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0,3%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 12037.68 ლარს“.
12. ამდენად, მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულების შესრულების ფაქტი და ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო სწორედ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან იქნა დაკავებული პირგასამტეხლოს ანგარიშში. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შესაფასებელია, რამდენად გააჩნდა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ფასიდან 12037.68 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკავების მართლზომიერი საფუძველი. ამისათვის კი, უნდა შეფასდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.
13. სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი, ამასთან, გონივრულად დაიანგარიშა პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას გამორიცხავს. კერძოდ:
14. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე.
15. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
16. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
17. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
18. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის (წლიური 108%-ის) ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში 501.57 ლარს შეადგენს (ჯამში 12037.68 ლარი). სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს, არც შესაგებელში და არც სააპელაციო საჩივარში, მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა (დღეში 501.57 ლარი) აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ღირებულების 0,03%-დან 0,05%-მდე, რაც 24 დღიანი ვადაგადაცილების გათვალისწინებით, ჯამში 2 006.31 ლარს შეადგენს.
20. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, პირგასამტეხლოს ანგარიშში, მხოლოდ 2006.31 ლარის დაკავების მართლზომიერი საფუძველი გააჩნდა, ხოლო 10 031.36 ლარის დაკავება განხორციელებულია არამართლზომიერად.
21. მე-20 პუნქტში ჩამოყალობებული მსჯელობა საფუძველია დასკვნისათვის, რომ მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 10 031.36 ლარის ოდენობით. შესრულებული სამუშაოს ოდენობა და ხარისხი მხარეთა შორის სადავო არ არის, შესაბამისად, შემკვეთმა (მოსარჩელე) მენარდეს (მოპასუხე) უნდა აუნაზღაუროს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ფასი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
22. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე