განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210117002000647
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3427-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - გ---- გუ------–--ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „-------------“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 04.04.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის 25.05.2017 წლიდან ყოველთვიურად 89.70 ლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „--------------“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ---- გუ------–--ლის მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 25.03.2015წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 018.76 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 5 980.57 ლარი, პროცენტი - 718.30 ლარი და ჯარიმა - 319.89 ლარი.
1.2. 15.05.2017 წლიდან 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 5980.57 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 89.70 ლარს.
1.3. 15.05.2017 წლიდან 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 5980.57 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 29.90 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 5980 ლარისა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 25.03.2015წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-------- C--- 6 000 ლარის საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „-------------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდულად დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 23 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.2. მოპასუხეს 2017 წლის 17 იანვრის შემდეგ არ განუხორციელებია გადახდა და დღეის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 7 018.76 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 5 980.57 ლარი, პროცენტი - 718.30 ლარი და ჯარიმა - 319.89 ლარი.
2.3. რადგან სესხი იყო სარგებლიანი, მისი დაუბრუნებლობა ნებისმიერ შემთხვევაში ზიანის მომტანია მოსარჩელისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი, ისეთ შემთხვევაში კი როდესაც მოვალე არ აბრუნებს თანხას, ბანკი ვერც თანხას იყენებს შემდგომი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს იღებს. აქედან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ ძირი თანხა 6000 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს. რაც შეეხება პროცენტს, სესხი იყო უპროცენტო და შესაბამისად, არ ეკისრება მისი გადახდა, ხოლო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდი.
3.2. მოსარჩელის მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი - მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. გორის რაიონული სასამართლოს 04.04.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. მოსარჩელე სს „-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ---- გუ------–--ლს მოსარჩელე სს „-------------ს“ სასარგებლოდ, 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების - 7 018.76 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 5980.57 ლარი, პროცენტი - 718.30 ლარი, ჯარიმა - 319.89 ლარი.
3. მოპასუხე გ---- გუ------–--ლს მოსარჩელე სს „-------------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 25 მაისიდან დაეკისრა ძირითადი თანხის - 5980.57 ლარის წლიური 18%-ის გადახდა, ყოველთვიურად 89.70 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე გ---- გუ------–--ლისათვის 2017 წლის 25 მაისიდან მოსარჩელე სს „-------------ს“ სასარგებლოდ ძირითადი თანხაზე - ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. 2015 წლის 25 მარტს სს ”--------------” და მოპასუხე გ---- გუ------–--ლს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რა დროსაც გაიცა T-------------d 6000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით 4203 კალენდარული დღის მოქმედების ვადით 26.09.2026 წლამდე.
4.2. სს "--------------" და გ---- გუ------–--ლს შორის 2015 წლის 25 მარტს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშერკულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო 18% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის სს "-------------ს" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
4.3. მოპასუხე გ---- გუ------–--ლმა ვალდებულება არ შეასრულა, იგი ვადაგადაცილებაშია და მოპასუხის დავალიანება მოსარჩელე სს „-------------ს მიმართ, 2017 წლის 15 მაისის მდგომარეობით შეადგენს 7 018.76 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 5 980.57 ლარი, პროცენტი - 718.30 ლარი, ჯარიმა - 319.89 ლარი
4.4. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ნამდვილობა მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, ასევე სადავო არ გამხდარა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის მოპასუხის მხრიდან გადახდის ვალდებულება, სადავოა მხოლოდ მხარეთა შორის პროცენტსა და პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობის საკითხი.
4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
4.6. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა წერილობითი ხელშეკრულება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და რომლითაც დგინდება, რომ სესხი იყო სარგებლიანი და ასევე ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე და მან უნდა ადასტუროს ის გარემოება, რომ სესხი გაცემული იყო სარგებლის გარეშე.
აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა თ-----------დან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც თ----------- გ---- გუ------–--ლს შეახსენებს პ----- ბარათის დაფარვის თარიღს: 17.02.2017, მინიმალური დასაფარი თანხის ოდენობას - 477.78 ლარი და ატყობინებს, რომ უპროცენტო კრედიტისთვის უნდა დაეფარა 6159.32 ლარი, ე.ი. შეტყობინების აღნიშნული ტექსტი მსესხებელს ატყობინებს, რომ თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საშეღავათო ვადაში დაფარავდა მთლიან თანხას, იმ შემთხვევაში სესხი იქნება უპროცენტო და არა იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულება იყო უპროცენტო.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ეკისრება პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულებაში ნათლადაა მითითებული, რომ სესხი იყო სარგებლიანი, მხარეებს შორის 2015 წლის 25 მარტს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკერულების მე-2 მუხლით გათალისწინებული იყო საკრედიტო ბარათის პირობები, მათ შორის სესხის სარგებელთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18%-ს, კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 36%-ს, კრედიტის სს "-------------ს" ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0%-ს ორმოცდათხუთმედღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. როგორც მოსარჩელე მხარემაც დაადასტურა, სესხი უპროცენტო იყო იმ შემთხვევაში თუ დაფარვა მოხდებოდა მთლიანად საშეღავათო 55 დღიან პერიოდში. შესაბამისად, მოპასუხის აღნიშნული მტკიცებულება ვერ აბათილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და მიუთითა, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარე სს „-------
ბანკის“ საქმიანობა სწორედ კრედიტების გაცემას და ამ გზით შემოსავლის მიღება წარმოადგენს, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მან მიიღო ზიანი, რომლის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრება საფუძვლიანია.
4.8. მოსარჩელეს უარი ეთქვა 2017 წლის 25 მაისიდან სს "---------------" სასარგებლოდ ძირი თანხაზე ყოველთვიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხისათვის ზიანის სახით, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრებით მოსარჩელეს აუნაზღაურდება არა მარტო დამდგარი ზიანი, არამედ ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოსალოდნელი ზიანი, შესაბამისად, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებასთან ერთად პირგასამტეხლოს დაკისრება არაგონივრულად მიიჩნია.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. გორის რაიონული სასამართლოს 04.04.2018წ. გადაწყვეტილება ყოველთვიურად 89.70 ლარი დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა სესხის ხელშეკრულება. აპელანტმა სესხის დაფარვა ვერ შეძლო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო და არა ვალდებულებისათვის ბოროტად თავის არიდებით. როდესაც მოვალემ ვეღარ შეძლო სესხის დაფარვა, იმ დღიდან მხარეთა შორის შეწყდა ხელშეკრულება და არ არსებობს მომავალ პერიოდზე პროცენტის დაკისრების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. 25.03.2015წ. სს „------------ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) და გ---- გუ------–--ლს (შემდგოში „მოპასუხე“, „აპელანტი“) შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი შემდეგი პირობებით:
7.1. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 4203 კალენდარული დღე (26.09.2026-მდე);
7.2. 6000 ლარის საკრედიტო ლიმიტის მოცულობით;
7.3. წლიური საპროცენტო განაკვეთი:
- 18% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთის წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში;
- 36% კრედიტის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში;
- 0% - ანუ საშეღავათო პერიოდი 55 დღის ვადაში სესხის სრულად დაფარვის შემთხვევაში;
7.4. ბარათის მომსახურების საკომისიო: 0.00 ლარი პირველი წელი და 40 ლარი შემდგომ ყოველწლიურად;
7.5. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის: 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის;
7.6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა: ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე;
7.7. ბარათის მომსახურების ყოველწლიური საკომისიოს გადახდა ბარათით პირველივე ტრანზაქციის განხორციელებისას, ხოლო შემდგომი წლების საკომისიოს გადახდა ბარათზე ლიმიტის დაშვების დღიდან ყოველი კალენდარული წლის გასვლისას;
7.8. იმ შემთხვევაში, თუკი კლიენტი სარგებლობს საკრედიტო ბარათით, ბანკს უფლება აქვს დაანგარიშების დღიდან გადახდის დღემდე დაბლოკოს დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს თანხა.
ამდენად, ხელშეკრულების პირობების სისტემური ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ კრედიტი იყო სასყიდლიანი (კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთის წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 18%-ს), ხელშეკრულება კი მოქმედებდა ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
8. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და მისმა დავალიანებამ 15.05.2017წ. მდგომარეობით შეადგინა 7018.76 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 6000 ლარი, პროცენტი 718,30 ლარი, ჯარიმა 319.89 ლარი. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მითითებული დავალიანების და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე მოითხოვა ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 89.70 ლარს (ტ.1, ს.ფ.4).
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 018.76 ლარის და 25.05.2017 წლიდან ძირითადი თანხის - 5980.57 ლარის წლიური 18%-ის გადახდა, ყოველთვიურად 89.70 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 25 მაისიდან ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
10. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნაწილობრივ, კერძოდ, 25.05.2017 წლიდან მომავალ პერიოდზე ძირი თანხის წლიური 18%-ის დაკისრების ნაწილში. აპელანტი სადავოდ არ ხდის გარემოებას მასზედ, რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც დაირღვა მოპასუხის მხრიდან ეკონომიკური მდგომარეობის გამო. აპელანტს მიაჩნია, რომ როდესაც მოვალემ ვეღარ შეძლო ვალდებულების დაფარვა, იმ დღიდან მხარეთა შორის შეწყდა ხელშეკრულება და არ არსებობს მომავალ პერიოდზე პროცენტის დაკისრების საფუძველი.
11. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ერთის მხრივ, ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი და ითვალისწინებდა თანხით სარგებლობისთვის წლიური 18%-ის გადახდას (უდავოა, რომ საშეღავათო პერიოდში მოვალეს თანხა არა აქვს დაბრუნებული, ამდენად, სესხი იყო სარგებლიანი) ვალდებულების შესრულებამდე; მეორეს მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 412-ე მუხლი კი ადგენს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც პირი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში, მისი უფლებები რომ არ დარღვეულიყო, მაგალითად, ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო სათანადო წესით. ჩვეულებრივ პირობებში, უნდა გავიგოთ ბაზრის ფუნქციონირებისთვის დამახასიათებელი ტიპიური პირობები, რომელზედაც გავლენას არ ახდენს გაუთვალისწინებელი გარემოებები, ან გარემოებები, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით.
ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელეს, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (იხ. საქმე №ას-681-652-2016, 17.02.2017; სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარედ ბანკი გვევლინება, რომლის, როგორც საბანკო სფეროში მოღვაწე სუბიექტის, კომერციული ინტერესია კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღება. ბანკის მხრიდან კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ იგი გათვალისწინებულ შემოსავალს მიიღებს. ფულის, როგორც საყოველთაო ეკვივალენტის, ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ბანკის შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობისას უნდა იყოს გადახდილი. ამით ბანკს ეძლევა საშუალება დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, მოგების მიღებასთან, სპეციალური ფონდების ფორმირებასთან. შესაბამისად, საკრედიტო ვალდებულების დარღვევა ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი კრედიტის დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებლის ოდენობით.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ს.ფ. 155).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---- გუ------–--ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 04.04.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ზამბახიძე