განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.09.2018
საქმის ნომერი
330210016001341720
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001341720

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3250-18 17 სექტემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – ნ---------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-–----“

წარმომადგენელი – მ--------------–---–ი

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხე შპს „ე-–----სათვის“, მოსარჩელე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 22 555.90 ლარის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. მოსარჩელე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი მოპასუხე შპს „ე-–----ს“ მიმართ, პირგასამტეხლოს სახით, 22 555,90 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დავალებების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც ნათლად დგინდება, რომ იმ წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ობიექტებზე, რომელთა რეაბილიტაციის შესახებ წერილებზე ხელი მოწერილი იქნა ს. კ----–--ის მიერ, სამუშაოები შესრულდა შპს „ე-–----ს“ მიერ. აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო წერილები ნამდვილად შპს „ე-–----ს“ ბარდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კომპანიისათვის უცნობი იყო იმ ქუჩების მისამართები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, იგი ვერც შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტებს წარმოადგენდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. 2013 წლის 25 თებერვალს, ქ. თბილისის მერიას და შპს „ე-–----ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #1------------, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ისნის ზონის გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.

 

9.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტ(ებ)ის მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის (ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის) მიერ ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს. მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბერი, მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონში გზები და ქუჩები.

 

9.3. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 1-დან 30 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.25%-ს ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკის 10-დან 30 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5%-ს ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.7%-ს ოდენობით.

 

9.4. ხელშეკრულების 18.1 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის ატარებდა წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნიდა მეორე მხარეს, იგზავნებოდა საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით, დასაშვები იყო შეტყობინების მეორე მხარისთვის მიწოდება დეპეშის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინებოდა მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით. შეტყობინება ძალაში შედიოდა ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.

 

9.5. 20.02.2013 წლის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანია „არდიმ“ იკისრა ვალდებულება წარედგინა საბანკო გარანტია, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანია იქნებოდა პასუხისმგებელი ქ. თბილისის მერიის წინაშე საერთო თანხაზე 12 510 ლარზე და იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის პირველივე მოთხოვნისთანავე.

 

9.6. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების და შესრულებული სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, შპს „ე-–----მ“ , კრწანისის ქუჩაზე საჭირო სამუშაოები დაასრულა 2013 წლის 01 მაისს, ქეთევან წამებულის პროსპექტზე 2013 წლის 15 მაისს, გორგასლისა და კრწანისის ქუჩის კვეთაზე 2013 წლის 31 ივლისს, კახეთის გზატკეცილზე 2013 წლის 01 ივლისს, შანდორ პეტეფის ქუჩაზე 2013 წლის 01 ივლისს, პატარიძის ქუჩაზე 2013 წლის 01 ივლისს, კვაჭანტირაძის ქუჩაზე 2013 წლის 03 ივლისს, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, მ/სადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიის 2013 წლის 03 ივლისს, მ/სადგურ ისანის უკან, (აგ/ს „სოკართან“) 2013 წლის 26 აგვისტოს, ავლაბრის და გონაშვილის ქუჩების კვეთის სამუშაოები 2013 წლის 31 ივლისს, კვაჭანტირაძის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები 2013 წლის 20 დეკემბერს.

 

9.7. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 16 აპრილის წერილი, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისის მერიამ მიმართა შპს „ე-–----ს“ გენერალურ დირექტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქუჩების, კერძოდ, გორგასლის, ისნის მეტროს უკან, ისნის მეტროს მიმდებარედ, კრწანისის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების დროული, მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შეკეთების თაობაზე.

 

9.8. ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 14 ივნისის წერილის თანახმად, ქ. თბილისის მერიამ წერილობით მიმართა შპს „ე-–----ს“, ქ. თბილისის მერიასთან გაფორმებული 2--------- წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, მოსკოვის გამზირი (ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ) - 500 მ2, ვაზისუბანი მე-2, მე-3 მ/რ, - 500 მ2, შსს სამინისტროსთან - 350 მ2, ისნის მეტროს უკან (სოკართან) – 300 მ2, ვაზისუბანის 1 მ/რ, შიდა გზა - 1000 მ2 ქუჩების დაუყოვნებლივ, 2013 წლის 24 ივნისამდე შეკეთების თაობაზე.

 

9.9. ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 26 ივნისის წერილის თანახმად, ქ. თბილისის მერიამ წერილობით მიმართა შპს „ე-–----ს“ ქ. თბილისის მერიასთან გაფორმებული 2--------- წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, მოსკოვის გამზირი (ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ) – 500 მ2, ავლაბრის ქუჩა - 200 მ2, გონაშვილის და ავლაბრის ქუჩების კვეთა - 200მ2, ისნის მეტროს უკან (სოკართან) – 300 მ2, მეტრომშენის პანდუსი - 300 მ2, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩის კვეთა - 100 მ2, გორგასლის ქუჩა (ბილაინის ოფისთან) – 150 მ2, მეტეხის ხიდის ქვეშ - 200 მ2 ქუჩების შეკეთების წარმოება 2013 წლის 09 ივლისამდე.

 

10. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის კვლევისა და შეფასების საგანია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „ე-–----ს“ გენერალური დირექტორისადმი 2013 წლის 16 აპრილით, 14 ივნისით და 26 ივნისით დათარიღებული წერილების მოპასუხის მიმართ ჩაბარების ფაქტი, რომლითაც შემსყიდველის მიერ შემსრულებლისათვის კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის განსაზღვრა მოხდა.

 

11. სააპელაციო პალატა არ იზიარებს საპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, კერძოდ:

 

11.1. პალატა მიუთითებს მხარეთა მიერ ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებულ დათქმაზე, რომლის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტების მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველს ეტაპობრივად უნდა ეცნობებინა მიმწოდებლისათვის ამავე ხელშეკრულების 18.1 პუნქტის შესაბამისად.ხელშეკრულების 18.1 პუნქტის თანახმად, კი, წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად გაუგზავნიდა მეორე მხარეს, უნდა გაგზავნილიყო საფოსტო გზავნილის, დეპეშის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტით ან ფაქსის გაგზავნით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინებოდა მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.

 

11.2. აპელანტის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი გარემოება, რომ შპს „ე-–----ს“ იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, სადგურის ველი, ხოლო სადავო წერილები ქ. თბილისის მერიის მიერ გაგზავნილია მისამართზე: თ---–--------–-------–----------------, სადაც წერილების მიღება დადასტურებულია ფიზიკური პირის ს. კ----–--ის მიერ.

 

11.3. პალატა მიუთითებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს.

 

11.4. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მტკიცება განხორციელებულია სადავო წერილების შპს „ე-–----სათვის“ ჩაბარების ფაქტის უარყოფით. კერძოდ, მოპასუხის მტკიცებით, წერილების ჩაბარებაზე ხელმომწერი პირი (ს.კ----–--ე) არ არის შპს „ე-–----ს“ თანამშრომელი და კომპანიის გენერალურ დირექტორს დავით ჩაჩანიძეს მასზე არ გაუცია კორესპონდენციის ჩაბარების თაობაზე ნებართვა. უფრო მეტიც, მათთვის უცნობია აღნიშნული პირის ვინაობა. (კომპანიის დირექტორს მხოლოდ ერთხელ აქვს ჩაბარებული მოსარჩელის წერილი (04.12.2013 წელი) და მას არ დაურღვევია ამ წერილით განსაზღვრული შესრულების ვადა). საგულისხმოა გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არა არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის გარდა წერილობითი მიმართვებისა, არსებობდა სიტყვიერი კომუნიკაციაც, რა დროსაც, შპს „ე-–----ს“ დირექტორს, ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირი აძლევდა პირდაპირ მითითებებს, თუ რომელი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა მოპასუხე კომპანიას. (აღნიშნული გარემოების დასტურს წარმოადგენს, მაგალითად, 2013 წლის 16 აპრილის წერილის ტექსტი, სადაც მითითებულია: ,,დაუყოვნებლივ უზრუნველყავით ჩვენს მიერ არაერთხელ ნაჩვენებ და სიტყვიერად მითითებულ ქუჩებზე“ შესაბამისი სარემონტო სამუშაოები).

 

11.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის პოზიციიდან გამომდინარე, მოსარჩელეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პირი, რომელსაც ჩაბარდა სადავო წერილები (ს. კ----–--ე) ნამდვილად მოპასუხე კომპანიის თანამშრომელს ან უფლებამოსილი პირს წარმოადგენდა და რომ სწორედ, მასზე ჩაბარების მომენტიდან უნდა მომხდარიყო შესრულების ვადის ათვლა და შესაბამისად, დარღვევის ფაქტის დადასტურება, თუმცა მოსარჩელემ ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 20 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების/სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

13. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ვანო წიკლაური

 

გოდერძი გიორგიშვილი