განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002062664
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3695-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – ს---------–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი – მ-------–---------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ--ი“
წარმომადგენელი – ზ-----------–---–---–ი
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ზ--ისათვის”, ს---------–-–-------------------------–------------ს სასარგებლოდ, 12.01.2016 წლიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს სახით, 500 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ს---------–-–-------------------------–------------ს სარჩელი 5000 ლარის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით; შპს „ზ--ის“, ს---------–-–-------------------------–------------ს სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 5000 ლარის ოდენობით; ს---------–-–-------------------------–------------ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილი ნაწილის დაკმაყოფილებაზე.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე მუხლების საფუძველზე.
4. არსებითი გადაწყვეტილება სარელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა ს---------–-–-------------------------–------------მ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სამართლებრივი შეფასებისას, მართალია, სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, მიუთითა რა პირგასამტეხლოს სამართლებრივ არსსა და მის მნიშვნელობაზე, თუმცა არსებითად არ იმსჯელა და არ მიუთითა, თუ რა კონრკეტული გარემოებები მიიჩნია პირგასამტეხლოს - „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად“ მიჩნევის საფუძვლად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2014 წლის 27 ნოემბერს, შპს „ზ--ი“-ს და ს---------–-–-------------------------–------------ს შორის, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ზ--ის“ ერთი წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცა 340 კვმ. ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის.
9.2. ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის მიხედვით, მოიჯარე ვალდებული იყო, უზრუნველეყო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე კვების ობიექტის ფუნქციონირება. ამავე ხელშეკრულების 3.1.6 მუხლის თანახმად, მოიჯარე ასევე ვალდებულებას იღებდა 3.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში მეიჯარისათვის წარედგინა აუდიტორული-საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებნული იქნებოდა „ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბერის #360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის მიერ.
9.3. ხელშეკრულების 6.3 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 6.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში თითოეული ვალდებულების დარღვევისათვის მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.4. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2015 წლის 27 ნოემბერს. 2015 წლის 23 დეკემბრის წერილით მოპასუხეს განემარტა, რომ 27.11.2015 წლიდან 45 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2016 წლის 11 იანვრისა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადასტურების მიზნით, სააგენტოში უნდა წარედგინა საექსპერტო აუდიტორული დასკვნა. მოპასუხეს წერილები მიღებული აქვს. დაადასტურა დარღვევა, თუმცა საექსპერტო დასკვნა წარდგენილი არა აქვს.
10. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა, შესაბამისად, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
11. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე.
12. სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი, ამასთან, გონივრულად დაიანგარიშა პირგასამტეხლოს ოდენობა და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
14. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
15. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
16. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდა სსიპ ს----–-–-------------------------–-----------ს ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარი). აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
19. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს---------–-–-------------------------–------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი