განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.11.2018
საქმის ნომერი
330310018002703478
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2982-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი

ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი: დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მ-----– ჯ-----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

 

მესამე პირები: ი----- ო-----–---–ი და მ--- ჟ-------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

 

1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის მ-----– ჯ-----ს სარჩელი №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულების ბათილად ცნობისა და №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №5- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, ი----- ო-----–---–სა და №5- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - მ--- ჟ-------–---–ს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ.

 

2. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საბურთალოს ოლქის №5- საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების დღეს - 2018 წლის 28 ოქტომბერს „ევროპული საქართველოს“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა ი----- ო-----–---–მა ზეპირად უარი განაცხადა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე, მიზეზად მიუთითა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

2.2. ევროპული საქართველოს მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა ი----- ო-----–---–მა მონაწილეობა მიიღო შემდგომ წილისყრაში და მიენიჭა რეგისტრატორის ფუნქცია.

 

2.3. ა(ა)იპ საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა მ-----– ჯ-----მ 2018 წლის 28 ოქტომბერს საჩივრით მიმართა №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა - საბურთალოს ოლქის №5- საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მ--- ჟ-------–---–ისა და კომისიის წევრის, ი----- ო-----–---–ის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა.

 

2.4. №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №-- სხდომის ოქმის თანახმად კომისიამ შეისწავლა საკითხი, გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს და დაადგინა, რომ ი----- ო-----–---–მა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაცხადა უარი ყუთის გაყოლაზე, რაც ზეპირად, წინასწარ დააფიქსირა, ამიტომაც მ--- ჟ-------–---–მა მას მიაღებინა მონაწილეობა შემდგომ კენჭისყრაში, შესაბამისად №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულებით, ა(ა)იპ საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის მ-----– ჯ-----ს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

2.5. განკარგულებაში მითითებულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო კომისიის წევრი მისი არჩევის (დანიშვნის) დღიდან, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა იწყება მაშინ, როდესაც წილისყრით ხდება მისი ფუნქციის გამოვლენა, ხოლო, ამ ფუნქციის გამოვლენის შემდეგ კომისიის წევრის მხრიდან უარი ფუნქციის შესრულებაზე იწვევს მთელ რიგ სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, მას ეკრძალება მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის მიღება და მისი ეს ქმედება შეიძლება შეფასებული იქნეს დისციპლინურ გადაცდომად. კომისიამ მიიჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან წილისყრის პროცედურის დაწყებამდე მასში მონაწილეობაზე უარი არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად და შესაბამისად, ასეთი პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის პასუხისმგებლობის ზომა. კომისიამ მიუთითა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირველ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში, მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას, არამედ მხოლოდ წილისყრით გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის მიერ ფუნქციის შესრულებაზე უარი გამორიცხავს მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი, მე-2, 601 მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-23-ე, 32-34-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 55-ე მუხლები, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 26-ე, 28-ე, 30-ე, 61-ე მუხლები, „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომიიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს N45/2018 დადგენილების დანართი.

 

3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილების დანართის თანახმად (იხ. დანართის გვ.15), თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების (ნაკადის მომწესრიგებელი, რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი) გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

 

3.2. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მ--- ჟ-------–---–ის ქმედებაში არ იკვეთებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, რადგან მ--- ჟ-------–---–ი მოქმედებდა „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილების შესაბამისად, რისი გონივრული მოლოდინის საფუძველსაც აძლევდა საქართველო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტი. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ქმედება ვერ დაკვალიფიცირდებოდა სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობად ან არაჯეროვნად შესრულებად, მით უმეტეს - კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეშ დარღვევად, რადგან როგორც კანონში, ისე - ინსტრუქციაში მითითებულია, რომ შემდგომ წილისყრაში მონაწილეობის აკრძალვა ვრცელდება წილისყრით უკვე გამოვლენილ საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრზე. მოცემულ შემთხვევაში კი ი----- ო-----–---–ი ასეთ პირად ვერ განიხილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით,, დისციპლინურ დარღვევად ვერ მიიჩნევა ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარემ არ მოახდინა საკანონმდებლო ნორმის ფართო განმარტება და არ გაავრცელა კანონით დადგენილი აკრძალვა ისეთ ქმედებაზე, რომელიც შესაძლოა, კანონის გვერდის ავლით მიზნად ისახავდა გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღების მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმას; მით უმეტეს - კომისიის წევრს მითითებული ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

3.3. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომისიის წევრს მიანიჭოს ფუნქციები, კერძოდ, როდესაც კომისიის წევრი, რომელსაც უფლება არ აქვს მორიგ წილისყრაში მიიღოს მონაწილეობა (რადგან ეს წევრი უარს აცხადებს წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღებაზე) ან კომისიაში გამოცხადდა წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამასთან, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია წილისყრით დადგენილი ფუნქცია დროებით გადასცეს კომისიის სხვა წევრს, მ--- ჟ-------–---–ის მხრიდან კანონის და ინსტრუქციის დანაწესის სიტყვა-სიტყვითი შინაარსის მიხედვით მოქმედება ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობების დარღვევად.

 

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ი----- ო-----–---–ის მხრიდან გადასატანი ყუთის წაღებასთან დაკავშირებულ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის ფაქტი წარმოადგენდა მისი მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობას, ვინაიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღება არის კომისიის წევრის მიერ შესასრულებელი ფუნქცია, რომლის ვალდებულებაც მას შეიძლება დაეკისროს წილისწყრით, ხოლო წილისყრაში მონაწილეობაზე უარი იმთავითვე გამორიცხავს მისი მხრიდან ამ მოვალეობის შესრულებას. შესაბამისად, კომისიის წევრს მსგავსი თვითნებობის უფლება არ აქვს და კანონის გვერდის ავლით ამ ფუნქციის შესრულებაზე უარი შესაძლოა განხილული იქნეს, როგორც მოვალეობის დარღვევა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში მისაღებად ჩათვალა მისი ზეპირი განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, გადასატანი ყუთის მიზანი და დანიშნულებაა მისი კენჭისყრის შენობიდან გატანა, რათა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მიეცეთ შესაძლებლობა სრულფასოვნად განახორციელონ მისი საარჩევნო უფლებები.

 

3.5. სასამართლოს მითითებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით, საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელება კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის. შესაბამისად, საარჩევნო პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა კომისიის თავმჯდომარემ ვერ ჩაატაროს სათანადო წარმოება კომისიის წევრის მხრიდან მითითებული გარემოებების საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით. ამ შემთხვევაში მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შესაძლოა გახდეს სიტყვიერი განმარტება აღნიშნული წევრისა, თუმცა საუკეთესო პრაქტიკის დადგენის მიზნით, მნიშნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და შემდგომში საოლქო საარჩევნო კომისიამ შეძლებისდაგვარად სრულყოფილად შეისწავლოს კონკრეტული მიზეზი, რათა დადგინდეს, აღნიშნული მოვალეობის შესრულება ხომ არ განხორციელდა ბრალეულად და რამდენად საპატიოა კომისიის წევრის მიერ გაცხადებული მიზეზი.

 

3.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ი----- ო-----–---–ის მხრიდან ჰქონდა ადგილი პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებული პოზიციის გაზიარებას, რომ პარტიას საარჩევნო კომისიებში თითო წევრი ჰყავდა და არ სურდათ მათი საარჩევნო უბნიდან გარიდება. ეს გარემოება შესაძლოა, გამხდარიყო ი----- ო-----–---–ის განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, თუმცა, სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, იმ მომენტისათვის რამდენად რეალური იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო ყუთის გადატანის შეუძლებლობა, სასამართლომ მხოლოდ ეჭვის საფუძველზე დადასტურებულად ვერ ჩათვალა, საარჩევნო კომისიის წევრის მიერ კომისიის თავმჯდომარის მოტყუებისა და ცრუ მიზეზით მოვალეობის შესრულებისაგან თავის არიდების ფაქტი.

 

3.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არც საქმის მასალებით ირკვევა და ვერც მოსარჩელის მიერ იქნა წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები ი----- ო-----–---–ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სადავო ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ყოველგვარი ეჭვი ი----- ო-----–---–ის სასარგებლოდ გადაწყვიტა. სასამართლოს მითითებით, როდესაც საკითხი ეხება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ყველა ელემენტის არსებობა პოზიტიურად უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში კი, არ დგინდებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი უხეში დარღვევა, რადგან ი----- ო-----–---–ის ქმედებას რაიმე არსებითი ზიანი არ მოჰყოლია, საარჩევნო პროცესი არ შეფერხებულა და არ დარღვეულა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პრინციპული დებულებები; სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე იმავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ქმედების დისციპლინურ გადაცდომად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ბრალეულობის ელემენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა, რადგან ი----- ო-----–---–ს მითითებული ჰქონდა საპატიო გარემოება - ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასამართლოს მოსაზრებით, შესასრულებელი ფუნქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს განცხადება არ არის მოკლებული დამაჯერებლობას, რადგან შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა პირს ხელს უშლიდეს გადასატანი ყუთის წაღებაში, თუმცა, იმავდროულად, არ აბრკოლებდეს უბანზე ყოფნის პირობებში სხვა ფუნქციების შესრულებას, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურებრივი მოვალეობების ბრალეული დარღვევა მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება.

 

4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა 2018 წლის 03 ნოემბერს სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება; წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად გამორიცხა კომისიის წევრის ბრალეულობა სადავოდ ქცეულ დარღვევაში. სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ნათლად ადასტურებენ პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიას საარჩევნო კომისიებში თითო წევრი ჰყავდა და არ სურდა მათი საარჩევნო უბნებიდან გარიდება. აპელანტი აღნიშნავს შემდეგს: საქალაქო სასამართლო მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს: "ეს გარემოება შესაძლოა, გამხდარიყო ი----- ო-----–---–ის განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, იმ მომენტისათვის რამდენად რეალური იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო ყუთის გადატანის შეუძლებლობა, სასამართლო მხოლოდ ეჭვის საფუძველზე დადასტურებულად ვერ ჩათვლის, რომ საარჩევნო კომისიის წევრმა მოატყუა კომისიის თავმჯდომარე და ცრუ მიზეზით აარიდა თავი მისი მოვალეობის შესრულებას."

 

4.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მიუთითა: "მოსარჩელის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები ი----- ო-----–---–ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, სადავო ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ყოველგვარი ეჭვი მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს." განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო კომისიის წევრის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამართლებად უთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. აღნიშნული გარემოების არამართებულობის, სიცრუის მტკიცების ტვირთი ვერ იქნება დაკისრებული მოსარჩელისათვის, ვინაიდან "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს მიეკუთვნება ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება, ხოლო მეორე პუნქტის მიხედვით კი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

 

4.3. აპელანტს მიაჩნია, მხოლოდ კომისიის წევრს, ი----- ო-----–---–ს შეეძლო წარედგინა ინფორმაცია მისი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის გამოც აღნიშნული მტკიცება ვერ მოხდებოდა მოსარჩელის მიერ; ხოლო თავის მხრივ საბურთალოს ოლქის N5- საუბნო კომისიის თავჯდომარესა და შემდგომში N03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას სათანადოდ უნდა გამოეკვლიათ კომისიის წევრის ზეპირი განმარტებები. ამასთან საოლქო საარჩევნო კომისია პარტია "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში იყო, ვინაიდან ამგვარი ქმედება განმეორდა ოლქი შემავალი საარჩევნო უბნების უმრავლესობაში.

 

4.4. აპელანტს მიაჩნია, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ მან არასათანადოდ გამოიკვლია კომისიის წევრის მითითება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რითაც კანონს გვერდი აუარა.

 

4.5. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაზე და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად მართებულად მიიჩნია შესაძლებლად საარჩევნო კოდექსის 61.2 "დ1" მუხლის ფართო განმარტება და მისი გავრცელება ისეთ ქმედებაზე, რომელიც შესაძლოა, კანონის გვერდის ავლით მიზნად ისახავდა გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღების მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმას, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ მიიჩნია კომისიის თავმჯდომარის აღნიშნული, ნორმის ვიწრო განმარტება საკმარის საფუძვლად მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დასადგენად; ვინაიდან მის მიერ აღნიშნული ქმედებით მიღწეულ იქნა კომისიის წევრის მიზანი "თვითნებური" ქმედების შედეგად თავი აერიდებინა საუბნო კომისიის ტერიტორიის დატოვებისათვის.

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის,სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების , მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შეფასების შედეგად თვლის, რომ ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებების გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. საბურთალოს ოლქის №5- საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების დღეს - 2018 წლის 28 ოქტომბერს „ევროპული საქართველოს“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა ი----- ო-----–---–მა ზეპირად უარი განაცხადა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე, მიზეზად მიუთითა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

6.2. ევროპული საქართველოს მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა ი----- ო-----–---–მა მონაწილეობა მიიღო შემდგომ წილისყრაში და მიენიჭა რეგისტრატორის ფუნქცია.

 

6.3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლმა მ-----– ჯ-----მ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრაცია გაიარა N03 საბურთალოს საარჩევნო ოლქის N5--ე საარჩევნო უბანზე.

 

6.4. ა(ა)იპ საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა მ-----– ჯ-----მ 2018 წლის 28 ოქტომბერს საჩივრით მიმართა №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა - საბურთალოს ოლქის №5- საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მ--- ჟ-------–---–ისა და კომისიის წევრის, ი----- ო-----–---–ის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა.

 

6.5. №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №-- სხდომის ოქმის თანახმად კომისიამ შეისწავლა საკითხი, გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს და დაადგინა, რომ ი----- ო-----–---–მა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაცხადა უარი ყუთის გაყოლაზე, რაც ზეპირად, წინასწარ დააფიქსირა, ამიტომაც მ--- ჟ-------–---–მა მას მიაღებინა მონაწილეობა შემდგომ კენჭისყრაში, შესაბამისად №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულებით, ა(ა)იპ საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის მ-----– ჯ-----ს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

6.6. №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულებაში მითითებულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო კომისიის წევრი მისი არჩევის (დანიშვნის) დღიდან, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა იწყება მაშინ, როდესაც წილისყრით ხდება მისი ფუნქციის გამოვლენა, ხოლო, ამ ფუნქციის გამოვლენის შემდეგ კომისიის წევრის მხრიდან უარი ფუნქციის შესრულებაზე იწვევს მთელ რიგ სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, მას ეკრძალება მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის მიღება და მისი ეს ქმედება შეიძლება შეფასებული იქნეს დისციპლინურ გადაცდომად. კომისიამ მიიჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან წილისყრის პროცედურის დაწყებამდე მასში მონაწილეობაზე უარი არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად და შესაბამისად, ასეთი პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის პასუხისმგებლობის ზომა. კომისიამ მიუთითა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირველ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში, მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას, არამედ მხოლოდ წილისყრით გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის მიერ ფუნქციის შესრულებაზე უარი გამორიცხავს მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.

 

6.7. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულების ბათილად ცნობა და №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, რომლითაც №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №5- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, ი----- ო-----–---–სა და №5- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - მ--- ჟ-------–---–ს დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

7.1. სააპელაციო პალატა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ხელმძღვანელობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის შესაბამისად საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

 

7.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე; იმავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურების თანამიმდევრობას. მითითებული ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ. მითითებული ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში); იმავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც შეირჩევა: ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას; ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ; ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.

7.3. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომის ისეთი შემთხვევები, როგორიცაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი. ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა. თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილში კი მითითებულია, რომ დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება; დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა.

 

7.4. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის მეორე წინადადების იმპერატიული მოთხოვნაა, საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

 

7.5. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ პუნქტის შესაბამისად, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შემოწმებისა და შეფასების შედეგად თვლის, რომ ი----- ო-----–---–ის უარი, კომისიის წევრებს შორის, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61.2. „დ1“ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობას.

 

7.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის სააპელაციო სასამართლო თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია რომ, №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

7.7. საბურთალოს ოლქის №5- საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მ--- ჟ-------–---–ის ქმედების მართლზომიერების შეფასებასთან დაკავშირებით, (მის მიერ კომისიის წევრის ი----- ო-----–---–ის მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის დაშვების გამო) სააპელაციო პალატა მიუთითებს, იმ პირობებში, როდესაც პალატის მიერ დადგენილ იქნა, რომ ი----- ო-----–---–ის მხრიდან სახეზე არ არის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალსიწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ი----- ო-----–---–ი მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამდენად, ასევე არ არსებობს №5- საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მ--- ჟ-------–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რადგან დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში მ--- ჟ-------–---–ი მოქმედებდა „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად.

 

7.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მოცემული საქმის ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას, მათ სწორ სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც მიიჩნევს, რომ არ არსებობს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე და 390-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი.

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი

 

ნინო ქადაგიძე