განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002411392
საქმე N3ბ/2758-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ--- წ----–-----;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ--- წ----–-----;
მესამე პირი (ასკ 16.2 მუხლი) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
მესამე პირი (ასკ 16.2 მუხლი) - ნ-----–- გ------–--, მ------- გ------–--;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ ნ--- წ----–-----ს, ლ--- წ----–-----ს ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ-----–- გ------–--ს შორის 2009 წლის
12თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, მ–-------ის ქუჩა №-, შენობა (კორპ.) №-, 1 სართული, ფართი: 28.50 კვ.მეტრი, ნ--- წ----–-----ს, ლ--- წ----–-----ს ნაწილში.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო განკარგულების გამოცემის დროს დაცულია კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც გამორიცხავს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
2.2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
2.4. მესამე პირმა ნ-----–- გ------–--მ, წერილობითი ფორმით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნ--- წ----–-----ს და ლ--- წ----–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება ნ--- წ----–-----ს, ლ--- წ----–-----ს ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ-----–- გ------–--ს შორის 2009 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, მ–-------ის ქუჩა №-, შენობა (კორპ.) №-, 1 სართული, ფართი: 28.50 კვ.მეტრი, ნ--- წ----–-----ს, ლ--- წ----–-----ს ნაწილში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. დადგენილია, რომ ნ--- წ----–----- და ლ--- წ----–----- არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული აქვთ დევნილთა სტატუსი. (ტომი I, ს.ფ. 20-25).
4.2. ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის.
განკარგულების თანახმად, ქ. თბილისში, მ–-------ის ქუჩა №-, შენობა (კორპ.) №-, 1 სართული, ფართი: 28.50 კვ.მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ნ-----–- გ------–--ს, მ------- გ------–--ს, ნ--- წ----–-----ს და ლ--- წ----–-----ს. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე - ქ. თბილისის მერიის მიერ. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე გადადიოდა ამ განკარულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები. ხოლო განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მერიას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალათ ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. (ტომი I, ს.ფ. 193-195).
4.3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 12 თებერვალს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ნ-----–- გ------–--ს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ-----–- გ------–--ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, მ–-------ის ქუჩა №-, შენობა №-, 1 სართული, ფართი: 28.50 კვ.მეტრი(2 ოთახი).
დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ნ-----–- გ------–--მ აიღო ვალდებულება მ------- გ------–--, ნ--- წ----–----- და ლ--- წ----–----- უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.
დასახელებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობენ ან არ ფლობენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.
დასახელებული ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა, ნ-----–- გ------–--ს ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ იგი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი პირობებით.
დასახელებული ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
დასახელებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების, გარდა ამ ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.
2009 წლის 12 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, მ–-------ის ქუჩა №-, შენობა №--ში მდებარე უძრავი ქონება - 1 სართული, ფართი: 28.50კვ.მეტრი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 618.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-------------------, 2009 წლის 19 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ-----–- გ------–--ს სახელზე, ხოლო 2018 წლის 18 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა მ------- გ------–-- (შვილი). (ტომი I, ს.ფ. 39-44).
4.4. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 17 დეკემბრის №--- საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობისა და მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად დგინდება, რომ ზ---- წ----–---ის და მის ოჯახის წევრებს 6 სულზე, მათ შორის მოსარჩელეებს ნ--- და ლ--- წ----–---იებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015 -2016 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში’’ გადასცა, ხოლო ზ---- წ----–-----ს ოჯახმა, მათ შორის მოსარჩელეებმა ჩაიბარეს ქალაქ თბილისში, ც------ დ------ის ქუჩა №-, ბინა №----ში, მდებარე 3 ოთახიანი საცხოვრებელი ფართი, რაც დაადასტურეს შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერით. (ტომი I, ს.ფ. 19).
4.5. ზ---- წ----–-----ს წარმომადგენლებმა 2017 წლის 01 ნოემბერს, ხოლო 2017წლის 18 ნოემბერს გამეორებით, განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვეს 2015 წლის 17დეკემბერს №--- მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემულ საცხოვრებელ ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. (ტომი I, ს.ფ. 15-16).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 02 თებერვლის №------------- წერილით ზ---- წ----–-----ს წარმომადგენელს ეცნობა, რომ 2015 წლის 9 ნოემბრის №--- ოქმის საფუძველზე მოქალაქე ზ---- წ----–-----ს და მისი ოჯახის წევრებს სამინისტროს მიერ გადაეცათ საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ც------ დ------ის ქუჩა №--ში. ამავე წერილის თანახმად, აღნიშნული ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემის დროს აღმოჩნდა, რომ მოქალაქე ზ---- წ----–-----ს ოჯახის წევრების ნაწილს, კერძოდ: ნ--- წ----–-----ს და ლ--- წ----–-----ს უკვე გადაცემული ჰქონდათ კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისი, მ–-------ის ქუჩა №--ში, რის გამოც სამინისტროში მიმდინარეობდა მოკვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (ტომი I, ს.ფ. 36-37).
4.6. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ნ--- წ----–-----ს და ლ--- წ----–-----ს არ უცხოვრიათ ნ-----–- გ------–--სთან ერთად ერთ ოჯახად, ამასთან, 2009 წლის 12 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის არასრულწლოვანი მოსარჩელეებისათვის - ნ--- წ----–-----სთვის და ლ--- წ----–-----სთვის არ უცნობებიათ ხელშეკრულების შესახებ და მათ არ განუცხადებიათ წერილობითი თანხმობა.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირვენ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ-----–- გ------–--ს შორის, 2009 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნ--- წ----–-----ს, ლ--- წ----–-----ს ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებას და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 66-ე, 70-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნ--- წ----–-----ს, ლ--- წ----–-----ს ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება, რამეთუ მიზანს წარმოადგენდა სწორედ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა და მის საფუძველზე ხელშეკრულებით დადების გზით ამ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 02 თებერვლის №------------- წერილზე, რომლითაც ზ---- წ----–-----ს წარმომადგენელს ეცნობა, რომ 2015 წლის 9 ნოემბრის №--- ოქმის საფუძველზე მოქალაქე ზ---- წ----–-----ს და მისი ოჯახის წევრებს სამინისტროს მიერ გადაეცათ საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ც------ დ------ის ქუჩა №--ში. ამავე წერილის თანახმად, აღნიშნული ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემის დროს აღმოჩნდა, რომ მოქალაქე ზ---- წ----–-----ს ოჯახის წევრების ნაწილს, კერძოდ: ნ--- წ----–-----ს და ლ--- წ----–-----ს უკვე გადაცემული ჰქონდათ კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისი, მ–-------ის ქუჩა №--ში, რის გამოც სამინისტროში მიმდინარეობდა მოკვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი მათთვის, რომ 2009 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ-----–- გ------–--ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში თავად მითითებულნი იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები, სარჩელი კი სასამართლოში აღძრეს 2018 წლის 23 აპრილს.
6. საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები და მესამე პირები წარმოადგენენ ერთ ოჯახს. შესაბამისად, არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელესა და ხელშეკრულებაში არსებულ პირებს ერთად არ უცხოვრიათ.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის N124 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" ქვეპუნტის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, დროებითი ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა ადასტურებს იძულებით გადაადგილებამდე დევნილის და მისი ოჯახის წევრების მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ ხსენებული საკითხი ანალოგიურად არის მოწესრიგებული ამჟამად მოქმედი 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით. შესაბამისი სტრუქტურის მიერ გაცემული ცნობები კი ოჯახის შემადგენლობის შესახებ გადაეცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელიც შემდგომში ვალდებულია გადაწყვიტოს კონკრეტული დევნილის საკითხი საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ დევნილის ოჯახისა და მისი შემადგენლობის საკითხის განსაზღვრა წარმოადგენდა არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის კომპეტენციას.
წარმომადგენელი საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამასთან, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, 2009 წელს როდესაც ოჯახის წევრს საცხოვრებელი ფართი გადაეცა და შეეცვალა დევნილის შემწეობის ოდენობა, სწორედ აღნიშნულის გამო უნდა სცოდნოდათ ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. წარმომადგენლის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და ითხოვს, მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს გააჩნია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ საცხოვრებელი სადგომის გადაცემის ვალდებულება, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს საცხოვრებელი სადგომის, იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახისთვის გადაცემას და არა თითოული პირის მიმართ ცალ - ცალკე.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, დევნილის ანკეტაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: დევნილის სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, დევნილის პირადი და სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, განსახლების ფორმა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება პროფესია. მოსარჩელეთა რეგისტრაციის ადგილი მითითებული იყო მათი სურვილის შესაბამისად. ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მოსარჩელეთა რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა ხელშეკრულებაში მითითებული მისამართი. სამინისტრო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა კონკრეტული დროისთვის მოსარჩელეთა კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს. ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, მოსარჩელეების საცხოვრებელ ადგილს თბილისში, დ------ის ქ.--- წარმოადგენს, არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ადმინისტრაციული აქტისა და ხელშეკრულების მომზადების დარღვევად. ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულება დადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი.
აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
დასახელებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ნ--- წ----–----- და ლ--- წ----–----- არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილები. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება - მოვალეობებს განსაზღვრავს.
8.2. ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. დასახელებული კანონის 6.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულების თანახმად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, მ–-------ის ქუჩა №-, შენობა(კორპ.) №-, 1 სართული, ფართი: 28.50 კვ. მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1(ერთი) ლარად გადაეცათ ნ-----–- გ------–--ს, მ------- გ------–--ს, ნ--- წ----–-----ს და ლ--- წ----–-----ს.
დადგენილია ასევე, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის
№-- განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 12 თებერვალს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ნ-----–- გ------–--ს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ-----–- გ------–--ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, მ–-------ის ქუჩა №-, შენობა №-, 1 სართული, ფართი: 28.50კვ. მეტრი (2ოთახი).
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა’’, რომელიც მოქმედებდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების (2009 წლის 12 თებერვალი) დადების მომენტისათვის. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით. აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელიც ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №-------- ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ და დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით და დაყრდნობოდნენ მას. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობდა, შესაბამისად დაუდგენელია რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მიჩნეული მოსარჩელეები პრივატიზებულ ფართში მცხოვრებ პირებად და ნ-----–- გ------–--ს ოჯახის წევრებად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მოსარჩელეები წარმოადგენდნენ არასრულწლოვან პირებს, ხოლო ნ-----–- გ------–-- არ იყო არც მათი კანონიერი წარმომადგენელი და არც მეურვე, უფრო მეტიც, ნ--- წ----–-----ს და ლ--- წ----–-----ს არასოდეს უცხოვრიათ ნ-----–- გ------–--სთან, არამედ ისინი ცხოვრობდნენ მშობლებთან ერთად.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ-----–- გ------–--ს შორის 2009 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნ--- წ----–-----ს, ლ--- წ----–-----ს ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 17 დეკემბრის №--- საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობისა და მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---- წ----–-----ს და მისი ოჯახის წევრებს 6 სულზე, მათ შორის მოსარჩელეებს ნ--- წ----–-----ს და ლ--- წ----–-----ს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში’’ გადასცა, ხოლო ზ---- წ----–-----ს ოჯახმა, მათ შორის მოსარჩელეებმა ჩაიბარეს ქალაქ თბილისში, ც------ დ------ის ქუჩა №-, ბინა №----ში, მდებარე 3 ოთახიანი საცხოვრებელი ფართი, რაც დაადასტურეს შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერით.
დადგენილია ასევე, რომ ზ---- წ----–-----ს წარმომადგენლებმა 2017 წლის 01 ნოემბერს, ხოლო 2017 წლის 18 ნოემბერს განმეორებით, განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვეს 2015 წლის 17 დეკემბერს №--- მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემულ საცხოვრებელ ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 02 თებერვლის №------------- წერილით კი, ზ---- წ----–-----ს წარმომადგენელს ეცნობა, რომ 2015 წლის 9 ნოემბრის №--- ოქმის საფუძველზე მოქალაქე ზ---- წ----–-----ს და მისი ოჯახის წევრებს სამინისტროს მიერ გადაეცათ საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ც------ დ------ის ქუჩა №--ში. ამავე წერილის თანახმად, აღნიშნული ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემის დროს აღმოჩნდა, რომ მოქალაქე ზ---- წ----–-----ს ოჯახის წევრების ნაწილს, კერძოდ: ნ--- წ----–-----ს და ლ--- წ----–-----ს უკვე გადაცემული ჰქონდათ კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისი, მ–-------ის ქუჩა №--ში, რის გამოც სამინისტროში მიმდინარეობდა მოკვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი მათთვის, რომ 2009 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ-----–- გ------–--ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში თავად მითითებულნი იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები, სარჩელი კი სასამართლოში აღძრეს 2018 წლის 23 აპრილს.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას სამოქალაქო კოდექსის ნორმები აწესრიგებს, ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობას იმ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იწვევს, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულება დაიდო. იმის გათვალისწინებით, რომ პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სადავო ხელშეკრულების საფუძვლად მითითებული პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ბათილი აქტის შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების გაბათილების საფუძველიც.
პალატა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სარჩელი ხანდაზმული არ არის.
პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
9. პროცესის ხარჯები:
9.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 251, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -