განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002161808
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3256-18 20 სექტემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ქ-------–----------–----–-------ს მერია
წარმომადგენელი - თა-------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ზ----“
წარმომადგენელი - ზვ-----------ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ-------–----------–----–-------ს მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ზ----ს“ წინააღმდეგ მიმართა და მისთვის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჯარიმო სანქციის 5 956,70 ლარისა და №2------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჯარიმო სანქციის 3 152,39 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ქ-------–----------–----–-------ს მერიამ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2015 წლის 03 დეკემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემსყიდველი) და შპს „ზ----ს“ (მიმწოდებელი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2------------ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგნად თბილისში, მდ. ვე-----------ში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული კონსტრუქციის №5 გვირაბის და №5-№6 გვირაბების დამაკავშირებელი კედლების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა განისაზღვრა. ხელშეკრულების ღირებულებას 2 300 074.78 ლარი წარმოადგენდა (ს.ფ. 16-21).
6. 2015 წლის 03 დეკემბერს ქ-------–----------–----–-------ს მერიასა (შემსყიდველი) და შპს „ზ----ს“ (მიმწოდებელი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2------------ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგნად თბილისში, მდ. ვე-----------ში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული კონსტრუქციის №3 გვირაბის სათავისების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა განისაზღვრა. ხელშეკრულების ღირებულება - 247 680.18 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 25-30).
7. №2------------ და №2------------ ხელშეკრულებების თანახმად (3.1 ქვეპუნქტები), სამუშაოს მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) თვით, 2016 წლის 03 მაისის ჩათვლით განისაზღვრა (ს.ფ.16-21, 25-30).
8. №2------------ და №2------------ ხელშეკრულებების თანახმად (5.2 ქვეპუნქტები), მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია განახორციელებდნენ (ს.ფ.16-21,25-30).
9. №2------------ და №2------------ ხელშეკრულებების თანახმად (8.6 ქვეპუნქტები), საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ.16-21, 25-30).
10. 2016 წლის 16 ივნისს გაფორმებული №3 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ №2------------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები (212 739.28 ლარის ღირებულების დადასტურებული სამუშაოები) დასრულდა 2016 წლის 31 მაისს - 28 დღის ვადაგადაცილებით. 2016 წლის 16 ივნისს №3 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ №2------------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები (112 585.20 ლარის ღირებულების დადასტურებული სამუშაოები) დასრულდა 2016 წლის 31 მაისს - 28 დღის ვადაგადაცილებით (ს.ფ. 2-5, 23, 33, 46-48).
11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - გონივრულ ოდენობამდე მართებულად შეამცირა.
კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, პირგასამტეხლოს ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ი შეთანხმდა.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
12. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ს.ფ.16-21, 25-30).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს ვალდებულების 28 დღით დაგვიანებით შესრულება, სადავოდ არ გაუხდია სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება წარმოადგენს. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - ვალდებულების დარღვევა - სახეზეა.
13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 28 დღის ვადაგადაცილების შემდეგად შესრულდა. პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მოსარჩელეს მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების დაგვიანებით შესრულებამ ზიანი გამოიწვია. განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში პირგასამტელოს შემცირება შეთანხმებული 0,1%-იდან 0,02%-მდე იყო მოთხოვნილი, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 0,05 %-მდე შემცირდა. შესაბამისად, მხარისთვის პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 5956,70 ლარი და 3152,39 ლარი შესაბამისად, 2978,34 და 1576,19 ლარამდე შემცირდა.
სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, ხელშეკრულების შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ხარისხის მიმართ პრეტენზიის არარსებობა, ვალდებულების შესრულების მცირე ხნით, მხოლოდ 28 დღით დაგვიანება, ზიანის არარსებობა, ასევე გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
15. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არაგონივრული შემცირების მტკიცების ტვირთი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია.
16. ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მასზედ, რომ შპს „ზ----ს“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების იმგვარი ხასიათის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რომელიც მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას გაამართლებდა. ვალდებულების დარღვევა თავისი ხასიათით უმნიშვნელო იყო ამიტომ, პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 377-ე, 386-ე, 389-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ-------–----------–----–-------ს მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ ალანია