განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002192747
საქმე №3ბ/1903-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ს------- ჩ---–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-–- ა---------–---–ი ;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ლ-–- ა---------–---–ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ-–- ა---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - ლ-–- ა---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს უარი ეთქვა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2007 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ-–- ა---------–---–ს შორის გაფორმდა №----- ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო ქვედანაყოფებში, ხოლო
„სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადად განისაზღვრა 4 (ოთხი) წელი, რომლის ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის დადების თარიღიდან, რომელიც იმავდროულად ითვლებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად. (ს.ფ. 10-16).
4.2. 2013 წლის 11 აპრილს, ერთის მხრივ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ - ლ-–- ა---------–---–ს შორის გაფორმდა კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით გამოთქვამდა გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლებოდა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლებოდა ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტის 3.2. პუნქტით კი, კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელებულად ითვლებოდა 4 (ოთხ) წლამდე ვადით, იმ შემთხვევაში, თუ „სამინისტროს“ შესაბამისი სამსახური გამოსცემდა სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან სხვა შესაბამის დოკუმენტს. 4 (ოთხი) წლის ვადა აითვლებოდა ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან. (ს.ფ. 17-26).
4.3. 2017 წლის 11 აპრილს, ერთის მხრივ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ - ლ-–- ა---------–---–ს შორის გაფორმდა №------- კონტრაქტი
„კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად,„სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტი მოქმედებდა ოთხი წლის ვადით. სამსახურის ვადა აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლებოდა ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. (ს.ფ. 27-33).
4.4. 2017 წლის 17 ივნისს ლ-–- ა---------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 42-ე და 47-ე პუნქტების თანახმად ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის გაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში განმარტება, თუ რის საფუძველზე ხდებოდა თანხის ჩარიცხვის დაბრკოლება. განცხადებაზე პასუხი მოსარჩელე მხარეს არ მიუღია. (ს.ფ. 34-35).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ-–- ა---------–---–ს შორის გაფორმდა №----- ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით, 2013 წლის 11 აპრილს გაფორმდა კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით, ხოლო 2017 წლის 11 აპრილს №----- №------- კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კვლავ 4 წლის ვადით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე - ლ-–- ა---------–---–ს, 2017 წლის 11 აპრილს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე მითითებით საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლ-–- ა---------–---–ს უარი უნდა ეთქვას ერთჯერადი დახმარების სახით 7 000 ლარის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 11 აპრილს გაფორმებული №----- კონტრაქტი აღნიშნულს არ ითვალისწინებდა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-–- ა---------–---–ი შრომით ურთიერთობაში იყო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან 2007 წლის 08 დეკემბრიდან 4 წლიანი ვადით, 2013 წლის 11 აპრილიდან 4 წლიანი ვადით და 2017 წლის 11 აპრილიდან 4 წლის ვადით. ამასთან, ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ იყო გასული 2 წელზე მეტი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე გაცემული უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
6. თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ 11.04.2018 წელს გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471-ე - 472-ე მუხლებზე და განმარტავს, მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა სასარჩელო განცხადება. ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა სახეზე იყოს შემდეგი პირობები: სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნა გაფორმებული კონტრაქტი 4 წლიანი ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული . ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ამ სახის კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში გაიცემა დახმარება 7000 ლარის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ-–- არდამანაშვილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 11.04.2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ დაკმაყოფილდა ლ. ა---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
პალატა მიუთითებს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება - მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ - სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით
7.2. პალატა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის „ა.ა” ან „ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
7.3. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ-–- ა---------–---–სა და აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 08 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ამასთან მხარეებს შორის 2013 წლის 11 აპრლს 4 წლის ვადით დაიდო კონტრაქტი საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, შესაბამისად 2009 წლის 01 მარტის შემდგომ ა---------–---–მა კონტრაქტის საფუძველზე კვლავ გააგრძელა სამხედრო სამსახური, რომლის ვადაც ამოიწურა 2017 წლის 11 აპრილს. 2017 წლის 11 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, ოთხი წლის ვადით. (იხ. ს.ფ 17-33)
პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია პირველი ინსტანციის დასკვნა იმის თაობაზე, რომ
ლ-–- ა---------–---–ს 2017 წლის 11 აპრილს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნა გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად იყო ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ იყო გასული 2 წელზე მეტი ვადა.
რაც შეეხება აპელანტის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებები „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ არ ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფისშესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტის უკუძალა დადგენილი არ არის. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა