განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №13031-017002053045
საქმე №3ბ/1585-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მესამე პირი 16.2 ) - ა---------– ო-----–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ------- ლ----ე;
წარმომადგენელი - ლ------ ჩ--------–ი;
მოპასუხე - ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი - ი----- ფ------;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 4 ივლისის N1- გადაწყვეტილება და შესაბამისად, საკუთრების უფლების მოწმობა N1---, ქ. ხაშურში, ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ა---------– ო-----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, კერძოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს გადაცემული 40კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ გამოითხოვა 6----------- საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთთან მისასვლელი გზის (ჩიხი) ზომებისა და სტატუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომლის საპასუხო წერილში არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენს ჩიხს, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ ხდება გზის პარამეტრების შემცირება. კომისიამ შეამოწმა საკითხი და დაადგინა, რომ ეს ტერიტორია არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიას. წარმოდგენილი დოკუმენტებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ ტერიტორია დაკავებული იყო 2007 წლამდე მესამე პირის მიერ. ამიტომ კომისიის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და საკუთრების უფლების მოწმობა N1--- კანონმდებლობის სრული დაცვით არის მიღებული და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირმა ა---------– ო-----–---–მა სარჩელი არ ცნო და სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა დასტურდებოდა 90-იან წლებში გაცემული სამშენებლო ნებართვით, ასევე, 2007 წელს შედგენილი აზომვითი ნახაზით. ჩიხი არ ვიწროვდება, არის დარჩენილი დაახლოებით 4,5 მეტრი და რაიმე ტრანსპორტის შესვლას ხელი არ შეეშლება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
კ------- ლ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 4 ივლისის N1- გადაწყვეტილება (საკუთრების უფლების მოწმობა N1---) ქ. ხაშურში, ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ა---------– ო-----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, კერძოდ, ა---------– ო-----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო ნომერი 6-----------) ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მდებარე 40კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად, ს.ფ. 157).
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. მესამე პირის ა---------– ო-----–---–ის საკუთრებაშია ქ. ხაშურში, ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 603 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობით საკადასტრო კოდი 6----------- (წინა საკადასტრო კოდი 6-----------). საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2012 წლის 4 ოქტომბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (ს.ფ. 33-34).
5.2. თავდაპირველად ეს მიწის ნაკვეთი გადაცემული ჰქონდა ა---------– ო-----–---–ის მამას ჯ----– ო-----–---–ს ხაშურის რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წლის 27 ივნისის N2-- გადაწყვეტილებით. შემდეგ, მოსახლეობის თხოვნით, ჩიხის გასაყვანად ამ ნაკვეთს აღმოსავლეთ მხარეს ჩამოეჭრა 120კვ.მ. და შევსებულ იქნა 600კვ. მეტრამდე ჩრდილოეთის მხრიდან. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, გაცემულ იქნა სამშენებლო გეგმა. ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 10 მარტის N2-- გადაწყვეტილებით, ჯ----– ო-----–---–ის თხოვნით, ვინაიდან, იგი ვერ ახერხებდა მშენებლობის დამთავრებას, მოცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის პროექტი გადაუფორმდა მის შვილს, ა---------– ო-----–---–ის ძმას - ი----- ო-----–---–ს (იხ. 1990 წლის 31 ოქტომბრის N4-- გადაწყვეტილება ს.ფ. 189-190, მშენებლობის გეგმა ს.ფ. 116, 1993 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება ს.ფ. 196-197).
5.3. ი----- ო-----–---–ის საკუთრების უფლება 600კვ.მ. ფართზე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში 2007 წლის 10 აპრილიდან, საკადასტრო კოდი 6-----------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია 1990 წლის 29 ნოემბრის სამშენებელო გეგმა და ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 10 მარტის N2-- გადაწყვეტილება. ამონაწერს ერთვის საკადასტრო რუკა, სადაც მიწის ნაკვეთის ფართად მითითებულია 743 კვ.მ. ხოლო ამონაწერში აღნიშნულია, რომ 143კვ.მ. არის საკუთრების უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტის გარეშე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ი----- ო-----–---–მა 2012 წლის 27 სექტემბერს აჩუქა ძმას - ა---------– ო-----–---–ს (იხ. 2007 წლის 10 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო N6----------- ს.ფ. 112-113, თანდართული საკადასტრო რუკით, 2012 წლის 27 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება ს.ფ. 217, ასევე, სასამართლოს სხდომის ოქმი 11.10.2017, 14:01:50-14:01:59).
5.4. ა---------– ო-----–---–მა 2016 წლის 14 ივნისს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ 603კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებულ 104 კვ.მ. და 48 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. მან კომისიას წარუდგინა საკადასტრო-აზომვითი ნახაზები და ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება. განცხადების განხილვამდე 2016 წლის 1 ივლისს ა---------– ო-----–---–მა მიმართა კომისიას, წარუდგინა ახალი საკადასტრო ნახაზი და ნაცვლად 104კვ.მ. და 48 კვ.მ. მიწის ნაკვეთებისა, მოითხოვა 128 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მისი მითითებით, ნ-------- ლ----ე ხდიდა სადავოდ ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარე ნაწილს და ამიტომ მოხდა დაკორექტირება. საკითხი განხილულ იქნა 4 ივლისის სხდომაზე. კომისიის გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2016 წლის 13 ივლისს გაიცა N1--- საკუთრების უფლების მოწმობა (იხ. 14.06.16წ. განცხადება, მოწმეთა ჩვენება, საკადასტრო ნახაზები, 01.07.16 განცხადება, კომისიის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება, საკუთრების უფლების მოწმობა, ს.ფ. 90-105, ასევე, სასამართლოს სხდომის ოქმი 28.09.2017, 15:10:00-15:13:37).
5.5. საკუთრების უფლების N1--- მოწმობის საფუძველზე, 2016 წლის 18 ივლისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა---------– ო-----–---–ის საკუთრების უფლება ხაშურში, ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე 128 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო N6----------- (ს.ფ. 14-17).
5.6. ა---------– ო-----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ს-------–---–ის ქუჩიდან შემავალი ჩიხი. ამ ჩიხის ბოლოს მდებარეობს მოსარჩელე კ------- ლ----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი საკადასტრო N6-----------. ეს ქონება კ------- ლ----ეს მიღებული აქვს ჩუქებით მამისგან - გ------ ლ----ისაგან (ს.ფ. 29-32, ასევე, სასამართლოს სხდომის ოქმი 11.10.2017, 14:01:34-14:01:49).
5.7. კ------- ლ----ის მამამ გ------ ლ----ემ 2016 წლის 21 ივნისს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით, ს-------–---–ის ქუჩის ჩიხში ა---------– ო-----–---–ი წევდა თავის ნაკვეთის საზღვარს, რის გამოც პრობლემა ექმნებოდა სატვირთო ავტომანქანით სახლთან მისვლაში (იხ. 2016 წლის 21 ივნისის განცხადება, ს.ფ. 149-150). აღნიშნული განცხადების პასუხად გამგეობამ 2016 წლის 26 აგვისტოს მიწერა გ------ ლ----ეს, რომ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საჯარო რეესტრიდან, ასევე მოხდა ადგილზე დათვალიერება და დადგინდა, რომ ფაქტიური მონაცემები არ ემთხვეოდა საჯარო რეესტრის მონაცემებს და ჩიხი წარმოადგენდა კერძო საკუთრებას. პრობლემის მოსაგვარებლად უნდა მიემართა სასამართლოსათვის (ს.ფ. 23-25). სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ დროს არ მოხდა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და ისე გაეგზავნა პასუხი გ------ ლ----ეს (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი 11.10.2017, 14:11:44-14:17:53)
5.8. კ------- ლ----ემ 2017 წლის 1 მაისს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მიუთითა, რომ ა---------– ო-----–---–მა აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით საერთო სარგებლობის ჩიხი დაირეგისტრირა საკუთრებაში, რითაც დაირღვა ამ ჩიხით მოსარგებლეთა უფლება და ითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ს.ფ. 18-19).
5.9. აღიარების კომისიამ 2017 წლის 8 მაისის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, 2017 წლის 9 ივნისს ადგილზე დაათვალიერა უძრავი ნივთი, 2017 წლის 7 ივლისს სხდომაზე განიხილა საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 20; 43-45, ასევე, 2017 წლის N3--- წერილი დანართით, ს.ფ. 106-109 და 2017 წლის 9 ივნისის ადგილზე დათვალიერების ოქმი, ს.ფ. 266-267).
5.10. სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, სიტუაციური ნახაზის, ფოტომასალის, მხარეთა და მესამე პირის განმარტებების, ასევე, მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიას - ს-------–---–ის ქუჩაზე გამოსასვლელი ჩიხის ნაწილს, ამასთან, ეს მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე არ ჰქონდა თვითნებურად დაკავებული ა---------– ო-----–---–ს.
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. საქმეზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდება კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა. კერძოდ, არ დასტურდება ადგილზე დათვალიერება და სავარაუდო დაინტერესებული პირების - მეზობლების გამოიკითხვა. კომისიამ იცოდა, რომ არსებობდა გარკვეული სადავო გარემოებები. თავად ა---------– ო-----–---–მა წარუდგინა კომისიას კორექტირებული ნახაზი იმ მიზეზით, რომ მეზობელი ნ-------- ლ----ე აცხადება ნაკვეთის გარკვეულ ნაწილზე პრეტენზიას. ამასთან, გ------ ლ----ეს ჰქონდა მიმართული განცხადებით მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ა---------– ო-----–---–ის მიერ ჩიხის პარამეტრების შემცირებაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი მიღებულია მისი მომზადებისა და გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების დარღვევით. ამავე დროს, ზემოაღნიშნული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, კომისიას უნდა მიეღოს განსხვავებული გადაწყვეტილება. სასამართლომ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული და სასამართლოს მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით, დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ა---------– ო-----–---–ის მიერ 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
კომისიამ ა---------– ო-----–---–ის საკუთრების უფლება აღიარა სადავო ნაკვეთზე, როგორც მის მიერ, თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე.
სასამართლომ განმარტა, რომ პირის საკუთრების უფლების აღიარებისათვის სავალდებულოა, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება მოხდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კანონი ამოქმედდა 2007 წლის 20 სექტემბრიდან. საქმის მასალების მიხედვით, ა---------– ო-----–---–ს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 6----------- (წინა საკადასტრო კოდი 6-----------) მართლზომიერი მფლობელობა (მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლება) წარმოეშვა 2012 წლის 4 ოქტომბრიდან. მას ქონება მიღებული აქვს ძმისაგან ჩუქებით. ამდენად, იგი 2007 წლის 20 სექტემბრისათვის არ იყო თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი ან მართლზომიერი მფლობელის მემკვიდრე (ა---------– ო-----–---–ის განმარტებით მისი ძმა ამჟამადაც ცოცხალია). შესაბამისად, ა---------– ო-----–---–ი არ შეიძლება ჩაითვალოს დაინტერესებულ პირად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზენებისათვის. 2007 წლის 20 სექტემბრამდე N6----------- საკადასტრო კოდის (წინა საკადასტრო კოდი 6-----------) მქონე მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს - ი----- ო-----–---–ს არ მიუმართავს კომისიისათვის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით (ამგვარი მტკიცებულება საქმეზე არ წარმოდგენილა).
სასამართლომ ასევე მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნაკვეთი არის საზოგადოებრივი სარგებლობისა (ქუჩასთან დამაკავშირებელი გასასვლელის ნაწილი), რის გამოც მასზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ა---------– ო-----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი ორი გარემოება არსებობდა: 1) 2007 წლამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას ადგილი არ ჰქონია; 2) მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის ნაკვეთს (ქუჩაზე გასასვლელის ნაწილს). შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება, რაც მისი ბათილობის საფუძველია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე განმარტა, რომ მართალია კომისიის გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი, თუმცა, აღნიშნული აქტის ბათილობის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს, რადგან ამ აქტით არსებითად დაირღვა კ------ ლ----ის კანონიერი უფლება ისარგებლოს საზოგადოებრივ სარგებლობაში არსებული მიწის ფართით.
სასამართლომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ბათილად ცნო მხოლოდ იმ ნაწილში, რაც მოსარჩელეს აქვს მოთხოვნილი - გაბათილდა ა---------– ო-----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო ნომერი 6-----------) ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 40კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად, ს.ფ. 157).
7. ა---------– ო-----–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. ა---------– ო-----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიას - ს-------–---–ის ქუჩაზე გამოსასვლელი ჩიხის ნაწილს, ამასთან, ეს მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე არ ჰქონდა თვითნებურად დაკავებული ა---------– ო-----–---–ს.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მისი ძმა, ი----- ო-----–---–ი, ფლობდა 600 კვ. მ მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლებით და დამატებით 143 კვ.მ საკუთრების უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტის გარეშე (რაც მოიცავს სადავო მიწის ფართობს). საჯარო რეესტრის ამონაწერს თან ახლავს საკადასტრო რუკა და მასშიც ჩიხი წარმოდგენილია სწორხაზოვნად (პარალელური ხაზებით). საქმეში არსებული ნაკვეთის სიტუაციური გეგმის თანახმად, ნაკვეთის ფართობია 743 კვ.მ. ჩიხი წარმოდგენილია სწორხაზოვნად და დაფიქსირებულია იმ დროისთვის არსებულ მოსაზღვრე ღობეებს შორის მანძილი 4,5-მეტრი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 27.09.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ა---------– ო-----–---–ის სახელზე. სამოსახლო მიწის ნაკვეთის ფლობას და სარგებლობას ნოტარიულად გაფორმებული წესით ადასტურებენ მოსაზღვრე მაცხოვრებლები, რაც წარდგენილ იქნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. აპელანტს მიაჩნია, რომ იგი არის მისი ძმის უფლებამონაცვლე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქალაქ ხაშურის საკრებულოს გამგეობის 27.07.1992 წლის N8- გადაწყვეტილებით დ----- ლ----ის მამის სახელზე გაცემულია სამშენებლო გეგმა, სადაც დატანილია ჩიხის სიგანე, რაც შეადგენს 4 მეტრს. გეგმაზე ჩიხი წარმოდგენილია სწორხაზოვნად, პარალელური ხაზებით, (არ არის ტრაპეცია). ასევე, ნ-------- ლ----ის სახელზე 11.10.2007 წელს გაცემული, შენობა ნაგებობის ტექნიკური პასპორტში არსებულ სიტუაციურ ნახაზზე წარმოდგენილია სწორხაზოვანი ჩიხი და შესაბამისი მასშტაბი.
აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, ჩიხის მხარეს მიწის ნაკვეთზე განახორციელა მთელი რიგი სამუშაოები, კერძოდ: დაიქირავა მუშა-მოსამსახურეები, შეიძინა სამშენებლო მასალები, გაჭრა მიწის ქვაბული ღობის საძირკვლის მოსაწყობად, შევცვალა ღობის ძველი (დროებითი) საყრდენი დგარები ახლით და მოაწყო ღობის საძირკვლის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რაზეც გაწია დიდი ხარჯი, თუმცა აღნიშნულზე ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, გამოტანილ გადაწყვეტილებაში, არ გაამახვილა ყურადღება.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ა---------– ო-----–---–ის საკუთრების უფლების აღირება 40 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მოცემული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სადავო გახდა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ობიექტს - ჩიხს, რომლითაც სარგებლობდა მოსახლეობა. სააპელაციო პალატამ სადავო გადაწყვეტილება უნდა შეაფასოს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ფარგლებში, ამასთან, დაადგინოს სადავო ობიექტი რა კატეგორიის მიწის ნაკვეთს წარმოადგენს და არსებობდა თუ არა ამგვარი მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში აღრიცხვის დამაბრკოლებელი გარემოებები.
დადგენილია, რომ ა---------– ო-----–---–მა 2016 წლის 14 ივნისს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ 603კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებულ 104 კვ.მ. და 48კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2016 წლის 13 ივლისს გაიცა N1--- საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 18 ივლისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა---------– ო-----–---–ის საკუთრების უფლება ხაშურში, ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე 128კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო N6-----------.
დადგენილია, რომ ა---------– ო-----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ს-------–---–ის ქუჩიდან შემავალი ჩიხი. ჩიხის ბოლოს მდებარეობს მოსარჩელე კ------- ლ----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი საკადასტრო N6-----------. კ------- ლ----ის მამამ გ------ ლ----ემ 2016 წლის 21 ივნისს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით, ს-------–---–ის ქუჩის ჩიხში ა---------– ო-----–---–ი წევდა თავის ნაკვეთის საზღვარს, რის გამოც პრობლემა ექმნებოდა სატვირთო ავტომანქანით სახლთან მისვლაში.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღიარების კომისამ საკუთრების უფლების გაცემამდე, არ განახორციელა ადგილზე დათვალიერება, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, მიწის მეზობლებს შორის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული დავის შესახებ კომისია ინფორმირებული იყო.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას გამორიცხავს იმ პირობებში თუკი აღნიშნულ ქონებაზე სხვა პირთა უფლება ფიქსირდება. მოცემულ შემთხვევაში მაშინ როდესაც აღიარების კომისია ინფორმირებული იყო მხარეთა შორის დავის შესახებ ასაღიარებელ ნაკვეთთან დაკავშირებით, იგი ვალდებული იყო ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებში ჩართული იქნებოდნენ მესამე პირები - მეზობლები, ასევე მოეხდინა ობიექტის ადგილზე დათვალიერება-შესწავლა და აღნიშნულის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 30 ივნისს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელიც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. ნახაზის თანახმად, აღიარების შედეგად, მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში აღრიცხვით, განხორციელდა მოსახლეობის საერთო სარგებლობის გზის შემცირება (ს.ფ. 22). საგულისხმოა, ასევე საქმეში წარმოდგენილი ი----- ო-----–---–ის სამოსახლო მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (ს.ფ. 198), რომლის პარამეტრები განსხვავდება ზემოაღნიშნულ საკადასტრო აზომვით ნახზთან შედარებით. საერთო სარგებლობის გზა შემცირებულია. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გარდა იმისა, რომ არ განახორციელა ობიექტის ადგილზე დათვალიერება, არ გამოკითხა მოდავე მხარეები, ასევე არ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რაც დაცული იყო ადმინისტრაციულ ორგანოში.
პალატას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სადავო ობიქტი წარმოადგენს საერთო სარგებლოს გზის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული კატეგორიის მიწის ნაკვეთთან მიმართებით სადავო ურთიერთობის მარეულირებელი კანონმდებლობა ადგენს შეზღუდვებს. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნაკვეთი არის საზოგადოებრივი სარგებლობისა (ქუჩასთან დამაკავშირებელი გასასვლელის ნაწილი), რის გამოც მასზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია. ამდენად, სადავო ობიექტზე საკუთრების უფლების აღიარებას გამორიცხავს მოცემული საკანონმდებლო აქტი.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი მიღებულია მისი მომზადებისა და გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების დარღვევით. ამავე დროს ზემოაღნიშნული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, კომისიას უნდა მიეღოს განსხვავებული გადაწყვეტილება.
გარდა ზემოაღნიშნულისა სააპელაციო პალატა სადავო აქტის კანონიერების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან გარემოებად მიაჩნია სადავო ქონების ა---------– ო-----–---–ის მიერ თვითნებურად დაკავების თარიღი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა---------– ო-----–---–მა საკუთრების უფლება მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე, რომლის მომიჯნავედ მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთი, მოიპოვა 2012 წლის 4 ოქტომბრიდან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, იგი სადავო მიწის ნაკვეთს თვითნებურად ფლობდა აღნიშნული პერიოდიდან.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამდენად, პირის საკუთრების უფლების აღიარებისათვის სავალდებულოა, რომ მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება მოხდეს კანონის ამოქმედებამდე. მოცემული კანონი ამოქმედდა 2007 წელს. შესაბამისად, 2012 წელს ა---------– ო-----–---–ის მიერ ქონების თვითნებურად დაუფლება ვერ გახდება კანონით დადგენილი წესით მასზედ საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ა---------– ო-----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი ორი გარემოება არსებობდა, კერძოდ: 1) 2007 წლამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას ადგილი არ ჰქონია; 2) მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის ნაკვეთს (ქუჩაზე გასასვლელის ნაწილს). შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რაც მისი ბათილობის საფუძველია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
სააპელაციო პალატა, ასევე იზიარებს რაიონული სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ სადავო აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას, მისი აღმჭურველი ხასიათის მიუხედავად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზიანს აყენებს მესამე პირებს, სადავო აქტით განხორციელებულია საერთო სარგებლობის გზის დასაკუთრება, რაც როგორც მოსარჩელეს, ასევე აღნიშნული ნაკვეთით მოსაგებლე სხვა პირებსაც უზღუდავს მის გამოყენებას. შესაბამისად, აქტის აღმჭურველი ხასიათი ვერ დააბრკოლებს მის ბათილად ცნობას.
აქვე, საგულისხმოა ისიც, რომ სიტუაციური გეგმის მიხედვით (ს.ფ. 198, ტ.1), ჩიხის სიგანეა 4,5 მეტრი, ხოლო სადავო რეგისტრაციის შემდგომ კი მისი სიგანე დავიწროვდა (ს.ფ. 22, ტ1), რაც ადასტურებს იმას, რომ კ------- ლ----ის საკუთრებაში აღმოჩნდა ჩიხის ნაწილი და რაც მისი ბათილობის საფუძველია.
სააპელაციო საჩივრიის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან სადავო აქტის გამოცემის შემდგომ, ჰქონდა რა კანონიერი ნდობა აქტის მიმართ, გასწია გარკვეული სახის მატერიალური ხარჯი. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი. მითითებული სამართლებრივი ნორმა ბათილად ცნობილი აღმჭურველი აქტის შედეგად, მხარისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს კონკრეტული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აქტის გამოცემის საფუძველი არ უნდა იყოს დაინტერესებული პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და აქტის საფუძველზე მას განხორციელებული უნდა ჰქონდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამასთან, აქტის ბათილად ცნობის პირობებში ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო აქტის გამომცემი ორგანო. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ზიანის ანაზღაურებამდე უნდა დადგინდეს ამისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, რაც განსახილველი დავის ფარგლებს სცდება. ზიანის ანაზღაურების საკითხი ვერ იქნება განხილული მოცემული დავის პირობებში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი, ა---------– ო-----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო ნომერი 6-----------) ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 40კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, რაც თავის მხრივ პირველი ისტანციის სასამართლოს უცვლელად დატოვების წინაპირობას ქმნის.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა---------– ო-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -