განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.09.2018
საქმის ნომერი
330210017002202615
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 330210017002202615

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/4757-16 14 სექტემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

წარმომადგენელი – ნ-----–--------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ რ--------------–---–ი

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ი/მ რ-------------–---–ისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 4715.14 ლარის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ი/მ რ-------------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უარი ეთქვა დამატებით 3715.14 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე;

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 420-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულებად კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება, რითაც არასწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა თანაფარდობა შესრულების ღირებულებასა და მისი არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეულ ზიანის ოდენობას შორის და აქედან გამომდინარე, არასწორად ჩათვალა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, ხოლო 1000 ლარი გონივრულ ოდენობად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და მოპასუხე ი/მ რ-------------–---–ს შორის 2017 წლის 06 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (# 4------). ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 101 315 ლარს, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ს.

 

9.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 29 ივნისის წერილის (#15-----) საფუძველზე მიმდინარე წლის 05 ივლისის ჩათვლით ი/მ რ------------–---–ს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 1265.86 ლარის ღირებულების ბოსტნეული, რომლის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 02 აგვისტოს, 28 დღის დაგვიანებით, მიწოდებულ იქნა 8 ლარის ღირებულების ბოსტნეული (სასაქონლო ზედნადები # ელ - 0---------) მოპასუხეს დაეკისრა საურავი ჯამში - 4255.23 ლარი და

23 თეთრი.

 

9.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 27 ივნისის წერილის (#1------) საფუძველზე, მიმდინარე წლის 03 ივლისის ჩათვლით ი/მ რ------------–---–ს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 288.70 ლარის ღირებულების ბოსტნეული, რომლის მიწოდება განხორციელდა 1 დღის დაგვიანებით, 2017 წლის 04 ივლისს (სასაქონლო ზედნადები # ელ - 0---------), აღნიშნულის გამო მოპასუხეს დაეკისრა საურავი 151.97 ლარი.

 

9.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 07 ივნისის წერილის (# 1------) საფუძელზე მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 685.12 ლარის ღირებულების ბოსტნეული, მიმდინარე წლის 13 ივნისის ჩათვლით, რომლის მიწოდება განხორციელდა ერთი დღის დაგვიანებით, 2017 წლის 14 ივნისს (სასაქონლო ზედნადები # ელ - 0---------), საქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო მიმწოდებელს დაეკისრა საურავი - 151.97 ლარი.

 

9.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 20 ივნისის წერილის (# 1------) საფუძელზე მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 658.50 ლარის ღირებულების ბოსტნეული, მიმდინარე წლის 26 ივნისის ჩათვლით, რომლის მიწოდება განხორციელდა ერთი დღის დაგვიანებით, 2017 წლის 27 ივნისს (სასაქონლო ზედნადები # ელ - 0---------), საქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო მიმწოდებელს დაეკისრა საურავი - 151.97 ლარი.

 

9.6. მოპასუხემ დაარღვია 20---–-–--------------რის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც გამოიხატება ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულებაში, კერძოდ, მოპასუხემ ოთხჯერ დაარღვია საერთო ჯამში 2898.18 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება და დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის საერთო ღირებულების 0.15%, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანებამ 20---–-–--------------რის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან (#4------) გამომდინარე შეადგინა 4715.14 ლარი .

 

10. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა, შესაბამისად, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.

 

11. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე.

 

12. სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად დაიანგარიშა პირგასამტეხლოს ოდენობა არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

13. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

14. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

15. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

16. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.

 

17. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, მისი მტკიცების ფარგლებში, არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდა ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15% - დღეში (რაც წლიური 540% გამოდის) 151.97 ლარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი, პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

19. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე