განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2018
საქმის ნომერი
330310117001871821
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310117001871821

საქმე N3ბ/1895-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი,შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი - შპს ,,ე-------“;

წარმომადგენელი - უ--------------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - თ----- გ--------–--ე;

მესამე პირი - სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

1.აპელანტის მოთხოვნა:

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა სრულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ე-------“-ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რესტრიდან ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ 2011 წლის 07 ნოემბერს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ე-------ის“ რეგისტრაცია და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი N4--------. რეგისტირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა, საქართველო, ქ. თბილისი, ვ---------------–--ს რაიონში, ჯ----ს ქ. #--, ბ---, ელექტრონულ ფოსტად a--------------, ხოლო ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მისი დირექტორი - მ------ გ------------ი

(ს.ფ.43-45).

 

2.2.2. 2016 წლის 20 ივლისს და 02 აგვისტოს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიამ გამოაცხადა #S----------- და #S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერები დიაგნოსტიკური საშუალებების შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 29 ივლისის და 01 სექტემბრის #2 და #5 სხდომის ოქმებით, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ე-------ი“' და მიწვეული იქნა ხელშეკრულებების გასაფორმებლად (ს.ფ. 63-66).

 

2.2.3. 2016 წლის 5 აგვისტოს შპს „ე-------სა“ და სსიპ- საქართველოს სოფლის მეურნეუბის სამინისტროს ლაბორატორიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაცისათვის უნდა მიეწოდებინა ამავე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები 2016 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1029 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების დარნართი N 1-ის მიხედვით პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მიწოდების მომენტისთვის უნდა ყოფილიყო არანაკლებ 1 წელი (ს.ფ. 13-17).

 

2.2.4. 2016 წლის 08 სექტემბერს შპს „ე-------სა“ და სსიპ- საქართველოს სოფლის მეურნეუბის სამინისტროს ლაბორატორიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაცისათვის უნდა მიეწოდებინა ამავე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები 2016 წლის 21 ოქტომბერის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 73000 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების დარნართი #1-ის მიხედვით პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მიწოდების მომენტისთვის უნდა ყოფილიყო ფასების ცხრილის (დანართი 1) შესაბამისი (ს.ფ.18-22).

 

2.2.5. 2016 წლის 31 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა 2016 წლის 05 აგვისტოს N--- ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლისგან მიიღო საქონელი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 1029,00 ლარი. მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ (ს.ფ. №27).

 

2.2.6. 2016 წლის 10 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 28678,00 ლარს (ს.ფ.№28).

 

2.2.7. 2016 წლის 12 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4945,00 ლარს (ს.ფ. №30).

 

2.2.8. 2016 წლის 17 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 20329,88 ლარს (ს.ფ. №32).

 

2.2.9. 2016 წლის 20 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 13965,12 ლარს (ს.ფ. №35).

 

2.2.10. 2016 წლის 26 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4485,00 ლარს (ს.ფ. №38).

 

2.2.11. 2016 წლის 11 ნოემბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 597,00 ლარს (ს.ფ. №39).

 

2.2.12. 2017 წლის 30 იანვარს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქა N0---- და N0---- წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ”ე-------ის” მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს N---, 2016 წლის 8 სექტემბრის N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ (ს.ფ. 63-66).

 

2.2.13. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 მარტის N--- განკარგულებით, შპს „ე-------ი“ დარეგისტრირდა შავ სიაში, 2016 წლის 5 აგვისტოს N--- და 2016 წლის 8 სექტემბრის N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო (ს.ფ. 63-66).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

 

აღნიშნული კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. მე-3 პუნქტში კი, მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროსაც სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს– CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესის და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნული ბრძანების მე-7 მუხლი ეხება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, სადაც განმარტებულია, რომ სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომლის შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ 2016 წლის 20 ივლისს და 02 აგვისტოს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მიერ სადიაგნოსტიკო საშუალებების შესყიდვის მიზნით, #S----------- და #S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ე-------ი“ და მიწვეული იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2016 წლის 05 აგვისტოს და 08 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა #1-- და #--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები. #1-- ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ამავე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები 2016 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1029 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. #--- ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ამავე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები 2016 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 73000 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ N--- და N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, მიმწოდებელმა ორგანიზაციამ (მოსარჩელემ) შეასრულა ვადაგადაცილებით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. კერძოდ, N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაცვლად 2016 წლის 13 სექტემბრისა, საქონლის მიწოდება განხორციელდა 2016 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაცვლად 2016 წლის 21 ოქტომბრისა საბოლოო მიწოდება განხორციელდა 11 ნოემბერს (ასევე 10, 12, 17,20 და 26 ოქტომბერს).

 

2017 წლის 30 იანვარს, ხელშეკრულებების მოქმედების ვადის ამოწურვიდან ერთ შემთხვევაში 2 თვის (N--- ხელშეკრულებიდან), ხოლო მეორე შემთხვევაში 1,5 თვის (N--- ხელშეკრულებიდან) შემდეგ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მიერ წარდგენილი იქნა #0---- და #0---- წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ე-------ის“ მიერ #S----------- და #S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით დადებული 2016 წლის 05 აგვისტოს #1--, ასევე 2016 წლის 08 სექტემბრის #--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, რის გამოც მოთხოვნილ იქნა მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაცია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 მარტის №--- განკარგულებით, მოპასუხე ორგანიზაციამ დაადგინა რა ორივე ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, მიიღო გადაწყვეტილება შპს „ე-------“-ის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე, არ უარყოფს ხელშეკრულების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობას, თუმცა მიუთითებს, რომ მათ მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში და შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო შესრულება, შესაბამისად გაუგებარია რა საფუძვლით მიმართა შემსყიდველმა სააგენტოს. სასამრთლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ამგვარი განმარტება და მიუთითა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ 3.4 და 4.1. მუხლებიდან გამომდინარე შემსყიდველ ორგანიზაციას შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობისას პირდაპირ ეკისრება ვალდებულება მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს კი წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულების მიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. ამდენად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ყველა იმ ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობაა, რაც ვალდებულების კანონისმიერი, თუ სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად შესრულების დროს უნდა იყოს დაცული. ჯეროვანი შესრულება მოიცავს ყველა იმ მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს მოვალეობა, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ სადავო არ არის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულებებითვე დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ფაქტი, რაც ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ სწორად მიმართა და მოითხოვა შავ სიაში რეგისტრაცია, რის გამოც აღნიშნული საფუძვლით არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი და ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში შეასრულა ვალდებულება არ წარმოადგენს ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებას და მით უფრო შავი სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების მიღების გამომრიცხავ გარემოებას.

 

ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა, მოსარჩელის მითითება შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან დაუყოვნებლივი მიმართვის არარსებობის გამო შავ სიაში რეგისტრაციის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული შესაძლებელია გახდეს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებლობისა და არა ხელშეკრულების არაჯეროვანი შემსრულებელი მხარის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ე-------ის“ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №--- განკარგულება ,,შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. შპს ,,ე-------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული "შავი სიის წარმოების წესისა და პირობების" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი შეიძლება იყოს ის შემთხვევა, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელის მხრიდან შესრულდა ვადაგადაცილებით, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რადგან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. რომც ჩაითვალოს, რომ ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად, მოცემულ შემთხვევაში, ვადაგადაცილებით მიწოდებების დროს არც ხელშეკრულების მოქმედების ვადა ყოფილა გასული და არც ხეშეკრულება ყოფილა შეწყვეტილი ვადაზე ადრე.

 

გარდა აღნიშნულისა, აპელანტი მიუთითებს, რომ სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა მას შემდეგ, რაც შესრულდა ხელშეკრულების პირობები. მას არ მიუმართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ, რასაც ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული "შავი სიის წარმოების წესი და პირობების" იმპერატიული დანაწესი. მოსარჩელე მხარე უთითებდა, რომ სახელმწიფო შესყიდვებისათვის შავ სიაში რეგისტრაციის მიზნით, ხელშეკრულების სრულად შესრულების შემდგომ მიმართვა, იმ მოტივით, რომ დაირღვა პროდუქტის მიწოდების ვადა ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა "შავი სიის წარმოების წესის და პირობების" ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა, მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციას მაშინ, როცა მიმწოდებელი ვერ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ამოწურული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყო შეწყვეტილი შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. მოცემული ნორმა დღეის მდგომარეობით შეიცვალა იმ მხრივ, რომ უფრო მარტივად კითხვადი გახდა. ახალი რედაქციით მიმწოდებლი უნდა დარეგისტრირდეს შავ სიაში, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი. აღნიშნულმა ცვლილებამ კიდევ უფრო გაამყარა მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და შემსყიდველს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია. მიმწოდებელმა ვალდებულება შეასრულა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ასევე, უდავოა, რომ ხელშეკრულება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან ნორმის ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე, სახეზე არ არის კანონმდებლის მიერ დადგენილი წინაპირობები, სწორედ ეს გამორიცხავს მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციას. შესაბამისად, ეს უკანასკნელი არც უნდა განხორციელდეს.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ "შავი სიის წარმოების წესის და პირობების" მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, თუმცა არასწორად განმარტა იგი. აღნიშნული დანაწესით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს "ე-------"-ის სარჩელი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რესტრიდან ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ 2011 წლის 07 ნოემბერს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ე-------ის“ რეგისტრაცია და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი N4--------. რეგისტირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა, საქართველო, ქ. თბილისი, ვ---------------–--ს რაიონში, ჯ----ს ქ. #--, ბ---, ელექტრონულ ფოსტად a--------------, ხოლო ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მისი დირექტორი - მ------ გ------------ი.

 

4.1.2. 2016 წლის 20 ივლისს და 02 აგვისტოს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიამ გამოაცხადა #S----------- და #S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერები დიაგნოსტიკური საშუალებების შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 29 ივლისის და 01 სექტემბრის #2 და #5 სხდომის ოქმებით, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ე-------ი“' და მიწვეული იქნა ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

 

4.1.3. 2016 წლის 5 აგვისტოს შპს „ე-------სა“ და სსიპ- საქართველოს სოფლის მეურნეუბის სამინისტროს ლაბორატორიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაცისათვის უნდა მიეწოდებინა ამავე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები 2016 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1029 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების დარნართი N 1-ის მიხედვით პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მიწოდების მომენტისთვის უნდა ყოფილიყო არანაკლებ 1 წელი.

 

4.1.4. 2016 წლის 08 სექტემბერს შპს „ე-------სა“ და სსიპ- საქართველოს სოფლის მეურნეუბის სამინისტროს ლაბორატორიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაცისათვის უნდა მიეწოდებინა ამავე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები 2016 წლის 21 ოქტომბერის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 73000 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების დარნართი #1-ის მიხედვით პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მიწოდების მომენტისთვის უნდა ყოფილიყო ფასების ცხრილის (დანართი 1) შესაბამისი.

 

4.1.5. 2016 წლის 31 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა 2016 წლის 05 აგვისტოს N--- ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლისგან მიიღო საქონელი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 1029,00 ლარი. მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ.

 

4.1.6. 2016 წლის 10 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 28678,00 ლარს.

 

4.1.7. 2016 წლის 12 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4945,00 ლარს.

 

4.1.8. 2016 წლის 17 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 20329,88 ლარს.

 

4.1.9. 2016 წლის 20 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 13965,12 ლარს.

 

4.1.10. 2016 წლის 26 ოქტომბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4485,00 ლარს.

 

4.1.11. 2016 წლის 11 ნოემბერს მხარეების მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისგან 2016 წლის 08 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით (#S-----------) გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები (C---------). მიწოდებულ საქონელს თან ახლდა ხარისხის სერთიფიკატი და გამოყენების ინსტრუქცია. მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 597,00 ლარს.

 

4.1.12. 2017 წლის 30 იანვარს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქა N0---- და N0---- წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ”ე-------ის” მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს N---, 2016 წლის 8 სექტემბრის N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ.

 

4.1.13. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 მარტის N--- განკარგულებით, შპს „ე-------ი“ დარეგისტრირდა შავ სიაში, 2016 წლის 5 აგვისტოს N--- და 2016 წლის 8 სექტემბრის N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).

 

4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ შპს ,,ე-------“-ის შავ სიაში რეგისტრაციას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ არსებობდა მისი შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტობივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართომ სწორად მიუთითა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, კერძოდ ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონზე. მითითებული ნორმატიული აქტის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

 

ამავე კანონის კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტით განმარტებულია შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესის და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნული ბრძანების მე-7 მუხლი ეხება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, სადაც განმარტებულია, რომ სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომლის შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივლისს და 02 აგვისტოს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მიერ სადიაგნოსტიკო საშუალებების შესყიდვის მიზნით, #S----------- და #S----------- გამარტივებული ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ე-------ი“ და მიწვეული იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2016 წლის 05 აგვისტოს და 08 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა #1-- და #--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები. #1-- ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ამავე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები 2016 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1029 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. #--- ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ამავე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო საშუალებები 2016 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 73000 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ N--- და N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, მიმწოდებელმა ორგანიზაციამ (მოსარჩელემ) შეასრულა ვადაგადაცილებით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. კერძოდ, N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაცვლად 2016 წლის 13 სექტემბრისა, საქონლის მიწოდება განხორციელდა 2016 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაცვლად 2016 წლის 21 ოქტომბრისა საბოლოო მიწოდება განხორციელდა 11 ნოემბერს (ასევე 10, 12, 17,20 და 26 ოქტომბერს).

 

2017 წლის 30 იანვარს, ხელშეკრულებების მოქმედების ვადის ამოწურვიდან ერთ შემთხვევაში 2 თვის (N--- ხელშეკრულებიდან), ხოლო მეორე შემთხვევაში 1,5 თვის (N--- ხელშეკრულებიდან) შემდეგ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მიერ წარდგენილი იქნა #0---- და #0---- წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ე-------ის“ მიერ #S----------- და #S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით დადებული 2016 წლის 05 აგვისტოს #1--, ასევე 2016 წლის 08 სექტემბრის #--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, რის გამოც მოთხოვნილ იქნა მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაცია.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 მარტის №--- განკარგულებით, მოპასუხე ორგანიზაციამ დაადგინა რა ორივე ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, მიიღო გადაწყვეტილება შპს „ე-------“-ის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ.

 

პალატის მოსაზრებით სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე, არ უარყოფს ხელშეკრულების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობას, თუმცა მიუთითებს, რომ მათ მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში და შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო შესრულება, შესაბამისად გაუგებარია რა საფუძვლით მიმართა შემსყიდველმა სააგენტოს. სასამრთლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ამგვარი განმარტება და მიუთითა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ 3.4 და 4.1. მუხლებიდან გამომდინარე შემსყიდველ ორგანიზაციას შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობისას პირდაპირ ეკისრება ვალდებულება მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს კი წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.

 

სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულების მიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. ამდენად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ყველა იმ ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობაა, რაც ვალდებულების კანონისმიერი, თუ სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად შესრულების დროს უნდა იყოს დაცული. ჯეროვანი შესრულება მოიცავს ყველა იმ მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს მოვალეობა, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ სწორად მიმართა და მოითხოვა შავ სიაში რეგისტრაცია, ვინაიდან სახეზეა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულებებითვე დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ფაქტი, რაც ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს. აღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს და ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში შეასრულა ვალდებულება არ წარმოადგენს ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებას და მით უფრო შავი სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების მიღების გამომრიცხავ გარემოებას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან დაუყოვნებლივი მიმართვის არარსებობა შესაძლებელია გახდეს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებლობისა და არა ხელშეკრულების არაჯეროვანი შემსრულებელი მხარის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ე-------ის“ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №--- განკარგულება ,,შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რაც თავის მხრივ გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადიმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ე-------“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე