განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2018
საქმის ნომერი
190310017001986238
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190310017001986238

საქმე N3ბ/1455-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშყმაძე

აპელანტი (მოპასუხე) - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

წარმომადგენელი - ზ----- პ--------;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ----- ჭ--–---–ი;

წარმომადგენელი -ს-------- მ-------–---–ი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დ----- ჭ--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №7-- და დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----- ჭ--–---–ის სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

2.2.1. დ----- ჭ--–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მას აქვს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F 70.0, რომელიც არ წარმოადგენს სტატუსის დამადასტურებელი ცნობის გაცემის საფუძველს.

 

2.2.2. დ----- ჭ--–---–ს შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრობა, მას აქვს ამისთვის საჭირო ყველა უნარი.

 

2.2.3 დ----- ჭ--–---–ის განცხადების საფუძველზე ორაგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წერილით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს გ---- ჯ---------–ს მისთვის სახლის გადაცემით მოთხოვნით.

 

2.2.4 გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი განაცხადა დ----- ჭ--–---–ისათვის ბინის გადაცემაზე.

 

2.2.5. 2012 წლის 14 მარტიდან დ----- ჭ--–---–ი ირიცხება მ----------ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში.

 

2.2.6 დ----- ჭ--–---–ს პირველად 2011 წლის 05 მაისს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. დ----- ჭ--–---–ს 2013 წლის 27 დეკემბრიდან აღარა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

 

2.2.7 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბერის საქმეზე #3/189-16 გადაწყვეტილების შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერ უზრუნველყო დ----- ჭ--–---–ისათვის სტაბილური საცხოვრებლით დაკმაყოფილება და 2017 წლის 18 აპრილის ბრძანებით #7-- უარი უთხრა დ----- ჭ--–---–ს საცხოვრებელის გადაცემაზე.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.

 

კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარ უფლებას, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში და იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში, მათ შორის უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ უფლებას თავად შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი, სად და ვისთან სურთ მათ ცხოვრება და არ იყვნენ ვალდებულნი, დასახლდნენ საცხოვრებლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

 

სასამართლომ მიუთითა ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

 

ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად და მათი სურვილის გათვალისწინებით. პანსიონატებში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შექმნილმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაცია.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებეში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართით, მათ შორის ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს - სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დ----- ჭ--–---–ს 28 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი არ დადგენია. პირველად, 2011 წლის 05 მაისს, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნით (სერია 1----) დაუდგინდა დიაგნოზი-გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევითი აშლილობით F.71.1 და დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ბავშვობიდან, უვადოდ.

 

2013 წლის 27 დეკემბერს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამატებითი გამოკვლევისა და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, დ----- ჭ--–---–ს ჩაუტარდა განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, რომლის თანახმადაც დ----- ჭ--–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი-მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F.70.0. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აღარ დაუდგინდა. 2014 წლის 20 თებერვალს დ----- ჭ--–---–ი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აიყვანეს რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იგივე დიაგნოზით: მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F.70.0. რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში რამდენიმე ვიზიტის განხორციელების შემდეგ, დ----- ჭ--–---–ის დიაგნოზი არ შეცვლილა.

 

ამჟამად, დ----- ჭ--–---–ი მუშაობს მ----------ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პანსიონატში მომვლელად.

 

მხოლოდ იმის გამო, რომ დ----- ჭ--–---–ს არ აქვს საცხოვრებელი, იგი აგრძელებს ცხოვრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში. მისი სურვილია, რომ შექმნას ოჯახი და ჰყავდეს შვილები, ამიტომ სურს საკუთარ სახლში გადასვლა.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საჭირო აღარ არის დ----- ჭ--–---–ის ყოფნა პანსიონატში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანომ უნდა უზრუნველყოს იგი საცხოვრებელი ფართით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდაბნის მუნიცაპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №7-- გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანომ უზრუნველყოს იგი საცხოვრებელი ფართით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის N3/189-16 გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 7 მარტის N---- ბრძანებით დამტკიცდა საკითხის, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. 2017 წლის 15 მარტს ჩატარდა სხდომა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი. სხდომაზე მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს განემარტათ, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მიერ მოსარჩელისათვის ფართის საკუთრების უფლებით გადაცემა შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საბინაო ფონდი.

არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ფ" პუნქტის, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 27–ე მუხლის მე-2 პუნქტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის N9 დადგენილებით დამტკიცებული ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის" მე-11 მუხლის საფუძველზე მოსარჩელისათვის შეთავაზებულ იქნა სოციალური პროგრამის მე-11 მუხლით განსაზღვრული ბინის ქირით უზრუნველყოფა 2017 წლის ბოლომდე. აპელანტმა მიუთითა, რომ აღნიშნულ შეთავაზებაზე, მოსარჩელემ, არასტაბილურობის საფუძვლით, უარი განაცხადა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით დადგენილი ნორმების სრული დაცვით, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის დროსაც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ 2017 წლის 18 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის N--- ბრძანებით უარი ეთქვა მოქალაქე დ----- ჭ--–---–ს საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტი განმარტავს, რომ მართალია "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ავალდებულებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შშმ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას იმ შემთხვევაში, როდესაც სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, მაგრამ არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა საკუთრების უფლებით გადასცეს ან შეუძინოს რაიმე ფართი მოსარჩელეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 2018 წლის სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 2018 წლის ბოლომდე მოსარჩელის ბინის ქირით უზრუნველყოფა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი მტკიცდება ყოველწლიურად ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, გამომდნარე აქედან მუნიციპალიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მოსარჩელე დ----- ჭ--–---–ი საცხოვრებლით 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ან/და გასცეს ამგვარი დაპირება, რომელიც იქნება ცალსახად უკანონო, მანამ სანამ არ დამტკიცდება მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი და შეიცვლება არსებული ან დამტკიცდება ახალი სოციალური პროგრამა.

 

აპელანტის განმარტებით, ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოქმედებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 18 იანვრის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის" ფარგლებში, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ბინის ქირით უზრუნველყოფა 2018 წლის ბოლომდე. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მოსარჩელე დ----- ჭ--–---–ი საცხოვრებლით 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ან/და გასცეს ამგვარი დაპირება, რომელიც იქნება ცალსახად უკანონო, მანამ სანამ არ დამტკიცდება მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი და შეიცვლება არსებული ან დამტკიცდება ახალი სოციალური პროგრამა.

 

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. 2015 წლის 25 აგვისტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N--- ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა) თანახმად, 2011 წლის 05 მაისს ასათიანის სახ. ფსიქ. ს/კ ინსტიტუტის სსე დასკვნით დ----- ჭ--–---–ს, პირველად, 28 წლის ასაკში, დაუდგინდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევითი აშლილობით და დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი ბავშვობიდან, უვადოდ. 2013 წლის 05 დეკემბერს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებით შშმ პირთა დამატებითი გამოკვლევისა და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ბენეფიციარს ჩაუტარდა განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა, რომლის თანახმად დ----- ჭ--–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი - მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F 70.0, შესაბამისად შშმ პირის სტატუსი არ დაუდგინდა.

 

4.1.2. ორგანიზიაციამ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ 18.03.2016წ. N0-------, 28.04.2016წ. Nგ---------, 18.07.2016წ. Nგ--------- განცხადებებით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა მ----------ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები დ----- ჭ--–---–ისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.

 

4.1.3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 22 ივლისის N04/3080 წერილით პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეცნობა, რომ აღნიშნულ ეტაპზე მუნიციპალიტეტს საბინაო ფონდი არ გააჩნია და მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ დ----- ჭ--–---–ის საცხოვრებელი ფართით.

 

4.1.4. 2017 წლის 15 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიმართა სხდომა რუსთავის საქალაქო სასაამრთლოს 2016 წლის 29 ნოემბრის N3-189-16 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე. საკითხი შეეხებოდა მოქალაქე დ----- ჭ--–---–ისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხს.

 

სხდომაზე იურიდიული განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს მოქალაქე ჭ--–---–ის მთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის, კერძოდ კი ასეთი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვინაიდან საბინაო ფონდის არარსებობის გამო, მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა, საკუთრების უფლებით გადასცეს საცხოვრებელი ფართი დ----- ჭ--–---–ს, ამ ეტაპზე შესაძლებელია ამ უკანასკნელის ბინის ქირით უზრუნველყოფა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის მე-11 მუხლის შესაბამისად. მიმდინარე სხდომა გადაიდო ორი კვირით. 28 მარტს, სატელეფონო შეტყობინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დ----- ჭ--–---–ის წარმომადგენელმა აცნობა, რომ არ არის თანახმა ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე, მას აქვს შიში მომავალი წლიდან იქნება თუ არა ქირით უზრუნველყოფილი. შესაბამისად, იგი ითხოვდა მხოლოდ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას (ტ.1, ს.ფ. 46-48).

 

4.1.5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის N--- ბრძანებით დ----- ჭ--–---–ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მუნიციპალიტეტში საბინაო ფონდის არარსებობის გამო.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე დ----- ჭ--–---–ი ითხოვს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას საკუთრების უფლებით, შშმ პირის სტატუსიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია განიმარტოს ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფო აკისრებს სოციალურ ვალდებულებას შშპ პირთა მიმართ. მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს თუ რაში გამოიხატება სახელმწიფოს ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან იგი უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით, საკუთრების უფლებით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირითა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით.

 

ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად და მათი სურვილის გათვალისწინებით. პანსიონატებში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შექმნილმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებეში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართით, მათ შორის ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს - სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ამდენად, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილია შშმ პირის უფლება იყოს უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განიმარტოს, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ გულისხმობს მხოლოდ საცხორვებელი ობიექტის ბენეფიციარისთვის საკუთრების უფლებით გადაცემას, იგი ასევე მოიაზრებს სხვა სამართლებრივი საფუძვლით საცხოვრებელით სარგებლობის უფლებას. მნიშვნელოვანია შშმ პირი იყოს უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით, თუმცა კანონი არ ადგენს ამგვარი ღონისძიების სამართლებრვი საფუძვლად ქონების საკუთრებაში გადაცემას. პირი შესაძლებელია იყოს უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით დაქირავების დროსაც. მოცემულ შემთხვევაში პირთა სოციალურ გარანტიას ადგენს კანონი, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ადმინისტრაციული ორგანოსათვის. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ პირს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლება კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ქირის საშუალებით, რაც ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი ვალდებულების შესრულებად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დ----- ჭ--–---–ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ საბინაო ფონდის არარსებობის გამო, მას საკუთრებაში ვერ გადასცემდა საცხოვრებელ ფართს, თუმცა თანხმობის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფდნენ საცხოვრებელი ფართით ქირის საფუძველზე. აღნიშნულ შეთავაზებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.

 

სააპელაციო პალატას მაიჩნია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტმა შეასრულა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, შესთავაზა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოსარჩელეს, რაზეც მან განაცხადა უარი. აღნიშნულ პირობებში, დაუშვებელია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისროს საცხორვებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემა მოსარჩელისთვის. მსგავს დანაწესს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

 

ზემოღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც სააპელაციო საჩვარი უნდა დაკმაყოფილდეს, პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და დ----- ჭ--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ,,ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. დ----- ჭ--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა