განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002251202
საქმე №3ბ/2373-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა
აპელანტი (მოსარჩელე) - მ------- გ-------ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 . ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის
№----- ბრძანება;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ------- გ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2017 წლის 27 ივნისს 08:04 საათზე ქ. თბილისში, ზ--------ის ქ-----ში გადამოწმდა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით P-----, რომელსაც მართავდა მ------- გ-------ი და რომელსაც გადაჰქონდა 1000 ლარის ღირებულების საქონელი, კერძოდ, 100-კგ. იმერული ყველი და 50-კგ. შებოლილი სულგუნი სატრანსპორტო ზედნადების გარეშე. (ს.ფ. 13).
4.2. მ------- გ-------ის მიმართ შედგა 2017 წლის 27 ივნისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. (ს.ფ. 13).
4.3. 2017 წლის 21 ნოემბერს მ------- გ-------მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ იგი არ არის მეწარმე სუბიექტი, არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ღებულობს საარსებო შემწეობას და ითხოვა, ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ შედგენილი 2017 წლის 27 ივნისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. (ს.ფ. 14-15).
4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის №----- ბრძანებით მ------- გ-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. (ს.ფ. 15-16).
4.5. მ------- გ-------ის მიმართ 2017 წლის 17 მაისს შედგა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 500 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მ------- გ-------ის საჩივარი დაკმაყოფილდა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან. (ს.ფ. 44-45).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ზედნადების გამოწერების ვალდებულება. ვინაიდან ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შემოღება სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ იგი არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, იღებს საარსებო შემწეობას, არ არის რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, არ უნდა მომხდარიყო მისი დაჯარიმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მრავალშვილიანი ოჯახის სარჩენად იგი რძის
პროდუქტებით (ყველით) ვაჭრობს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
სასამართლომ განმარტა, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნას საქონლის სახეობა, რაოდენობა, სამართალდამრღვევის პიროვნება, მისი საქმიანობა, მისი და საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების ქმედება სამართალდარღვევის გამოვლენისას. ამდენად, აღებულ უნდა იქნას ობიექტური სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება დადგინდეს, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ სადავო ოდენობისა და სახეობის საქონელი განკუთვნილი ყოფილიყო სამეწარმეო საქმიანობისთვის. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით - მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განლაგებული საქონლის ოდენობა და სახეობა (100 კილოგრამი იმერული ყველი და 50 კილოგრამი შებოლილი სულგუნი) და, ასევე, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ იგი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისათვის.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლომ, ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და სახეობის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისათვის, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 17 მაისს შედგენილი იყო საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და იგი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით, ხოლო საჩივრის განხილვისას სსიპ შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა მ------- გ-------ის მოთხოვნა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე იგი გათავისუფლდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან. მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესულია კანონიერ ძალაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მ------- გ-------ის სარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
6. მ------- გ-------ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. მ------- გ-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლი აწესრიგებს სამეურნეო საქმიანობას და მეწარმე სუბიექტის მიერ დარღვევად ჩაითვლება ქმედება, რომელიც შეიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის Nბს-222-219 (კ-14) განჩინებაში ასახულ შემადგენლობას.
აპელანტის განმარტებით, იგი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, არ არის რეგისტრირებული მეწარმედ და არ არის სამართალდამრღვევის სუბიექტი, არ არსებობს სამართალდარღვევის შემადგენლობა რაც საფუძველია სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
სააპელაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14) სადაც განმარტებულია, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამგვარ შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს.
პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით კი (საქმე №ბს-48-43(2კ-13)) განმარტებულია, რომ „286.1 მუხლით განსაზღვრული სანქციის შეფარდებისთვის აუცილებელია დადგინდეს, თუ ვინ არის ქმედების სუბიექტი, რომლის გამორკვევა შეუძლებელია ნორმის ფუნქციის, მიზნისა და სტრუქტურის ანალიზის გარეშე. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კანონმდებელი სამართალდარღვევად აკვალიფიცირებს შემდეგ შემთხვევებს: 1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება; 2. მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა; 3. საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა“. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ I - სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, და III შემთხვევაში - საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, ნათელია, რომ ნორმის სუბიექტად გვევლინება საქონლის შემძენი, ხოლო, II შემთხვევაში - მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა, ცხადია, რომ დამრღვევი პირი - საქონლის გამყიდველია.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, მის განმარტებას იძლევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება განსხვავდება ეკონომიკური საქმიანობისაგან, რომელიც უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას. საქმიანობის სამეწარმეოდ მიჩნევისათვის კი მხოლოდ მოგების მიღების მიზნის დადგენა საკმარისი არაა, არამედ მასთან ერთად აუცილებელია, რომ საქმიანობა იყოს მართლზომიერი, არაერთჯერადი ხასიათის მატარებელი, იყოს დამოუკიდებლად და ორგანიზებულად განხორციელებული.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სარჩელის დაკმაყოფილების ერთადერთ არგუმენტად უთითებს იმ გარემოებას, რომ იგი არ არის რეგისტრირებული მეწარმედ, თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------- გ-------ის მიმართ 2017 წლის 17 მაისს შედგა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 500 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მ------- გ-------ის საჩივარი დაკმაყოფილდა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან. 2017 წლის 27 ივნისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5000 ლარით სწორედ იმ მოტივით, რომ იგი აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული. შესაბამისად ცხადია, რომ მ------- გ-------ი არაერთჯერადი მოგების მიზნით და არაერთგზის ახდენდა საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობას და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს რეგისტრირებულია იგი მეწარმედ, თუ არა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები ან არგუმენტები, რომელიც შექმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრისა და 15 ოქტომბრის განჩინებებით, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------- გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -