განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.10.2018
საქმის ნომერი
330210015001134985
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 330210015001134985

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6292-16 19 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე– ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - სს „-------------------

წარმომადგენელი - თ----------–---

მოწინააღმდეგე მხარე – თ-----------–--ე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - მ---------------, ე------–-----–--

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხეების - თ-----------–--ისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის (უფლებამონაცვლე - სპეციალური პენიტენციური სამსახური) - სოლიდარულად, მოსარჩელის - სს „-------------------- სასარგებლოდ 9 793,98 ლარის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „-------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს „-------------------- და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 2014 წლის 13 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „------------ის მარკის ავტომანქანისათვის შპს „ი------------------ის“ 2014 წლის 18 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი ნაწილების დაზიანების ფაქტი. არამართებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ავტონაწილების დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კი არა, სხვა გარემოებაში მოხდა, ვინაიდან მზღვეველსა და დაზღვეულს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაშიც, თუ დაზიანება მძღოლის ბრალეულობით მოხდებოდა. შესაბამისად, მძღოლს არ ჰქონდა საფუძველი დაემალა მანაქანის სხვა გარემოებებში დაზიანების ფაქტი, თუ ასეთი იქნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯელობა იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი ნაწილები არ წარმოადგენდა ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად დამდგარ ზიანს, მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს.

 

4.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზარა მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი დაზიანებული ავტომანქანის ფოტოსურათები, რომლებსაც მართალია, გააჩნია მცირედი ხარვეზი, თუმცა თვალსაჩინოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უსაფრთხოების ბალიში გახსნილია.

 

4.3. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში არასწორად იმსჯელა და დაადგინა, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯმა 9 758 ლარი შეადგინა. სადაზღვევო კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტის სახით, წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას ზიანის ხარისხისა და ოდენობის დაანგარიშებისათვის. საქმეში წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა ზიანის წარმოშობას, მისი ხარისხსა და ღირებულების ოდენობას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. 2014 წლის 13 აგვისტოს, თბილისი-წითელი ხიდის გზის მე-18 კმ-ზე „T-----“-ს მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი #V------) მოძრავი თ-----------–--ე შეეჯახა „------------ის მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომერი #G------). ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ამევე დღეს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა თ-----------–--ეს.

 

8.2. სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - „ტ-------------–----“, გამოშვების წელი - 2---, სანომრე ნიშანი - V------, საიდენტიფიკაციო ნომერი - M----------------, რეგისტრირებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელზე (უფლებამონაცვლე - სპეციალური პენიტენციური სამსახური).

 

8.3. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შპს „გ-–-------------–----------------–----------“ საკუთრებაში არსებული „------------ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომერი #G------). ავტომანქანა დაზღვეული იყო სს „ა-----------------–-“.

 

8.4. სს „--------------------, VOLKSWAGEN“-ის მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი #G------) აღდგენის მიზნით, შპს „გ-–-------------–----------------–---------“ 19 793,98 ლარი აუნაზღაურა.

 

8.5. შპს „პ---------------“ სს „არდი დაზღვევას“ შპს „გ-–-------------–----------------–----------თვის“ გადახდილი თანხის ნაწილი - 10 000 ლარი აუნაზღაურა.

 

8.6. სს „-------------------- სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 9 793,98 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 13 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სს „ა-----------------–-“ დაზღვეულ ავტომანქანას დაუზიანდა შპს „ი------------------ის“ 2014 წლის 18 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი შემდეგი ნაწილები: მართვის ელ-ბლოკი, „პადკრილნიკი“, „ბამპერის ბალკა“, ორი ერთეული „სალასკა“, წინა „ბამპერი“, ორი ერთეული „ბამპერის გუბკა“, წინა ფრთა, „კაპოტი”, ორი ერთეული „კაპოტის პეტლი“, ერთი ერთეული უსაფრთხოების ღვედი, პარკინგის სენსორი, მფრქვევანა, ერთი ერთეული ფარი, მაცივარაგენტი R134A (ფრეონი), შპილკა, ეკრანი, „ბალკა“, წინა ფრთა, საქარე მინა, ერთი ერთეული უსაფრთხოების ღვედი, მგზავრის აირბაგი, „ხუფი“, „ტორპედო“, ერთი ერთეული ფარი, მართვის ელ-ბლოკი და ცილინდრი. აღნიშნული ავტონაწილების და შესაბამისი სამუშაოების ღირებულებამ 19 793,98 ლარი შეადგინა. შპს „პ---------------“ კი, მხოლოდ 10 000 ლარი აანაზღაურა.

 

8.7. მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელით არ დაეთანხმა შემდეგი ნაწილების დაზიანების ფაქტს: „ეკრანი“, „ბალკა“, წინა ფრთა (მარჯვენა), საქარე მინა, ერთი ერთეული უსაფრთხოების ღვედი (მგზავრის), მგზავრის აირბაგი, „ხუფი“, „ტორპედო“, ერთი ერთეული ფარი (მარჯვენა), მართვის ელ-ბლოკი (მიღება-ჩაბარების აქტში პოზიცია #27) და ცილინდრი.

 

8.8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ზიანის ხარისხისა და ფასის დაანგარიშებისათვის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენდა.

 

9.სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაასტურა ის გარემოება, რომ შპს „ი------------------ის“ 2014 წლის 18 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი სადავო ნაწილები („ეკრანი“, „ბალკა“, წინა ფრთა (მარჯვენა), საქარე მინა, ერთი ერთეული უსაფრთხოების ღვედი (მგზავრის), მგზავრის აირბაგი, „ხუფი“, „ტორპედო“, ერთი ერთეული ფარი (მარჯვენა), მართვის ელ-ბლოკი და ცილინდრი) 2014 წლის 13 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. კერძოდ:

 

სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა მოპასუხე თ-----------–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში და რის გამოც მოპასუხე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი თ-----------–--ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და იმ დაზიანებებს შორის, რომლებზეც მოსარჩელე მიუთითებს. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ი------------------ის“ მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს შედგენილი დეფექტური აქტი და 2014 წლის 18 სექტემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი არასაკმარისი მტკიცებულებაა და ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული დაზიანებები ავტომანქანამ, სწორედ, 2014 წლის 13 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართლსაწინაღმდეგო ქმედების შედეგად იმ დაზიანებების მიყენების ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა (როგორც მიზეზს) და ავტომანქანაზე აქტებში მითითებულ დაზიანებებს (როგორც შედეგს) შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სწორედ, მოსარჩელის სამტკიცებელია.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ ვითარებაში, როდესაც საქმეზე არ არის შედგენილი დაზიანებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და არ არის წარმოდგენილი ავტომანქანის აღდგენის ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტის დასკვნა, ავტოსაგზაო შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ ცალმხრივად (მოპასუხე მხარის მონაწილეობის გარეშე) შედგენილი დეფექტური აქტი და მიღება-ჩაბარების აქტი ვერ განიხილება სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებად თ-----------–--ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და სადავო დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად. ასევე პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით ვერ ხდება ავტომანქანის იდენტიფიკაცია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

10. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

11. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „-------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე