განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
330210117001815341
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001815341

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2852-18 16 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ცი–---- მა--–-–---–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ---------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ე---------ე კა-–-------ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ-------------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.03.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ცი–---- მა--–-–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე---------ე კა-–-------ის მიმართ ნოტარიუს ი--- ხა-------ს მიერ 2017 წლის 17 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. 2013 წლის 17 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ცი–---- მა--–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება. 2014 წლის 25 სექტემბრის შეთანხმებით მხარეებმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება, რომლის მიხედვით, ცვლილების შეტანის თარიღიდან სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 3,68%, ნაცვლად 3%-ისა, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 25 სექტემბრიდან 5 თვის ვადით, 2015 წლის 25 თებერვლამდე. 2017 წლის 17 იანვარს ნოტარიუსმა ი--- ხ-------მა ე---------ე კა-–-------ის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 3228,49 ლარი, რაც უკანონოა, რადგან სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ აღსასრულებელ მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა 3 100,00 ლარის ოდენობით, ხოლო 128,49 ლარი არის კანონმდებლობით განსაზღვრული გაწეული ხარჯი. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ის მოითხოვს მხოლოდ ძირი თანხისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის ანაზღაურებას (იხ.: 2018 წლის 02 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:26).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.03.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. ცი–---- მა--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

 

2. ნაწილობრივ გაუქმდა 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი და ცი–---- მა--–-–---–ის აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა სესხის ძირი თანხით - 3 100,00 ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯით - 128,49 ლარით.

 

4.1. 2013 წლის 17 დეკემბერს ე---------ე კა-–-------ს და ცი–---- მა--–-–---–ის წარმომადგენელს, ა-–---------ე სუ-–----–--ლს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის ი--- ხა-------ს მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის თანახმად, სესხის თანხა განისაზღვრა 2 000,00 ლარით, 2014 წლის 17 მარტამდე, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით. მსესხებლის სასესხო ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა ცი–---- მა--–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე რაიონი გ---------ი, ს------–-----–--–--------------------–---------------------------- და მასზედ მდგომი შენობა-ნაგებობები №1, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 105,40 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 5-----------.

 

4.2. 2014 წლის 20 თებერვალს ე---------ე კა-–-------ს და ცი–---- მა--–-–---–ის წარმომადგენელს, ა-–---------ე სუ-–----–--ლს შორის გაფორმდა 2013 წლის 17 დეკემბერს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში (დამოწმებული ნოტარიუსის ი--- ხა-------ს მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი:

1--------) ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება (დამოწმებული ნოტარიუსის ი--- ხა-------ს მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის თანახმად, სესხის ძირითადი თანხა 2 000,00 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 3 100,00 ლარით. სესხის დაბრუნების დროდ განისაზღვრა 2014 წლის 20 აგვისტო, ხოლო საპროცენტო სარგებელი ნაცვლად 5%-სა, 3%-ით.

 

4.3. 2014 წლის 25 სექტემბერს ე---------ე კა-–-------ს და ცი–---- მა--–-–---–ის წარმომადგენელს, ა-–---------ე სუ-–----–--ლს შორის გაფორმდა 2013 წლის 17 დეკემბერს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში (დამოწმებული ნოტარიუსის ი--- ხა-------ს მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი:

1--------) ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად, სესხის ძირითადი თანხის 3 100,00 ლარის დაბრუნების დროდ განისაზღვრა

2015 წლის 25 თებერვალი, ხოლო საპროცენტო სარგებელი, 2014 წლის 25 სექტემბრიდან) ნაცვლად 3%-სა, 3,68%-ით.

 

4.4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-15 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

 

4.5. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 17 იანვარს ნოტარიუსის ი--- ხა-------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცლის დამოწმებული ასლი (დუბლიკატი) (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის მიხედვით,2014 წლის 7 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 3 100,00 ლარით, სამი თვის და 18 დღის სარგებლით და 2014 წლის 20 აპრილიდან დარიცხული პირგასამტეხლოთი - 334,80 ლარით, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯმა შეადგინა 128,49 ლარი.

 

4.6. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ 2017 წლის 25 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებით (გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A1---------------) ეცნობა მოვალე ცი–---- მა--–-–---–ს. აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებით მოვალეს განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით, ცი–---- მა--–-–---–ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 3228,49 ლარს.

 

4.7. მოპასუხე ე---------ე კა-–-------მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ის მოითხოვს მხოლოდ ძირი თანხისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის ანაზღაურებას (იხ, 2018 წლის 02 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:26). სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი ნაწილობრივ, რამდენადაც დაეთანხმა მსესხებლის ცი–---- მა--–-–---–ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრას 3 100,00 ლარით, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გარეშე.

 

4.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სესხის ძირი თანხის - 3100 ლარის გადახდის ფაქტი. სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ- სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლია. სასამართლოს მითითებით, ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოპასუხე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული და საერთო ჯამში გადახდილი აქვს 5165 ლარი. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებებიდან მოპასუხემ სადავოდ გახადა ნ--- სუ-–----–--ლის მიერ გადახდილი თანხების მიზნობრიობა, კერძოდ, მოპასუხე არ დაეთანხმა, რომ ნ--- სუ-–----–--ლისაგან თანხა მიიღო ცი–---- მა--–-–---–ის სესხის დასაფარად. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, ამტკიცოს ნ--- სუ-–----–--ლის მიერ გადახდილი თანხის დანიშნულება. ამ საფუძვლით მოსარჩელემ იშუამდგომლა კიდეც ნ--- სუ-–----–--ლის მოწმედ დაკითხვა, თუმცა მოწმე სხდომაზე არ გამოცხადდა და მოსარჩელემ არ იშუამდგომლა სხდომის გადადება და უარი თქვა მოწმის დაკითხვაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი მხრიდან სესხის ძირი თანხის -

3100 ლარის გადახდის ფაქტს.

 

4.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს სადავო სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით 3 100,00 ლარითა და სააღსრულებო ფურცლის სანოტარო ხარჯის 128,49 ლარით.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცი–---- მა--–-–---–მა და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

5.1. აპელანტის განმარტებით, 2014 წლის 15 სექტემბრისათვის მოსარჩელე ცი–---- მა--–-–---–ს მოპასუხე ე---------ე კა-–-------ის ვალი ჰქონდა 3100 ლარი. ხელშეკრულება დაიდო 5 თვის ვადით, ყოველთვიურად 3.68 % სარგებლის დარიცხვით. 5 თვეში დაერიცხებოდა 570 ლარი, ანუ გადასახდელი ექნებოდა 3670 ლარი. მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაგრძელებულა, პირგასამტეხლო გათვალისწინებული არ ყოფილა. მოსარჩელემ მთლიანად გადაიხადა 5165 ლარი, აქედან უშუალოდ გადარიცხვით 4365 ლარი, ხოლო ხელზე გადასცა 800 ლარი, რასაც ვერ უარყოფს მოპასუხე. ამდენად ნაცვლად 3670 ლარისა, გადახდილი აქვს 5165 ლარი.

 

17.01.20.2017წ. ნოტარიუსმა ი--- ხ-------მა ე---------ე კა-–-------ის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 3228.49 ლარს, რაც უკანონოა, რადგან ცი–---- მა--–-–---–ის ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად, როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის ნაწილში. სასამართლომ აღნიშნულს არ მისცა შეფასება და აღსასრულებელ ვალდებულებად განსაზღვრა 3100 ლარი და სანოტარო ხარჯი 128.49 ლარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 17.12.2013წ. ე---------ე კა-–-------ს (შემდგომში „მოპასუხე“) და ცი–---- მა--–-–---–ს (შემდგომში „მოსარჩელე“) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხისაგან 2014 წლის 17 მარტამდე ისესხა 2000 ლარი თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა ძირითადი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე რაიონი გ---------ი, ს------–-----–--–--------------------–---------------------------- და მასზედ მდგომი შენობა-ნაგებობა №1, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 105,40 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 5----------- (ტ.1, ს.ფ.13-17).

 

8. 20.02.2014წ. გაფორმდა 17.12.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად, სესხის ძირითადი თანხა 2 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 3 100 ლარით, ხოლო საპროცენტო სარგებელი ნაცვლად 5%-სა - 3%-ით. მხარეთა შეთანხმებით სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2014 წლის 20 აგვისტოს (ტ.1, ს.ფ.18).

 

9. 25.09.2014წ. გაფორმდა 17.12.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლითაც სესხის ძირითადი თანხის 3 100 ლარის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 25 თებერვალი. შეიცვალა სესხზე ყოველთვიურად დარიცხული სარგებლის ოდენობა და 2014 წლის 25 სექტემბრიდან ნაცვლად 3%-სა განისაზღვრა 3,68 %-ით (ტ.1, ს.ფ.19).

 

ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით სარგებელი გადახდილი იყო სრულად და მხარეებს ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ.

 

10. 17.01.2017წ. ნოტარიუს ი--- ხა-------ს მიერ გაიცა 07.08.2014წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი (ტ.1, ს.ფ.21-25). აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 07.08.2014წ. მდგომარეობით შეადგენდა: ძირითადი თანხა 3 100 ლარს; სამი თვის და 18 დღის სარგებელს და 2014 წლის 20 აპრილიდან დარიცხული პირგასამტეხლოს - 334,80 ლარს. ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯს 128,49 ლარს (ტ.I, ს.ფ. 23-25).

 

11. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2017 წლის 25 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებით. მოვალეს განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 3 228,49 ლარს (ტ.1, ს.ფ. 26-32).

 

12. მოპასუხემ ცნო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნა (სარჩელის ნაწილობრივ ცნობა). ანუ, დაეთანხმა მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობის 3 100 ლარით განსაზღვრას, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გარეშე (იხ.: 02.03.2018წ. სხდომის ოქმი 12:26, გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 125).

 

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა სესხის ძირი თანხით - 3 100 ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯით - 128,49 ლარით (ტ.1, ს.ფ. 120-127).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება ძირი თანხის გადახდის ნაწილში სრულად აქვს შესრულებული.

 

საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მოსარჩელის მიერ სესხის ძირი თანხის სახით 3 100 ლარის გადახდის ფაქტი.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

 

ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (წინამდებარე დავაში მოსარჩელეს), შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სარჩელს ერთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს პოზიციას სასესხო ვალდებულების შესრულების თაობაზე. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით მოპასუხისათვის გადახდილია:

1) 22.10.2014წ. – 110 ლარი ა-–---------ე სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ.47,48); 2) 20.11.2014წ. – 80 ლარი მოსარჩელის მიერ (ტ.1, ს.ფ. 49,50); 3) 25.12.2014წ. – 150 ლარი ალ. სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 51,52); 4) 22.01.2015წ. – 150 ლარი ამოსარჩელის მიერ (ტ.1, ს.ფ.45,46); 5) 22.04.2015წ. – 150 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 43,44). 6) 22.06.2015წ. – 155 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 41,42); 7) 23.07.2015წ. – 100 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 39,40). 8) 20.08.2015წ. – 160 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 37,38); 9) 12.10.2015წ. – 100 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 33); 10) 20.10.2015წ. – 200 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 34); 11) 16.11.2015წ. – 60 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 36); 12) 25.11.2015წ. – 115 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 35); 13) 27.05.2016წ. – 200 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 56); 14) 16.11.2016წ. – 50 ლარი ალ.სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 57); 15) 01.07.2016წ. – 340 ლარი ნ--- სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 54); 16) 25.07.2016წ. – 190 ლარი ნ--- სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 55); 17) 16.08.2016წ. – 1655 ლარი ნ--- სუ-–----–--ლის მიერ (ტ.1, ს.ფ. 53).

 

ამდენად, ჯამში მოსარჩელის და ა-–---------ე სუ-–----–--ლის მიერ გადახდილია 1780 ლარი, ნ--- სუ-–----–--ლის მიერ კი - 2185 ლარი.

 

მოპასუხემ შესაგებლით დაადასტურა მოსარჩელის და ა-–---------ე სუ-–----–--ლის მიერ ვალდებულების შესრულების ანგარიშში ჯამში 1780 ლარის გადახდის ფაქტი. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხები წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის (ჯამში 5 თვის) სარგებელს და ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.75,76).

 

გათვალისწინებით იმისა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა იყო 25.02.2015წ., მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეადგენდა ძირი თანხის 0.15%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში 4.65 ლარს შეადგენს და თანხის ამოღების მიზნით სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებითი აღსრულება დაიწყო 2017 წლის იანვარში, პალატა იზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ გადახდილი თანხიდან კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლილი თანხა ბევრად ნაკლებია იმ ოდენობაზე, რაც ხელშეკრულებით იყო მხარეთა შორის შეთანხმებული. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს თანხა წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხემ სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაწილობრივ ცნო და ამ ეტაპზე აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა სესხის ძირი თანხით - 3 100 ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯით - 128,49 ლარით.

 

რაც შეეხება ნ--- სუ-–----–--ლის მიერ მოპასუხისათვის გადახდილ თანხას (ტ.1, ს.ფ. 53-55), მოპასუხის განმარტებით, ის არ ყოფილა გადახდილი მოსარჩელის ვალდებულების შესრულების ანგარიშში. ეს იყო პირადად ნ--- სუ-–----–--ლის მიერ ნასესხები ფული, გადახდებიც მიმართული იყო პირადი ვალდებულების შესრულების ანგარიშში (ტ.1, ს.ფ. 76).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.12.2017წ. საოქმო განჩინებით თავად მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ნ. სუ-–----–--ლის დაკითხვის თაობაზე დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ.104). 02.03.2018წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მან ვერ უზრუნველყო მოწმის სხდომაზე გამოცხადება და ამასთან, არც სურს სასამართლო სხდომის გადადება მოწმის გამოუცხადებლობის საფუძვლით (02.03.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 12:05:19- 12:06:29). ანუ, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის მართებულად აღნიშნული, მოსარჩელემ არ იშუამდგომლა სხდომის გადადება და უარი თქვა მოწმის დაკითხვაზე. არ არსებობს ნ--- სუ-–----–--ლის მიერ გადახდილი თანხის მოსარჩელის ვალდებულების შესრულების ანგარიშში ჩათვლის საფუძველი.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სესხის ძირი თანხის გადახდის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სესხის ძირი თანხის გადახდის თაობაზე.

 

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ არ დგინდება მოსარჩელის მიერ სესხის ძირი თანხის გადახდის ფაქტი, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისი აღსასრულებელი ვალდებულება მართებულად განისაზღვრა სესხის ძირი თანხით - 3 100 ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით.

 

არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

15. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

16. აპელანტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ტ.2, ს.ფ. 23).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ცი–---- მა--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.03.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე