განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
130210018002265934
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210018002265934

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/2960-18 18 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს „ჩი-----------------------------------------ი“

 

წარმომადგენელი - ოლ----------–-ძე, მა------------ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - და-–-----------ძე

 

წარმომადგენელი - ქე-------------–-ძე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. და-–-----------ძემ ხაშურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩი-----------------------------------------ისგან“ მოსარჩელის სასარგებლოდ 19 823,87 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ჩი-----------------------------------------ს“ და-–-----------ძის მიმართ 17 723 ლარის, გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჩი-----------------------------------------ის“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. მოპასუხე იურიდიული პირი - შპს „ჩი-----------------------------------------ი“ - მისი მუდმივმოქმედი ფილიალის მეშვეობით, საქართველოში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ-–----ში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აწარმოებს. მშენებლობის პროცესში, მიწისქვეშა აფეთქებები გამოიყენება (ტომი 1, ს.ფ. 2-255).

 

6. და-–-----------ძის საცხოვრებელი სახლი ხაშურის რაიონის სოფელ ქვ-–----ში მდებარეობს (ტომი 1, ს.ფ. 2-47).

 

7. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 19 ივნისის დასკვნაში მითითებულია: ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქვ-–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები აღინიშნებოდა. ამდენად, თუ გავითვალისწინებთ და-–-----------ძის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების და ასევე სოფელ ქვ-–----ში მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათს და თავისებურებებს შეიძლება დავასკვნათ, რომ სოფელ ქვ-–----ში მდებარე და-–-----------ძის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად. ამრიგად, ხაშურის რაიონის სოფელ ქვ-–----ში მდებარე მოქალაქე და-–-----------ძის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარჯვენა კუთხის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ასევე აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს მდებარე ხის კონსტრუქციებით მოწყობილი გრუნტის მასივის შესაკავებლად დროებითი საყრდენი კედლის შეცვლა რკინაბეტონის საყრდენი კედელით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს, შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით, ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ (ტომი 1, ს.ფ. 17-29).

 

8. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-72-72-2018). ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

 

9. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1127-1047-2017 და №ას-189-189-2018).

 

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი მოსარჩელის სახლის დაზიანებები მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით იყო გამოწვეული. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხე საწარმოს მიერ ჩატარებული აფეთქებების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ედავებიან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომელიც მოპასუხემ სრულად გაასაჩივრა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს მოპასუხის მიერ გამოწვეული ზიანი, მისი ოდენობის დადგენა, მიყენებულ ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს. ისეთი საკითხების შეფასებისას, როდესაც სასამართლოს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია ექსპერტიზის დასკვნა ერთ-ერთი წონადი მტკიცებულებაა, რომელსაც სასამართლო მხედველობაში მხოლოდ მისი, განკუთვნადობის, შესაბამისობის, სანდოობისა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით იღებს. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა არაორაზროვნად და იმპერატიულად ასკვნის, რომ საკვლევი უძრავი ქონების დაზიანება, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული სამუშაოების შედეგია. ასევე, დასკვნაში მითითებულია, რომ შენობის გარე პერიმეტრზე პირველ სართულზე, ფასადის და მარჯვენა ტორსულ კედლებზე დახრილი, ჰორიზონტალური და ვერტიკალური, გამჭოლი ბზარები აღინიშნება. გახსნილია თაბაშირის მანიშები, რაც დინამიური პროცესის მიმდინარეობაზე მიანიშნებს. დასკვნას თან ახლავს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს დაზიანებების კვალი. ამასთანავე, დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია საქართველოში ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური საექსპერტო ბიუროს - სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ მიერ, შემსრულებელ ექსპერტ პა--------------–---–ს, მუშაობის 31 წლის სტაჟი აქვს, რაც სასამართლოს უქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ დასკვნა შედგენილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტისა და ექსპერტიზის ბიუროს მიერ, იგი იმპერატიული სახისაა, დასკვნაში მითითებულია, რომ შენობაზე არსებული ბზარების სიხშირე და მათი მიმართულება დინამიური პროცესის და არა სახლის ჯდენითი პროცესების მიმდინარეობაზე მიუთითებს. აპელანტის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება, მასზედ, რომ ექსპერტს ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამისი მასალები და ლიტერატურა არ გააჩნდა აღნიშნული დასკვნის წონადობას ვერ ასუსტებს, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც აღნიშნული დასკვნა აპელანტ მხარეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სასამართლო აკვნის, რომ მის გაზიარებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

11. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ კომპანია „ექ---------ს“ მიერ გაცემული დასკვნები სადავო ზიანის მიყენებას გამორიცხავს, რადგან მოსარჩელის სახლი აფეთქებების ზემოქმედების ფარგლებს გარეთ მდებარეობს. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, რომ კომპანია „ექ---------ს“ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ არის მიღებული. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა თავისი მნიშვნელობით ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ცალსახა დასკვნას, რომ საცხოვრებელ სახლზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს მასზედ, რომ დაზიანებები, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით არის გამოწვეული. ასევე, საქმეში არსებულ „ექ---------ს“ დასკვნაში, მიუხედავად უძრავი ქონების საკადასტრო კოდების ჩამონათვალისა, მოსახლეობის უძრავი ქონების ინდივიდუალური გამოკვლევა/შესწავლა და მდგომარეობის შეფასების თაობაზე მითითება არ არსებობს.

 

აპელანტის მიერ წარმოდგენილი დასკვნით აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შეფასდა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელის კუთვნილი ქონების მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და ა.შ. ამასთან, უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ მიუხედავად იმისა, მოსარჩელის საკუთრება აფეთქებების არეალიდან მოშორებით მდებარეობდა თუ არა, ვერ იქნება გაზიარებული მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ან/და თეორიული მითითება მასზედ, რომ აფეთქებებს არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რადგან, არც აპელანტ მხარეს უარყვია, რომ აფეთქებებს არა ერთჯერადი, არამედ სისტემატიური - მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა, რამაც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოიწვია. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება კი, რომელიც წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასაბუთებულ შედეგს გააბათილებდა, აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ქონების დაზიანების სხვა სარწმუნო მიზეზი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გვირაბის მშენებლობის სამუშაოები 2012 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა კომპანიამ მონიტორინგის განხორციელება 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო და ფართომასშტაბიანი მონიტორინგი მხოლოდ 2013 წლის მარტის თვეში განახორციელა. ამასთანავე, საქმის მასალებში არსებული „ექ---------ს“ დასკვნები 2017 წლითაა დათარიღებული, შესაბამისად სასამართლოს ვერ ექმნება გონივრული ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნული დასკვნა სრულად ასახავს გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანებების კვლევას. ასევე, ამავე საფუძვლით, ვერ იქნება გაზიარებული საქმის მასალებში არსებული 2018 წლის 29 იანვარს „ექ---------ს“ მიერ გაცემული დასკვნაც, რადგან აღნიშნული დასკვნა ემყარება 2017 წელს შედგენილ დასკნას და მასში ზოგადი ინფორმაციაა მითითებული, იგი სადავო ქონების კვლევის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს არ შეიცავს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების თანახმად (მასში შემდგომში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით), ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავს მასშტაბური ხასიათის მშენებლობების წარმოებას დაიწყებდა უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამგვარი კატეგორიის დავებში მოპასუხეს მისი ქმედების მართლზომიერების, ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მათ არ განუხორციელებიათ კანონით დაწესებული მოთხოვნა - მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობის უძრავი ქონების მდგომარეობის შეფასების შესახებ, აღნიშნული მათ მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნებით კომპენსირებული ვერ იქნება.

 

12. ამასთანავე, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მითითება, მასზედ, რომ მოსარჩელის სახლი რისკის მაღალ ზონაში არ მდებარეობდა და იქ ვიბრაციის დასაშვებ ლიმიტზე მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. პირველ რიგში, ნიშანდობლივია, რომ აფეთქებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი, იგი ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ცალსახაა, რომ პროექტი დღესაც არ არის დამთავრებული, შესაბამისად თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიმიტის ფარგლებში განხორციელებულმა მრავალჯერადმა ბიძგებმა, ქვ-–----ის სოფელში (რომელიც აპელანტის მიერვე წარმოდგენილი დასკვნის თანახმად „საშუალო“ ზონაში მდებარეობს) მდებარე მოსარჩელის სახლის დაზიანებაზე ნეგატიური ეფექტი არ იქონია და დაზიანებების ხშირი აფეთქებების ზემოქმედებით არ არის გამოწვეული აპელანტის მეირ ვერ იქნა დადასტურებული.

 

13. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ზიანის ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ, არის შესაძლებელი. ამ მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ინდ. მეწარმე „ზვ------------–--ის“ მიერ განხორციელებული სადავო საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით მოსარჩელის სახლის სარეაბილიტაციო ხარჯად 19 823,87 ლარი მიეთითა. სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ, იმ ფარგლებში დააკმაყოფილა, რომელი ხარჯების გაწევაც აპელანტის მიერ მიყენებულ ზიანთან იყო კავშირში, კერძოდ მოპასუხეს 17 723 ლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. აპელანტ მხარეს აღნიშნული ხარჯის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, შესაბამისად, პალატა იზიარებს და ეთანხმება გამოთვლილი ზიანის ოდენობას. აგრეთვე, აპელანტის მიერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება ხარჯთაღრიცხვის შემდგენი კომპანიის უფლებამოსილების არარსებობის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული რადგან დოკუმენტი 2017 წელსაა შედგენილი, აპელანტი კი კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს მიუთითებდა, რომელიც მისივე განცხადებით 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

15. სააპელაციო სასამართლო ზემოთ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად განმარტავს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არაორაზროვნად და იმპერატიულად ადგენს დამდგარ ზიანსა და მოპასუხე საწარმოს მიერ განხორციელებულ აფეთქებებს შორის მიზეზობრივ კავშირს, ასევე წარმოადგინა სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომელიც გონივრული და რელევანტურია, აღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულება კი აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია, მისი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება ზიანის მიყენების შეუძლებლობასა და ხარჯთაღრიცხვის არამართებულობასთან მიმართებით ვერ იქნება სარწმუნო და წონად მტკიცებულებად მიჩნეული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ პრეზიდენტის 57-ე ბრძანებულებით დაკისრებული ვალდებულება - მშენებლობის დაწყებამდე მაცხოვრებლების უძრავი ქონების მდგომარეობის შეფასების შესახებ არ შეუსრულებაით. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, იზიარებს დადგენილ ფაქტებსა და განვითარებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 708,92 ლარის ოდენობით და კერძო საჩივარზე გადახდილი 50 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ჩი-----------------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ ალანია