განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
160210017001921282
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №160210017001921282

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3431-2018 01 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - გ-------– უ----–--ა

წარმომადგენელი - ბ--–--------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ----- რ-----–---–ი

წარმომადგენელი - ნ----- ბ-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით, თ----- რ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ-------– უ----–--ას თ----- რ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების: 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ----–-- უ----–--ას, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა------- უ----–--ას და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- უ----–--ას რჩენის მიზნით, ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის, სულ, 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან (2017 წლის 11 მაისი) ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2011 წლის 20 მარტიდან, თ----- რ-----–---–ი და გ-------–ი უ----–--ა იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე (ს/ფ 17);

 

2.2. თ----- რ-----–---–სა და გ-------–ი უ----–--ას ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ----–-- უ----–--ა, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა------- უ----–--ა და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- უ----–--ა(ს/ფ 18-20);

 

2.3. 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ----–-- უ----–--ა, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა------- უ----–--ა და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- უ----–--ა აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან თ----- რ-----–---–თან (იხ. სარჩელი 2-15 გვ);

 

2.4. გ-------–ი უ----–--ა მუშაობს თ-----–-------------------------–-------------------------------------------------–-------------–-------------------–----ში (იხ. სარჩელი 2-15 გვ);

 

2.5. თ----- რ-----–---–ი არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვების აღზრდით (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

 

2.6. ა------- უ----–--ას აქვს მარტივი ასტიგმატიზმი და დანიშნული აქვს

მკურნალობა (ჯანმრთელობის შესახებ N60150026375 ცნობა);

 

2.7. ვ----–-- უ----–--ას მარცხენა თვალზე აქვს თანდაყოლილი გლაუკომა H 40.9

(ჯანმრთელობის შესახებ N6----------- ცნობა);

 

2.8. ა------- უ----–--ა არის ჩარიცხული ა(ა)იპ ,,ბ---–-----------–----–--------------–------–---------------------------------------------–-------–-------–--ა’’-ის ქ. ბოლნისის N-------–--------–- (ცნობა N---);

 

2.9. ვ----–-- უ----–--ა სწავლობს სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. რ--------------------------–----------–---–--ში (სსიპ სოფ. რ--------------------------–ის დირექტორის ცნობა);

 

2.10. ზ--- უ----–--ას გააჩნია უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------; (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

 

2.11. გ-------–ი უ----–--ას აქვს სესხი სს ,,თ----------–-’’ 13 214,35 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 10 400,00 ლარი. ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 370 ლარს (სესხის დაფარვის გრაფიკი);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.12. სასამართლომ დადგენლად მიიჩნია, რომ გ-------– უ----–--ას დედა ზ--- უ----–--ა ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----------––-, მისი მამა ვ----–-- უ----–--ა არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, მისი მშობლები არიან უმუშევრები.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა ცნობა, საიდანაც დადასტურდა, რომ მისი მამა არის ინვალიდი, ხოლო, დედა არ მუშაობს. მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნება საპირისპიროში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. თუმცა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოპასუხის დედის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები, რაც მისი გამოყენების შემთხვევაში არ გამორიცხავდა შემოსავლის მიღებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ალიმენტი სამართლებრივი თვალსაზრისით გულისხმობს პირის მინიმალურ უზრუნველყოფას, ვინაიდან ალიმენტის უფლების მქონე პირს არ გააჩნია საკმარისი რესურსი დამოუკიდებლად შეძლოს არსებობა. აქედან გამომდინარე კანონი ავალდებულებს მშობლებს რომ უზრუნველყონ ბავშვის კეთილდღეობა და ინტერესები. ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულით, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციით დადგენილია, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ’’ ამიტომ სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი სრულფასოვნად ჩამოყალიბებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთა უფლებათა კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ კანონით გათვალისწინებული ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა. შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამასთან, ალიმენტის გადახდის ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 150 ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ და მოითხოვს სამივე ბავშვზე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას ჯამში, 240.00 ლარის ოდენობით.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად არასწორად მიიჩნია, რომ ზ--- უ----–--ას, რომელიც არის აპელანტის დედა, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------;

 

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების უდაოდ ცნობის შემთხვევაში, სასამართლომ იხელმძღვანელა 2012 წლის 27 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია, კანონი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში მოქმედებს ის, კერძოდ, თუ წარმოდგენილია განახლებული ამონაწერი რომლითაც, დავის განხილვის დროისათვის დასტურდება კონკრეტული პირის საკუთრების უფლება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უტყუარ ფაქტობრივ გარემოებად, კონკრეტული ფაქტი შეეძლო მიეჩნია მხოლოდ მას შემდეგ, როსდესაც მხარის მიერ წარმოდგენილი იქნებოდა განახლებული ამონაწერი. დადგენილია, რომ თ----- რ-----–---–მა სასამართლოში სარჩელი აღძრა გ-------– უ----–--ას მიმართ 2017 წლის მაისის თვეში, ხოლო ამონაწერი საქმეზე წარმოდგებილია 2012 წლის მდგომარეობით;

 

3.3. აპელანტმა მიუთითა „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულ პრინციპზე, ასევე, კონვენციის 27-ე, მე-18-ე, მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის რეალური მატერიალური შესაძლებლობები. აპელანტის განმარტებით, ალიმენტის მოცულობის დადგენისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო კასატორის ისეთი სახის დანახარჯები, როგორიცაა საბანკო კრედიტი, კომუნალური გადასახადები, მშობლების მის კმაყოფაზე ყოფნა და ინვალიდი მამის მკურნალობის ხარჯი. კერძოდ, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ: 1. გ-------– უ----–--ას ხელფასს შეადგენს 1243.00 ლარი, საიდანაც მისი ხელზე ასაღები ხელფასი დაქვითვების შემდეგ არის 994 ლარი; 2. გ-------– უ----–--ას მიერ საბანკო სესხისთვის გადასახდელი თანხა შეადგენს თვეში 370 ლარს (აპელანტმა აქვე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გ-------– უ----–--ას მიერ, 2018 წლის იანვარში მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, იმისათის რომ მას ხელი არ შეშლოდა შვილებთან ურთიერთობაში და მათ აღზრდა-განვითარებაში, გ-------– უ----–--ას მიერ მოხდა სესხის ვადის გაზრდა, იმისათვის, რომ შემცირებულიყო ყოველთვიური გადასახადი ბანკში); 3. საქმეში წარმოდგენილია ცნობა, გაცემული სამტრედიის მუნიციპალიტეტეის მიერ, რომლითაც დასტურდება, რომ გ-------– უ----–--ას მშობლები ცხოვრობენ სოფელ დ-----------–ში და მათი ერთად-ერთი მარჩენალი არის გ-------– უ----–--ა; 4. სამედიცინო ცნობის თანახმად დასტურდება, რომ გ-------– უ----–--ას მამას - ვ----–-- უ----–--ას მარჯვენა კიდურებში ძალის დაქვეითების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, დგომა. მას ფიზიკურად უვლის და პატრონობს ზ--- უ----–--ა, ხოლო, მშობლების მატერიალურ მდგომარეობას უზრუნველყოფს გ-------– უ----–--ა. 5. თ----- რ-----–---–მა საქმეში წარმოადგინა შვილების ვ----–-- უ----–--ას და ანდრო უ----–--ას სამედიცინო ცნობები. ცნობის მე-17 პუნქტში მითითებულია რეკომენდაცია - სადაც აღნიშნულია, რომ ვ----–-- უ----–--ას ესაჭიროება პერიოდული კონსულტაციები ოფთალმოლოგთან და წვეთები; ხოლო ადრო უ----–--ას დაენიშნა სათვალე; აპელანტის განმარტებით, მართალია აღნიშნული წარმოადგენს საყურადღებოს, თუმცა, გასათვალისიწნებელია ის გარემოება, რომ ბავშვები მუდმივ მკურნალობას არ საჭიროებენ.

 

3.4. აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილ იქნა 2018 წლის თებერვლის თვის საარსებო მინიმუმი, რომელმაც ერთ სულზე შეადგინა 175.00 ლარი. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, როდესაც კანონით მშობლებს თანაბრად ეკისრებათ შვილების რჩენის ვალდებულება აღნიშნული საარსებო მინიმუმი უნდა განაწილდეს თანაბრად. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თ----- რ----–---–- არ მუშაობს, ვინაიდან, ის არის შრომისუნარიანი და ისევე, როგორც გ-------– უ----–--ა, თ----- რ-----–---–საც ეკისრება ვალდებულება იზრინოს შვილებზე, წინააღმდეგ შემთხვეაში მხოლოდ ერთ მშობელზე თანხის სახით ვალდებულების დაკისრება იქნება დისკრიმინაციული.

 

3.5. აპელანტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმად, გ-------– უ----–--ას მიეცა უფლება ყოველი თვის ბოლოს 03 დღე, ხოლო, არდადეგებზე ყოველ თვეში ორ - ორი კვირა თან წაიყვანოს სამივე შვილი; ასეთ შემთხვევაში კი, როცა გ-------– უ----–--ას ხელფასი ხელზე ასაღები შეადგენს 994 ლარს, საიდანად ალიმენტის თანხა შედგენს 450.00 ლარს, ასევე ბანკის კრედიტი 370.00 ლარს. ამ დანახარჯებში არ იგულისხმევა მშობლების მატერიალურ დახმარებაზე, კომუნალურ გადასახადებზე და პირად რჩენაზე გადასახდელი ხარჯები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 2011 წლის 20 მარტიდან, თ----- რ-----–---–ი და გ-------–ი უ----–--ა იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე;

 

4.2. თ----- რ-----–---–სა და გ-------–ი უ----–--ას ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ----–-- უ----–--ა, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა------- უ----–--ა და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- უ----–--ა; არასრულწლოვანი შვილები აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან თ----- რ-----–---–თან;

 

4.3. თ----- რ-----–---–ი არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვების აღზრდით; ხოლო, გ-------– უ----–--ა მუშაობს თ-----–-------------------------–------------------------------------------------------–-------------–-------------------–----ში; გ-------– უ----–--ას მონაცემები დარიცხული ხელფასის შესახებ 2017 წლის მაისის თვიდან - 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით შეადგენს: წოდებრივი სარგოს სახით - 995.00 ლარს, დანამატის სახით - 248.75 ლარს, ხოლო, კვების კომპანსაციის სახით - 57.50 ლარს;

 

4.4. ა------- უ----–--ას აქვს მარტივი ასტიგმატიზმი და დანიშნული აქვს მკურნალობა; ვ----–-- უ----–--ას მარცხენა თვალზე აქვს თანდაყოლილი გლაუკომა H 40.9;

 

4.5. ა------- უ----–--ა არის ჩარიცხული ა(ა)იპ ,,ბ---–-----------–----–--------------–------–---------------------------------------------–-------–-------–--ა’’-ის ქ. ბოლნისის N-------–--------–-. ვ----–-- უ----–--ა სწავლობს სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. რ--------------------------–----------–---–--ში;

 

4.6. ზ--- უ----–--ას გააჩნია უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------;

 

4.7. გ-------– უ----–--ას აქვს სასესხო ვალდებულებები სხვადასხვა ბანკებში და ასევე, სარგებლობს სალომბარდე მომსახურებით, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ: 1. გ-------– უ----–--ა მისო ,,რ-------------–-’’ სარგებლობს სალომბარდე მომსახურებით და 13.06.2017 წლის მდგომარეობით, მისი ჯამური დავალიანება შეადგენს 1 848.98 ლარს. გ. უ----–--ას აღნიშნული სალომბარდე სესხის დასაფარავად ყოველთვიურად გადახდის აპარატის მეშვეობით ანგარიშზე შეაქვს საშუალოდ, 205 ლარი; 2. გ-------– უ----–--ა, სს ,,ს----------–--------ში’’ სარგებლობს კრედიტით N5-----, სესხის თანხა შეადგენს 1995;89 აშშ დოლარს. კრედიტის დაფარვის გრაფიკის თანახმად, გ-------– უ----–--ა ყოველთვიურად იხდის 152.15 აშშ დოლარს; 3. გ-------– უ----–--ა სს ,,თ----------–-’’ სარგებლობს კრედიტით, რომლის ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენს 2018 წლის 01 მარტამდე 46.77 ლარს.

 

4.8. 24.01.2018 წელს, სს ,,თ----------ის’’ მიერ გაცემული დაფარვის გრაფიკის თანახმად, გ-------– უ----–--ას მიერ დასაფარი თანხა შეადგენს 13 214,35 ლარს, საიდანაც, ძირი თანხაა 10 400,00 ლარი, ხოლო, პროცენტი - 2 689,44 ლარი. გ-------– უ----–--ას ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 370 ლარს;

 

4.9. გ-------–ი უ----–--ას დედის, ზ--- უ----–--ას სახელზე გამოტანილია კრედიტი სს ,,ლ------------ში’’, რომლის დავალიანება 2017 წლის 20 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 1288.77 ლარს, და ყოველთვიურად იხდის პროცენტს 43.5 ლარს;

 

4.10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გ-------– უ----–--ას მშობლების, ზ--- და ვ----–-- უ----–--ას ერთადერთი მარჩენალი არის გ-------– უ----–--ა;

 

4.11. კლინიკა ე-–---- მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ვ----–-- უ----–--ას დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობა;

 

4.12. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, გ-------– უ----–--ას თ----- რ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სამი არასრულწლოვანი შვილის რჩენის მიზნით, ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის, სულ, 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან (2017 წლის 11 მაისი) ბავშვების სრულწლოვანებამდე. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს 210.00 ლარის ოდენობით, ალიმენტის დაკისრების ნაწილში, და მოითხოვს სამივე ბავშვზე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას ჯამში, 240.00 ლარის ოდენობით.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ერთის მხრივ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან - თ----- რ-----–---–თან, რომელიც ამჟამად არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვების აღზრდით. ამასთან, ა------- უ----–--ა არის ჩარიცხული ა(ა)იპ ,,ბ---–-----------–----–--------------–------–---------------------------------------------–-------–-------–--ა’’-ის ქ. ბოლნისის N-------–--------–-. ვ----–-- უ----–--ა კი სწავლობს სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. რ--------------------------–----------–---–--ში. ა------- უ----–--ას აქვს მარტივი ასტიგმატიზმი და დანიშნული აქვს მკურნალობა; ვ----–-- უ----–--ას მარცხენა თვალზე აქვს თანდაყოლილი გლაუკომა H 40.9; ხოლო, მეორეს მხრივ, ყურადრებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გ-------– უ----–--ა მუშაობს თ-----–-------------------------–------------------------------------------------------–-------------–-------------------–----ში და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენს 994 ლარს, მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე მათი საჭიროებებისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე უნდა განისაზღვროს 150.00 ლარით, ჯამში სამ არასრულწლოვანზე - 450.00 ლარის ოდენობით. ამ ოდენობით ალიმენტის განსაზღვრისას, პალატა მიუთითებს ალიმენტის არასიმბოლურ ხასიათზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რომელიც საშუალო მომხმარებლისათვის 2017 წლის მაისი - 2018 წლის თებერვლისთვის, მერყეობდა 153.5 ლარი- 155.3 ლარის, ფარგლებში.

 

4.13. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გ-------– უ----–--ას გააჩნია საკრედიტო ვალდებულებები, რომელთა გადახდევინება ხორციელდება მისი ხელფასიდან, პალატა ამ გარემოებებს ვერ მიიჩნევს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. პალატა განმარტავს, რომ ბავშვების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა წარმოადგენს მშობლის ძირითად ვალდებულებას, რასაც არ ამცირებს მშობლების სხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობა. აღნიშნულთან მიმართებაში პალატა განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის არსებობა ალიმენტის ოდენობის დადგენისათვის განმსაზღვრელი გარემოება ვერ გახდება, რადგან კრედიტის ან კომუნალური გადასახადების არსებობა არის ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ქმედებები, ხოლო არარსუწლოვან შვილს, მხოლოდ მშობლისგან შეუძლია რჩენისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრების მიღება. ამასთან, სასამართლო ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კრედიტი აღებულია მას შემდეგ, რაც მეუღლეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობდნენ, და ამავდროულად, მოსარჩელე მხარის მიერ წინამდებარე სარჩელის შემოტანამდე (11.05.17 წ.) 5 თვით ადრე. შესაბამისად, ეს ფაქტი სესხის მათი ოჯახური საჭიროებისათვის დახარჯვაზე არ მიუთითებს და არ ამტკიცებს, რომ გ-------– უ----–--ას მიერ სესხის თანხის გამოყენება მოხდა ოჯახის საერთო მიზნებისათვის (აღნიშნული მოპასუხე მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული თანახმად, სსსკ-ის 4.1., 102-103.1. მუხლებისა).

 

4.14. ამასთან, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, უძრავი ქონების არსებობის ფაქტზე დაყრდნობით, ცალსახად, შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა, უძრავი ქონების სახეობას, შემოსავლის მიღების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ზ--- უ----–--ას გააჩნია უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთები ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------; ს/კ 3----------- (აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის თანახმად, სსსკ-ის 4.1., 102-103.1. მუხლებისა), რაც მისი გამოყენების შემთხვევაში არ გამორიცხავს შემოსავლის მიღებას. აღნიშნული კი ალიმენტის ოდენობის შემცირების კუთხით გარკვეულწილად აბათილებს იმ გარემოებას, რომ ზ--- და ვ----–-- უ----–--ას, (რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობა) ერთადერთი მარჩენალი არის გ-------– უ----–--ა, ვისი შემოსავლიდანაც გაედინება მათი რჩენისათვის აუცილებელი ხარჯები. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აპელანტის მშობლები სარგებლობენ საპენსიო უზრუნველყოფით.

 

4.15. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე, მათი საჭიროებებისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციასა“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებზე მითითებით, მართებულად მიიჩნია, რომ ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვან ბავშვებზე უნდა განსაზღვრულიყო 150.00 ლარით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (150.00 ლარი) სახით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------– უ----–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია