განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
330210017001926966
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001926966

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3248-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ი-–-- ბ-------ე

წარმომადგენელი - გ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა-–--–------------ე

წარმომადგენელი - ბ--–--------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ა-–--–------------ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ი-–-- ბ-------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. 2015 წლის 01 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის სესხის ძირი თანხის 2000 აშშ დოლარის და დარიცხული პირგასამტეხლოს სულ 292 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა-–--–------------ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელე ა-–--–------------ის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 2000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში და პირგასამტეხლოს - 292 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ი-–-- ბ-------ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2015 წლის 1 თებერვლის სესხის ხელშეკრულებაში მითითებული გამსესხებელი ა-–--–- ლ------ი (პირადი ნომრით 3----------) და მოსარჩელე ა-–--–------------ე ერთიდაიგივე პირია, ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებული პირადი ნომერი და სარჩელზე დართულ პირადობის მოწმობაში მითითებული პირადი ნომერი იდენტურია (ს.ფ. 10, 12-14).

 

6. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ა-–--–------------ესა და ი-–-- ბ-------ეს შორის სასესხო ურთიერთობა 2015 წლის პირველ თებერვალს სესხის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე წარმოიშვა. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი სესხის ხელშეკრულების დეფინიციას იძლევა, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიგს მიეკუთვნება, იგი კონსესუალური ხელშეკრულებისგან განსხვავდება იმით, რომ ნამდვილად ითვლება ხელშეკრულების საგნის მოვალისთვის გადაცემის და არა ხელშეკრულების დადებაზე შეთანხმების მომენტიდან. სესხის ხელშეკრულების საგნის გადაცემა გამსესხებელმა უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, თუმცა კანონმდებელი სესხის (ფულადი თანხის) მოვალისთვის გადაცემის კონკრეტული სახის მტკიცებულებათა ჩამონათვალს არ ითვალისწინებს, შესაბამისად სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრული და ობიექტური შეფასების შედეგად უფლებამოსილია სესხის გადაცემის ფაქტს სამართლებრივი შეფასება მისცეს. სესხის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აპელანტმა მხარემ სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღეს, 2015 წლის პირველ თებერვალს შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი 140 აშშ დოლარი, გადაიხადა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოვალემ დაადასტურა, რომ პროცენტის გადახდას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია, იგი მას 6-7 თვის განმავლობაში იხდიდა. ყურადსაღებია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით სამართალში ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე გარკვეულ ვალდებულებას ასრულებს, ანუ ნებისმიერი ვალდებულების შესრულება გულისხმობს ძირითადი ვალდებულების არსებობასაც (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი). სამოქალაქო სამართალში პრეზუმფციის დაშვებას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს რადგან იგი მტკიცების ტვირთს მოპასუხე მხარეს უბრუნებს, შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ 140 აშშ დოლარს, რომელიც ზუსტად ემთხვევა ხელშეკრულებით შეთანხმებულ საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, იგი არა სასესხო ხელშეკრულების, არამედ სხვა ვალდებულების შესასრულებლად იხდიდა, რაც თავისთავად სასესხო ვალდებულების არსებობას გამორიცხავს.

 

დაშვებული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად აპელანტმა განმარტა, რომ მან ავტომანქანის მესაკუთრის ნაცვლად იკისრა პროცენტის გადახდის ვალდებულება, მანამ სანამ მოსარჩელე სესხის ძირითად თანხას რ---–---- ჭ------სგან (პირი რომლისგანაც აპელანტმა უფლებრივად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა) ამოიღებდა. ამგვარი აპელირება, ისეთ პირობებში როდესაც ზეპირსიტყვიერი მითითების გარდა საქმის მასალებში არ არსებობს მისი დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება გაზიარებული ვერ იქნება. აპელანტი საქმის შედეგით დაინტერესებული მხარეა, შესაბამისად მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს მხოლოდ მაშინ ლახავს, როდესაც იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არის გამყარებული. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაშვებული პრეზუმფცია გაქარწყლებული არ არის, რაც მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებასა და ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

7. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში გარიგების მოტყუებით დადებას ადგილი არ ჰქონია. სამოქალაქო კოდექსი გარიგების ბათილობის საფუძვლებს იცნობს, მოტყუებით დადებული გარიგება ერთ-ერთი მათგანია.

 

მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ, მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მხარემ საქმის ზეპირი განხილვის დროს დაადასტურა, რომ სალომბარდე დაწესებულებაში თავისი ნებით მივიდა, გადასცა ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთიც გადაიხადა. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასესხო ხელშეკრულებაში მითითებულ მოვალის მისამართს, თავად მოვალემ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში იგი ამ მისამართზე დროებით ცხოვრობდა, შესაბამისად იმ პირობებში როდესაც მის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე მისამართი მითითებული არაა, ხოლო მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ხელშეკრულებაში მიეთითება ცალსახაა, რომ აღნიშნულის გამჟღავნება თავად მოვალის მიერ მოხდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ობიექტური ადამიანის გადმოსახედიდან, მაშინ როდესაც პირი თავად მიდის ლომბარდში, აძლევს მათ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, მისამართსა და ტელეფონის ნომერს კარნახობს და ურთიერთობის დასასრულს გარკვეულ დოკუმენტს ხელს აწერს, გარიგების მოტყუებით დადების ეჭვს არ იწვევს. მითითებული ქმედებების განხორციელების შემდგომ, ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდება მოსაზრება, რომ მოვალემ იცოდა თუ რა დოკუმენტს აწერდა ხელს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან ხელი დოკუმენტს წაკითხვის გარეშე გაუაზრებლად მოაწერა, აღნიშნული მისი ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს მაინც არ ქმნის, რადგან ნების გამოვლენის შეზღუდვის კანონისმიერი საფუძვლები სახეზე არ არის (სამოქალაქო კოდექსის 12-16 მუხლები).

 

8. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტ მხარეს პირგასამტეხლოს სახით 292 აშშ დოლარის გადახდა მართებულად დაეკისრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

 

პირგასამტეხლო მოთხოვნის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ს.ფ. 12-14).

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია მეტიც იგი აღნიშნავდა, რომ მას არანაირი სასესხო ვალდებულება არ გააჩნდა რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - ვალდებულების დარღვევა - სახეზეა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით მხარეები მსესხებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით, შეთანხმდნენ. სარჩელით მოსარჩელე 0,5%-ის ნაცვლად 0,02 პროცენტის დაკისრებას ითხოვდა, რაც სარჩელის აღძვრის დროისთვის ჯამში 292 აშშ დოლარს შეადგენდა. დავის არსის, ვალდებულების დარღვევის სიმძიმის, და დასარიცხი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს არ წარმოადგენდა და მართებულად არ იქნა შემცირებული პირველი ინსტანციის მიერ.

 

9. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეს რომელიც გარიგების მოტყუებით დადების შესახებ აპელირებდა, მისი დამტკიცების მოვალეობა ეკისრებოდა, ასევე მასვე უნდა დაედასტურებინა მის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში გადახდილი თანხა, კერძოდ 140 აშშ დოლარი, რას ემსახურებოდა, თუ არა სასესხო ვალდებულების შესრულებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოებები ვერ მტკიცდება, რაც შეეხება თავად აპელანტის ახსნა განმარტებას, მხოლოდ მისი ზეპირი მითითებები სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება, რადგან იგი საქმის შედეგით დაინტერესებული მხარეა და სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მისი ახსნა-განმარტება ობიექტურობისა და სანდოობის ტესტს ვერ ლახავს.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობასა და დადგენილ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 240 ლარი და 90 თეთრის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი-–-- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ ალანია