განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.11.2018
საქმის ნომერი
330310018002500117
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002500117

საქმე N3ბ/2708-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ბ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ----– კ-------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანება, ვ----– კ-------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ;

 

1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----– კ-------ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა;

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----– კ-------ისათვის წელთა ნამსახურობის მიხედვით, მორიგი წოდების მინიჭება;

 

1.4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----– კ-------ისათვის გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2012 წლის 20 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ვ----– კ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანება, ვ----– კ-------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ვ----– კ-------ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ვ----– კ-------ისათვის წელთა ნამსახურობის მიხედვით, მორიგი წოდების მინიჭება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ვ----– კ-------ისათვის გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2012 წლის 20 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.1. ვ----– ნ--------ის ძე კ-------ე საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2007 წლის 24 დეკემბრიდან 2012 წლის 20 მარტამდე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 1 მარტის №------ ბრძანებით, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ქ. თბილისის სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მე-2 სამსახურის გამომძიებელს, პოლიციის ლეიტენანტ ვ----– ნ--------ის ძე კ-------ეს მიენიჭა მორიგი საშუალო სპეციალური წოდება „პოლიციის უფროსი ლეიტენანტი“.

 

2012 წლის მარტის მდგომარეობით, ვ----– ნ--------ის ძე კ-------ის, შსს ყოფილ შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის I მთავარ სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს IV სამსახურის უფროსის მოადგილე - გამომძიებლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა კომპონენტების მიხედვით შეადგენდა: თანამდებობრივი სარგო - 1315 ლარი, წოდების სარგო - 30 ლარი, წელთა ნამსახურობის დანამატი - 134 ლარი და 50 თეთრი, სულ დარიცხვა: 1479 ლარი და 50 თეთრი, საიდანაც დაკავებული საშემოსავლო არის 295 ლარი და 90 თეთრი, ხოლო ხელზე მისაღები თანხა 1183 ლარი და 60 თეთრი (ს.ფ. 12-14).

 

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის №1-------- განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ----– კ-------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, კერძოდ, ვ----– კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (ს.ფ. 15-18);

 

ვ----– კ-------ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანებით, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მე-4 სამსახურის უფროსის მოადგილე - გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვ----– ნ--------ის ძე კ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, 2012 წლის 20 მარტიდან (ს.ფ. 20-25).

 

3.3. ვ----– კ-------ის განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დადგინდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულ ვ----– კ-------ის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დაირღვევის ფაქტი.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 12 ივლისის დადგენილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2017 წლის 18 ივლისს ვ----– ნ--------ის ძე კ-------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად (ს.ფ. 31-40).

 

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ა---ი ა------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვ----– კ-------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი; ვ----– კ-------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. ამავე განაჩენით ვ----– კ-------ეს განემარტა, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ს.ფ. 42-58).

 

3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №------- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 01 ნოემბრის №---- საშტატო - საორგანიზაციო ბრძანება, კერძოდ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი გაუქმდა, შემცირდა ყველა თანამდებობა 747 საშტატო ერთეულით (ს.ფ. 87-89), (ს.ფ. 100).

 

2012 წლის 14 დეკემბერს გაუქმდა შემდეგი დანაყოფები: - სპეციალური ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი) (№----); - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი (№---3); - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი (№---4); - საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი (№---5); - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (№---7); - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (№0---); - საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შსს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველო (№1------).

 

2012 წლის 14 დეკემბერს რეორგანიზაცია ჩატარდა კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტში) (№0--2) და შეიქმნა შემდეგი დანაყოფები: - სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი (№---6); - სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (დეპარტამენტი) (№---8); - ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი) (№---9); - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (№0--1).

 

4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან პირის უდანაშაულოდ ცნობა გულისხმობს მის მიერ იმ დანაშაულის ჩაუდენლობას, რომელიც ბრალად ედებოდა (რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი), შესაბამისად, არ არსებობდა ვ----– კ-------ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველიც. ამასთან, ვ----– კ-------ის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა არა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის, სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ, არამედ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის გამო (აღნიშნული საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნასა და ვ----– კ-------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას), შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტი - ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო, მოსარჩელის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენი, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება შეიძლება იყოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (გასაჩივრებული აქტის) არა ბათილად ცნობის, არამედ მხოლოდ მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 76-ე მუხლის თანახმად, შს ორგანოს ის თანამშრომლები, რომლებიც უსაფუძვლოდ იქნენ დათხოვნილი შს ორგანოებიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე შს ორგანოებში და სპეციალურ წოდებაში. სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება შს ორგანოებში აღდგენაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საკითხი იგივენაირად არის დარეგულირებული დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი კანონმდებლობითაც, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ შესაბამისი პირი მოხელედ არ მიიღება თუ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ნორმატიული შინაარსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ართმევდა შესაძლებლობას დისკრეციის საფუძველზე ემსჯელა ვ----– კ-------ის სამსახურიდან დათხოვნაზე. კანონმდებლობა იმპერატიულად ითხოვდა განაჩენის არსებობის პირობებში მოსამსახურის დათხოვნას.

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, სამინისტრო პროცესის მიმდინარეობისას აპელირებდა რომ გადასინჯული განაჩენი არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც არ არსებობდა აქტის გამოცემის დროს, შესაბამისად იგი შეიძლება გახდეს აქტის ძალადაკარგულად აღიარების სამართლებრივი საფუძველი და არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. მიუთითებს, რომ სამინისტროს მხრიდან არ ვლინდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და დაუსაბუთებლად მიიჩნევს განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას.

 

აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონის შესაბამისად და არსებულ პირობებში, სამინისტროსთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა გაუმართლებელ ტვირთად მიაჩნია. მიუთითებს, რომ სამინისტრომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს დააყენა საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულ შუამდგომლობაზე დასაბუთებული უარი ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია.

 

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პოლიცია ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომში – სამინისტროს მოსამსახურეები), ხოლო პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი.

 

აღსანიშნავია, რომ მითითებულ პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. ხოლო მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა დადგენლად მიიჩნევს, რომ ვ----– კ-------ე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მე-4 სამსახურის უფროსის მოადგილე - გამომძიებლის თანამდებობაზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის გამო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, 2012 წლის 20 მარტიდან. ვ----– კ-------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის №1-------- განაჩენით.

 

დადგენილია ასევე, რომ ვ----– კ-------ის განცხადების საფუძველზე 2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიებით დაადგინა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულ ვ----– კ-------ის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დაირღვევის ფაქტი, რის გამოც საქართველოს მთავარმა პროკურატურის მიერ 2017 წლის 18 ივლისს ვ----– ნ--------ის ძე კ-------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის №1/ა.გ. 287-17 განაჩენით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვ----– კ-------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი; ვ----– კ-------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ განმარტებას: ვ----– კ-------ე გამართლდა, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი იმ ბრალდებაში, რომლის გამოც იგი დაითხოვეს სამსახურიდან. გამამართლებელი განაჩენი კი ადგენს რა პირის უდანაშაულობას, აღნიშნული იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. ვინაიდან პირის უდანაშაულოდ ცნობა გულისხმობს მის მიერ იმ დანაშაულის ჩაუდენლობას, რომელიც ბრალად ედებოდა (რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი), შესაბამისად, არ არსებობდა ვ----– კ-------ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველიც. ამასთან, ვ----– კ-------ის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა არა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის, სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ, არამედ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის გამო (აღნიშნული საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნასა და ვ----– კ-------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტი - ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო, მოსარჩელის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენი, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, შეიძლება იყოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (გასაჩივრებული აქტის) არა ბათილად ცნობის, არამედ მხოლოდ მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

 

6.2. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 76-ე მუხლის თანახმად, შს ორგანოს ის თანამშრომლები, რომლებიც უსაფუძვლოდ იქნენ დათხოვნილი შს ორგანოებიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე შს ორგანოებში და სპეციალურ წოდებაში. სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება შს ორგანოებში აღდგენაზე.

 

ამავე დებულების 78-ე მუხლის შესაბამისად, შს ორგანოებში აღდგენილ თანამშრომლებს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი, ხოლო 79-ე მუხლის თანახმად, შს ორგანოდან უსაფუძვლოდ დათხოვნილ თანამშრომლებს აღდგენის შემთხვევაში უნაზღაურდებათ მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

აღნიშნული საკითხი იგივენაირად არის დარეგულირებული დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი კანონმდებლობითაც, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №------- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 01 ნოემბრის №---- საშტატო - საორგანიზაციო ბრძანება, კერძოდ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი გაუქმდა, შემცირდა ყველა თანამდებობა 747 საშტატო ერთეულით, თუმცა 2012 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა შემდეგი დანაყოფები: - სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი (№---6); - სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (დეპარტამენტი) (№---8); - ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი) (№---9); - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (№0--1).

 

ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიაჩნია, რომ სახეზეა ვ----– კ-------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანების ბათილად ცნობისა და ვ----– კ-------ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რაც უნდა განხორციელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად. პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ვ----– კ-------ისათვის წელთა ნამსახურობის მიხედვით, მორიგი წოდების მინიჭების და მისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების თაობაზე, აღნიშნული პერიოდი კი მოიცავს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2012 წლის 20 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს იმ პოზიციაზე, რომ გადასინჯული განაჩენი არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც არ არსებობდა აქტის გამოცემის დროს. წარმომადგენლის განმარტებით, იგი შეიძლება გახდეს აქტის ძალადაკარგულად აღიარების სამართლებრივი საფუძველი და არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებას უზენაესი სასამართლოს (Nბს-563-553 (კ-12) განჩინებაზე სადაც განმარტებულია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზანი არის სასამართლო კონტროლის განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერებაზე, რაც გამორიცხავს მართლზომიერი (კანონიერი) აქტის სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადებას, რადგან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება დაკავშირებულია მხოლოდ ისეთ გარემოებებთან, რაც მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში და არ უკავშირდება ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, ანუ აღნიშნული აქტი არამართლზომიერი (უკანონო) არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება და ეს მოთხოვნა არ შეიძლება წარმოადგენდეს სასარჩელო დავის საგანს სასამართლოში.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.

 

საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, ხოლო ვარაუდი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც, უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

8 პროცესის ხარჯები:

 

8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -