განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
330210016001339072
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი, სამოქალქო
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001339072

საქმე №2ბ/3882-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ლ--–- ა--------ი

წარმომადგენელი - მ---- მ---------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ე-–----- ბ------ე, ნ---- ქ----------ე, მ----- მ---------ე

წარმომადგენელი - შ------- კ--------ი

 

დავის საგანი - სესხის და იპოთეკის და ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული „უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ“ ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ--–- შ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. სს ,,სა---------–---------–-–----- ე-–---------------ა”-ს გ--–- შ-------ს სასარგებლოდ დაეკისრა 7767 (შვიდი ათას შვიადსამოცდაშვიდი) ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 11 მაისს ლ--–- ა--------ს, ე-–----- ბ-------ეს და ნ---- ქ----------ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ე-–----- ბ-------ის მიერ გაცემული სესხის თანხაა 28 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ---- ქ----------ის 5000 აშშ დოლარი. სესხის სარგებლიანია, სარგებელი სესხისთვის განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის ყოველთვიური 3%-ით, სესხის ვადა 6 თვე, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 11 ნოემბერი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- ა--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ზ----------ის ქ N--.

 

2.2. წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოვალეს შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც გრძელდება ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ან დავის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან სხვა სახით იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე ან იპოთეკარების ნაწილობრივ საკუთრებაში გადასვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 11 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-26)

 

2.3. 2014 წლის 4 აპრილს ე-–----- ბ-------ეს და მოპასუხე მ----- მ---------ეს შორის გაფორმდა „უფლების ნაწილობრივ დათმობის“ შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ე-–----- ბ-------ემ მ----- მ---------ეს ნაწილობრივ გადასცა 11.05.2015 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, თანხის მოთხოვნის უფლება, კერძოდ სესხის ძირითადი თანხიდან 28 000 აშშ დოლარიდან 8 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ (ს.ფ. 30-35)

 

2.4. დადგენილია, რომ ლ--–- ა--------ს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს 480 აშშ დოლარი და 1500 აშშ დოლარი, ჯამში 1980 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თანხის გადაცემის შესახებ ხელწერილი (ს.ფ. 27; 29)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. სასამართლომ შენიშნა, რომ საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია თანხის მიღების დამადასტურებელი ხელწერილი, რომლის შინაარსით ე-–----- ბ------ემ მიიღო 2970 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს დასკვნით დასახელებული დოკუმენტით ე-–----- ბ------ის მიერ ლ--–- ა--------ისგან თანხის მიღება არ დასტურდება რადგან თავად ხელწერილში თანხის გადამცემის ვინაობა აღნიშნული არ არის. დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და მასში მხარეებს არ მიუთითებიათ იმ ხელშეკრულების რეკვიზიტები, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ანგარიშსწორება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თანხის გადაცემის შესახებ ხელწერილი (ს.ფ. 28)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 11 მაისს და 2016 წლის 04 აპრილს შედგენილი გარიგებანი ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით 3% დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია სესხის ძირითადი ნაწილის 3% რაც ყოველწლიურად შეადგენს 36 პროცენტს.

 

სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54- ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სასამართლომ შენიშნა, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2015 წლის 11 მაისის სესხის და იპოთეკის და ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული „უფლების ნაწილობრივი დათმობის შესახებ“ 2016 წლის 4 აპრილის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის დარიცხვის ნაწილში. სასამართლოს მოსაზრებით ნაცვლად გარიგებაში მითითებული 36%-იანი ყოველწლიური სარგებლის მოცულობისა მოპასუხისთვის დასაკისრებელი ყოველწლიური სარგებელის მოცულობა უნდა განისაზღვროს წლიური 18%-ით.

 

2.7. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიაჩნია ლ--–- ა--------ის მეორე სასარჩელო მოთხოვნა ლ--–- ა--------ის მიერ ე-–----- ბ------ისთვის გადახდილი 4950 აშშ დოლარი ჩაითვალოს 2015 წლის 11 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველის ნაწილის დანაწესით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

პირველ ყოვლისა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით ლ--–- ა--------ის მიერ კრედიტორებისთვის 4950 აშშ დოლარის გადახდა არ დასტურდება. სასამართლომ დაადგინა ლ--–- ა--------ის მიერ 2015 წლის 11 მაისს შედგენილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილია მხოლოდ 1980 აშშ დოლარი.

 

2015 წლის 11 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსით ე-–----- ბ------ეს ექვსი თვის სარგებელთან ერთად უნდა მიეღო 33040 აშშ დოლარი. შესაბამისად ლ--–- ა--------ს 3% სარგებლის გათვალისწინებით პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 5040 აშშ დოლარი. სასამართლომ მიიჩნია გარიგებაში ასახული სარგებლის 3% მოცულობა არაგონივრულია და იგი ორჯერ უნდა შემცირდეს. შესაბამისად უნდა შემცირდეს ლ--–- ა--------ის მიერ 6 თვის განმავლობაში სარგებლის სახით გადასახდელი თანხის მოცულობა და გონივრულ ნიშნულთან გათანაბრების შედეგად უნდა განისაზღვროს 2520 აშშ დოლარით.

 

სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ე-–----- ბ------ის მიმართ გადასახდელი სარგებლის შემცირების შემთხვევაშიც კი ლ--–- ა--------ის მიერ გადახდილი 1980 აშშ დოლარი არაა საკმარისი 2015 წლის 11 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გონივრული სარგებლის დასაფარად. აქედან გამომდინარე ლ--–- ა--------ის სასარჩელო მოთხოვნა 4950 აშშ დოლარის ძირითად თანხაში გადახდილად ჩათვლის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იპოთეკარს სხვადასხვა დროს სოლიდური თანხები გადაუხადა, რაზედაც არ შედგენილა წერილობითი დოკუმენტი, თუმცა აღნიშნულ ფაქტს თავად უარყოფდა. წერილობითი ფორმით დადასტურებული აქვს 2970 (ორი ათას ცხრაას სამოცდაათი) აშშ დოლარის, ასევე 2016 წლის 02 მარტს 480 (ოთხას ოთხმოცი) აშშ დოლარის და 2016 წლის 29 თებერვალს 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის, მიღების ფაქტი. ამდენად, ჯამში მას მიღებული აქვს 4950 აშშ დოლარი.

 

3.1.2. სარჩელს თან ერთვის ე-–----- ბ------ის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც მან ზემოთაღნიშნული იპოთეკის ანგარიშში მიიღო 2970 აშშ დოლარი. ამ ხელწერილის ნამდვილობა სასამართლო პროცესზე სადავო არ გამხდარა. მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მხოლოდ ის ითქვა, რომ ხელწერილი მართალია მას ეკუთვნის, თუმცა მასში მითითებული თანხა არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად უნდა მიჩნია, რომ ე-–----- ბ------ემ ლ--–- ა--------ისაგან პროცენტის სახით ჯამში მიიღო არა როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაშია მითითებული - 1980 აშშ დოლარი, არამედ 4950 აშშ დოლარი. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლომ პროცენტის შემცირების ნაწილში ლ--–- ა--------ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაშინ მისი მეორე მოთხოვნა 4950 აშშ დოლარის ჩათვლა ძირითად თანხმაში უნდა მომხდარიყო ნაწილობრივ მაინც. კერძოდ, როგორც სასამართლო მიუთითებს, პროცენტის შემცირების მიხედვით სარგებლის სახით გადასახდელი თანხის მოცულობა 6 თვის განმავლობაში შეადგენს 2520 აშშ დოლარს. ასეთ შემთხვევაში, 4950 აშშ დოლარს - 2520 აშშ დოლარი =2430 აშშ დოლარს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი 2430(ორიათას ოთხას ოცვდაათი) აშშ დოლარი მაინც უნდა ჩაეთვალა ძირითად თანხაში და ამ ნაწილში სარჩელის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნაწილობრივ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლ--–-დ დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. 2015 წლის 11 მაისს ერთი მხრივ ლ--–- ა--------ს და მეორე მხრივ ე-–----- ბ-------ეს და ნ---- ქ----------ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ--–- ა--------მა ე-–----- ბ-------ისგან სესხად მიიღო 28 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ---- ქ----------ისგან 5000 აშშ დოლარი. სესხის სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 3%-ის ოდენობით, ხელშეკრულება 6 თვის ვადით მოქმდებდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- ა--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ზ----------ის ქ N--.

 

2016 წლის 04 აპრილს ე-–----- ბ-------ეს და მ----- მ---------ეს შორის გაფორმდა „უფლების ნაწილობრივ დათმობის“ შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე-–----- ბ-------ემ 11.05.2015 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება, მ----- მ---------ეს ნაწილობრივ გადასცა, კერძოდ, 8 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. (ტ.1.ს.ფ. 17-26; 30-35)

 

4.1.2. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტის სააპელაციო პრეტენზია (შედავება) არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ გარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილი 1980 აშშ დოლარის გადახდისა, მას 11.05.2015 წლის სესხის და იპოთეკის ხელშკრულებიდან გამოდინარე მოპასუხის სასარგებლოდ ასევე გადახდილი აქვს 2970 აშშ დოლარი, საიდანაც სასამართლოს მიერ პროცენტის შემცირების (2520 აშშ დოლარამდე) გათვალისწინებით, დარჩენილი 2430 აშშ დოლარით გადახდილად უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის ნაწილი მითითებული თანხის ოდენობით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება აღნიშნულ ნაწილში.

 

4.1.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ლ--–- ა--------ის მიერ 11.05.2015 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ელმირა ბ------ის მიმართ 2970 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების (სესხის დაფარვის) ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:

 

სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

 

პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მრავალი სახე არსებობს. ეს შეიძლება იყოს ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი, და სხვა. თავად 429-ე მუხლში აღნიშნული დოკუმენტი რამდენიმე ფორმით არის ფორმულირებული და ერთგვაროვან ტერმინს 429-ე მუხლი არ აყალიბებს. კერძოდ, შესაბამის ადგილას მუხლი მას მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს უწოდებს (429 I), მეორე შემთხვევაში იგი ვალის მიღების შესახებ შედგენილ დოკუმენტად არის განსაზღვრული (429 II), მესამე შემთხვევაში იგი განსაზღვრულია როგორც დოკუმენტი ვალის გადახდის შესახებ (429 III), მეოთხე შემთხვევაში მას კანონმდებელი უწოდებს შესრულების მიღების დოკუმენტს (430), ხოლო მეხუთე შემთხვევაში ის განსაზღვრულია, როგორც დოკუმენტი შესრულების თაობაზე/შესახებ (430-431-ე მუხლები). პრაქტიკული მნიშვნელობის არის ის გარემოება, რომ, აღნიშნული ტერმინები სსხვადასხვაობის მიუხედავად, ისინი ერთსა და იმავე სამართლებრივი ბუნების მქონე დოკუმენტს აღნიშნავენ. კერძოდ, ყველა მათგანი ადასტურებს კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიღებას, შესაბამისად ვალდებულების შესრულებისა და მისი შეწყვეტის ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. დასახელებული ნორმით განსაზღვრული რომელიმე რეკვიზიტის მიუთითებლობის, როგორც ვალდებულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტზე 429-ე მუხლის სამართლებრივი შედეგების გავრცელება-გაუვრცელებლობის საფუძვლად გამოყენება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანი უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სესხის თანხის ნაწილის სახით 2970 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად ხელწერილზე მიუთითებს, სადაც მითითებულია შემდეგი: ,,მე ე-–----- ბ------ე მივიღე 2970 (ორი ათას ცხრაას სამოცდაათი) აშშ დოლარი იპოთეკის’’. სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ მართალია სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლში მითითებული რეკვიზიტების ერთდროულად არსებობა კონკრეტული გარემოების ხასიათის გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასების საგანი შეიძლება გახდეს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევში საქმეში წარმოდგენილი სადავო ხელწეილი არ შეიცავს 430-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთ რეკვიზიტებს, რომელიც ე-–----- ბ------ის მიერ ლ--–- ა--------ისგან მათ შორის გაფორმებული სესხის და იპოთკის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების ნაწილობრივ, 2970 აშშ დოლარით შესრულების ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული ტექტი არ არის საკმარისი ლ--–- ა--------ის მიერ ე-–----- ბ------ის სასარგებლოდ მათ შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე 2970 აშშ დოლარის გადახდის ფაქტის დასადასტურებლად. უფრო მეტიც, დასახელებული ხელწერილის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 02.03.2016წ. და 29.02.2016წ. ხელწერილებზე, (ტ.1.ს.ფ.27,29) სადაც კრედიტორი ე-–----- ბ------ე ხელწერილებში ვალდებულების შესრულების მიღების შესახებ ნათლად და გარკვევით უთითებს როდის, რა, ვისგან და რის საფუძველს მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მხოლოდ სადავო ხელწერილის საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს სესხის თანხის ნაწილის 2970 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაბრუნების ფაქტს, ვინაიდან ასეთი გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება გარდა აღნიშნული ხელწერილისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლ--–-დ უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--–- ა--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლ--–-დ დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო