განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210116001664266
საქმე №2ბ/5229-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
საქმის განხილვის ფორმა -- ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ნ-------------–--–---–-
წარმომადგენელი - ნ-------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,, კ-------------’’
წარმომადგენელი - ქ----------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 17 თებერვალს სს ,,კ-------------”-ს და ნ-------------–--–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2300 აშშ დოლარის ოდენობით, მოქმედების ვადა 20 თვე, ზღვრული ყოველთვიური საპროცენტო სარგებებლი 1,75% მდე.
2. 2016 წლის 12 თებერვალს სს ,,კ-------------”-ს და რ----------------–---–ს, ლ------------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ. 2016 წლის 09 იანვარს სს ,,კ-------------”-ს და ჯ----------------ს შორის შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.
3. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით მოვალის დავალიანება შეადგენს 2347,97(ორიათას სამას ორმოცდაშვიდი და 97) აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1500(ათას ხუთასი) აშშ დოლარი, სარგებელი 446.37(ოთხას ორმოცდაექვსი და 37) აშშ დოლარი, ჯარიმა 312.11(სამას თორმეტი და 11) აშშ დოლარი, დაზღვევა 77.67(სამოცდაჩვიდმეტი და 67) აშშ დოლარი და საკომისიო 11.82(თერთმეტი და 82) აშშ დოლარი.
4. სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,კ------------მა’’ და მოითხოვა :
მოპასუხეებს ნ-------------–--–---–ს, რ----------------–---–ს, ლ------------–-–---–ს, ჯ----------------ს მოსარჩელე - სს ,,კ-------------ს”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2347,97(ორიათას სამას ორმოცდაშვიდი და 97) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარი, სარგებელი 446.37 (ოთხას ორმოცდაექვსი და 37) აშშ დოლარი, ჯარიმა 312.11 (სამას თორმეტი და 11) აშშ დოლარი, დაზღვევა 77.67 (სამოცდაჩვიდმეტი და 67) აშშ დოლარი და საკომისიო
11.82 (თერთმეტი და 82) აშშ დოლარი.
4.1. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 17 თებერვალს სს ,,კ-------------”-ს და ნ-------------–--–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2300 აშშ დოლარის ოდენობით, მოქმედების ვადა 20 თვე, ზღვრული ყოველთვიური საპროცენტო სარგებებლი 1,75% მდე. 2016 წლის 12 თებერვალს სს ,,კ-------------”-ს და რ----------------–---–ს, ლ------------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ. 2016 წლის 09 იანვარს სს ,,კ-------------”-ს და ჯ----------------ს შორის შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 2347,97(ორიათას სამას ორმოცდაშვიდი და 97) აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1500(ათას ხუთასი) აშშ დოლარი, სარგებელი 446.37(ოთხას ორმოცდაექვსი და 37) აშშ დოლარი, ჯარიმა 312.11(სამას თორმეტი და 11) აშშ დოლარი, დაზღვევა 77.67(სამოცდაჩვიდმეტი და 67) აშშ დოლარი და საკომისიო 11.82(თერთმეტი და 82) აშშ დოლარი.
5. მოპასუხეებმა მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში. სადავოდ გახადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,კ-------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ნ-------------–--–---–ს, რ-----------------–--ლს, ლ------------–-–---–ს, ჯ----------------ს მოსარჩელე - სს ,,კ-------------ს”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2347,97(ორიათას სამას ორმოცდაშვიდი და 97) აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ 24,71 (ოცდაოთხი და 71) ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 150(ას ორმოცდაათი) ლარის, საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის რეგისტრაციისთვის გადახდილი 21 (ოცდაერთი) ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიღების 11(თერთმეტი) ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებიდან მათი სრულად გათავისუფლების თაობაზე.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ- სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. სადვაოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება ვინაიდან იგი არ იყო შეუსაბამოდ მაღალი.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდბულების შესასრულებლად. ამასთან, 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 12 თებერვალს სს ,,კ--------------”-ს და რ-----------------–--ლს, ლ------------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ. 2016 წლის 09 იანვარს სს ,,კ--------------” -ს და ჯ-----------------ს შორის შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით თავდები, ბანკის წინაშე სრულად აგებდა პასუხს ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის და კისრულობდა ვალდებულებას ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სრულად დაეფარა მოსარჩელისათვის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვდათავდებობის ფარგლებში, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის გადახდევინება მოსარჩელის სასარგებლოდ
12. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ-------------–--–---–მა. აპელანტის განმარტებით:
12.1 სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ ის გარემოება, რომ თითქოსდა აპელანტი ეთანხმება სესხის ძირითად თანხას და სარგებელს და მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას. აპელანტი არ ეთანხმება სესხის ძირ თანხას, რომ ბანკსა და აპელანტს შორის ურთიერთობა არა 2016 წელს, არამედ 2014 წელს დაიწყო. 2016 წელს ბანკმა შესთავაზა ნ--------------–--–---–ს რეფინანსირება, აღნიშნული გახლავთ კრედიტის პირობების იმგვარად შეცვლა, რომ მომხმარებელმა მარტივად შეძლოს ვალის გადახდა. რეფინანსირების დროს კი პ---–--–---–-ს მიერ ბანკის მიმართ დავალიანება შეადგენდა 989 აშშ დოლარს მაგრამ ისე მოაწერინეს ხელი 2300 აშშ დოლარზე, რომ აპელანტმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს შეეძლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეემცირებინa შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება , ვინაიდან პირგასამტეხლო არ იყო მაღალი. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტი არის სოციალურად დაუცველი . ის გარემოება, რომ ნ-------------–--–---–მა ხელშეკრულების დადების მომენტში ხელის მოწერით გამოხატა თავისი ნება პირგასამტეხლოს და ახალი ხელშეკრულების პირობებზე , ვერ ჩაითვლება ნების გამოვლენად და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობად.
სამოტივაციო ნაწილი
13. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
14. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოვალისათვის სესხის ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. მოსარჩელი ასეთი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე და ამავე კოდექსის 417 ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტისათვის ნ-------------–--–---–მა არ იცოდა ხელშეკრულების შინაარსი, ის ვალდებულებები, რაც მან იკისრა ხელშეკრულებით. პალატა ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს. (სუს საქმე №ას-272-272-2018)
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი სარწმუნო მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა აპელანტის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას ან ეჭვქვეშ დააყენებდა მას, ხოლო საქმეში წარმოდგენილია წერილობითი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება რომლითაც აპელანტი გამოხატავს თანხმობას, სს „კ-------------ს“ წინაშე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები სრულად ჯეროვნად შეასრულოს.
საქმეზე ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმების შესაბამისად არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა მოვალის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებას. პალატას მიაჩნია რომ არ არსებობს მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულებით შეწყვეტის საფუძველი და შესაბამისად კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობებიც სახეზეა.
15. სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე No ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე Noას-1158-1104- 2014; 10.02.2016წ. საქმე No ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ Noას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 312.11 აშშ დოლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა შემცირდეს.
16. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
17. საპროცესო ხარჯები
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-------------–--–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი/
მოსამართლეები: /ქეთევან დუგლაძე/
/ბესარიონ ტაბაღუა/