განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700067551
საქმე 1აგ/565-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ------- მ----ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით;
გ------- მ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის ხელშემწყობს 10 (ათი) წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 5 (ხუთი) წლით: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გ------- მ---- სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 27 ივნისიდან 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით.
2018 წლის 9 ოქტომბერს მსჯავრდებულმა გ------- მ----ა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონო დათესვა ან მოყვანისათვის.
სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩათვლილ იქნა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, მსჯავრდებულ გ------- მ---- აქვს მოხდილი, კერძოდ ქ-------------–----------–-ის ბიუროს 2018 წლის 29 ოქტომბრის N--------- შეტყობინების საფუძველზე - მსჯავრდებულ გ------- მ----ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე არსებული საქმის წარმოება პრობაციის ბიუროში დასრულდა 2018 წლის 17 სექტემბერს ვადის გასვლის გამო.
მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ------- მ---- მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება „კანაფის მცენარე“, საერთო წონით 32,78, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეეხება სასჯელს - მსჯავრდებულ გ------- მ---- უკვე აქვს მოხდილი, შესაბამისად „კანაფის მცენარის“ დათესვა და მოყვანისათვის გათვალისწინებული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა აღარ არსებობს, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს ფაქტობრივი საფუძველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების გავრცელების.
ამასთანავე პალატა მსჯავრდებულის მოთხოვნასთან, კერძოდ უფლებრივი შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამოირიცხა პირადი მოხმარების მიზნებისთვის მცენარე კანაფის უკანონო დათესვა/მოყვანისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლებრივი გავლენა არ მოუხდენია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეულ უფლებრივ შეზღუდვაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------- მ----ს შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------- მ----ს შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე