განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001668851
საქმე№2/ბ-939-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ზ---- ფ--------ე
წარმომადგენელი -ნ--- ფ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,W-- G----“
წარმომადგენელი - გ------- ჟ-------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა-გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 05 იანვარს შპს ,,W-- G----“ -მა (მოსარჩელე, შემდგომში მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე ზ---- ფ--------ის (მოპასუხე, შემდგომში აპელანტი) მიმართ 3460.70 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
1.1.სარჩელის საფუძვლები:
სარჩელში მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.1შპს ,,W-- G----“-ის ონლაინ სამორინეში jocerbros.com-ზე ტექნიკური ხარვეზის გამოყენებით 2016 წლის 23 აპრილიდან 03:00 საათიდან 11:00 საათამდე მომხმარებელმა უკანონოდ მიიღეს თანხები, რაც გამოიხატა შემდეგში: სისტემას ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი და ელ. რულეტკის თამაშისას შედეგის დადგომის შემდეგ, სისტემას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ფსონი, რომლითაც ისარგებლეს მომხმარებლებმა. კერძოდ, რაუნდის ბურთის დატრიალებიდან რაუნდის დასრულებამდე, მომგებიანი რიცხვის გამოცხადების მომენტამდე, დროის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 35-40 წამი, ხოლო წარმოდგენილი მოთამაშეების თამაშების ისტორიის ფაილებში ფიქსირებული ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული დრო არის მაქსიმუმ 10 წამი. შესაბამისად, ხარვეზად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ მოთამაშეებს მომგებიანი რიცხვის დაფიქსირების შემდეგ ჰქონდათ ფსონის გაკეთების საშუალება. ზემოხსენებულით ისარგებლეს მოთამაშეებმა და უკანონოდ მიიღეს თანხები.
1.1.2. ზ---- ფ--------ემ ტექნიკური ხარვეზის შედეგად მიიღო 3460.70(სამი ათას ოთხასსამოცი ლარი და 70 თეთრი) ლარი. მან ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენამდე მოასწრო და სრულად გადაიტანა თანხა თავის პირად ანგარიშზე.
1.2. მოპასუხის პოზიცია
1.2.1. მოპასუხე ზ---- ფ--------ემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელი დააფუძნა შემდეგზე:
1.2.2. 2017 წლის 23 აპრილის ღამით ონლაინ სამორინეში ითამაშა ყველა წესის დაცვით და მოიგო თანხა 3460 ლარი. თამაშის განხორციელების მომენტისათვის რაიმე სახის ტექნიკკური ხარვეზი არ იკვეთებოდა .დილით, დახლოებით 12:00 საათისათვის გამოიტანა თანხის ნაწილი, ხოლო ნაწილი კი დატოვა პირად ანგარიშზე. ამ დროისათვის რაიმე დაბრკოლება და შეფერხება არ შექმნია. დღის დასასრულს, დაახლოებით 21:00 საათისათვის მას დაურეკა მისთვის უცნობმა პირმა გ-------მ და უთხრა, რომ თანხა მოგებული ჰქონდა თამაშის წესების დარღვევით და დაუყოვნებლივ უნდა დაებრუნებია უკან, რაზედაც მან გასცა პასუხი, რომ მან წესების დაცვით მოიგო თანხა და თავად მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი არაკეთილსინდისიერ ქმედებას, თაღლითობას.
1.2.3. ტექნიკური ხარვეზი აღმოჩენილი არ იყო რა თანხის გამოტანის დროისათვის, ასეთი მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელემ ხელოვნურად შექმნა ხარვეზის არსებობის ვერსია იმის გამო რომ თანხა არ გაეცა, ხოლო გაცემული თანხები დაებრუნებინა უკან. ზემოაღნიშნულს ცხადჰყოფს ისიც, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაშიც სავარაუდოთ ,,შესაძლებელიას“ დონეზე დასტურდება ხარვეზის არსებობა დროის საკმაო აცდენით.
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,W-- G----“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ---- ფ--------ეს შპს ,,W-- G----“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3460.70 (სამი ათას ოთხას სამოცი და სამოცდაათი) ლარისა და გაწეული საპროცესო ხარჯის - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 104 (ასოთხი) ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 83.33 (ოთხმოცდაასმი ლარი და 33 თეთრი) ლარის გადახდა.
2.1.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. შპს ,,W-- G----“-ს ეკუთვნის ონლაინ სამორინე jocerbros.com.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია;
2.1.2. 2016 წლის 23 აპრილს 07:00:16 საათიდან ამავე დღის 10:04:13 საათამდე ზ---- ფ--------ემ ითამაშა შპს ,,W-- G----“-ს ონლაინ სამორინე jocerbros.com-ზე და მოიგო თანხა 3460.70 ლარის ოდენობით. იმავე დღეს მოგებული თანხა jocerbros-ს საიტიდან გადაიტანა სს ,,ლ-------- ბ---ში“ მის მიერ გახსნილ ანგარიშზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
-სს ,,ლ-------- ბ---ის“ ამონაწერი თანხის გადარიცხვის თაობაზე (იხ.ს.ფ.71);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.3. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, შპს ,,W-- G----“-ის ონლაინ სამორინეში jocerbros.com 2016 წლის 23 აპრილს 03:00 საათიდან ამავე დღის 11:00 საათამდე დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ, რაუნდში ბურთის დატრიალებიდან რაუნდის დასრულებამდე - მომგებიანი რიცხვის გამოცხადების მომენტამდე, დროის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 35-40 წამი, მოთამაშეების თამაშების ისტორიის ფაილებში ფიქსირებული ინფორმაციის მიხედვით კი აღნიშნული დრო არის მაქსიმუმ 10 წამი, რაც შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკურ ხარვეზად. ხარვეზში იგულისხმება, რომ მოთამაშეებს მომგებიანი რიცხვის დაფიქსირების შემდგომ ჰქონდათ ფსონის გაკეთების საშუალება. დადგენილია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამოყენებით ისარგებლა ექვსმა პირმა და თითოეულმა მათგანმა მოგებული თანხა გადარიცხა საკუთარ ანგარიშზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა (იხ.ს.ფ. 13-69);
2.1.4. შპს ,,W-- G----’’-ს ონლაინ სამორინეში jocerbros.com 2016 წლის 23 აპრილს 07:00:16 საათიდან ამავე დღის 10:04:13 საათამდე ზ---- ფ--------ემ ტექნიკური ხარვეზის გამოყენებით მოიგო 3460.7 ლარი. კერძოდ, ბურთულა ციფრში ვარდებოდა ფსონის დახურვამდე, ანუ ზ---- ფ--------ემ ფსონს დებდა ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა (იხ.ს.ფ. 13-69);
2.1.5. დადგენილია რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოსამზადებელ სხდომაზე, ზ---- ფ--------ეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრულად გატანილი პირადი ანგარიშიდან მოგებული თანხა, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომამდე მთლიანად გაიტანა იგი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 13.06.2018წ.);
2.2. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
2.2.1.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976- მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“.
2.2.2.ზემოთ მოხმობილი ნორმის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
2.2.3.უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
2.2.4.ზემოხსენებული სამართლებრივი მსჯელობები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,W-- G----“-ს ონლაინ სამორინეში jocerbros.com 2016 წლის 23 აპრილს 07:00:16 საათიდან ამავე დღის 10:04:13 საათამდე ზ---- ფ--------ემ ტექნიკური ხარვეზის გამოყენებით მოიგო 3460.7 ლარი. კერძოდ, ბურთულა ციფრში ვარდებოდა ფსონის დახურვამდე, ანუ ზ---- ფ--------ე ფსონს დებდა ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ. მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა თამაშის წესები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბურთულა ციფრში ვარდება ფსონის დახურვამდე და მოთამაშე ფსონს დებს ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ, რაც წარმოადგენს ფსონის გაუქმების პირობას.
2.2.5. ზემოხსენებულის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ზ---- ფ--------ემ ქონება 3460.70 ლარი მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც იგი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი სიკეთის ამოღებით უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა. ამ მიზნით ქონებრივი სარგებელი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოპასუხე გამდიდრდა. 3460.70 ლარის გადახდით მოსარჩელე აღსდგება თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში. თავის მხრივ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღსდგება სამართლიანი ბალანსი. დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
2.2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
2.2.7. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,W-- G----“ -ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
ზ---- ფ--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტმა საააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობად მიუთითა კვლავ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც შესაგებელში ჰქონდა მითითებული, სახელდობრ მიუთითა შემდეგზე:
3.1.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2017 წლის 23 აპრილის ღამით ონლაინ სამორინეში ითამაშა ყველა წესის დაცვით და მოიგო თანხა 3460 ლარი. თამაშის განხორციელების მომენტისათვის რაიმე სახის ტექნიკკური ხარვეზი არ იკვეთებოდა .დილით, დახლოებით 12:00 საათისათვის გამოიტანა თანხის ნაწილი, ხოლო ნაწილი კი დატოვა პირად ანგარიშზე. ამ დროისათვის რაიმე დაბრკოლება და შეფერხება არ შექმნია. დღის დასასრულს, დაახლოებით 21:00 საათისათვის მას დაურეკა მისთვის უცნობმა პირმა გ-------მ და უთხრა, რომ თანხა მოგებული ჰქონდა თამაშის წესების დარღვევით და დაუყოვნებლივ უნდა დაებრუნებია უკან, რაზედაც მან გასცა პასუხი, რომ მან წესების დაცვით მოიგო თანხა და თავად მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი არაკეთილსინდისიერ ქმედებას, თაღლითობას. აღნიშნულის შემდგომ მას აღარავინ შეხმიანებია და მხოლოდ გასული წლის 03 თებერვალს მიიღო სარჩელი სასამართლოდან, საიდანაც შეიტყო იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე კვლავ ცდილობს არაკეთილსინდისიერად დაეუფლოს მის მიერ მოგებულ თანხას.
3.1.2. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოსარჩელის აღიარებას იმის თაობაზე, რომ ტექნიკური ხარვეზი აღმოჩენილი არ იყო მის მიერ თანხის გამოტანის დროსაც, ე.ი 12:00 საათისთვისაც კი, შემდგომ კი მოსარჩელემ ხელოვნურად შექმნა ხარვეზის არსებობის ვერსია იმის გამო ,რომ თანხა არ გაეცა, ხოლო გაცემული თანხები დაებრუნებინა უკან.
3.1.3.აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივ- სამართლებრივი დასაბუთება
სამოქალაქო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1 -2.1.5. პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, ასევე განსახილველი სამართალურთიერთობის თაობაზე გადმოცემულ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.2.1 -2.2.7. პუნქტებში გადმოცემულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგზე:
4.1. შპს ,,W-- G----“-ს ეკუთვნის ონლაინ სამორინე jocerbros.com. (მხარეთა ახსნა-განმარტება)
4.2. 2016 წლის 23 აპრილს 07:00:16 საათიდან ამავე დღის 10:04:13 საათამდე ზ---- ფ--------ემ ითამაშა შპს ,,W-- G----“-ს ონლაინ სამორინე jocerbros.com-ზე და მოიგო თანხა 3460.70 ლარის ოდენობით. იმავე დღეს მოგებული თანხა jocerbros-ს საიტიდან გადარიცხა სს ,,ლ-------- ბ---ში“ მის მიერ გახსნილ ანგარიშზე. (სს ,,ლ-------- ბ---ის“ ამონაწერი თანხის გადარიცხვის თაობაზე ს.ფ.71)
4.3. შპს ,,W-- G----’’-ის ონლაინ სამორინეში jocerbros.com 2016 წლის 23 აპრილს 03:00 საათიდან, ამავე დღის 11:00 საათამდე დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ, რაუნდში ბურთის დატრიალებიდან რაუნდის დასრულებამდე - მომგებიანი რიცხვის გამოცხადების მომენტამდე, დროის ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 35-40 წამი, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ მოთამაშეების თამაშების ისტორიის ფაილებში ფიქსირებული ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული დრო მაქსიმუმ 10 წუთს შეადგენს. ამდენად, მოთამაშე ზ---- ფ--------ეს მომგებიანი რიცხვის დაფიქსირების შემდეგ ჰქონდა ფსონის გაკეთების საშუალება. (იხ.კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა ს.ფ.13-70)
4.4. შპს ,,W-- G----“-ს ონლაინ სამორინეში jocerbros.com 2016 წლის 23 აპრილს 07:00:16 საათიდან ამავე დღის 10:04:13 საათამდე ზ---- ფ--------ემ ტექნიკური ხარვეზის გამოყენებით შპს ,,W-- G----“-ის კუთვნილი თანხა მიიღო 3460.7 ლარის ოდენობით. კერძოდ, ბურთულა ციფრში ფსონის დახურვამდე ჩავარდა და ზ---- ფ--------ემ ფსონი ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ დადო. (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა ს.ფ. 13-70)
4.5. დადგენილია, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოსამზადებელ სხდომაზე, ზ---- ფ--------ეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრულად გატანილი პირადი ანგარიშიდან მოგებული თანხა, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომამდე მთლიანად გაიტანა იგი. (მხარის ახსნა-განმარტება, იხ. სხდომის ოქმი 13.06.18წ.)
4.6. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, მასზედ, რომ შპს „W-- G----“-ს ზ---- ფ--------ის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ხელშეკრულებისმიერი, თუ კანონშესაბამისი საფუძველი არ წარმოშობია და ზ---- ფორცხიძისათვის გადაცემული 3460,70 ლარიდან 3460,70 ლარი, როგორც „შესაბამისი საფუძვლის გარეშე გადაცემული“, მოსარჩელისათვის უკან დაბრუნებას ექვემდებარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ნიშნავს შემძენის ქონების გაზრდას სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე. უმეტესად, ქონების ასეთ გაზრდას ადგილი აქვს ბათილი ან არარსებული გარიგების შესრულების, ვალდებულების ხელმეორედ შესრულების შემთხვევაში, ქონების დაზოგვას კი ადგილი აქვს მაშინ, როცა იმ პირის ქონება, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ვალი, შეცდომით ან სხვა მიზეზით სხვამ გადაიხადა, ანუ თუ პირმა ვალდებულების შესასრულებლად სხვას გადასცა რაიმე ქონება, შესაძლებელია მისი უკან გამოთხოვა, თუ ვალდებულება ფაქტობრივად არ არსებობს, ეს დასაშვებია მაშინ, როცა გარიგება გაბათილებულია და არარსებულად ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა. ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა ვითომ-კრედიტორის მხრიდან ქონების დაბრუნების ვალდებულებას უკავშირებს ვითომ სახელშეკრულებო ურთიერთობების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.
ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმაზე, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ პირმა ქონება შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე მიიღო (შეიძინა), რის გამოც აღნიშნული შენაძენი უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ექვემდებარება, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას იწვევს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ---- ფ--------ემ 2017 წლის 23 აპრილს 07:00:16 საათიდან 10:04:13 საათამდე პერიოდში, მოსარჩელე მხარის მიერ ოპერირებულ ონლაინ სამორინე jocerbros.com-ზე ითამაშა. ამავე დღეს აპელანტმა 3460,70 ლარი მოიგო, რომელიც სს „ლ-------- ბ---ში“ გახსნილ საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა (ს.ფ. 71). საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შპს ,,W-- G----’’-ის ონლაინ სამორინეში jocerbros.com 2016 წლის 23 აპრილს 03:00 საათიდან, ამავე დღის 11:00 საათამდე დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ, რაუნდში ბურთის დატრიალებიდან რაუნდის დასრულებამდე - მომგებიანი რიცხვის გამოცხადების მომენტამდე, დროის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 35-40 წამი, მოთამაშეების თამაშების ისტორიის ფაილებში ფიქსირებული ინფორმაციის მიხედვით კი აღნიშნული დრო არის მაქსიმუმ 10 წამი, რაც შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკურ ხარვეზად. ხარვეზში იგულისხმება, რომ მოთამაშეებს მომგებიანი რიცხვის დაფიქსირების შემდგომ ჰქონდათ ფსონის გაკეთების საშუალება. ამდენად, აღნიშნული ხარვეზის გამო აპელანტს შესაძლებლობა მიეცა ფსონი დაედო მომგებიანი რიცხვის დაფიქსირების შემდგომ(იხ.ს.ფ. 13-70).
4.7. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა შესაძლებელი იყოს პროცესში მონაწილე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება, აუცილებელია მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები სრულად აკმაყოფილებდეს სამართლის ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოსაყენებლად აუცილებელია ერთი მხარე მეორის ხარჯზე გამდიდრდეს და ეს გამდიდრება გამოწვეული იყოს გარიგების ბათილობის, არარსებობის, მოგვიანებით შეწყვეტის ან წარმოშობის შეუძლებლობის გამო. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ აპელანტს „მოგებული“ თანხა გადასცა, შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ თანხის გადაცემას სამართლებრივი საფუძველი რამდენად გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი კონკრეტული აზარტული თამაშის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ მოთამაშემ საკუთარი გამოცდილების, ინსტინქტის, სტრატეგიისა და სხვა ფაქტორების ხარჯზე, უნდა გამოიცნოს მომგებიანი ციფრი. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში თამაშის მოგებად მომგებიანი ციფრის გამოცნობა და არა მისი წინასწარი ცოდნა მიიჩნევა. მოთამაშემ „მომგებიანი ფსონი“ დადო და მოსარჩელე მხარეს მართლზომიერად ეგონა, რომ მოთამაშე ზ---- ფ--------ემ თანხა მოიგო, სწორედ ამიტომ მან „ნაკისრი“ ვალდებულება შეასრულა და აპელანტს „მოგებული“ თანხა გადასცა. თუმცა, მოგვიანებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხარვეზის გამო აპელანტს ფსონის გაკეთება მას შემდეგაც შეეძლო, რაც მომგებიანი რიცხვი დაფიქსირდებოდა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოთამაშემ თავიდანვე იცოდა თამაშის შედეგი, რა თქმა უნდა, მოსარჩელეს ვერ წარმოუშობდა თანხის გადაცემის ვალდებულებას, რადგან მოთამაშეს, ობიექტურად, თამაში არ მოუგია, რაც შპს „W-- G----“-სათვის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების, კერძოდ, მოგებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი წინაპირობა გახდებოდა. ზ---- ფ--------ემ, გარკვეული ხარვეზის გამო, მომგებიანი ციფრი წინასწარ იცოდა, რაც თამაშის შედეგად მომგებიანი ფსონის გაკეთებად ვერ იქნება მიჩნეული.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის, შესაბამისი ვალდებულების გარეშე, თანხის გადარიცხვის ფაქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში ექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული შესრულება დაბრუნებას ექვემდებარება.
სააპელაციო სასამართლო სამართლებრივი დასკვნის მართებულობის დასაბუთების მიზნებისათვის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზ---- ფ--------ემ ტექნიკური ხარვეზით ისარგებლა და თამაშის წესების საწინააღმდეგოდ, მოიპოვა შესაძლებლობა, რომ მომგებიანი ციფრი დაენახა და ამის შემდეგ „მომგებიანი ფსონი“ გაეკეთებინა, შესაბამისად, თანხა, რომელიც ზ---- ფ--------ემ „არამართლზომიერი შესაძლებლობის“ გამოყენების შედეგად მიიღო, შპს „W-- G----“-ს არ უნდა გადაეხადა, მას აღნიშნული ვალდებულება არ ჰქონდა. შპს „W-- G----“-ს მოგებული თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად მოგების პირობებში წარმოეშობოდა და არა მოთამაშის მიერ არამართლზომიერი შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში.
4.8. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ონლაინ სამორინეში jocerbros.com ტექნიკური ხარვეზის არსებობის სამტკიცებლად წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა კანონშესაბამისი რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულებაა. ამასტან აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აპელანტს, როგორც მოპასუხე მხარეს, სადავოდ არ გაუხდია და ეჭქვეშ არ დაუყენებია კომპიუტერული ექსპერტიზის ავთენტურობა, მან მხოლოდ მიუთითა იმაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნაში სავარაუდო დონეზე დასტურდება ხარვეზის არსებობა , თუმცა, საწინააღმდეგოს სამტკიცებლად სასამართლოსთვის თავის მხრივ მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
საპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში არსებობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი. სახელდობრ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის რაიმე კონკრეტული სახის მტკიცებულება, რომლითაც ონლაინ პორტალზე დაშვებული ტექნიკური უზუსტობის დამტკიცება უნდა მოხდეს, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ობიექტური და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ამგვარი სპეციფიური ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭიროა არსებობდეს სწორედ სპეციალური ცოდნის მქონე პირის - ექსპერტის დასკვნა. სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს გააქარწყლონ მათ მიერ მითითებული გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ წარდგენილი მტკიცებულების განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლო. მარტოოდენ მითითება მტკიცებულების უსაფუძვლობაზე, საკმარისი არ არის და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, ვინაიდან, მტკიცებას, როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლები ექვემდებარება. ამდენად, ვინაიდან მოპასუხე/აპელანტმა სსიპ ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოების გაქარწყლება ვერ შეძლო, აღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც საპროცესო ნორმის დაცვით მიღებულ და მოპასუხე/აპელანტი მხარის მიერ შეუცილებად წერილობით დოკუმენტს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ როდესაც მოსარჩელე მოპასუხეს გადაცემული ქონების უსაფუძვლობის გამო უკან გადაცემას ედავება, მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე ბრუნდება, სწორედ მან უნდა ამტკიცოს გადაცემული ქონების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სრულად იზიარებს. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დაადასტურა, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი, რადგან, რეალურად, შპს „W-- G----“-მა ზ---- ფ--------ის სასარგებლოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონტექსტში, ისე განახორციელა შესრულება, რომ მას აღნიშნული შესრულების ვალდებულება „სხვა საფუძვლის გამო“ არ წარმოშობია.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა 5.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, ზ---- ფ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება. 6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ---- ფ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა კალანდაძე