განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2018
საქმის ნომერი
330210017002151467
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002151467

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3054-18 20 სექტემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - სს „პს------------ა“

 

წარმომადგენელი - ეკ-------------------ა, იუ----–--------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ბე--–----------ძე

 

წარმომადგენელი - ნა----–---------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „პს------------ამ“ მოპასუხე ბე--–----------ძის მიმართ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მზღვეველისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის, სულ 3274 ლარის, გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 500 ლარის ნაწილში, ცნო ხოლო ზიანის მოცულობა სადავოდ გახადა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „პს------------ის“ სარჩელი ბე--–----------ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბე--–----------ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „პს------------ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2015 წლის 31 დეკემბერს, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სს „პს------------ას“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სს „პს------------აში“ დააზღვია მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები შემდეგი პირობებით: ნულოვანი ფრანშიზა, ავტომობილის გატაცების მცდელობის დაზღვევა (კერძოდ: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა), ავტომობილის დაზიანების ან განადგურების დაზღვევა (რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, თვითაალებით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებებით ან უბედური შემთხვევით (მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება გარეშე და აშკარა მიზეზებით). ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება, რომლებზეც ვრცელდებოდა საგარანტიო მომსახურება, მზღვეველს (მიმწოდებელს) უნდა განეხორციელებინა შესაბამის სერვის-ცენტრებში, ხოლო სხვა დანარჩენის - შემსყიდველთან (დამზღვევთან) შეთანხმებულ სერვის-ცენტრებში (ს.ფ. 13-21).

 

6. 2016 წლის 22 აგვისტოს, მოპასუხე ბე--–----------ძე საკუთარი ავტომანქანით, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - მ-----------------–-–----------------------, მოძრაობდა ქს--ს ქუჩის მხრიდან შე–--–--ის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც ვერ დაიცვა მოძრაობის უსაფრთხოების წესები და უკნიდან შეეჯახა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილ სს „პს------------აში“ დაზღვეულ ავტომობილს, მახასიათებლებით: მარკა, მოდელი - ტ-------- ქ------------–-–----------------------, რომელსაც მართავდა მა---------–-–-ძე. პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა ბე--–----------ძე, რომელიც დაჯარიმდა 250 ლარით (ს.ფ. 25, 28, 29-30).

 

7. შპს „ტ-------- ცენტრი თე-----ს“ მიერ 2016 წლის 24 აგვისტოს გაცემული აქტის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - ტ-------- ქ------------–-–----------------------, აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3274 ლარი. სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ფრანშიზის გათვალისწინებით სადაზღვევო ანაზღაურებამ შეადგინა 3274 ლარი, რაც სს „პს------------ამ“ დამზღვევს აუნაზღაურა 02/09/2016 წელს (ს.ფ. 23, 35, 36, 77-78).

 

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი;

 

9. განსახილველ შემთხვევაში, ბე--–----------ძე არ უარყოფს ფაქტს მასზედ, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს ნამდვილად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა, უფრო მეტიც, მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ 500 ლარის ნაწილში ცნობს. შესაგებელში მან სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა და განაცხადა, რომ საბარგულის კარის დაზიანება ავარიის შედეგად არ მომხდარა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოპასუხე მხარე მიყენებული ზიანის ფარგლებსა და ოდენობას არ ეთანხმება, რისი დადასტურებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების მიზნებისათვის სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ 3,274 ლარი აუნაზღაურდა: უკანა ბამპერის აღდგენა - 200 ლარი, საბარგულის კარის მთლიანად დ/ა - 100 ლარი, საბარგულის ამოშლა - 200 ლარი, უკანა მარჯვენა ფარის მ/დ - 20 ლარი, საბარგულის კარის გასწორება - 250 ლარი, რობოტის სამუშაო - 800 ლარი, საბარგულის კარის შეღებვა - 180 ლარი, შიდა სამღებრო სამუშაო - 300 ლარი. საქმის მასალებით, კერძოდ, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მანქანის ყველა დასახელებული ნაწილის დაზიანება/შეკეთება ხსენებული ავტოსაგზაო შემთხვევით იყო განპირობებული, კერძოდ, საქმის მასალებით არ დგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი ბე--–----------ძის ქმედებასა და 3,274 ლარიან ზიანს შორის. საქმის მასალებით არ დგინდება მანქანის მდგომარეობა ავარიამდე და ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ, შესაბამისად შეუძლებელია იმის განსაზღვრა გაწეული ხარჯები ნამდვილად იყო თუ არა მიზეზ-შედეგობრივ კავშირში მოპასუხე მხარის მიერ გამოწვეულ ზიანთან.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს მასზედ, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით მხარეები უფლებამოსილნი არიან იმგვარი ანაზღაურების მოდელზე შეთანხმდნენ, რომელიც მათთვის მისაღებია სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების მხედველობაში მიღებით განისაზღვრება სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, თუმცა სადაზღვევო კომპანიის მიერ, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ანაზღაურებული ზიანის მესამე პირისგან რეგრესის წესით მოთხოვნისას (სუბროგაცია) მესამე პირებისთვის ხელშეკრულების მხარეების მიერ შეთანხმებული ანაზღაურების მოდელი ავტომატურად მბოჭავი ვერ იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების პრინციპიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი) დაზარალებულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ზიანის ოდენობა გონივრულ ოდენობამდე იქნეს შემცირებული, მათ შორის ზიანის აღმოსაფხვრელად მიმართოს არა ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას მასზედ, რომ შპს „ტ-------- -ე ცენტრი თე-----ს“ ფასების გაანგარიშების ცხრილი წარმოადგენს არა საბაზრო ღირებულების მაჩვენებელს, არამედ ერთ-ერთი კონკრეტული მეწარმე სუბიექტის მიერ შემოთავაზებულ ფასების ჩამონათვალს, რაც ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის ლოგიკურ და გონივრულ ოდენობად ვერ იქნება მიჩნეული.

10. სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართლებრივად განმარტოს სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ გასაჩივრებული ერთ-ერთი უსწორობა, კერძოდ აპელანტი მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობა (500 ლარი) სასამართლომ თავისი შეხედულებით განსაზღვრა, რითიც შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია. სააპელაციო სასამართლო ამ აპელირებას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, რადგან შესაგებელში მხარემ სარჩელი სწორედ 500 ლარის ნაწილში ცნო, პირველმა ინსტანციის სასამართლომ ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობად 500 ლარი სრულიად მართებულად განსაზღვრა.

 

11. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, სრულად, მიზეზობრივი კავშირის სარწმუნოდ დადასტურების თაობაზე. ამ მიმართებით გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მტკიცება, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის გადანაწილება არასწორად მოხდა, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია ამ კატეგორიის საქმეებზე მტკიცების ტვირთის გადანაწილების დადგენილ სტანდარტთან.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას შესაბამისად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „პს------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია