განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
160210017002174959
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210017002174959

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4887-18 18 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ჯ------–--- ა-–-----------ი,წარმომადგენელი - ა---------– პ-------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ----- ს--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ---------------------------------------–--------–-–--------------------

 

წარმომადგენელი - ლ----------–--ე

 

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) - სს „ს------------- კ-----------–---“

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელეებმა ჯ------–--- ა-–-----------მა და ვ----- ა-–-----------მა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების დ----- ს--------ისა და შ---------------------------------------–--------–-–--------------------ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს და ჯ------–--- ა-–-----------ის ნაწილში მათთვის სოლიდარულად, ზიანის სახით 21812 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს, საიდანაც 590 ლარი მკურნალობის ხარჯი, 2400 ლარი - მწყემსის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, 5265 ლარი - თივის შესაძენად გადახდილი თანხა, 1100 ლარი - გათიბვის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, ხოლო 12457 ლარი - მიუღებელი შემოსავალია.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ჯ------–--- ა-–-----------ის მოთხოვნასთან მიმართებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დ----- ს--------ესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–-------------------ს მოსარჩელე ჯ------–--- ა-–-----------ის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება 491 ლარის ოდენობით, სოლიდარულად, დაეკისრათ. მოსარჩელე ჯ------–--- ა-–-----------ის სარჩელი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯ------–--- ა-–-----------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ფაქტობრივად დამდგარი ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაუქმება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კ------–--–---ნ----–-----ის საავტომობილო გზის 7--- კ--–--------ზე, საქართველოს შ------–--------–-–-------------------ზე რიცხული „ს-------------ის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით S--------, რომელსაც დ-–--------–-–-------------------ის მ--------–ის განყოფილების თანამშრომელი, პ---–-–--------–----ი, დ----- ს--------ე მართავდა, „ფ------ ტ---------ის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით C------ შეეჯახა, რომელსაც მძღოლი ვ----- ა-–-----------ი მართავდა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს შეჯახებაში მონაწილე ავტომანქანების მძღოლებმა, ასევე ავტომანქანა „ფ------ ტ---------ის“ მგზავრმა ჯ------–--- ა-–-----------მა, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ წ--–-ის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს (ტ.1, ს.ფ. 24).

 

6. 2017 წლის 09 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-ს სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოძიება დაიწყო (ტ.1, ს.ფ. 24).

 

7. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნის თანახმად, დ----- ს--------ის მოქმედება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ვ----- ა-–-----------ი, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შესძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნებოდა (ტ.1, ს.ფ. 26-37).

 

8. შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო N---- ბარათის მონაცემებით, ჯ------–--- ა-–-----------ს რენტგენოლოგიურად, ოპერაციულად და კლინიკურად მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით და თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში ნაკლებად მძიმე ხარისხს მიეკუთვნება - ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს არ ეწინააღმდეგება (ტ. 2, ს.ფ. 89).

 

9. თ-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თ-----ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, 2017 წლის 26 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ჯ------–--- ა-–-----------ს 760 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი ჰყავს საკუთრებაში (ტ.1, ს.ფ. 38).

 

10. თ-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თ-----ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 12 ოქტომბერს გაცემული ცნობისა და სარეგისტრაციო მოწმობების თანახმად, ჯ------–--- ა-–-----------ს ორი ტრაქტორი: M-----, D---- აქვს საკუთრებაში (ტ.1, ს.ფ. 38, 43-45).

 

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი;

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირის ბრალეული ქმედების მიყენების შედეგად ანაზღაურდება არა ყველა სახის ზიანი, არამედ მხოლოდ ის რაც ჩადენილ ქმედებასთან მიზეზობრივ კავშირშია.

 

12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტის მიერ მკურნალობისთვის გაწეული ხარჯის დამატებით - 91 ლარის ოდენობით ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდის ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს, სწორედ ამიტომ, აპელანტს მის მიერ გაწეული მკურნალობის ხარჯი 491 ლარის ოდენობით აუნაზღაურდა, ხოლო 91 ლარის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა რაც აპელანტის მიერ გასაჩივრებულია ასევე, აპელანტი სადავოდ ხდის მისთვის ფაქტობრივად დამდგარი ზიანისა (8765 ლარი) და მიუღებელი შემოსავლის სახით (12457 ლარი) მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას, შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს ზიანის არსებობის დადასტურება და მიყენებულ ზიანთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენს. ასევე, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა, სააპელაციო პალატა უფლებამოსილია მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ მხოლოდ საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს.

 

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ნიშანდობლივია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაწეული ხარჯების სახით 491 ლარის გაღების ფაქტი აღიარა. რაც შეეხება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო გაწეული ხარჯის დამატებით - 91 ლარის ანაზღაურებას, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ განვითარებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იგი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. კერძოდ, საქმის მასალებში არსებული, 2017 წლის 07 ნოემბრის ცნობით, გაცემული შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ დასტურდება, რომ აპელანტმა სტაციონარული მომსახურებისთვის ჯამში 455 ლარი გადაიხადა, ასევე საქმის მასალებში არსებობს ფორმა 100, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (N-----), რომელსაც დიაგნოსტიკური განყოფილების მიერ გამოწერილი 36 ლარიანი ქვითარი ახლავს, აღნიშნული დანახარჯების ჯამი 491 ლარია (455+36=491), ანუ სწორედ ის ოდენობა რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა (ტ.1, ს.ფ. 88-90), რაც შეეხება სარჩელზე მოსარჩელის მიერ დართულ სხვადასხვა სახის ქვითრებს, სასამართლო მას მხედველობაში ვერ მიიღებს, რადგან მათზე თანხების გახარჯვის მიზნობრიობა აღნიშნული არ არის (ტ.2, ს.ფ. 57). შესაბამისად, შეუძლებელია მოსარჩელის მიერ მიყენებულ ზიანსა და გაწეულ ხარჯებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტის მიერ მოთხოვილი ფაქტობრივად დამდგარი ზიანი - 8765 ლარის ოდენობით არ უნდა ანაზღაურდეს. აპელანტის მტკიცებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი მის საკუთრებაში არსებულ 45 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და 715 სულ წვრილფეხა პირუტყვს ვეღარ უვლიდა, იძულებული გახდა დაექირავებინა მწყემსი და მისთვის ყოველთვიურად 600 ლარი გადაეხადა. მწყემსისთვის გადასახდელმა თანხამ 2017 წლის აგვისტოს, ნოემბრის, დეკემბრის თვეების, ასევე 2018 წლის იანვრის თვეში 2400 ლარი შეადგინა. ასევე, აპელანტს იჯარით ჰქონდა აღებული 11 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც საქონელს აძოვებდა, თიბავდა და საქონლის საკვებს ინახავდა. რადგან მან ჯანმრთელობის გაუარესების გამო იჯარით აღებული ადგილის მოვლა-პატრონობა ვერ შეძლო იძულებული გახდა მიწის ნაკვეთის გასათიბად მ-------- შ---------ი დაექირავებინა, რომელსაც 1100 ლარი გადაუხადა, საქონლის ზამთარში გამოსაკვებად კი 5265 ლარის ღირებულების თივა იყიდა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ამასთანავე ისინი არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავია. უპირველესყოვლისა აპელანტმა გარდა მისი ახსნა-განმარტებებისა ვერაფრით დაადასტურა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე 760 სულ მსხვილ და წვრილფეხა პირუტყვს თავად უვლიდა და მწყემსის დახმარება არ სჭირდებოდა. ამასთანავე, ყურადსაღებია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2017 წლის 09 ივლისს მოხდა, პირველ ინსტანციაში დაკითხულმა მოწმემ, ნ-------- გ----------მა, განაცხადა, რომ მოსახლეობა საქონელს საძოვრებზე გაზაფხულზე აპრილ-მაისის თვეში უშვებს, ასევე, პროცესზე მოწმედ არ ყოფილა დაკითხული მწყემსი, რომელსაც აპელანტის მტკიცებით, მისი საქონელი საძოვარზე მიჰყავდა და ამისთვის შესაბამის გასამრჯელოს იღებდა აპელანტისგან, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მან სარწმუნო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ მისი საქონელი ავარიის შემდგომ საძოვარზე გაყვანას საჭიროებდა და საამისოდ აპელანტმა კონკრეტული ოდენობის ხარჯები გაიღო.

 

გარდა ამისა, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ავარიის შემდგომ პერიოდში (9 ივლისის შემდგომ) ხვნა-თესვა დასრულებული იყო, მოსავლის აღება კი, შემოდგომით ხდება, ეს გარემოება აპელანტმა მხარემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირ სხდომაზე, 2018 წლის 8 ოქტომბერს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:51:04 საათიდან 15:51:50 საათამდე) დაადასტურა, შესაბამისად გაურკვეველია აპელანტი რა გარემოებებზე დაყრდნობით ითხოვს იჯარით აღებული 11 ჰა მიწის ნაკვეთის, მოვლაზე გაღებული ხარჯის ანაზღაურებას. ასევე, დაუსაბუთებელია აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ, რადგან ავარიის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის მოთიბვა და თივის შენახვა ვერ შეძლო, რის გამოც ზამთარში საქონლისთვის თივის ყიდვა მოუწია. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო საჩივარში თავად აპელანტმა მიუთითა, რომ იჯარით აღებული 11 ჰა მიწის გასათიბად მ-------- შ---------ი დაიქირავა, რომელსაც 1100 ლარი გადაუხადა, აღნიშნულის გათვალისწინებით პალატისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა ამ ნაკვეთიდან საჭირო ოდენობის თივის მომარაგება და რატომ ითხოვს აპელანტი შეძენილი თივის ღირებულების ზიანის სახით ანაზღაურებას, მით უფრო კი იმ პირობებში, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით თივის შეძენა არ დასტურდება.

 

15. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მხარე ამტკიცებდა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან ვერ მიიღო შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა მის საკუთრებაში არსებული ტრაქტორების გამოყენების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჯ------–--- ა-–-----------ს საკუთრებაში ორი ტრაქტორი აქვს, ყოველ შემოდგომა გაზაფხულზე ააიპ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტოსა და შპს „მ--------------თან“ არსებული ხელშეკრულებებით თვეში, მიწის მოხვნით, 6228 ლარს გამოიმუშავებდა, ასეთი ხელშეკრულება კი სწორედ მიღებული ტრავმის გამო ვერ გააფორმა და შესაბამისად, შემოსავალიც ვერ მიიღო. პალატა პირველ რიგში, განმარტავს, რომ საქმეში არსებული 2016 წლის 04 თებერვლის ხელშეკრულება მცირე ფერმერთათვის სახნავი სამუშაოების ჩატარებაში მონაწილეობის შესახებ, ამგვარი ხელშეკრულების მომავალ წლებში გაფორმების პრეზუმფციას არ წარმოშობს, საქმეში კი არ არსებობს ავარიამდე გაფორმებული ხელშეკრულება და მტკიცებულება, რომელიც ამგვარი სამუშაოების ჯანმრთელობის დაზიანების გამო განხორციელების შეუძლებლობას დაადასტურებდა. გარდა ამისა, საქმის ზეპირ სხდომაზე განხილვის დროს, აპელანტმა მხარემ მიუთითა, რომ აპელანტი ერთ ტრაქტორს აქირავებდა მეორეს კი თავად მართავდა, სასამართლოს შეკითხვაზე თუ რატომ არ გააქირავა მხარემ მეორე ტრაქტორიც და რა გარემოებები უშლიდა მას ხელს გაქირავებით მიეღო შემოსავალი დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ გასცა. მითითება მასზედ, რომ აპელანტი თავად მართავდა ტრაქტორს და სხვას ვერ ანდობდა ან მასზედ, რომ არ იყო დარწმუნებული სხვა როგორ გაართმევდა თავს მის მართვას არარელევანტურია და გაზიარებული ვერ იქნება. ზემოაღნიშნულის შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა მის მიერ მოთხოვნილი თანხის აუცილებლად/გარდაუვლად მიღების ფაქტი იმ შემთხვევაში თუ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდებოდა, რაც მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.

 

16. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სააპელაციო პალატის აზრით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი სახეზეა, აპელანტის მიერ გაღებული ნებისმიერი ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობას არ ქმნის. ამგვარი კატეგორიის დავებში მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, რომელიც მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი კი მოპასუხის ქმედებას თუ კონკრეტულად რა ოდენობის ხარჯების გაღება მოჰყვა მოსარჩელეს ეკისრება. სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა ვერ განახორციელა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, სრულად, მიზეზობრივი კავშირის სარწმუნოდ დადასტურების თაობაზე. ამ მიმართებით არარელევანტური და არათანმიმდევრულია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და თავად აპელანტი მხარის ახსნა-განმარტებები. კერძოდ, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სამედიცინო დანახარჯებისთვის დამატებით 91 ლარის ანაზღაურების წინაპირობას შექმნიდა, ასევე, არ არსებობს მტკიცებულება ავარიის შემდგომ საქონლის საძოვარზე გაყვანის აუცილებლობასა და ამისთვის მწყემსის დაქირავების თაობაზე, აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში კი, დასტური იმისა, რომ სხვა თანაბარ პირობებში აპელანტი 760 სულ საქონელს პირადად, მწყემსის დახმარების გარეშე უვლიდა არ მოიძებნება. ამასთანავე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სახნავი სამუშაოების ჩატარების შესახებ ხელშეკრულების არსებობა და აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსავლის მიუღებლობა, გარდა ამისა, აპელანტმა ვერ დაადასტურა მის საკუთრებაში არსებული ტრაქტორების გამოუყენებლობით მიუღებელი შემოსავლის არსებობის ფაქტიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას და რაიმე გამონაკლისს რომელიმე მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე კანონი არ ითვალისწინებს. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი გარემოებების სამტკიცებლად მხოლოდ აპელანტი მხარის ახსნა-განმარტებები, რომლებიც არცერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან მხარე თავად არის საქმის განხილვის შედეგით დაინტერესებული პირი და მისი განმარტებები ობიექტურობისა და სანდოობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილ ზიანის ანაზღაურებასა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიყენებულ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დგინდება.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. მოცემულ შემთხვევაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, 46-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ჯ------–--- ა-–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე