განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2018
საქმის ნომერი
330310017001831837
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001831837

საქმე №3ბ/1043-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი - ვ----------------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი -ლ-–---------–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - თ---------–------ე;

 

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად

ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ვ----------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზ. თარიღი 26.06.2009), რომლის თანახმადაც არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (მდ. თბილისი, ჯ---------ს ქუჩა, დასაწყისი, ნაკვეთი 1-----, ს.კ.-----------------) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულზე. (ტ.1. ს.ფ. 62-63);

 

2.1.2. 2016 წლის 20 ივლისის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N------ მითითების თანახმად, ქ. თბილისში, ჯ---------ს ქუჩაზე (ნაკვეთი 1-----), ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.-----------------) და მის მიმდებარედ ვ----------------–---–მა განათავსა კაპიტალური ღობე, ჭიშკარი, ლითონის ბოძები და მავთულბადის ღობე. ამავე მითითებით ვ----------------–---–ს დაევალა წარმოედგინა აღნიშნული ობიექტების კანონიერების დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა მისი დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად ვ----------------–---–ს მიეცა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.( ტ.1. ს.ფ. 14);

 

2.1.3. 2016 წლის 17 აგვისტოს ვ----------------–---–მა N--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და ითხოვა მითითებით დადგენილი ვადის გაგრძელება.(ტ.1. ს.ფ. 56);

 

2.1.4. 2016 წლის 22 აგვისტოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ვ----------------–---–ის მიმართ შეადგინა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც ვ----------------–---–ის მიერ არ შესრულდა N------ მითითებით განსაზღვრული პირობები. (ტ.1. ს.ფ. 68-69);

 

2.1.5. 2016 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ვ----------------–---–ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე (მდ: ქ. თბილისი, პ------- გ-–----ი, ჯ---------ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია).(ტ.1. ს.ფ. 20

 

2.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 13 სექტემბრის N--------- წერილით ვ----------------–---–ს ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღებამდე შემოწმების აქტის შედგენიდან კანონით დადგენილი 2 თვიანი ვადა არ არის გასული, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გამოსცეს ცალკე ბრძანება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების გაგრძელებაზე. (ტ1.ს.ფ. 57);

 

2.1.7. 2016 წლის 29 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომლის დროსაც ვ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მან აღნიშნა, რომ მიწით დიდი ხანია სარგებლობს და მითითებაში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები მის მიერ განხორციელდა 10 წლის წინ და ის მათ დემონტაჟს ვერ მოახდენს, რადგანაც აღნიშნული მას მიაყენებს ზიანს.(ტ.1. ს.ფ. 59-60);

 

2.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის №------ დადგენილების მიხედვით, ვ----------------–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ჯ---------ს ქუჩა (ნაკვეთი 1-----) ს.კ.----------------- მიწის ნაკვეთზე (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია) და მის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის. მასვე დაევალა ქ. თბილისში, ჯ---------ს ქუჩა (ნაკვეთი 1-----) ს.კ.----------------- მიწის ნაკვეთზე (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია) და მის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური ღობე, ჭიშკარი, ლითონის ბოძები და მავთულბადის ღობე) დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.(ტ.1.ს.ფ. 17-19);

 

2.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის №------ დადგენილება ვ----------------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში. 2016 წლის 07 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა ზეპირი მოსმენის სხდომა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 თებერვლის №----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ვ----------------–---–ის 2016 წლის 18 ნოემბრის N--------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის №------ დადგენილება.(ტ.1.ს.ფ. 22-32,79-80);

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მითითებით, ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ვ----------------–---–ის მიმართ 2016 წლის 20 ივლისს შედგენილ იქნა N------ მითითება, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, ჯ---------ს ქუჩაზე (ნაკვეთი 1-----), ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.-----------------) და მის მიმდებარედ ვ----------------–---–მა განათავსა კაპიტალური ღობე, ჭიშკარი, ლითონის ბოძები და მავთულბადის ღობე. ამავე მითითებით ვ----------------–---–ს დაევალა წარედგინა აღნიშნული ობიექტების კანონიერების დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა მისი დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად ვ----------------–---–ს მიეცა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ვ----------------–---–ის მიმართ 2016 წლის 22 აგვისტოს შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც ვ----------------–---–ის მიერ არ შესრულდა N------ მითითებით განსაზღვრული პირობები.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები. ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 21 ოქტომბერს მიღებულ იქნა №------ დადგენილება რომლითაც ვ----------------–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ჯ---------ს ქუჩა (ნაკვეთი 1-----) ს.კ.----------------- მიწის ნაკვეთზე (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია) და მის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის. მასვე დაევალა ქ. თბილისში, ჯ---------ს ქუჩა (ნაკვეთი 1-----) ს.კ.----------------- მიწის ნაკვეთზე (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია) და მის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური ღობე, ჭიშკარი, ლითონის ბოძები და მავთულბადის ღობე) დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი- შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება;ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

სასამართლომ აქვე მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ადგილი აქვს განსხილველ შემთხვევაში, კერძოდ კაპიტალური ღობის, ჭიშკრის, ლითონის ბოძებისა და მავთულბადის ღობის მშენებლობას (განთავსება) როგორც პირველი კლასის შენობა-ნაგებობას, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, თუმცა მისი მშენებლობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა, კერძოდ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან წერილობითი დასტურის მოპოვება. ამ წესის დარღვევა, სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, გათანაბრებულია უნებართვო მშენებლობასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ----------------–---–მა განახორციელა მშენებლობა ქ. თბილისში, ჯ---------ს ქუჩაზე (ნაკვეთი 1-----), ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.-----------------) რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, საჭიროებდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან წერილობითი დადასტურების მოპოვებას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დადასტურება ვ----------------–---–ს არ გააჩნია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ვ----------------–---–ის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის №------ დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც, შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მიმართული ჰქონდა ქ. თბილისის საჯარო რეესტრის ერვნული სააგენტოსათვის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა შეეჩერებინა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე საქმისწარმოება. სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ მომხდარა მითითებით განსაზღვრული ვადის დინებისას შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით განცხადების წარდგენა, სახეზე არ არის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძვლები. ამასთან, სასამართლო განუმარტავს მოსარჩელეს, რომ ,პროდუქტი უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძველი შეიძლება იყო ის გარემოება, თუ პირი მითითებით განსაზღვრულ ვადაში განცხადებით მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოთ აშენებული შენობა-ნაგებობი ლეგალიზების მოთხოვნით და არა საკუთრების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას არანაირი შემხებლობა არა აქვს და ვერ შეაჩერებს უნებართვო შენობა-ნაგებობის გამო პირის დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესს, თუ დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ მიმართა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით.

 

მოსარჩელის მითითებაზე იმის თაობაზე, რომ იგი ვერ ასწრებდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟს და სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გაგრძელებული მითითებით განსაზღვრული ვადა, სასამართლომ მიუთითა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უპირველეს ყოვლისა არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე მხარეს დარღვევის აღმოფხვრა შეუძლია არა მხოლოდ მითითებით დადგენილ ვადაში არამედ შესაბამისი ორგანოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების (დადგენილების) მიღებამდე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 თებერვლის N----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ვ----------------–---–ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციულისაჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 07 თებერვლის N----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ვ----------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტი ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და საქმზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა სრულად.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გამოიყენა სამართლის ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი. გადაწყვეტილება გამოიტანა ისე, რომ არ გაითვალისწინა მის მიერ, სასამართლოზე ზეპირსიტყვიერად აღნიშნული თუ დოკუმენტალურად წარმოდგენილი მასალა. აპელანტს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული აქტები ექვემდებარება ბათილად ცნობას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე პრიმა მუხლის საფუძველზე.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს და დამატებით აღარ მიუთითებს მასზე.

 

6. სამართლებრივი და დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევრიპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არტგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 07 თებერვლის N----- ბრძანება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს,გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. პალატა მოიხმობს, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს’’, რომელიც არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვომშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

პალატა მიუთითებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა ეს არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, – დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:ა) მითითება შესრულდა ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ვ----------------–---–ის მიმართ 2016 წლის 20 ივლისს შედგენილ იქნა N------ მითითება, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, ჯ---------ს ქუჩაზე (ნაკვეთი 1-----), ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.-----------------) და მის მიმდებარედ ვ----------------–---–მა განათავსა კაპიტალური ღობე, ჭიშკარი, ლითონის ბოძები და მავთულბადის ღობე. ამავე მითითებით ვ----------------–---–ს დაევალა წარედგინა აღნიშნული ობიექტების კანონიერების დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა მისი დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად ვ----------------–---–ს მიეცა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.

 

ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ვ----------------–---–ის მიმართ 2016 წლის 22 აგვისტოს შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც ვ----------------–---–ის მიერ არ შესრულდა N------ მითითებით განსაზღვრული პირობები.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

6.3. სასამართლო აქვე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნაგანსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ჯ---------ს ქუჩაზე (ნაკვეთი 1-----), ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.-----------------) ვ----------------–---–მა განახორციელა კაპიტალური ღობის, ჭიშკრის, ლითონის ბოძებისა და მავთულბადის ღობის მშენებლობა (განთავსება) რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, თუმცა თუმცა მისი მშენებლობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა, კერძოდ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან წერილობითი დასტურის მოპოვება. ამ წესის დარღვევა, სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, გათანაბრებულია უნებართვო მშენებლობასთან. ამდენად, აღნიშნული ნაგებობანი საჭიროებდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან წერილობითი დადასტურების მოპოვებას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დადასტურება ვ----------------–---–ს არ გააჩნია.

 

6.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ვ----------------–---–ის დაჯარიმებისა და ობიექტის (შენობის) პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე, შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის N------ დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას 2016 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოსათვის მიმართული ჰქონდა განცხადებით, რომლითაც იგი ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე (მდ: ქ. თბილისი, პ------- გ-–----ი, ჯ---------ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და მიუთითებს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, თუ პირი მითითებით განსაზღვრულ ვადაში განცხადებით მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით და არა საკუთრების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას არანაირი შემხებლობა არა აქვს და ვერ შეაჩერებს უნებართვო შენობა-ნაგებობის გამო პირის დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესს, თუ დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ მიმართა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით. პალატა მიუთითებს, რომ უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს, ამდენად სახეზე არ არის ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებას განაპირობებდა.

 

აპელანტის განმარტებაზე, რომ იგი ვერ ასწრებდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟს და სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გაგრძელებული მითითებით განსაზღვრული ვადა, პალატა მიუთითებს საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უპირველეს ყოვლისა არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე მხარეს დარღვევის აღმოფხვრა შეუძლია არა მხოლოდ მითითებით დადგენილ ვადაში არამედ შესაბამისი ორგანოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების (დადგენილების) მიღებამდე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 07 თებერვლის N----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, პალატა დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. პალატა აღნიშნავს, რომ ვ----------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

7.1. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა